დღეს მსოფლიომ აფრიკის ერთი ქვეყანა - ლიბია თითქოს მიივიწყა, სახელმწიფო რომელიც 2011 წლის იანვრიდან ჯერ სამოქალაქო, ხოლო შემდეგ საერთაშორისო ცეცხლის ალში იქნა გახვეული.
გაგიკვირდებათ და ჩვენში ცოტამ თუ იცის თავის დროზე როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდა საქართველოს ფუტსალის ასოციაციის იმ დროინდელ ვიცე–პრეზიდენტს ბექა კვიციანსა და ლიბიის ფეხბურთის ფედერაციას შორის, რომელსაც ლიბიური რევოლუციის ოდიოზური ლიდერი პოლკოვნიკი მუამარ კადაფი მართავდა.
ბექას რამდენიმე დღის წინ შევხვდი და „ლიბიური ამბების“ გახსენება ვთხოვე.
გაიხსენეთ დრო როდესაც თქვენი და ლიბიელი ჩინოსნების პირველი შეხვედრა შედგა?
- პორტუგალიური კომპანია “კასტრო ბროზერსის“ პრეზიდენტს დიონიზიო კასტროს უნდა ვუმადლოდე, რომ 2006 და 2008 წლებში მისი ხელშეწყობით საკურორტო ქალაქ ალგარვეში ჩატარებულ ე.წ. „მუნდიალიტოს თასის“ გათამაშებაში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმაც იასპარეზა. ამ ტურნირს ხშირად უწოდებდნენ ევრო–აფრიკის არაოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატს. უნდა აღინიშნოს, რომ კასტროს კომპანიამ ყველა ხარჯი, მათ შორის ავიაბილეთებისა თავის თავზე აიღო. ყველაფერი კი საკმაოდ მარტივად დაიწყო. დიონიზიომ დამირეკა და მახარა, - ერთ თვეში ალგარვეში ითამაშებთო და მომავალი მეტოქე ნაკრებების ვინაობაც დამისახელა. მათ რიცხვში მოხვდა ლიბიის ნაკრებიც.
ლიბიელებთან მანამდე თუ გქონიათ კავშირი?
- საკმაოდ მცირე დოზით, ალბათ უფრო გაცნობითი ხასიათის. სულ მაინტერესებდა აფრიკის სახელმწიფოების საფეხბურთო საკლუბო დონე. ვიცოდი რომ ეგვიპტური “ზამალეკი“, გრანდი გახლდათ. იმ პერიოდში, ერთ-ერთ ტურნირზე ლიბიელი ფიფა–ს აგენტი გავიცანი, რომელმაც ამ ქვეყნის საფეხბურთო ცხოვრებაზე რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა. საინტერესოა, რომ იმ ხანებში ადგილობრივი უმაღლესი ლიგის მოთამაშეების მინიმალური ანაზღაურება წელიწადში 60 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.
პორტუგალიაში გაფრენამდე თუ მიიღეთ რაიმე სახის ინფორმაცია მეტოქე ნაკრებზე?
- პირდაპირ გიპასუხებთ – შთამბეჭდავი. იმ პერიოდისთვის ლიბიის ფუტსალის ნაკრები აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად იქცა, დაამარცხა ეგვიპტეს უძლიერესი ნაკრები და მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადებოდა. საკუთარ თავს სულ ვუსვამდი კითხვას, დიდ ფეხბურთში ვერ ბრწყინავენ და ამ მინი–ფეხბურთში საიდან სად მოაქვთ ამდენი გამარჯვება-თქო. ლისაბონში გაფრენამდე რამდენიმე თამაშის ყურების საშუალებაც მომეცა და საინტერესო რამ აღმოვაჩინე. ჩვენს ნაკრებს დაუპირისპირდებოდა საკმაოდ სწრაფი და ჭკვიანი მეტოქე და რაც მთავარია, მთავარი დამრიგებელი არც მეტი არც ნაკლები ხორვატული ფუტსალის ლეგენდა მატო სტანკოვიჩი იქნებოდა. ამის გარდა როდესაც მოწინააღმდეგე ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის წინ შენი სპარინგ პარტნიორია, ამით ყველაფერია ნათქვამი.
ხორვატ მწვრთნელს ასე თუ ისე ვიცნობდი. ლიბიის ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ დავიმარტოხელე და ვკითხე, ამ ქვეყანაში მოღვაწეობით თუ იყო კმაყოფილი. ცნობილია რომ მსოფლიო მასმედია ყოველთვის ხაზს უსვამდა კადაფის მიდრეკილებას ტერორისტული აქტებისადმი და ქვეყანაში მძიმე სოციალურ პირობებს. აი სტანკოვიჩმა კი მოკლედ მომიჭრა, რომ ბოლო წლებში ლიბია საკმაოდ პროგრესულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და მისი ყოველთვიური გასამრჯელო 25 000 ევროს შეადგენდა. უცბად ხორვატმა სპეციალისტმა მკითხა მსურდა თუ არა გამეცნო კადაფის ოჯახის წევრი, რომელიც უშუალოდ კურირებდა ქვეყანაში სპორტის ამ სახეობას. დავთანხმდი და შეხვედრაც „გაიჩარხა“. საადი აბდესალამთან შეხვედრა მარტივი აღმოჩნდა. იმ დღეებში მთელი ტრიპოლის ჩინოვნიკები ოჯახებითურთ ალგარვეში აღმოჩნდნენ შეკრებილები. მე და ბატონმა საადმა თავდაპირველად პროფესიულ საქმიანობაზე ვისაუბრეთ და მოულოდნელად არაბმა მითხრა: – იცით თუ არა რომ ლიბიური ფეხბურთის განვითარება ფუტსალითურთ პოლკოვნიკ კადაფის შვილის საადი მუამარის დამსახურებააო? თუ გსურთ მასთან შეხვედრა დღეს საღამოს შეგიძლიათ იხილოთ ის.
არაბმა მაღალჩინოსანმა სიტყვა შეასრულა?
- სწორედ გამიგეთ, ჯერ ხუმრობა მეგონა. საბედნიეროდ რეალობა სხვაგვარი გამოდგა. პატარა კაფეში დავსხედით და ერთმანეთი გავიცანით. უმცროსი კადაფი კარგი მოსაუბრე გამოდგა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ რევოლუციის ლიდერი ეხვეწებოდა, ფეხბურთს თავი გაანებე და გაეროში ელჩად დაგნიშნავო. საადი მუამარის თქმით, მან მამას ცივი უარი სტკიცა და ლიბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა მოსთხოვა, ისიც სულ მხოლოდ ნახევარი წლით.
„ლიბია მსოფლიოსთვის საშიშია, ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ მსოფლიოში. ამიტომ ჩვენი პროგრამა ნათელი გახლდათ. მთავრობას მივმართე თხოვნით რომ ღია მოედნები აეშენებინათ და ბავშვებს მინი–ფეხბურთი ეთამაშათ. ნუ იფიქრებთ რომ მამაჩემს არ უყვარს სპორტი. უბრალოდ მე მიფრთხილდება. როდესაც ქვეყნის რევოლუციის ლიდერის შვილი ხარ, ხალხი სხვა თვალით გიყურებს. არასდროს არ მიკადრია, დამევალებინა ვინმესთვის რომ ლიბიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მუდმივი წევრი გავმხდარიყავი. ჩემი ნათესავი აბდესალამიც დამემოწმება რომ ეროვნულ გუნდში მხოლოდ ორჯერ ვითამაშე. მივხვდი მთავარს, ადგილობრივი რესურსებით მინი–ფეხბურთში გაცილებით სწრაფად შეიძლებოდა წარმატებების მიღწევა ვიდრე „დიდ ფეხბურთში“. საბედნიეროდ ამ მიდგომამ გამიმართლა. არაერთხელ დავპატიჟეთ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები. არგენტინაც გვესტუმრა, ხორვატიაც. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მათ შორის ქართველებისთვის“. - მითხრა კადაფის ვაჟიშვილმა.
თუ გქონდათ საუბარი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე?
- გავბედე და ვიკითხე. გაოცებული დავრჩი. აღმოჩნდა, რომ პოლკოვნიკ კადაფის მიერ არაერთი ადგილობრივი ახალგაზრდის უცხოეთში სწავლა ფინანსირდებოდა, ქვეყანაში კი გაჭირვებული ადამიანი ფიზიკურად არ არსებობდა.
„ მამაჩემმა გააერთიანა ლიბიელი ხალხი. ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ გერმანიას, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ლიბიის დამოუკიდებლობისთვის. დიდ პატივს ვცემთ ყველა სახელმწიფოს. ქვეყანაში მატერიალურად გაჭირვებული ადამიანი არ არსებობს. მეტიც, გვესტუმრეთ და თავად დარწმუნდებით, მებარგულები, მძღოლები და დაბალი კვალიფიკაციის ხელოსნები ეგვიპტელები და აფრიკის სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები არიან. თუ იქნება ღვთის ნება, აუცილებლად შევხვდებით, ამჯერად ტრიპოლიში“. - ამ სიტყვებით დაამთავრა ჩვენი შეხვედრა უმცროსმა კადაფიმ.
და ამით საუბარი დასრულდა?
- შვილთან - კი, კადაფის ოჯახის წევრთან - არა. აბდესალამთან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრე. საინტერესო ფაქტიც გავიგე. თურმე მუამარ კადაფის ძმა იქაური სულიერი მოძღვარი ყოფილა და თავის მიმართვებში მორწმუნე მაჰმადიანებს მიმართავდა, რომ ნამდვილი ქრისტიანები არა ევროპაში, არამედ აღმოსავლეთში ცხოვრობდნენ.
გლობალურ პოლიტიკაზე თუ ისაუბრეთ?
- მოგვიწია. თურმე იმ პერიოდისთვის ჯამაჰირიას ფართოდ გაუღია კარი ევროპული და ამერიკული ნავთობკომპანიებისთვის. გაირკვა ისიც, რომ რევოლუციის ლიდერს მიზნად ჰქონდა აფრიკაში ევროპული შენგენის მსგავსი სივრცის შექმნა. აბდესალამმა თავაზიანად მითხრა: წარმოიდგინეთ ლიბიურ ნავთობს რომ დავუმატოთ სამხრეთ აფრიკული ალმასები, აგრეთვე სასარგებლო წიაღისეული სხვა აფრიკული ქვეყნებიდან, შავ კონტინენტს ეკონომიური პრობლემები არ ეცოდინებაო. ისიც დასძინა, რომ ევროპელი კვალიფიციური მუშახელი სწორედ ლიბიაში პოულობდა შესაშურ ანაზღაურებას. დეტალების გახსენება დღეს მიჭირს, დიდი დრო გავიდა...
ტურნირის შემდეგ თუ შეგეხმიანათ იქაური ფეხბურთის ფედერაცია?
- ჩვენი პირველი შეხვედრიდან ერთი წელი გავიდა. 2009 წლის შემოდგომაზე შემოდგომაზე მოულოდნელი ზარი დაფიქსირდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები მიპატიჟებულია ლიბიაში სამი ამხანაგური თამაშის გასამართადო. აღვიდგინე აფრიკელებთან ადრინდელი შეხვედრის დეტალები. სამწუხაროდ იმ პერიოდში დროში შეზღუდულნი ვიყავით. საინტერესოა რომ სტუმრობის ყველა ხარჯს საკუთარ თავზე ლიბიის ფეხბურთის ფედერაცია იღებდა. ორი დღის განმავლობაში უნდა მოგვესწრო დელეგაციის სიის გადაგზავნა აფრიკაში. თავი დავიზღვიე და მასპინძლებს იქაური საემიგრაციო სამსახურის საგარანტიო წერილი მოვთხოვე. რატომღაც ჯამაჰირიის საჰაერო დეპარტამენტის ოფიციალური ცნობა მომივიდა, რომლის მიხედვითაც თურქეთიდან ლიბიის მიმართულებით საჰაერო რეისზე მგზავრს არ მოეთხოებოდა ლიბიაში შესასვლელად ვიზა. გეტყვით რომ ძალიან რთულია უვიზოდ იმგზავრო. ამ მიზეზის გამო ვერ გავრისკეთ და ლიბიაში სტუმრობა გაურკვეველი ვადით გადავდეთ.
შემდეგში მოვლენები როგორ წარიმართა?
- 2010 წლის მაისში კვლავ მიგვიპატიჟეს და იქაურმა ფეხბურთის ფედერაციამ ჩემს მიერ მოთხოვნილ საბუთებზე ზრუნვა ორი კვირით ადრე დაიწყო. მაგრამ მოხდა ის რასაც არ ველოდი. ამჯერად ქართული მხარის წინაღობას წავაწყდი. აქვე მინდა ავღნიშნო რომ მეორე მოწვევაც გარანტირებულ იქნა სრული ანაზღაურებით. მოკლედ რომ ვთქვათ ბრაზილია-არგენტინის დონეზე გაგვათანაბრეს. საბოლოო ჯამში მწვრთნელებმა უარი თქვეს ამ თამაშზე... არადა საბუთების მომზადება დადგენილ ვადებში სრულიად ესწრებოდა. ერთი თამაში ბენღაზში უნდა გვეთამაშა და ორი დედაქალაქში. აბდესალამმა ისიც შემომთავაზა, რომ ნაკრების მწვრთნელის ფუნქცია დროებით საკუთარ თავზე ამეღო. თავის დროზე ჩვენ მართლაც კარგი მეტოქის შთაბეჭდილება დავტოვეთ. კი დავფიქრდი, მართლაც შემეთავსებინა მთავარი მწვრთნელის ფუნქცია, თუმცა ...
თქვენი და ლიბიური ჩინოვნიკების ურთიერთობა ამით დასრულდა?
- 2011 წლის დასაწყისში ბენღაზი უკვე ამბოხებულთა ცენტრად იქცა. ლიბიურმა ფეხბურთმა დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება. ფედერაციის ძალიან ბევრი მუშაკი გაემიჯნა პოლკოვნიკს. ყოველივე ნათლად სჩანდა სოციალური ქსელის მეშვეობით. როდესაც იცნობ ადამიანს და იმ ნაკრებს ვისთანაც გითამაშია, ადამიანურად გაინტერესებს მათი ბედი. მარტში თუ აპრილში, წერილი მივწერე იქაურ ფედერაციას, თუ რა მდგომარეობა იყო ფუტსალში. სატელიტური ტელევიზიის საშუალებით ვადევნებდი თვალს ომს. ერთ დღეს კი მოულოდნელად ერთ-ერთი ტელეარხის მეშვეობით გადაიცა ტრიპოლის ცენტრალურ დარბაზში მოთამაშეთა ვარჯიში მცირე რეკლამითურთ. იქაურები ხმელთაშუა ზღვის აუზის მორიგი ტურნირისთვის ემზადებოდნენ. რიგით ამ მესამე და რაც მთავარია წარმომადგენლობით ტურნირს კი სამწუხაროდ ჩატარება აღარ ეწერა.
გამაოგნა იმ კადრებმა, რომელშიც ასახულია კადაფის წამება. განა ღირდა ყოველივე ერთი კაცის სიცოცხლედ, რომ ქვეყანას ჯამში მხოლოდ არეულობა და ძმათამკვლელი დაპირისპირება მიეღო? სახელმწიფოში სადაც სოციალურად დაუცველი მოქალაქე რეალურად არ არსებობდა.
და ბოლოს არ შეიძლება არ ითქვას. დღევანდელ ლიბიის ფეხბურთის ფედერაციას არ გააჩნია თავისი ვებგვერდი. კადაფის დროინდელ სახელმწიფო უწყებებს ინგლისურენოვანი მენიუ ჰქონდათ. დღეს კი მხოლოდ ლიბიის მოქმედ პრემიერს აქვს ვებგვერდი და ისიც არაბულ ენაზე. დაწყნარებული და სოციალურად გამართული სახელმწიფო დღეს სიღარიბის მორევში გადაეშვა.