შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ქადაგიძე იმ 60-კაციან სიაში ფიგურირებს, რომელიც მთავარ პროკურატურას ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა გადასცა. ესენი არიან შსს-ს ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლები, რომლებსაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი კავშირი აქვთ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობასა და შემდეგ უკვე საქმის გაყალბებაში.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის, პატიმრობაში მყოფი მალხაზ დავლიანიძის ჩვენების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ქადაგიძის მიმართ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს. ბრალდების მხარის მოწმემ სასამართლოზე სკანდალური განცხადება გააკეთა. პატიმარმა მალხაზ დავლიანიძემ აღნიშნა, რომ 2006 წელს ირაკლი ქადაგიძესა და კრიმინალური პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ნარკოტიკების სანაცვლოდ თანამშრომლობდა.
„2006 წლის 2 მაისს, კორტების სპეცოპერაციის დღეს დამიბარეს კრიმინალურ პოლიციაში. როდესაც მივედი, გასამრჯელოს სახით ნარკოტიკის მიღების შემდეგომ დამავალეს მეთქვა, რომ სპეცოპერაციის ადგილზე ვიყავი და დავინახე, როგორ ისროდნენ ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომობილიდან პოლიციის ეკიპაჟის მიმართულებით. მსგავს დავალებებს სისტემატურად მაძლევდნენ ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე და ირაკლი ქადაგიძე“, - აღნიშნა მალხაზ დავლიანიძემ.
გახმაურებული სისხლის საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ დავლიანიძის ჩვენების შემდეგ ცხადია, გამოძიების დაწყების საფუძველი არსებობს.
„მოწმემ ირაკლი ქადაგიძე და სხვა პირები ამხილა დანაშაულში. კერძოდ კი, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და ნარკოტიკების გასაღებაში. ორივე ქმედება დანაშაულია. გამოძიების დაწყების საფუძველი არსებობს და ყველა პირის მხიდან იქნება მიღებული ინფორმაცია“, - აცხადებს ამირან გულუაშვილი.
ბრალდების მოწმის სკანდალურ ჩვენებას აბსურდულს უწოდებენ თავად ბრალდებულები და მათი ადვოკატი დავით ხაჟალია, რომლის განცხადებით, ირაკლი ქადაგიძე დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაშია შეყვანილი და სასამართლოს განუმარტავს, რეალურად ვინ არის ეს პიროვნება და რას ემსახურება მის მიერ გაკეთებული განცხადებები. ხაჟალია აცხადებს, რომ ბრალდების მოწმე მალხაზ დავლიანიძე ადრეც და ახლაც თანამშრომლობს შსს-თან.
„ქადაგიძე განმარტავს, ვინ არის ეს პირი - მოწმე დავლიანიძე, რომლიც ადრეც და ახლაც თანამშრომლობს შსს-თან, მისი ჩვენება არადამაჯერებელია და ვფიქრობ, რომ მას სასამართლო როგორც მტკიცებას, ბრალდების მიმართულებით, ისე არ შეაფასებს. ამ საკითხის გარშემო დაიკითხება ირაკლი ქადაგიძე, რომლის შესახებ სასამართლომ გააკეთა განცხადება“, - აცხადებს დავით ხაჟალია.
ბრალდების მხარის მოწმის ჩვენებას გამოეხამურა ა-ო „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“, რომლის წევრი თავად ირაკლი ქადაგიძეა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მალხაზ დავლიანიძე ირაკლი ქადაგიძის ინფორმატორი არ ყოფილა. როგორც „სამართალდამცავთა დაცვის ლიგაში“ აცხადებენ, პროკურატურის მოწმე, ამჟამად მსჯავრდებული მალხაზ დავლიანიძე არაერთგზის არის ნასამართლევი უმძიმეს დანაშაულებში.
„დავლიანიძე დაკავებული იყო, თურქეთის საელჩოს წარმომადგენელზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ყაჩაღური თავდასხმისთვის. დავლიანიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ იყო ნარკოდამოკიდებული და ამჟამადაც სასჯელს ძარცვისთვის იხდის. რაც შეეხება, მოწმის ჩვენებას, როგორც ჩანს, მან ვერ დაიზეპირა პროკურატურის მიერ შეთავაზებული ჩვენება და აერია ირაკლი ქადაგიძის სამსახურეობრივი თანამდებობები.
დავლიანიძემ განაცხადა, რომ ქადაგიძე მაშინ გაიცნო, როდესაც ის იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელი, რაზეც დაზუსტებით მოგახსენებთ, რომ ირაკლი ქადაგიძეს პოლიციაში 20-წლიანი მუშაობის პერიოდში არათუ აღნიშნული სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, არამედ აღნიშნულ განყოფილებაშიც კი არ უმუშავია“, - აცხადებენ „სამართალდამცავთა დაცვის ლიგაში“.