მრავალი კითხვა და მითქმა-მოთქმა გააჩინა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ “რეაქციის” შეჩერებამ. ნაწილმა ჩათვალა, რომ გრიგოლიას გადაცემა დაუხურეს მისი ოპოზიციურობისა და კრიტიკულობის გამო, მეორე ნაწილმა ამ ნაბიჯში ამოიკითხა “იმედის” სურვილი პოლიტიკური შოუების - ბურთიც და მოედანიც გადაელოცა რუსთავი 2-ისთვის, ნაწილმა კი უბრალოდ დაიჯერა, რომ “იმედმა” პოლიტიკური ტოკ-შოუების შეჩერება მართლაც დროებით შეწყვიტა. სინამდვილეში, მიზეზებიც, როგორც ეს პროცესი დაიწყო და სცენარისც, როგორც ის განვითარდა, ბევრად ბანალურია. როგორც „ფორ.ჯი-სთან“ ამ პროცესის მონაწილე ერთ-ერთი „ინსაიდერი“ ყვება, მოვლენები შემდეგი სცენარით წარიმართა:
ტელეკომპანიის მენეჯმენტს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ინგა გრიგოლიას ჯერ კიდევ გაზაფხულზე ქონდა დაწყებული მოლაპარაკებები ერთ სტაჟიან და მეორე ახალ ტელეარხთან. ორივე არხის უკან დგას კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური ინტერესები და ეს ფაქტორი აფერხებდა გრიგოლიას მიეღო არცთუ ცუდი შეთავაზებები. ზედმეტად აშკარა იქნებოდა მისი პოლიტიკური სიმპათიები და თან “იმედიდან” წასვლა ძალიან განსხვავდებოდა “რუსთავი 2”-დან, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” ან “ტვ-3”დან წასვლისგან. პირველად ტელეკომპანია “იმედიდან” ინგა გრიგოლია საკმაორ არასახარბიელო შლეიფით წავიდა. ამიტომაც იყო აუცილებელი მისთვის რამე მიზეზი, რათა ამჯერად მაინც ღირსეული და გასაგები არგუმენტით გადასულიყო “იმედიდან” სხვა არხზე. როგორც ჩანს გრიგოლიას მოლაპარაკებები ცნობილი გახდა თავად “იმედისთვის”. არ იყო გამორიცხული, რომ ამჯერადაც იგივე გამეორებულიყო და გუნდის წევრად მიჩნეული ჟურნალისტი მეორედ აღმოჩენილიყო კონკურენტ არხზე. იმედმა დაიწყო სათადარიგო წამყვანის ძებნა. ინსაიდერის ინფორმაციით, კანდიდატებში განიხილება ნინო ჟიჟილაშვილი, ნანა ლეჟავა და ირაკლი იმნაიშვილი. ამ სამეულში ყველაზე საინტერესო იმნაიშვილია, რადგანაც მას და გრიგოლიას შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობებია. იმნაიშვილი დღეს BBC-ში მუშაობს, თუმცა საქართველოში მას კარგად იცნობენ და ისევ ახსოვთ. იმნაიშვილის კანდიდატურა ვერცერთი არხისთვის ვერ იქნებოდა დასაწუნი, მათ შორის “იმედისთვის”, რომელიც ეძებდა გრიგოლიას პროფესიონალ და კვალიფიციურ ალტერნატივას. სავარაუდოდ, გრიგოლიამ შეიტყო ამ მოლაპარაკებების შესახებ და ისიც გათვალა, რომ იმნაიშვილი საზოგადოებაში საკმაოდ პოპულარულია. კონკურენტი არხებისთვის კი გრიგოლია მიმზიდველი იყო იმით, რომ ის ყველაზე პოპულარული იყო საქართველოში. როგორც ჩანს არავის დაუშვია რომ იმნაიშვილს შეეძლო დაბრუნება საქართველოში, მაგრამ რადგან ეს ალბათობა გაჩნდა, გაირკვა, რომ გრიგოლიას ყავდა ალტერნატივა. ამ პერსპექტივამ გადააწყვეტინა გრიგოლიას დაესწრო მოვლენებისთვის და პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანა შიდასატელევიზიო და კულუარული პროცესები, მითუმეტეს, რომ საამისოდ მას კარგი მომენტი ედგა - “რუსთავი 2”-ს უჩიოდა ქიბარ ხალვაში და “რუსთავი 2”-იც ცდილობდა პოლიტიკური ელფერი მიეცა ამ მისთვის ძალიან არასასიამოვნო დავას. თუ გრიგოლიაც წარმოჩინდებოდა როგორც მსხვერპლი, ეს მას პოლიტიკურ წონას მომატებდა, პოლიტიკური წონა კი გადავიდოდა შესაბამის დაინტერესებაში.
როგორც ჩანს, თავად “იმედი” არ ელოდა გრიგოლიას ასეთ ნაბიჯს და აღმოჩნდა გარემოების მძევალი, რადგან მეორეს მხრივ მოლაპარაკებები ჯერ არ იყო დასრულებული არცერთ სავარაუდო კანდიდატთან. გრიგოლია კი არაფრით არ დაზარალდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მისი გადასვლა კონკურენტ არხზე დროებით გადაიდო. თუმცა ეს დროებითია, მანამ, სანამ იმედის სკანდალი პიკს არ მიაღწევს.
თუ ეს ვერსია საფუძვლიანია, მაშინ არაა გამორიცხული, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს და “რეაქციას” ახლო მომავალში კვლავ ყავდეს წამყვანი. ამ შემთხვევაში, გრიგოლიას მოუწევს ან დარჩენა იმედზე და შეგუება ქრონიკის ახალ წამყვანთან (იმნაიშვილის შემთხვევაში ეს საერთოდ წარმოუდგენელია) ან გადასვლა კონკურენტ არხზე ანდა კვლავ პოლიტიკაში წასვლა, თუმცა ნაკლებადსავარაუდოა რომ ის კვლავ ქრისტიან-დემოკრატებს დაუბრუნდეს.