საქართველოს ნაკრებმა ფარერებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ ეროვნული გუნდის გოლკიპერმა, გიორგი ლორიამ 17-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამასთან ნაკრებში ახალი რეკორდი დამყარდა - აქამდე ყველაზე პატარა ასაკში დებიუტი ჰქონდათ ჯანო ანანიძესა და ლევან ყენიას, ხოლო ფარერების წინააღმდეგ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელის 16 წლის საბა ხარებაშვილი დებიუტი შედგა და ახალი რეკორდიც დამყარდა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ვილი სანიოლმა ფარერების წინააღმდეგ ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა. ნაკრებს ძირითადი ბირთვს რამდენიმე აკლდა, მათ შორის არ იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, კაპიტანი გურამ კაშია, გიორგი მამარდაშვილი და ბუდუ ზივზივაძე. ზივზივაძე გამოძახებული იყო, თუმცა ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო და თამაშს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს.
სანიოლის ექსპეიმენტულმა შემადგენლობამ სტუმრებს მინიმალური ანგარიშით მოუგეს. მატჩის მე-9 წუთზე მეტოქის საჯარიმოსთან კუთხური დაინიშნა, კუთხული გიორგი გულიაშვილმა ჩააწოდა, ყველას ლუკა ლოჩოშვილმა დაასწრო და გოლიც გავიდა.
პირველი ტაიმის განმავლობაში სანიოლის გუნდმა მეტოქე, პრაქტიკულად, უბურთოდ დატოვა - თამაშის ტემპს თავად აკონტროლებდა და ინიციატივასაც არ თმობდა. სტუმრებს ერთადერთი რეალური მომენტი შეექმნათ მაშინ, როცა შეტევაში გართულ ქართველ მცველებს ზურგს უკან სივრცე დარჩათ, თუმცა ამ ეპიზოდში გამოცდილი ლორია საიმედო იყო.
მეორე ნახევარში სტუმრები გააქტიურდნენ და მათ ერთ-ერთ ასეთ აქტიურობას შეტევაც მოჰყვა - რომ არა გიორგი ლორია ბურთი გავიდოდა, გამოცდილმა მეკარება ნახტომში „მოხსნა“ ფარერების ფეხბურთელის მიერ დარტყმული. ამის შემდეგ სტუმრებმა დაცვით ტაქტიკას მიმართეს და „ჯვაროსნებს“ შეტევის საშუალებას არ აძლევდნენ.
მეორე ნახევრის მიწურულს სანიოლმა გიორგი ლორია შეცვალა. გამოცდილი მეკარე სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა აპლოდისენტებით გააცილა. ლორიამ კარის დარაჯობა ახალგაზრდა გოლკიპერებს გადაულოცა.
საბოლოოდ მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეგახსენებთ, 8 ივნისს, ქუთაისში ნაკრები კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე, ფარერების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეიდუნ კლაკსტეინმა აღნიშნა, რომ გიორგი ლორიას დამსახურებაა, რომ ვერ მოიგეს.
„მშვენიერი მოსამზადებელი მატჩი გამოგვივიდა. შანსი ახალ მოთამაშეებს მივეცით და მათ თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს. უფრო გახსნილი თამაში იყო, ვიდრე ველოდით. ზოგიერთი მომენტი ვერ გამოვიყენეთ.
ისეთი შეცდომისთვის, რაც გოლის გაშვების დროს დავუშვით, საქართველოს დონის მეტოქე ყოველთვის დაგსჯის. საუკეთესო შემადგენლობა არც ჩვენი გვყავდა, ბევრი ახალი მოთამაშე და ახალი ტაქტიკა გამოვცადეთ. დაცვას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით, უფრო მეტად პრესინგსა და შეტევას ვცდილობდით. სამწუხაროა, რომ მომენტებით ვერ ვისარგებლეთ, ეს გიორგი ლორიას დამსახურებაა, რომელმაც გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა და დასანანია, ფრეს რომ ვერ მივაღწიეთ. ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ეს შესანიშნავი სტადიონია, სადაც თამაში ძალიან სასიამოვნოა“ - თქვა სტუმრთა მწვრთნელმა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ აღნიშნა, რომ ფარერებთან ნაკრებმა საუკეთესო თამაში არ აჩვენა.
„მოთამაშეებმა დავალებები პირველ ნახევარში კარგად შეასრულეს – საწყენი მხოლოდ ის იყო, რომ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში მონდომება გვაკლდა. მოთამაშეებს უფრო ემოციებმა გადასძალა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს გუნდი პირველად შეიკრიბა და, ბუნებრივია, ეს თამაშზეც აისახა. რაც შეეხება ლორიას, არასოდეს იცი, როგორ წარმოაჩენ თავს ბოლო მატჩში, გიორგიმ კი ძალიან კარგად ითამაშა. ლუკა ლოჩოშვილი? სომხეთთან ცენტრალურ მცველად კარგად ითამაშა, მაგრამ დღეს მარცხენა მცველად გამოვიყენეთ. წინასწარ ვერ ვიტყვი, სექტემბერში ვის მოვიწვევთ, რადგან ეს ფეხბურთელთა სათამაშო ფორმაზე იქნება დამოკიდებული. საბა ლობჟანიძემ კი კარგად ითამაშა – დღეს ის საუკეთესო იყო.
ნიკა გაგნიძე ძლიერი ფიზიკური მონაცემების მქონე მოთამაშეა და ბევრს მოძრაობს. ისეთი ნახევარმცველია, რომელიც მომავალში აუცილებლად დაგვჭირდება. ნიკა სწორ გზას ადგას, კიდევ უფრო უნდა მოუმატოს და ვიმეორებ, აუცილებლად დაგვჭირდება.
არის მოთამაშეთა ჯგუფი, რომლებსაც ერთად არ უთამაშიათ და, ცხადია, ფარერებთან საუკეთესო შეხვედრა ვერ ჩავატარეთ. მაგრამ დღეს იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც შეიძლება სექტემბერში გამოვიძახოთ“ - აღნიშნა „ჯვაროსანთა“ თავკაცმა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააეთა საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა გიორგი ლორიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ კარის დარაჯად გიორგი მამარდაშვილს ტოვებს.
„17 წლით ნაკრების მაისურის ტარება ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს გზა სუფთა გულით გავიარე და ყველას ვანახე, რომ შრომით ყველაფერი ფასდება. მადლიერი ვარ, რომ ამ წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთში ჩემი სახელი დავტოვე. რაც ნაკრებში ვარ, სულ მესმოდა - გვეშველება რამე? როდის გავალეთ ევროპაზე? - ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი იმ დროს, როცა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების გასვლას მოვესწარი. ნაკრების კარი საიმედო ხელშია, რადგან მამარდას პატარაობიდან ვიცნობ და მის განვითარებაში წვლილი შეტანილი მაქვს. მას სულ ვეხმარები და როცა მამარდაა, რა თქმა უნდა, კარი საიმედოდაა“, - განაცხადა ლორიამ.
ლორიას განვლილ კარიერას აფასებს, ნაკრების მცველი გიორგი გველესიანიც: „ფარერების ანგარიშგასაწევი მეტოქე იყო და ჩვენთვის კარგი სპარინგი გამოდგა, რადგან საქმეში ბევრი ფეხბურთელი ვნახეთ. შემდეგი მატჩი კიდევ უფრო რთული იქნება, მზადებას ვიწყებთ და იმედია, გავიმარჯვებთ. დინამო არენაზე თამაში ჩემთვისაც ემოციური იყო, რადგან აქ ბოლოს 8 წლის წინ ვითამაშე. ლორიას ბავშვობიდან ვიცნობ და ყველა გზა, რაც მან გაიარა, კარგად მახსოვს. ვიცი, თუ რა რთული გზა იყო ეს და ვამაყობ, რომ მისი თანაგუნდელი ვარ. ვუსურვებ ბედნიერებას ჯერ საფეხბურთო კარიერაში, შემდეგ სამომავლო მიზნებში“, - განაცხადა გველესიანმა.