„დნობა მიმდინარეობს, მაგრამ საერთოდ გაქრება თუ არა მყინვარები, უცნობია“.

„დნობა მიმდინარეობს, მაგრამ საერთოდ გაქრება თუ არა მყინვარები, უცნობია“.

1960 წლის მონაცემებით, საქართველოში 786 მყინვარი იყო,  დღეს კი 637 მყინვარი აღირიცხება. მეცნიერთა განმარტებით, მყინვართა ფართობისა და რაოდენობის შემცირება მტკნარი წყლის კლების კუთხითაც საგანგაშოა, რადგან ჩვენი მდინარეების ერთ-ერთი მასაზრდოებელი სწორედ მყინვარები იყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით For.ge-ს ესაუბრება გლაციოლოგი, გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერი ლევან ტიელიძე.

საქართველოში მყინვარების გამალებული დნობა რამდენად უკავშირდება გლობალურ ცვლილებას?  

- ზოგადად, მსოფლიოში კლიმატის ცვლილების ტენდენციაა. მართალია, ტერმინ „გლობალურ დათბობას“ ზოგიერთი მეცნიერი იყენებს, მაგრამ „კლიმატის ცვლილება“ უფრო გამართლებული ტერმინია, რადგან არსებობს ზოგიერთი ლოკალური ადგილი მსოფლიოში, სადაც შესაბამისი მიკროკლიმატის გამო არ იგრძნობა ტემპერატურის მატება. ეს მსოფლიოს 2-3 %-ს შეეხება, მაგრამ, ძირითადად, 98 % ტერიტორიაზე, სადაც მყინვარებია, ფიქსირდება მყინვართა დნობა, ანუ უკანდახევა და ტემპერატურის მატება.

საერთოდ, მყინვარები კლიმატის ცვლილების ყველაზე კარგი ინდიკატორები არიან. როდესაც მყინვარი წინ მოდის, ე.ი. ჰაერის ტემპერატურის კლება მიმდინარეობს, ხოლო როდესაც უკან იხევს, ტემპერატურის მატებაა. რაც შეეხება საქართველოს, კავკასიის რეგიონში საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა (რუსეთის შემდეგ), სადაც ფართობით საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს მყინვარებს. ეს არის 355,8 კვ.კილომეტრი.

მთლიანობაში, საქართველოში 600-ზე მეტი მყინვარი გვაქვს, თუმცა მყინვარების გაქრობის მხრივ ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა ყაზბეგის რაიონშია? 

- საქართველოში სულ 637 მყინვარია, რაც 2014 წლის კოსმოსურ სურათებზე დაკვირვების შედეგად დადგინდა. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი ერთადერთი სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციაა საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში, რომელიც მყინვარებს იკვლევს. შესაბამისად, ჩვენი გლაციოლოგიის ჯგუფი ყოველწლიურად ატარებს ექსპედიციებს კავკასიონის მყინვარების სამხრეთ ფერდობსა და ჩრდილოეთ ფერდობზე, ყაზბეგის ტერიტორიაზე, რადგან ყაზბეგი უკვე ჩრდილოეთ კავკასიაში შედის, თუმცა საქართველოს შემადგენლობაშია. ამ 637 მყინვარიდან ფართობითა და რაოდენობით ენგურის აუზში ყველაზე დიდი მყინვარი გვაქვს, ამას მოსდევს რიონის, კოდორის, თერგის აუზები. მაგალითად, ალპებში მყინვარების ყოველწლიური უკანდახევა დაახლოებით 40 მეტრამდეა, ჰიმალაებში უფრო მეტია - 70-80 მეტრამდე, ჩვენთან კი დაახლოებით 10-15 მეტრია საშუალოდ. მყინვართა დნობა ნიშნავს, რომ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მატებაა. მესტიაში მოქმედ მეტეოსადგურზე 1960 წლიდან დღემდე 0, 1 გრადუსით ტემპერატურის მატება დაფიქსდირდა. რაც შეეხება ყაზბეგს, ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოსადგური მთელი კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალია, ზღვის დონიდან 3656 მეტრზე მდებარეობს, თუმცა ისიც რამდენიმე წელია, აღარ მუშაობს. ამის მიუხედავად, შემონახული ჩანაწერებით, ირკვევა, რომ ჰაერის ტემპერატურის ყველაზე მაღალი მატებაა ყაზბეგსა და ჯვარზე-0,2 გრადუსი. შესაბამისად, აქ დნობაც უფრო მაღალია და მყინვარები აქ ყველაზე მეტად იხევს უკან. 1960 წლის მონაცემებით, საქართველოში იყო 786 მყინვარი, დღეს კი გვაქვს 637 მყინვარი. 1960 წელს მყინვართა ფართობი იყო 555, 9 კვადრატული კილომეტრი, დღეს კი არის 355, 8 კვადრატული კილომეტრი.

შესაბამისად, ეს უკუპრუცესი წყლის მარაგის შემცირებას და დიდი მდინარეების გამეჩხერებასაც გამოიწვევს?

 -მტკნარი  წყალი პირდაპირ კავშირშია მყინვარებთან. ენგურის, რიონის, თერგის, კოდორის, ანუ საქართველოს დიდი მდინარეების კვებაში გარკვეულ როლს თამაშობს მყინვარები. მაგალითად, ენგურის სათავეებში რომ ახვიდეთ, შხარის მყინვარიდან გამოდის მტკნარი წყალი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა. არის ბევრად დიდი ქვეყნები, სადაც ფართობი დიდია, მაგრამ ყინული და მტკნარი წყალი არ აქვთ. გარკვეულწილად, მყინვარები მდინარეების არსებობას განაპირობებს, მაგრამ მაინც პროგნოზის გაკეთებასთან ფრთხილად ვიყოთ, მომავალში რა მოხდება, არავინ იცის. ფაქტია, რომ დნობა მიმდინარეობს, მაგრამ საერთოდ გაქრება თუ არა მყინვარები, უცნობია. ამის საშიშროება არის.  

გამოდის, შესაძლოა, სასმელი წყალიც აღარ ჰქონდეს საქართველოს?

-სასმელ წყალს პრობლემები შეექმნება, რადგან სწორედ მტკნარი წყალია მყინვარები. მტკნარი წყლის მარაგის მხრივ მსოფლიოში დიდი პრობლემაა. მაგალითად, არაბეთის ქვეყნების ერთ-ერთი იდეა ისიც იყო, რომ ანტარქტიდიდან აისბერგები წამოეღოთ, გადაედნოთ და ეს გამოეყენებინათ სასმელ წყლად. საბედნიეროდ, ჩვენ ბუნებრივი წყალი გვაქვს. მარტო მყინვარებიდან არ საზრდოობს ჩვენი მდინარეები, არამედ - მიწისქვეშა წყლებიდან, თოვლის ნადნობიდან და ატმოსფერული ნალექებიდანაც. თუმცა, ცხადია, ჩვენი მდინარეების არსებობის ერთ-ერთი განმაპირობებელი მყინვარებია.

მსოფლიოში სულ რამდენი მყინვარია?

- ბოლო კვლევა ამერიკელებმა ჩაატარეს და დაახლოებით რამდენიმე ათასი  მყინვარი დააფიქსირეს მსოფლიოში.

 

რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა, რომ ანთროპოგენური ჩარევის პროცესი შეაფერხონ? რატომღაც ისეთი ტენდენციაა, რომ დიდი ჰესების მშენებლობას ვერ ელევიან...

-მსოფლიოში კლიმატზე ანთროპოგენური ზემოქმედების გავლენა დიდია - წარმოების გამონაბოლქვი, ფაბრიკა-ქარხნები. იყო პერიოდი, როდესაც უფრო დიდი მყინვარები გვქონდა საქართველოში, საუბარია დაახლოებით ორი საუკუნის წინანდელ პერიოდზე. იყო მცირე გამყინვარების პერიოდიც. დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია და არის აციების და დათბობის პერიოდი. ადამიანსაც ამაში გარკვეული „წვლილი“ შეაქვს. კოსმოსში ოზონის შრის გარღვევაც, ასევე, იწვევს ტემპერატურის მატებას, მაგრამ ჰესებზე დიდი პრობლემაა ის, რომ საქართველოში სპეციალისტებს არაფერს ეკითხებიან. თუნდაც დევდორაკის შემთხვევაში, ამ ჰესის აშენება არაფრით  შეიძლებოდა. დევდორაკის მყინვარს, ცალკე აღებულს, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში რამდენჯერმე დაუფიქსირებია სტიქია. 1832 წელს დევდორაკზე ისეთი მასშტაბის სტიქია მოხდა, რაც მყინვარის ჩამონგრევითა და თერგის გადაკეტვით დამთავრდა, ღვარცოფული მასალა მაშინ ვლადიკავკაზამდეც კი ჩავიდა. ეს დიდი ზარალი იყო.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ენგურჰესმა მიმდებარე ტერიტორიაზე ტემპერატურის მატება გამოიწვია. აქედან გამომდინარე, ხუდონჰესიც გარემოზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს?

- მე პირადად ხუდონჰესის აშენებას არ ვემხრობი. საქართველოში არის იმის პოტენციალი, რომ შედარებით მცირე ჰესები აშენდეს, როგორიც შენდებოდა თერგზე, ოღონდ იქ არ უნდა აშენდეს, სადაც დევდორაკის ლომის ხახაა და, სადაც შეიძლება ნებისმიერ დროს იგივე სტიქია განმეორდეს და ფული წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს. 200-მეტრიანი კაშხალი, როგორიც ხუდონია, არ არის საჭირო. სვანეთში  ისედაც მოსახლეობის დარჩენის პრობლემა გვაქვს და ამდენი ოჯახის აყრაც პრობლემატურია. ნორვეგია ამის ყველაზე კარგი მაგალითია, სადაც მდინარეებზე  პატარ-პატარა ჰესები კეთდება. ასეთი პატარა ჰესები ჩვენთვის საკმარის ენერგიას გამოიმუშავებს.

თუკი ხუდონის დიდი პროექტი განხორციელდება, მყინვარის დნობას ესეც შეუწყობს ხელს?

- ამ შემთხვევაში, შესასწავლია ენგურის ერთ-ერთი დიდი შენაკადის-ნენსკრის აუზის ჩამონადენი, ჩასატარებელია გლაციოზოლოგიურ-კლიმატური სამუშაოები. შეიძლება მყინვართა დნობამ არ იმატოს, რადგან ეს კასკადი დაბლა იქნება, მაგრამ მაინცდამაინც სასურველი არ არის ასეთი ტიპის ჰესების მშენებლობა.     

ალპებში რატომ იმატა მყინვარის დნობამ?

- რამდენიმე ათასი წლის წინ გამყინვარების მასშტაბები ალპებში უფრო დიდი იყო, ვიდრე კავკასიაში. შესაბამისად, რადგანაც უფრო დიდი ყინულის მასით იყო ალპები დაფარული, იგი უფრო დაბალმთიანი გახდა, ვიდრე კავკასიონი. ყინულის მასას აქვს  თვისება, რომ რელიეფს ანგრევს, ასწორებს და ადაბლებს. კავკასიონის (5642 მეტრი) მწვერვალები კი თითქმის ერთი კილომეტრით მაღალია, ვიდრე ალპები. რადგანაც კავკასიონი ზღვის დონიდან მაღალზეა, ამიტომ ჰაერის ტემპერატურა  უფრო დაბალია და დნობაც შედარებით ნელა მიმდინარეობს. ალპები კი დაბალმთიანია და დნობის პროცესიც აქ უფრო მეტია. თუმცა ძველი გამყინვარებიდან შემორჩენილი მასა ალპებში უფრო  ბევრია და მყინვარის ფართობიც უფრო დიდია, ვიდრე კავკასიაში.

აქედან გამომდინარე, ალბათ, ცდებიან ის უცხოელი მეცნიერები, რომლებიც რატომღაც პროგნოზირებენ, რომ დედამიწაზე შეიძლება გამყინვარების პერიოდი დადგეს...

- ეს არავინ იცის. ჯერჯერობით ტენდენცია ისეთია, რომ მსოფლიოს 98 %-ში ყველგან ტემპერატურის მატება ფიქსირდება. ამას წინათ ამერიკაში გახლდით, ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში და ძალიან ცივი ზამთარი იყო. ადგილობრივები ამბობდნენ, ასეთი ზამთარი არ გვახსოვსო. ასე რომ, არის ისეთი ადგილებიც, სადაც ტემპერატურის კლებაა. თეორიულად, გამყინვარება შეიძლება მოხდეს, რადგან ერთ-ერთი ვერსია, ძველი გამყინვარება რატომაც მოხდა, ეს იყო ვულკანების მასშტაბური ამოფრქვევა, ჰაერი აღარ იყო გამჭვირვალე, ამიტომ მზის სხივები შესაბამისი რაოდენობით ვეღარ შემოდიოდა დედამიწაზე და ვერ ათბობდა დედამიწას. ამიტომ ჰაერის ტემპერატურის ვარდნა და დიდი აციება მოხდა. თუ იგივე პროცესი განმეორდა, შესაძლოა, მოხდეს გამყინვარება, მაგრამ ეს არავინ იცის.

საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებითაც გკითხავთ. მყინვარწვერზე საზღვრის შემოწევა მართლაც მოხდა?

- საქართველოს საზღვარი პრობლემურია რამდენიმე ადგილას. საბჭოთა კავშირის პერიოდში მხოლოდ თურქეთთან გვქონდა საზღვარი დადგენილი. აზერბაიჯანთან, სომხეთთან, რუსეთთან მართლაც არის ამის პრობლემა. უშუალო შეხება მაქვს მყინვარწვერის რეგიონთან. როდესაც მოხდა ტოპოგრაფიული რუკების შედგენა, პირდაპირ მწვერვალზე ამოდის საზღვარი და ჩვენს მხარეს აშკარად არის შემოწეული. ამის გამო საქართველოდან ამომსვლელმა ტურისტმა თუ მთამსვლელმა ოფიციალურად საზღვარი უნდა დაარღვიოს, თუმცა, გეოგრაფიულად, ეს პირდაპირ საქართველოს ტერიტორია იყო, რადგან საზღვარი გადიოდა ქედის თხემზე.