საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო. „ჯვაროსნებისა“ და თურქეთის ნაკრების დაპირისპირება თურქული სერიალის დრამას ჰგავდა - სავსე სტადიონი, გოლები და წითელ-ყვითელი ბარათები. ვიდრე უშუალოდ თამაშზე ვისაუბრებთ, მანამდე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა - საფეხბურთო კარიერა დაასრულა ისტორიული პენალტის დამრტყმელმა, ნიკა კვეკვესკირმა. სწორედ კვეკვესკირის დარტყმული პენალტის შემდეგ, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. მან ეროვნულ ნაკრებში, 62 მატჩში მიიღო მონაწილობა. საქართველო-თურქეთის მატჩის დაწყებამდე, კვეკვესკირი გააცილეს და მას საპატიო ჯილდოც გადასცეს. ახლა, ისტორიული პენალტის დამრტყმელმა, ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლა და ნაკრებს მწვრთნელის რანგში დაეხმარება.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, საქართველოს ნაკრები თურქეთს დანაკლისით შეხვდა. ტრავმის გამო, ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე დააკლდნენ, რის გამოც მთავარმა მწვრთვნელმა 4-4-2 სათამაშო ტაქტიკას მიმართა. მატჩის საწყის წუთებზე იყო ქაოსი და სწორედ ამ ქაოსით ისარგებლეს სტუმრებმა. შეხვედრის მე-3 წუთზე, თურქებმა გოლი გაიტანეს - არდა გიულერმა კუთხური მოაწოდა, „ფენერბაჰჩეს“ მცველმა მერთ მიულდიურმა კი თავით ყველას დაასწრო და მამარდაშვილის კარი დალაშქრა - 0:1.
მეორე გოლი სტუმრებმა სტანდარტულიდან გაგვიტანეს. კაკაბაძე დაჯარიმდა, მეტოქემ ჩააწოდა და ყველაზე უკეთ, არეულობაში ქერემ აქთურქოღლუ გაერკვა, ოდნავი რიკოშეტის წყალობით, მამარდაშვილმა ბურთის აღება ვერ შეძლო - 0:2. გაშვებული გოლის შემდეგ, ლოჩოლეიშვილს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ...
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, სტუმრებმა მესამე გოლი გაიტანეს. თითქოს, იმედი გადაწურული იყო, მაგრამ გამოჩნდა დავითაშვილი. მან ბურთი ანრი მექვაბიშვილს გადააწოდა, რომელმაც ძელს გაარტყა. უკან დაბრუნებულ ბურთზე კი ზურიკომ ყველას დაასწრო და გოლიც გავიდა - 1:3. 71-ე წუთზე, თურქეთის ნაკრები 10 კაცით დარჩა. მეტოქის ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილი წააქცია, თუმცა მსაჯმა მეტოქეს თამაში გააგრძელებინა, მაგრამ „ვარზე“ შემთხვევის გადამოწმების შემდეგ, თურქ ფეხბურთელს მოედანი დაატოვებინეს.
ათი კაცით დარჩენილ მეტოქესთან კვლავ გააქტიურდა კვარაცხელია, ის ერთხელ ძალიან სახიფათო დაემუქრა კარს, თუმცა ჩაკირმა თურქეთის ნაკრები იხსნა, მეორე ეპიზოდში კი ხვიჩამ არაზუსტად დაარტყა. ბოლოს, კვარამ მიზანს მაინც მიაღწია და მე-8 კომპენსირებულ წუთზე გაიტანა - 2:3. მატჩის მიწურულს, დავითაშვლს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ ქართველთა დარტყმული ბურთი მეტოქის კარში არ შევიდა. ასე, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი პირველი მატჩი, თურქებთან მძიმე „ომში“ დათმო.
მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან თამაში ახლა უფრო გაუჭირდათ, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე: „ყველაზე კრიტიკული მომენტი ის იყო, როცა ჩვენმა ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო. მანამდე ვდომინირებდით. თან საკვანძო ფეხბურთელი გაგვიძევეს და იმის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. საქართველოს ნაკრების მცველები და ნახევარმცველები წინა მატჩებში შედარებით უკნიდან თამაშობდნენ და მალევე მივხვდით, როგორ თამაშობდნენ ისინი და ჩვენთვის ტაქტიკის აწყობა რთული არ ყოფილა. როგორც გუშინ ვთქვი, საქართველოს ნაკრებს დიდი პროგრესი აქვს და მათთან თამაში დღეს უფრო რთული მატჩი იყო, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე. თურქეთის ნაკრები ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება. ჩვენს ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს, გვყავს მაღალი დონის მოთამაშეები და ვნახოთ, რა იქნება მომავალში“, - განაცხადა მონტელამ.
თამაშის შემდეგ, პრესკონფერნციაზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთვნელის, ვილი სანიოლის ნაცვლად, ჟურნალისტების წინაშე მისი თანაშემწე ზურა ხიზანიშვილი წარსდგა. აღსანიშნავია, რომ თამაშის დროს, სანიოლმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. სანიოლის გაძევებასთან ერთად, ხიზანიშვილმა ნაკრებში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.
„ვილის თავისებური რეაქციები ჰქონდა, მაგრამ ვერ დავინახე, რომ მსაჯების მიმართ ჰქონოდა რამე რეაქცია. ადამიანი აფექტში იყო, საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, აგრესია იყო, მაგრამ წითელი ბარათის ღირსი, ვფიქრობ, დამეთანხმებით, ნამდვილად არ იყო. რაც შეეხება მატჩს, თამაშის დასრულების შემდეგ, მისი გარჩევა უფრო ადვილია. შეიძლება ითქვას, პირობითად, სხვა თავდამსხმელი რატომ არ შემოვიყვანეთ, ეს განპირობებული იყო იმითაც, რომ მხოლოდ ერთი შეცვლა გვქონდა დარჩენილი, იმ დროს თურქეთიც 5-3-1 ტაქტიკაზე გადავიდა და სივრცეები აღარ იყო. დავალებებს ვილისგან ზემოდან ვიღებდი. 4 მცველზე გადასვლა დიდი ხანი გვინდოდა. ეს წინა მატჩებმაც გვაჩვენა, ამაზე გვქონდა საუბარი და ოდესღაც უნდა გადავსულიყავით. საკუთარ თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ არ მგონია, შემდეგ მატჩებში ისევ 5-მცველიან ტაქტიკას დავუბრუნდეთ. ფეხბურთელებმა ასეთი დიდი დონის მატჩების სტაბილურად თამაში უნდა ისწავლონ პირველივე წუთიდან იმიტომ, რომ გვახსოვს, შარშანაც ზუსტად ასე დაგვემართა, რამდენიმე თამაშში, დღესაც ეს მაგალითი გვაქვს. შეცდომები ინდივიდუალური იყო, არ მინდა შევეხო, მაგრამ ფაქტია, როდესაც გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ გაქვს, ეს აუცილებლად ისახება პროცესში. აქ მხოლოდ მამარდაშვილზე არ არის საუბარი, ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია, სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ გუნდში სათამაშო პრაქტიკის პრობლემა. აღარ ვახსენებ იმას, რომ ისეთი ფეხბურთელები გვაკლდა, როგორებიც კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე არიან“, - აღნიშნა ხიზანიშვილმა.
მატჩის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმაც გააკეთეს კომენტარი. კვარაცხელიას თქმით, მატჩის სტარტმა თამაშის საბოლოო შედეგზე იმოქმედა: „სამი გოლის შემდეგ, არ დავნებდით, ბოლომდე ვიბრძოლეთ და იყო შანსი, რომ თამაში არ წაგვეგო. ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბულგარეთი დავამარცხოთ“, - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ანზორ მექვაბიშვილის თქმით, ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თამაში ფრედ დასრულებულიყო: „მატჩი ვერ დავიწყეთ ისე, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა და ამან განაპირობა ის შედეგი, რაც პირველ ტაიმში მივიღეთ. უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით და მეტოქისთვის შანსები არ მიგვეცა. მეორე ტაიმში ხასიათი გამოვავლინეთ და ვეცადეთ, რომ ფრედ მაინც დაგვესრულებინა. ყველამ დავინახეთ, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია და შემდეგ მატჩში, მოედანზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ“, - აღნიშნა ანზორ მექვაბიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს, 7 სექტემბერს, დინამო არენაზე, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.