მსოფლიო მედიაში გამოქვეყნებული სტატიებითა თუ გავრცელებული განცხადებებით, ძალიან საინტერესო გახლდათ თვალის მიდევნება თუ როგორ იძაბებოდა ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო მეტად. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მხარდამჭერი განცხადება ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა.
”ნიუ-იორკ თაიმსის” ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, ირანის ელჩი რუსეთში, რუსეთის მკაცრი კრიტიკით გამოვიდა. მაჰმუდ რეზა საჯადის თქმით, რუსეთი ამერიკის მანიპულაციების მსხვერპლია.
”რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ამერიკასთან ხანმოკლე თანამშრომლობა მის ინტერესებშია. ის მწვანე შუქი, რომელიც დღეს აშშ-მ რუსეთს აუნთო, მალევე ჩაქრება”- აღნიშნა ირანის ელჩმა. მიუხედავად ამისა, ოფიციალურმა მოსკოვმა პოზიცია არ შეიცვალა.
ელჩის გარდა, დიპლომატიურ ბრძოლაში სხვა ირანელი მაღალჩინოსნებიც ჩაერთვნენ. ასე მაგალითად, დასავლური მედიის ინფორმაციის თანახმად, ირანის პარლამენტის სპიკერმა, ალი ლარიჯანიმ მწარედ შენიშნა, რომ ”რუსეთი ყოველთვის - და განსაკუთრებით, ბირთვული შეიარაღების სფეროში - მხოლოდ თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს”. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მანუჩხერ მოტაკი კი სერგეი ლავროვს დაუკავშირდა და სცადა, რუსეთისთვის პოზიცია შეეცვლევინებინა. ამაოდ. ლავროვი რამდენიმე არაფრის მთქმელი დიპლომატიური ფრაზით შემოიფარგლა.
ამის შემდეგ, დიპლომატიურ ბრძოლაში ”მძიმე არტილერია”, თავად პრეზიდენტი აჰმადი ნეჯადიც ჩაერთო. სამხრეთ ირანის ქალაქ ქერმანში სიტყვით გამოსვლისას, მან მკაცრად დაგმო რუსეთის პოზიცია.
”ჩვენ არ მოგვწონს, რომ ჩვენი კეთილი მეზობელი ეხმარება მათ, ვინც ჩვენს წინააღმდეგ მხოლოდ მტრულ დამოკიდებულეაბს ამჟღავნებს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს მიუღებელია ირანელი ხალხისთვის. ვიმედოვნებ, რომ ისინი ამას ყურად იღებენ და თავიანთ მოქმედებებში კორექტივებს შეიტანენ. რუსეთის ხელმძღვანელთა ადგილას, მე უფრო ფრთხილ პოზიციას დავიკავებდი”-არნიშნა ირანის პრეზიდენტმა და დასძინა - ”ვთხოვთ მოსკოვს, თავი სეიკავონ ისეთი სიტუაციის შექმნისაგან, რომელიც ირანელ ხალხს აიძულებს, რუსეთი ტავის ისტორიულ მტრად შერაცხოს” - წერდა იგივე ”ნიუ-იორკ თაიმსი”.
თუმცა, ირანის ასეთი გაღიზიანების მიზეზი მხოლოდ გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ დაკავებული პოზიცია როდია. უკვე რამდენიმე თვეა, ოფიციალური მოსკოვი არღვევს კონტრაქტის პირობებს და ათასგვარი მიზეზით არ აწვდის ირანს С-300 ტიპის რაკეტებს. ხოლო გაეროს მიერ ახალი რეზოლუციის მიღების შემდეგ, ფატობრივად, მეორე დღესვე, ”ასოშეიტედ პრესმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის სესახებ, რომ რუსეთი საერთოდაც უარს ამბობს ირანისთვის ამ რაკეტების მიწოდებაზე რადგან ”ისინი ხვდებიან გაეროს რეზოლუციის პირობებით გათვალისწინებული შეიარაღების კატეგორიაში...
ირანს რუსეთით უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი აქვს - ბუშერის ატომური ელექტროსადგური. მას რუსეთი აშენებს. რუსული მედიის ინფორმაციით, მისი მშენებლობა გასული წლის შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დღემდე არ დასრულებულა. რუსული მხარე ირანულს ამშვიდებს: რუსული ოფიციოზის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა წელს, ზაფხულში დასრულდება. თუმცა...
სხვათაშორის, ეს, რუსეთ-ირანის ურთიერთობების გაფუჭების ასე ვთქვათ, მეორე ტალღაა. პირველი, ჯერ კიდევ შემოდგომაზე იყო. მაშინაც, უმთავრესი მიზეზი სწორედ რუსული მხარის მიერ ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გაჭიანურება და ირანული მხარისთვის С-300 ტიპის რაკეტების მიუწოდებლობა გახლდათ.
ივნისის დასაწყისში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რომელსაც დასავლურმა მედიამ რატომღაც შედარებით ნაკლები ყურადღება დაუთმო. არადა, ფაქტი საკმაოდ მრავლისმეტყველი გახლდათ.
10-11 ივნისს, ტაშკენტში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მორიგი შეხვედრა გაიმართა. რუსეთის ინიციატივით შექმნილი ეს რეგიონალური ორგანიზაცია სრულუფლებიანი წევრების გარდა, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რამდენიმე ქვეყანასაც აერთიანებს. მათ შორისაა, ინდოეთი და ირანიც. აღსანიშნავია, რომ ამ შეკრების წინ ირანმა ორგანიზაციას სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ თხოვნით მიმართა. პასუხად, ტაშკენტში გამართულ შეხვედრაზე, ირანმა არცთუ ზრდილობიანი უარი მიიღო. ლავროვმა მიზეზად ორგანიზაციის წესდება დაასახელა.
ამით და ირანისთვის С-300 ტიპის რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმით, რუსეთმა ერთმნიშვნელოვნად მიანიშნა, რომ გაეროს რეზოლუციის დარღვევა არ სურს. სხვათაშორის, ამაზე დასავლურ მედიაშიც საუბრობდნენ. ასე მაგალითად, სწორედ ობამა-მედვედევის შეხვედრის წინ, ”ნეიშენალ ინთერესთ”-ში გამოქვეყნდა მისი უფროსი რედაქტორის, ნიკოლას გვოზდევის სტატია სათაურით: ”გადატვირთვა მუშაობს”. მასში ავტორი სწორედ ამაზე ამახვილებდა ყურადღებას. მეტიც, მისი აზრით, ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების საკითხი ის თემაა, რომელიც საშუალებას იძლევა ითქვას, რომ ”გადატვირთვა მუშაობს”. აქვე აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთის დღევანდელი პოლიტიკის მიზეზი ამერიკისა და ევროპის ერთობლივი, ძალიან ზუსტად გათვლილი და მიზანმიმართული ქმედებებებია.
”მედვედევი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონიდან მტკიცე გარანტიებით გაემგზავრება. გარანტიებით იმის შესახებ, რომ კონგრესი ვეტოს არ დაადებს ამერიკასა და რუსეთს შორის მშვიდობიანი ატომის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას. სწორედ ეს კონტრაქტი შექმნის საფუძველს იმ შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობებისა, რომლებიც გადაჭარბებიტაც კი აანაზღაურებენ ეკონომიკურ ზარალს რომელიც რუსეთს ირანთან ურთიერთობების გაფუჭების გამო მიადგება” - აღნიშნულია სტატიაში. აქედან გამომდინარე, ავტორის აზრით:
”როგორც ჩანს, ნიკოლა სარკოზი და ბარაქ ობამა ჯეიმს ბეიკერის სტრატეგიას მისდევენ და ცდილობენ, რომ ირანთან დაკავშირებით პოზიციის ცვლილება რუსეთისთვის მომგებიანი გახადონ” - აღნიშნავს გვოზდევი.
თუმცა, ამ დღეებში დასავლურ მედიაში გამოქვეყნებული სხადასხვა ექსპერტების მრავალფეროვან - ხშირად, ურთიერთსაწინააღმდეგო - მოსაზრებებს შორის, იყო რუსეთ-ირანის ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი, ძალიან სინტერესო ვერსია.
24 ივნისს”ჰაფფინგტონ ფოსტ”-ში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით ”მედვედევი ობამას ხვდება: საჭიროა, ყურადღებით შევისწავლოთ რუსეთ-ირანის ურთიერთობები”. სხვა, მეტად საინტერესო მოსაზრებებს შორის, მასში გამოთქმული იყო ასეთიც:
”ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ დაკავებული პოზიცია ხაზს უსვამს ბევრად უფრო ვრცელ და ფართო სურათს: მოსკოვი აშკარად საფუძვლიანადაა შეშფოთებული იმით, რომ მის საზღვრებთან მდებარე ისლამური ქვეყანა პირდაპირ მის თვალწინ იკავებს რეგიონალური ლიდერის პოზიციებს. მოსკოვს არც ის მოსწონს, რომ ეს იმ ქვეყნების საზღვრებსაც ეხება რომლებსაც ის ტრადიციულად, პოს-საბჭოთა სივრცედ მიიჩნევს. ამიტომ, როგორც ჩანს, მედვედევსა და პუტინს ურჩევნიათ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ”მოკლე სადავეზე” ჰყავდეთ”- ნათქვამია სტატიაში ”მედვედევი ობამას ხვდება: საჭიროა, ყურადღებით შევისწავლოთ რუსეთ-ირანის ურთიერთობები”.
რატომ გახდა რუსეთი ”დამყოლი”?
საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა რუსეთმა, ”კეთილი ბიძია” გამხდარიყო? მიზეზი, როგორც უკვე ვნახეთ, რამდენიმეა მაგრამ პასუხი მაინც მარტივია. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ისაა, რომ ოფიციალურ მოსკოვს ჰაერივით სჭირდება დასავლეთის დახმარება იმისათვის, რომ ქვეყანა როგორმე ეკონომიკური კრიზისის ჭაობიდან ამოიყვანოს. თანა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არამარტო ფინანსური, არამედ, უახლესი ტექნოლოგიების მიწოდების თუ სხვადასხვა ტიპის საგარეო ვალების მომსახურების გადავადების თვალსაზრისითაც.
საინტერესოა, რომ ამაზე ყურადღებას დასავლელი ექსპერტები და ანალიტიკოსი ჟურნალისტებიც ამახვილებენ.
”რუსული მოდერნიზაციის ყველაზე საყურადღებო დეტალი ისაა, რომ ის ამ თვალსაზრისით, ყოველთვის ეყრდნობოდა დასავლურ გამოცდილებას. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით კი, შეიძლება ითქვას, რომ ის მოდერნიზაციას ამერიკის დახმარებით ცდილობს. ტრადიციულად, ამ მცდელობების დროს, რუსული საგარეო პოლიტიკა შედარებით ნაკლებად უფრო აგრესიული ხდება ხოლმე. სწორედ ამიტომ, სანამ ის ეცდება, რომ მიიღოს სასრურველი - კაპიტალისა და უახლესი ტენოლოგიების სახით, ის იქნება დამყოლი”-ნათქვამია მარკო პაპიჩის სტატიაში ”რუსული გეოპოლიტიკის მოდერნიზაცია”.
ანუ დღეს რუსეთში ისეთი მდგომარეობაა, როდესაც მედვედვის საფირმო სიტყვამ - ”მოდერნიზაციამ”, რომელსაც თავიდან იგი უბრალოდ, პუტინისგან დისტანცირებისთვის იყენებდა - სულ სხვა, ფაქტობრივად, ქვეყნისათვის სასიცოცხლო, დატვირთვა შეიძინა. და არამარტო ქვეყნისთვის, არამედ, თავად ტანდემის სახელისუფლებო პერსპექტივებისთვის.
ფაქტობრივად, დღე არ გავა ისე, რომ აუტანელი სოციალური პირობებისა და უმუშევრობის გამო, რომელიმე პროვინციაში ადგილობრივი თუ ფედერალური ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია არ გაიმართოს. აქციები როგორც წესი, არ არის მრავალრიცხოვანი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მათ სიხშირეს, ეს უკვე სახიფათო ტენდენციის სახეს იღებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ თუნდაც მცირერიცხოვან აქციებზე, სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ლოზუნგები: მოსახლეობა მკაცრად აკრიტიკებს პუტინ-მედვედევის მმართველობის სტილს და ცვლილებებს ითხოვს.
თუ გავითვალისიწინებთ, რომ 2012 წელი უკვე ძალიან ახლოსაა, ხოლო პუტინსა და მედვედევს ვერაფრით გაურკვევიათ, ვინ უნდა ”იმეფოს” რუსეთში, გასაგები ხდება, რომ შექმნილი ეკონომიკური და სოციალური ფონი ორივეს თანაბრად აზარალებს. სწორედ ამიტომაც დაუჭირეს მათ მხარი ირანის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს, ამიტომაც ცდილობენ დასავლეთტან ურთიერთობების გამოსწორებას...რუსეთი დღეს აშკარად არ არის იმ მდგომარეობაში, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით თავს დასავლეთთან კონფრონტაციის უფლება მისცეს. განსაკუთრებით კი იმ ვითარებაში, როდესაც დასავლეთი თავადაც ცდილობს, რუსეთი ზედმეტად არ გააღიზიანოს.
ასეთი იყო საერთო ფონი ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების კიდევ ერტი შეხვედრის წინ. რაც შეეხება თავად შეხვედრის შედეგებს...მთლაინობაში, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ამით ერთი, კონკრეტული ეტაპი დასრულდა. აშკარაა, რომ მსოფლიო განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ყოველ შემთხვევაში, მისი ცივილიზებული ნაწილი მაინც. წინა ეტაპის დასასრულმა ფაქტობრივად სრულად გამოკვეთა ის, რომ მსოფლიო პოლიტიკა მრავალპოლარული გახდა. რა იქნება შემდეგი ეტაპი? უახლოეს მომავალში გავიგებთ.
თუმცა, არის ერთი რამ რაც უკვე დღეს შეიძლება ითქვას: საქართველო ამერიკის ინტერესებში რჩება. ამას ადასტურებს თუნდაც ის ამონარიდი თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადებიდან, რომლითაც ჩვენი სტატია დავიწყეთ. ეს უკვე პოზიტივზე მეტია; სულ მინიმუ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის უახლოეს პერიოდში უსაფრთხოების გარანტიაა.