რუსეთის მიერ შეყოვნებული ტრანში ოკუპირებული ტერიტორიებისთვის საქართველოს ახალ შანსს არ უჩენს

რუსეთის მიერ შეყოვნებული ტრანში ოკუპირებული ტერიტორიებისთვის საქართველოს ახალ შანსს არ უჩენს

პუტინი დაპირებებით კვებავდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და დათქმულ თანხას მხოლოდ მიზერულად უნაწილებდა. როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება, 2015 წელს რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის, პრაქტიკულად, შეწყვიტა რესურსების გაღება და სოხუმმა დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალ-ეკონომიკური განვითარების ფარგლებში შეპირებული 3,7-მილიარდიანი დახმარებიდან ჯერ მხოლოდ 127 მილიონი რუბლი მიიღო.

პუტინისგან შეპირებულ 5 მილიარდ რუბლსაც აფხაზები დღემდე ელიან. ამის გამო აღშფოთებას ვერ მალავენ და დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე ადგილობრივმა დეპუტატებმა რუსეთის მიმართ კრიტიკული განცხადებები არ დაიშურეს.

მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 5 მილიარდი რუბლის გამოყოფის დაპირება პუტინმა ჯერ კიდევ გასულ წელს გასცა, როცა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ხაჯიმბასთან რუსეთსა და აფხაზეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულება გააფორმა.

სავარაუდოდ, კრემლს ოკუპირებული ტერიტორიების შენახვა კიდევ უფრო გაუჭირდება. რუსეთის მიერ დასავლეთისგან დაწესებულ სანქციებს მიმდინარე კვირაში ახალი პრობლემაც დაემატა. ე.წ.შავი ორშაბათის” შემდეგ ჩინეთის საფონდო ბირჟაზე ინდექსების ვარდნა ისევ გრძელდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მეორეა, აშკარაა, რა რთულ ვითარებაში აღმოჩნდება არა მარტო მსოფლიოს საფონდო ბირჟები, არამედ რუბლიც, რომლის მდგომარეობა ისედაც „სამაშველო“ ოპერაციებს საჭიროებს.

საინტერესოა, რა თანხებს ხარჯავს კრემლი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შენახვაზე და რუსეთის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რა შანსები ეძლევა საქართველოს, დააინტერესოს დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა?!

ექსპერტი უსაფრთხოების საკითებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ  ამ ეტაპზე რუსეთის საერთაშორისო სავალუტო მარაგი შეიცავს 364 მილიარდ დოლარს. შედარებისთვის, უკრაინის ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენს 12 მილიარდ დოლარს. პარალელურად, რუსეთის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია გაუძლოს ნავთობზე ფასების დაცემას, თუნდაც 40 დოლარზე ქვევით შკალასაც კი. ექსპერტის თქმით, მართალია, ამ ეტაპზე რუსული მძიმე და მსუბუქი ნავთობის ფასი 45, 6 დოლარია ერთ ბარელზე, მაგრამ თანდათან ნავთობის ფასების ზრდის ტენდენცია მიმდინარეობს.

„პუტინი გამოიყენებს ბიუჯეტის სეკვესტრირებას. არ მგონია, ეს თავდაცვის ხარჯებს შეეხოს, რადგან თავდაცვის ხარჯები კიდევ უფრო გაიზარდა, სულ ახლახანს კი რუსეთმა მოახდინა ბალისტიკური რაკეტების გაშვება. რუსეთის მიერ იარაღის გაყიდვის 2015 წლის პორტფელიომ ყველაზე მაღალ ნიშნულს - 40 მილიარდ დოლარს მიაღწია. რუსული იარაღის ექსპორტითა და იარაღის გაყიდვის ოპერაციით ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს შეუძლია, შეავსოს თავისი მწირი ბიუჯეტი.

საინტერესოა ისიც, რომ ჯერჯერობით რუსეთს რჩება სტრატეგიული რეზერვები, რასაც რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს. სანქციების მიუხედავად, დასავლეთის სახელმწიფოები რუსეთთან კოსმოსური და სტრატეგიული ტიპის მიმართულებით თანამშრომლობას მაინც არ წყვეტენ. ნავთობის მარაგები ისევ სერიოზული შემოსავლის წყაროა რუსეთისთვის. როგორც ჩანს, რუსეთი დაიწყებს ძვირფასი ლითონის გაყიდვასაც - ალმასი, ოქრო და სხვა, რომლის მარაგიც რუსეთს საკმაოდ გააჩნია.

რუსეთი ჩინეთთან ურთიერთობის განვითარებასაც ცდილობს, ამიტომ ჩინეთის ეკონომიკის ვარდნის ფონზე რუსეთისთვის რთული ვითარება შეიქმნება. რუსეთში უკვე დაიწყო ხელფასების გადავადების პროცესი, ანუ ის პროცესი, რაც ადრე იყო, როცა სამი-ოთხი თვის განმავლობაში ხელფასებს ვერ აძლევდნენ მოსამსახურეებს. ეს ტენდენცია ჩრდილო კავკასიაშიც აშკარაა. ამ მძიმე სიტუაციის მიუხედავად, რუსეთმა მაინც შეძლო ის, რაც ამ ხნის განმავლობაში საქართველომ ვერ მოახერხა.

კერძოდ, რუსეთმა მოახდინა ანექსირებული რეგიონების ინტეგრირება და დღეს ჩვენი ტერიტორიები რუსეთის შიდა გუბერნიად გადაიქცა. ეს ყველაზე რთულია. ფაქტობრივად, რა სიტუაციაც ვითარდება დაღესტანში, ჩეჩნეთში, კრასნოდარის მხარეში, იგივე ხდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც. ამ ფონზე რუსეთი აპირებს სეკვესტრის გამოყენებას და აფახაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის თანხების შემცირებას, მაგრამ ეს არ ეხება სამხედრო ხარჯებს. რა სუბსიდირებასაც გამოყოფს რუსეთი დაღესტანსა და ჩეჩნეთზე, დაახლოებით ამდენივე უჯდება ცხინვალისა და აფხაზეთის შენახვა“,- აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ამასთან, მაისაია განმარტავს, რომ რუსები აპირებენ აფხაზეთში შექმნან შესაბამისი საარმიო ჯგუფები. რაც შეეხება ცხინვალს, ამ რეგიონში საარმიო ჯგუფების განთავსება აღარც სჭირდებათ, რადგან ცხინვალის სეპარატისტული შეიარაღებული და უშიშროების ძალები მთლიანად გადავიდა შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და იქ სამხედრო ტიპის კომპონენტი გაიზარდა. ამ ეკონომიკური ვითარების ფონზე  ექსპერტი არ გამორიცხავს, პუტინი წავიდეს სამხედრო ავანტიურაზე. მით უმეტეს, ეს მოსალოდნელია იმ ფონზე, როცა მინსკის ხელშეკრულება ჩაშლილია.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია და, თუ ნავთობის ფასის კლება გაგრძელდება, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ეს ქვეყანა. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის რესურსები არ არის ულევი, რუსეთის ხელისუფლებამ უკვე რამდენიმე მინიშნება გააკეთა, რომ მზად არის დათმობისთვის იმავე უკრაინასთან მიმართებით. თუმცა დასავლეთი რბილად შეხვდა რუსეთის ამ რევერანსებს.

„რუსეთში მშვენივრად იციან, რომ სანქციებს ვეღარ გაუძლებენ. ეს პუტინის გარემოცვამაც იცის და ეძებენ გამოსავალს, რომ სახე შეინარჩუნონ. თუმცა ჯერ არ არიან მზად იმისთვის, რომ დათმონ ყველაფერი, მათ შორის,- ოკუპირებული ტერიტორიები. ამის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შენახვას სულაც არ სჭირდება ძალიან დიდი და გასაოცარი თანხა. ყველამ იცის, რომ რუსები უანგაროდ არ ეხმარებიან აფხაზებს და ოსებს.

მთლიანობაში, იმდენად  მძიმეა ფინანსური და ეკონომიკური ფონი, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი რუსეთისთვის მეასეხარისხოვანია, თუკი სიტუაცია ძირეულად არ შეიცვალა. ამიტომაც შეყოვნებულია ტრანში, რომელსაც ელიან აფხაზეთში. სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებიც არ არის იმ დონის, რომ ალტერნატივა გაჩნდეს“,- აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ და დასძინა, რომ მომავალში, თუ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება (რაც, ნაწილობრივ, საქართველოსაც შეეხება) საქართველომ შეიძლება სხვა ფორმულირება შესთავაზოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ევროინტეგრაციის პირობებში.

მანამდე კი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რუსები განიხილავენ, როგორც ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებს, ჩრდილო ოსეთს ან სტავროპოლის მხარის მსგავს დანამატს. შესაბამისად, თუ რუსებს ხელსაყრელი საერთაშორისო გარემო ექნებათ, საშუალოვადიან ან გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხული არ არის, ეს ტერიტორიებიც ფორმალურადაც მიითვისონ, როგორც ეს მოხდა ყირიმის შემთხვევაში.