ლარი „ბერმუდის სამკუთხედში“ – „ამოუცნობი“ მოვლენა ქართველი დეპუტატებისთვის

ლარი „ბერმუდის სამკუთხედში“ – „ამოუცნობი“ მოვლენა ქართველი დეპუტატებისთვის

დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ტენდენცია გრძელდება, ოპოზიცია შექმნილ ვითარებაში მთავრობის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს, მმართველი გუნდი კი, ეროვნული ვალუტის გამყარებას საბანკო ზედამხედველობის საააგენტოს გააქტიურების შემდეგ პროგნოზირებს.

ოპოზიციის ცნობით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 40%-ითაა გაუფასურებული და მათი განმარტებით, მიზეზი მთავრობის უგუნური პოლიტიკაა, უმრავლესობა კი, პრობლემების წარმოქმნას ეროვნული ბანკის საქმიანობას უკავშირებს.

გუშინ კომერციულ ბანკებში ლარის კურსი 1 აშშ დოლართან მიმართებაში 2,36-დან 2.40-ის ფარგლებში მერყეობდა, პარლამენტში კი დეპუტატები ირწმუნებიან, რომ ლარის ოფიციალური კურსი 2, 39 არ არის და უფრო ნაკლებია.

როგორც for.ge-ს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პერიოდი მოვიდა და დოლარის კურსი ახლა ავარდა, მაშინ, როცა არ უნდა ავარდნილიყო.

კანონმდებელის თქმით, ქვეცნობიერად ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია.

„კომერციულმა ბანკებმა საკუთარი კურსი დაადგინეს. არ მგონია, რომ ეს სწორი ქმედება იყოს, მაგრამ ეს მათი პრეროგატივაა. მთავრობას ვთხოვდი, რომ ამ საკითხებს გადახედოს, რადგან ბანკები კურსის რეალიზაციას ოფიციალური კურსისგან ასეთი განსხვავებით ახდენენ“, - აცხადებს ტყემალაძე.

დეპუტატის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა და საბანკო  ზედამხედველობის სამსახური უფრო აქტიური გახდება, პროცესებიც უფრო გამჭირვალე იქნება.

„აღნიშნული სააგენტოს საქმიანობა უფრო გამჭირვალე და აქტიური იქნება, რომელიც მეანაბრეებისა და დეპოზიტარების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. ლართან მიმართებაში გაურკვეველი სიტუაცია გრძელდება და ამით მავანი და მავანი სარგებლობს“, - აცხადებს ტყემალაძე, რომელიც ჩვენი კითხვის მიუხედავად, არ აკონკრეტებს,  „მავანსა და მავანში“ ვის გულისხმობს.

დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების პროცესს უცნაურად მიიჩნევს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ ებანოიძეც. for.ge-სთან საუბარში ებანოიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას საქმე უცნაურ ვითარებასთან აქვს, რადგან ქვეყანაში თანხების გადინება-შემოდინებას შორის ბალანსი უკეთესია, ვიდრე გასულ წელს იყო.

ებანოიძის განმარტებით, ტურისტების შემოდინების კუთხითაც, ცუდი ვითარება არ არის, მაგრამ დღის წესრიგში გარე ფაქტორები კვლავ რჩება.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, გარკვეული პანიკური ელემენტები აშკარაა.

„შესაძლოა, ტუროპერატორების ნაწილმა ტურიზმიდან მიღებული ლარი დოლარში გადაიტანა და ახსნადია, ეს რატომ გააკეთეს. საზოგადოების ერთი ნაწილი პანიკაშია და დოლარს ყიდულობს. ანალიზს თუ გავაკეთებთ გასულ წელთან მიმართებაში,  მონაცემებში რაიმე სერიოზულ გაუარესებას ვერ ვხედავ. ექსპორტის კლება არის, მაგრამ ეს ლარის კურსის ვარდნის წინაპირობას არ იძლევა“, - აცხადებს დეპუტატი.

ებანოიძე ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით, თანაგუნდელების შეფასებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან საბოტაჟის ნიშნებზე რომ ისაუბროს, ან საგამოძიებო კომისია უნდა იყოს, ან კონკრეტული მტკიცებულებები არსებობდეს.

„თეორიულად ყველაფერი შეიძლება იყოს. მათ შორის, საბოტაჟი და შეცდომებიც, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება. საბოტაჟი დანაშაულია და თუკი ასეთი რამ არსებობს, ამას შესაბამისი დოკუმენტები სჭირდება. ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. მდგომარეობა მაშფოთებს და ვფიქრობ, რომ ლართან მიმართებაში ასეთი  ვითარება არ უნდა იყოს. მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის მეტი კოორდინაცია უნდა იყოს და ყველამ საერთო ენაზე უნდა ვისაუბროთ, რადგან მოცემულობა გვაქვს - პარამეტრებში გაუარესება არ არის, მაგრამ კურსი ვარდნას განიცდის“, - აცხადებს ებანოიძე. მისგან განსხვავებით, ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე პრობლემებს  მთავრობის საქმიანობაში ხედავს.

for.ge-სთან საუბარში ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურება ორი მიზეზით ხდება - მთავრობის უგუნური პოლიტიკითა და საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით.

ჯაფარიძის მოსაზრებით, გამოსავალი იმაშია, რომ მთავრობამ მონეტარულ პოლიტიკაზე უარი თქვას.

„ტყემალაძის კომენტარი სრული აბსურდია და ამას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება გამოსავალს, დოლართან და ევროსთან მიმართებაში ლარის კურსის ფიქსირება უნდა მოხდეს და შემოღებული უნდა იყოს თავისუფალი სავალუტო რეჟიმი. ამ შემთხვევაში, მოქალაქეები მთავრობის უგუნური მონეტარული პოლიტიკისგან დაცულები იქნებიან“, - აცხადებს ჯაფარიძე.

დეპუტატის პროგნოზით, ყველა მონაცემი იმაზე მიუთითებს, რომ ლარის ვარდნა გაგრძელდება.

„მთავრობა არცერთ ისეთ ნაბიჯს არ დგამს, რომელიც ლარის კურსს დაასტაბილურებს. პრივატიზაცია, რომელიც მათ დაანონსეს, ჩავარდა. ასევე „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა საერთოდ არ განხორციელებულა და მთავრობას ხარჯები არ შეუმცირებია.  აგვისტოში ტურისტული სეზონის პიკია, ლარის კურსი ვარდნას განიცდის და შემდეგ, რა მოხდება, წარმოგიდგენიათ?“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

თანაგუნდელის მსგავსად, მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს ნაციონალი, ზურაბ მელიქიშვილი. მელიქიშვილის  აზრით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 40%-ითაა გაუფასურებული, ზაფხულის პერიოდში კი, ვალუტის კურსის ვარდნამ - 5% შეადგინა.

კანონმდებელის შეფასებით, მთავრობა მოსახლეობას დაპირდა, რომ ზაფხულში ტურისტული სეზონის წყალობით ლარის გამყარებას ხელს შეუწყობდა, მაგრამ პირიქით მოხდა.

„ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა მოსახლეობის გაღარიბებაზე აისახება. აღნიშნულის მიზეზი კი, ხელისუფლების მხრიდან გეგმის არქონა, პროცესების არაადეკვატურად შეფასება და უუნარობაა. შემცირებულია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის ექსპორტი, ინვესტიციები, რაც ლარის კურსს ურტყამს. შექმნილ ვითარებაში მთავრობის გადადგომას და არჩევნების დანიშვნას ვითხოვთ“, - განაცხადა მელიქიშვილმა, რომლის პოზიციას იზიარებს მისი თანაპარტიელი მიხეილ მაჭავარიანი.

როგორც for.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, საქართველო ექსპორტიდან მიღებული თანხებით დაახლოებით 400 მილიონიან დანაკლისს განიცდის, ხოლო ფულადი გზავნილები 200 მილიონით შემცირდა.

დეპუტატი ინტერესდება, 600-მილიონიანი დანაკლისი ეროვნულმა ბანკმა რა თანხებით უნდა დააბალანსოს.

„თებერვალში, პრემიერი და  ფინანსთა მინისტრი გვპირდებოდნენ, რომ  ვითარება ორ-სამ თვეში გამოსწორდებოდა. ამასთან, ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ტურისტული სეზონი დადგებოდა და ლარი სტაბილური გახდებოდა. მაშინ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქადაგიძე არ იყო? როცა ხედავ, რომ ექსპორტი 400 მილიონითაა შემცირებული, ხოლო გზავნილები 200 მილიონით, რაზეა საუბარი? ეს ადამიანები, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, მარტო მიზეზს ეძებენ.

600 მილიონის დეფიციტი რომ არის, ეს ქადაგიძეს რითი უნდა დაებალანსებინა? ბიზნესმენები დოლარს ინახავენო და ვის გულისხმობენ, ივანიშვილს? ივანიშვილი დოლარს ინახავს? „ქოცური“ ტყუილები  ამოიწურა და მთავრობა სახლში უნდა წავიდეს“, - აცხადებს მაჭავარიანი.

რაც შეეხება ეკონომისტების შეფასებებს, დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება და ლარის დასტაბილურების მიზნით,  საბიუჯეტო ხარჯები კიდევ უნდა შემცირდეს.

ვიდრე, პარლამენტში დეპუტატები დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნის საკუთარ ვერსიებზე საუბრობდნენ, მანამდე კომერციული ბანკების ტაბლოზე სხვადასხვა კურსი ფიქსირდებოდა. „თიბისი ბანკის“ კურსი - 2, 40 ლარი იყო, „საქართველოს ბანკში“ 1 აშშ დოლარი 2.36 ლარი ღირს, „პროკრედიტ ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა 2.37 ლარადაა შესაძლებელი, „ლიბერთი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ფასი - 2.34 ლარია. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ კურსს, ის 22 აგვისტოსთვის დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარი/2.3336 ლარია.