დღეს საქართველოს დღეა - ლატვიაში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონი, საფრანგეთი დაამარცხა, ხოლო თბილისში, საფეხბურთო ნაკრებმა ბულგარეთს მოუგო. თავსხმა წვიმის მიუხედავად, „დინამო არენა“ სავსე იყო და გულშემატკივრები „ჯვაროსნებს“ მატჩის ბოლო წამამდე ამხნევებდნენ. წვიმის ფონზე, სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა გოლების „წვიმაც“ იხილა.
აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იყო კაპიტანი გურამ კაშია, რომელიც წლებია, მოედანზე „ჯვაროსნებს“ „თავკაცობს“. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კითხვები ჩნდება, რატომ იყო კაშია სათადარიგო სკამზე?! მიზეზი იყო თუ არა თურქეთთან მატჩის შემდეგ, მის მიმართ წამოსული კრიტიკა?! მატჩის შემდეგ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურა ხიზანიშვილმა აღნიშნული მიზეზი უარჰყო. „ჯვაროსნები“ კი, მოედანზე, კაპიტნის სამკლაურით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიყვანა.
თურქეთთან მარცხის შემდეგ, ბულგარეთთან 3:0 მოგება წყალივით გვჭირდებოდა. ამ მოგებით, სანიოლის შეგირდებმა მსოფლიო ჩემპიონატის გასვლის შანსი შეინარჩუნეს. დისკვალიფიცირებულმა ვილი სანიოლმა, რომელმაც თურქეთთან წითელი ბარათი მიიღო, სათამაშო ტაქტიკა შეცვალა და 4-4-2 სქემიდან, გუნდი 4-3-3 სქემაზე გადააწყო. მეოთხე წუთზე, გიორგი მამარდაშვილმა პეტკოვის თავურის შემდეგ, გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ნაკრების პასუხი ქოჩორაშვილის კარგი პასი და კაკაბაძის დარტყმა იყო - ამჯერად, ბულგარელთა გოლკიპერმა მოიგერია ბურთი. ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა - ბულგარელებმა ფლანგზე შეცდომა დაუშვეს, ბურთი კვარაცხელიას მიუვიდა და მანაც ჩვეულ სტილში დაარტყა - 1:0. უპირატესობა ორამდე გაიზარდა - მიქაუტაძემ ცენტრში დავითაშვილს გადააწოდა პასი, ამ უკანასკნელმა ბურთი დებიუტანტ ნიკა გაგნიძეს გადააწოდა, გაგნიძემაც არ დააყოვნა და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა - 2:0. პირველ ნახევარში, მეტი გოლი აღარ გასულა, თუმცა ქართველებს მომენტები ჰქონდათ.
მეორე ნახევარიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. უპირატესობას 66-ე წუთზე გოლი მოჰყვა. ქოჩორაშვილის დარტყმულს, გიორგი მიქაუტაძემ დაამატა და ბურთიც მეტოქის კარში აღმოჩნდა. თავიდან მსაჯმა მიქაუტაძის თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, გოლი ჩაითვალა - 3:0. ამის შემდეგ, გოლი აღარ გასულა და მსაჯის სასტვენის ხმაც გაისმა.
მომდევნო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები ოქტომბერში, თურქეთისა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ქართველებს ორი გოლი აჩუქეს და სწორედ ამიტომ დამარცხდნენ: „მატჩის სტარტი უკეთესი იყო, ვიდრე შემდეგი მონაკვეთი. ვიცოდით, რომ თურქეთთან წაგების შემდეგ, საქართველო წნეხის ქვეშ იქნებოდა. პირველი-ორი გოლი ჩვენი მხრიდან საჩუქარი იყო, თუმცა ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდი იყო. კვარაცხელია ფანტასტიური ფეხბურთელია, რომელიც ტოპ-გუნდში თამაშობს. მან დღესაც შესანიშნავად ითამაშა. წარსულში ბულგარეთში გვყოლია ასეთი ფეხბურთელები. სამწუხაროდ, ახლა ასეთი ფეხბურთელები არ გვყავს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში გვეყოლება“, - აღნიშნა ილიან ილიევმა.
საქართველოს ნაკრებს მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურა ხიზანიშვილმა პრესკონფერენცია მილოცვით დაიწყო - მან საკალათბურთო ნაკრებს საფრანგეთთან მოგება მიულოცა: „პირველ რიგში, გილოცავთ ჩვენი ნაკრების, ასევე კალათბურთელების უდიდეს გამარჯვებას. ეს განსაკუთრებული დღეა! განსხვავებული თამაში ვიხილეთ, ვიდრე თურქეთთან იყო. ამისთის ბიჭებს დიდი მადლობა, რადგან ორ დღეში მოახერხეს ძალების აღდგენა და სამწვრთნელო შტაბის დავალებები გაიაზრეს. გიორგი მამარდაშვილის დონის მეკარე რომ არ გვყავდეს, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა, რადგან პირველივე წუთზე, 99%-ით გოლისგან გადაგვარჩინა. კიდევ გავიმეორებ, რომ მამარდაშვილის სახით, უდიდესი კლასის მეკარე გვყავს. რაც შეეხება გურამ კაშიას, მას დიდი მადლობა - ვეღარ ვითვლით უკვე, რამდენი თამაში ჩაატარა ნაკრებში. თურქეთთან ჰქონდა ჩვეულებრივი ინდივიდუალური შეცდომა, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე, დღეს არ იყო მზად, ჰქონდა ვილის მასთან საუბარი და გადაწყვეტილებაც მარტივი მივიღეთ. ოქტომბერში, ორი ძალიან რთული თამაში გველის, შემდეგ ნოემბერში - კიდევ ორი. მეორე ადგილის შანსი გვაქვს და სანამ ეს შანსია, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. კვარას კაპიტნობას რაც შეეხება, მნიშვნელობა არ აქვს, ეკეთება თუ არა სამკლაური, ის ისედაც გუნდის ლიდერია. კაშიას შემდეგ, კიტეიშვილი, კაკაბაძე, კვარაცხელია არიან ვიცე-კაპიტნები. უბრალოდ, კიტე არ იყო და დღეს სამწვრთნელო შტაბმა გადავწყვიტეთ, რომ კვარა ყოფილიყო კაპიტანი. ჩემთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეკეთება სამკლაური, რაც შეიძლება, მეტი ლიდერი გვჭირდება“, - აღნიშნა ხიზანიშვილმა.
მატჩის შემდეგ, კომენტარები გააკეთეს ქართველმა ფეხბურთელებმა, რომლებმაც საკუთარ მოგებასთან ერთად, კალათბურთელების მოგებაზეც ისაუბრეს.
მიუხედავად იმისა, რომ კარი მშრალად შეინახა, გიორგი მამარდაშვილმა შეცდომაზეც ისაუბრა, რომელიც ნაკრებს გამოსასწორებელი აქვს: „ზოგადად, უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს მატჩის სტარტზე, რადგან უკვე ბევრი თამაშია, ოქტომბრიდან მოყოლებული, ცუდად ვიწყებთ ხოლმე და ეს არ არის კარგი ნაკრებისთვის, უნდა გამოვასწოროთ. დღესაც იყო საშიშროება, რომ გაგვეშვა სწრაფი გოლი, მაგრამ საბედნიეროდ, ეს არ მოხდა. შემდეგ გამოვასწორეთ ჩვენი თამაში, დავიჭირეთ ტემპი, მოწინააღდმეგეც არ იყო დამაჯერებელი და საბოლოოდ გავიმარჯვეთ. ჩემი „სეივი“? რომც ყოფილიყო დაძაბულობა, წინ ისეთი ფეხბურთელები გვყავს, რომ მაინც გავიმარჯვებდით“, - განაცხადა ქართველმა გოლკიპერმა.
კვარაცხელიას თქმით, დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ნაკრების კაპიტანი: „პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ევრობასკეტზე, მეოთხედფინალში გასვლას. ძალიან გაგვიხარდა, უდიდესი ისტორია დაწერეს და კიდევ შეუძლიათ წინ წასვლა.
რაც შეეხება მატჩს, დადებითად შევაფასებ, საწყისი 5 წუთის გარდა იმიტომ, რომ ძალიან დიდი მომენტი შექმნეს, რაც გოლად რომ ქცეულიყო, შესაძლოა, სხვა თამაში წასულიყო. დანარჩენი, ჩემი აზრით, ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ, მწვრთნელის დავალება იდეალურად შევასრულეთ, მაგრამ იყო ეპიზოდები, რაზეც უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ. იყო მომენტები, სადაც გოლის გატანა კიდევ შეგვეძლო. რაც შეეხება ახალ ტაქტიკას, ვფიქრობ, კარგია. დღესდღეობით, კარგი გუნდი გვყავს და არის შესაძლებლობა, ოთხი მცველით ვითამაშოთ და ჩემი აზრით, მოწინააღმდეგე გუნდისთვის ოთხი მცველით უფრო საშიში ვიქნებით, ვიდრე ხუთით. რაც შეეხება კაპიტნის რანგში, მოედანზე გასვლას, რა თქმა უნდა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ასეთი დიდი კაპიტანი გყავს გუნდში. დღეს მომიწია მე ვყოფილიყავი კაპიტანი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მოედანზე, გუნდი მე გავიყვანე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ქოჩორაშვილის თქმით, ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს კალათბურთის ნაკრებს მანაც მიულოცა გამარჯვება და აღნიშნა, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.
მატჩის შემდეგ, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ კვარაცხელია ძალიან კარგი კაპიტანია. მისი თქმით, კარგი მატჩი გამოვიდა, ნაკრებმა კარგი ფეხბურთი აჩვენა, ხოლო ფეხბურთელებმა კარგი გოლები გაიტანეს.