ქართველმა პოეტმა დავით მაღრაძემ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ღია წერილი მისწერა. თავისთავად, წერილი ძალიან საინტერესოა და ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს ეხება. სანამ იმას გეტყოდეთ, რას ფიქრობს თავად ბატონი დავითი აღნიშნულ წერილზე და რას ამბობენ ბატონები - ზაზა შათირიშვილი და გოგა ხაინდრავა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაზე, უშუალოდ წერილს გაგაცნობთ:
ღია წერილი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ნიკოლას ბერლინერს
ბატონო ელჩო,
ვადასტურებ თქვენდამი ჩემს პატივისცემას და პირველ ყოვლისა მსურს გამოვხატო დიდი მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ საქართველოსთვის გაწეული უმნიშვნელოვანესი დახმარებისა და თანადგომისთვის. რაც შეეხება თქვენს განცხადებას, რომ “დღეს საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილება იქმნება”, ვიდრე ამასთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებებს გაგიზიარებთ, მანამდე ერთ ისტორიას გაგიმხელთ. 2009 წლის აპრილის, ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივი რეჟიმის საწინააღმდეგო, მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების წინა დღეებში შევხვდი თქვენს ერთ-ერთ წინამორბედს, ბატონ ტეფტს, რომელმაც მკითხა, გამოცხადებულ 9 აპრილის აქციაზე თუ რა რაოდენობის მომიტინგეს ველოდებოდით. მე ვუპასუხე, რომ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეთა უპრეცენდენტო რაოდენობა შეიკრიბებოდა, დაახლოებით 100 000 ადამიანი. ბატონმა ტეფტმა მითხრა, რომ მისი ინფორმაციით 3-4 ათასიც ვერ შევიკრიბებოდით. 2009 წლის 26 მაისს გადავსებულმა სტადიონმა აჩვენა, ვინ იყო მართალი. აღნიშნული ფაქტი იმისთვის მოვიხმარე, რომ ცხადვყო შემდეგი: როცა პოეტს არ უსმენენ და პოლიტაქტივისტების სჯერათ, ასეთია ხოლმე რეალობასთან ცდომილების ამპლიტუდა. 2010 წლის თებერვალში ღია წერილით მივართე შეერთებული შტატების დემოკრატიულ საზოგადოებას, სადაც ვწერდი, რომ “საქართველოს ხელისუფლების მოჩვენებითი ანტირუსული ისტერია გამიზნულია მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, რაც გულისხმობს დასავლეთისა და შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერას. 2 უპირობო და უკონტროლო მხარდაჭერა კი თავის მხრივ გულისხმობს ნებადართულ ძალადობას”. საერთაშორისო საზოგადოებრივი, სახელოვნებო წრეებიდან, მათ შორის შეერთებული შტატებიდან ძალიან საგულისხმო მხარდაჭერა მომწვდა, პოლიტიკური წრეებისთვის კი კვლავ გაუგონარი დარჩა პოეტის სიტყვა. ბატონო ელჩო, თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივი რეჟიმის დროს საქართველოში გაითელა სიტყვის თავისუფლება, დაილეწა დამოუკიდებელი ტელეკომპანია “იმედი”, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, პოლიტიკურ გადაცემათა ლიცენზიები სადაო გახდა და ა.შ. და ა.შ. 2009 წელს, ავსტრიაში. ქალაქ ლინცში მიმდინარე საერთაშორისო PEN მწერალთა ასოციაციის 75-ე კონგრესის დელეგატების ასამბლეამ(მე გახლავართ ქართული PEN ცენტრის დამფუძნებელი) მიიღო რეზოლუცია და რეზოლუციის სამი ძირითადი პოსტულატი ასე ჩამოაყალიბა: შეწყდეს თავდასხმები ჟურნალისტებზე;- შეწყდეს კონტროლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე;- საქართველოს მედია გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.- იმ ავადსახსენებელი პერიოდისგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება აღარ აკონტროლებს მედიას და რაც ასევე მნიშვნელოვანია, პირველად საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებას საკუთარი ტელევიზია არ გააჩნია. საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდა საზოგადოებას. ნაციონალური მოძრაობის მართველობასთან ერთად წარსულს ჩაბარდა: პოლიტიკური პოლიცია, რბევა და ტერორი, ხელყოფილი კერძო საკუთრება, წართმეული ბიზნესი, გაყალბებული არჩევნები, ციხეებში პატიმართა წამების სისტემური ხასიათი, ხელისუფლებისგან მედიაკონტროლი, დაუცველი მოქალაქე. 3 ბატონო ელჩო, ყოველივე ზემოთქმული მაფიქრებინებს, რომ “რუსთავი 2”-ის (ეს ტელევიზია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ხელისუფლების განუყოფელი ნაწილი იყო და მუდამ საეჭვო გარემოებაში გადადიოდა ხელიდან ხელში) მეპატრონეებს შორის დავას გაარკვევს მონობიდან გათავისუფლებული დამოუკიდებელი სასამართლო. სიტყვის თავისუფლება არანარად არ უნდა ზღუდავდეს საკუთრების უფლებას. როდესაც შევარდნაძის ხელისუფლება “რუსთავი 2”-ში შეიჭრა და სიტყვის თავისუფლებას რეალური საფრთხე დაემუქრა, მაშინ მე “რუსთავი 2”-ის აქტიურ დამცველთა შორის გახლდით. თქვენო აღმატებულებავ, გულწრფელად მინდა რომ თქვენი, ვფიქრობ უსაფუძვლო შეშფოთება დავაცხრო და გითხრათ რომ იყავით მშვიდად, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე აღარ ემუქრება, რადგან ურეიტინგო, პოლიტიკურ-ზნეობრივად გაკოტრებული, ხალხის უნდობლობით დაღდასმული, დაშლილი, დანაწევრებული ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდება. ამას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს. იქნებ სცადოთ პოეტის მოსმენა. სადაც პოეტს არ უსმენენ, დიქტატორის მოსმენა მოუწევთ.
ღრმა პატივისცემით, დავით მაღრაძე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის ავტორი 2009 წლიდან ამერიკის პოეტების აკადემიის წევრი 4 2011 წლიდან ამერიკის მწერალთა და ხელოვანთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი
დავით მაღრაძე: ცოტა უხერხულია, საკუთარ წერილზე კომენტარს რომ ვაკეთებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ წერილზე რეაქცია შესაბამისი უნდა იყოს. ელჩს გასაგებად ვუხსნი, რომ როცა სიტყვის ტავისუფლებას რეალურად დაემუქრა საფრთხე შევარდნაძის დროს, მე ამ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ვიჯექი და სიტყვის თავისუფლებას ვიცავდი. ახლა კი, სიტყვის თავისუფლებას, საკუთრების თავისუფლება არ უნდა შეეწიროს. სწორედ ამის ახსნა და თქმა მინდა.
ზაზა შათირიშვილი: წავიკითხე ბატონი დავითის წერილი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან სწორი, საინტერესო და ღრმაა. გამგებმა უნდა გაიგოს, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგი არავინ არის და რეალურად, არც რუსთავი 2-ს ეზღუდება რაიმე უფლება, თუმცა მგონია, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უბრალოდ იჩქარა. ის კარგად არ იყო სიტუაციაში გარკვეული და ნაჩქარევი განცხადებაც ამიტომ გააკეთა. მან სიმართლე უნდა იცოდეს და სიმართლე არის ის, რასაც ბატონი დავითი ამბობს.
გოგა ხაინდრავა: არ მეგულება მსოფლიოში საქართველოზე პროამერიკული ქვეყანა, მაგრამ ასეთი განცხადებებით, როგორიც ბატონმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა, ხალხს გული უცრუვდება ამერიკაზე. ეს იმიტომ, რომ ხალხმა რეალობა იცის და ყველაზე მეტად იცით რა მაინტერესებს? ეს კონკრეტულად ბატონი ნიკოლასის მოსაზრებაა თუ ამერიკის მთავრობის? ეს არის ძალიან საინტერესო... სხვათა შორის, ამერიკისადმი ნდობია რეიტინგი როდის დაეცა იცით? ვიკილიქსით რომ გავიგეთ, ამერიკის ელჩი რას წერდა თავის მთავრობას აქაურ რეალობაზე, მაშინ... ან ექსპერტები ჰყავთ ცუდი და ან... ან არ ვიცი... გვკითხონ ჩვენ, რიგით ადამიანებს და ჩვენ ვეტყვით რეალობას. ბატონმა ნიკოლასმა უნდა იცოდეს, როგორ აღფრთოვანებით შეხვდა მიხეილ სააკაშვილი იმას, რომ ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშმა იყიდა თავის დროზე. უნდა იცოდეს, როგორ უხაროდა ეს ყველაფერი და შავმა კატამ მაშინ გაირბინა ხალვაშსა და სააკაშვილს შორის, რაც მიშას ურთიერთობა ირაკლი ოქრუაშვილთან აერია. ეს არის სიმართლე. და გაიგოს ბატონმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, სად არის და ვისია ტელეკომპანიის 50%?