საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურაში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილი ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, გამოძიების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და იმ აქტივებს, რომლებიც შეძენილია გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 მარტის განაჩენით, გიორგი ბაჩიაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
სასამართლო განხილვისას უტყუარად დადასტურდა, რომ 8 986.86 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების და ქმედებების განხორციელების შედეგად, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი წარმოშობის წყარო, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.
აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულმა პირადად და დაკავშირებული პირების თუ საწარმო სუბიექტების მეშვეობით განახორციელა სხვადასხვა აქტივების შეძენა, ფლობა და გადაცემა, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზება.
საქართველოს პროკურატურაში გამოძიება გრძელდება გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრებისა თუ სხვა პირების დანაშაულში ჩართულობის დადგენის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.