„წინასწარ შეუკვეთეთ სამაჯურები მინისტრებისთვის“,- ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასჯელაღსრულების მინისტრ კახა კახიშვილს, რომელმაც მინისტრებს შინაპატიმრობის უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური სამაჯურების შეძენასთან დაკავშირებული საკითხი გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაპატიმრობაში მყოფი პირების სპეციალური სამაჯურების მეშვეობით გაკონტროლება ძალიან მნიშვნელოვანი გეგმაა.
რეგიონში საქართველო პირველია, სადაც სასჯელის მოხდის ახალი ფორმა, შინაპატიმობა ამოქმედდა. პირველ ეტაპზე შინაპატიმრობით არასრულწლოვნები ისარგებლებენ. სასჯელაღსრულების სამინისტრო სასჯელის მოხდის ახალი ფორმის, შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად 200 სამაჯურს შეიძენს. სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებით, ეს იქნება ახალი ეტაპი მართლმსაჯულების სფეეროში, რადგან მსგავსი მექანიზმი პირველია რეგიონში.
კახი კახიშვილის განცხადებით, სამაჯურების დამკვიდრება მნიშვნელოვნად შეამცირებს შემდგომში პატიმრების რაოდენობას. მინისტრის განმარტებით, თავდაპირველად სამაჯურებით, რომელთა შესყიდვა ამერიკული კომპანიისგან მოხდება, არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ.
„შინაპატიმრობა უნდა ამოქმედდეს 2015 წლის სექტემბრიდან. აქედან გამომდინარე, დავადგინეთ კომპანია, რომელიც აწარმოებს და 30 ქვეყანაში ამუშავებს ელექტრონულ სამაჯურებს შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად. უკვე გვქონდა მასთან მოლაპარაკებები. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის უზრუნველყოფის მიზნით თავდაპირველად ვგეგმავთ შევიძინოთ 200 ერთეული შესაბამისი სამაჯური თავისი სერვერებით და მომსახურებით“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე კახი კახიშვილმა.
იურისტი, ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ სასჯელის მოხდის ახალი ფორმა - შინაპატიმრობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სისტემის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა.
„მართალია, ამას ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი დასჭირდება, რომ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინოს, მაგრამ დასაწყისი უკვე ძალიან მნიშველოვანია, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, იმის დასადასტურებლად, ადამიანის უფლებები და მისი ღირსება სახელმწიფოსთვის არის მთავარი პრიორიტეტი, არამედ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც, რადგან უკვე ჩნდება შესაძლებლობები, რომ თავისუფლების აღკვეთა, ადამიანის იზოლაცია, შეიძლება ნაკლებად იყოს გამოყენებული, როგორც უკიდურესი ღონისძიება“, - აცხადებს ალაფიშვილი.
მისივე განცხადებით, თუკი სახელმწიფოს პოლიტიკა არ არის მხოლოდ დასჯა, არამედ პრევენცია და ზრუნვა მოქალაქის გამოსწორებაზე, სამოქალაქო საზოგადოების წევრად დაბრუნებაზე, მაშინ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს.
„ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ სახელმწიფოს მზაობას წარმოაჩენს ადამიანის უფლებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი სწორედ არასრულწლოვნებით დაიწყეს. რადგან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ეს არის ნომერ პირველი საკითხი.
მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ გამოძიება, არამედ მათი იზოლაცია -ეს არის ის სტანდარტები, რომელიც იზოლაციის გარეშე უზრუნველყოფს მათ მიმართ სასჯელის აღსრულებას. ამ მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ პრობლემა არ გაუჩნდება ამ მნიშვნელოვან წამოწყებას“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.