კახა გოჩაშვილი: „არასდროს შემპარვია ეჭვიც კი, იმაში, რის დამტკიცებას ხარშილაძე და ძაძამია ცდილობენ“

კახა გოჩაშვილი: „არასდროს შემპარვია ეჭვიც კი, იმაში, რის დამტკიცებას ხარშილაძე და ძაძამია ცდილობენ“

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი დადგა. ნაფიცმა მსაჯულებმა სამსახურეობრივი გულგრილობის ნაწილში დაცვის ორივე თანამშრომელი ბრალდებულად სცნეს. თუმცა, ეს არ არის საბოლოო ვერდიქტი, რადგან, ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიკვდილის დამდგენი გარემოებების საქმეზე გამოძიება გრძელდება და როგორც პროკურატურაში ამბობენ, სერიოზული სიახლეები სწორედ მთავარ საქმეშიიქნება.

მიუხედავად იმისა, რომ კობახარშილაძე და მიხეილ ძაძამია შეეცადნენ პრემიერის გარდაცვალება მის „სექსუალურ ორიენტაციასთან“ დაეკავშირებინათ და ასე გაემყარებინათ ვერსია, უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ცნობილია, რომ მთავარპროკურატურაში გამოძიება ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეზე მიმდინარებს.

კობა ხარშილაძისგან განსხვავებით, ყოფილი პრემიერის დაცვის ყოფილი უფროსი, კახა გოჩაშვილი ამბობს, რომ არასდროს შეპარვია ეჭვიც კი, იმაში, რის დამტკიცებას ხარშილაძე და ძაძამია ცდილობს.

„ყველაფერს აქვს საზღვარი...ადამიანთა სულმოკლეობას არა...გადმომდგახარ, სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარს ანთხევ...არაფერი კაცი შენ არ ყოფილხარ ხარშილაძევ...პატარა, ვირთხისმაგვარო კაცუნავ...პროცესზე გითხარი სიცოცხლეს განდობდი-თქო. თურმე რა გადარჩენილი ვარ.

...მე, ისევ და ისევ მთელი ქვეყნის გასაგონად მინდა ვთქვა, ადამიანს, რომელსაც 9 წლის მანძილზე ყოველდღიური, დილიდან თითქმის მეორე დილამდე ურთიერთობა მქონდა ზურასთან, მაქვს პრეტენზია განვაცხადო, რომ თუ ვინმე იცნობდა მას, იცნობა მის ზნეს, ხასიათს, მის ჩვევებს, ქცევებს, ვარ მე! და არასდროს შემპარვია იოტისოდენა ეჭვიც კი, იმაში, რის დამტკიცებას ეს ორი უბედური ცდილობს.

ისიც მიფიქრია, უფალმა ალბათ იმიტომ დამტოვა ცოცხალი, რომ კიდევ ერთხელ, როგორც მის სოცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ მიმეღო მონაწილეობა მისი სახელიდან ტალახის ჩამოწმენდაში“, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გოჩაშვილი მისი ყოფილი კოლეგების ჩვენებებს.

რის მიღწევას ცდილობდა ხარშილაძე და რა პერიოდულობით ატარებდა ნიღაბს? ამ საკითხებთან დაკვაშირებით for.ge ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილ უფროსს, კახა გოჩაშვილს ესაუბრა.

როგორი ურთიერთობა ჰქონდა ზურაბ ჟვანიას დაცვის თანამშრომლებთან, შეეძლო მათთან ინტიმურ საკითხებზე ესაუბრა?

კახა გოჩაშვილი: არა, რას ამბობთ. ასეთი რაღაც გამორიცხულია. საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა ზურასთან, ძალიან კარგად ვიცნობდი მას, 9 წელი ვიმუშავე მასთან და შემიძლია გითხრათ, რომ მსგავს თემებზე ის არასოდეს არ საუბრობდა.

როგორ ფიქრობთ, რატომ გააკეთა კობა ხარშილაძემ ეს განცხადება?

-არ ვიცი, ვერ გეტყვით ვინ ურჩია მას, რომ ასეთი ხერხით ფონს გასვლა.

კობა ხარშილაძე აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი და მისგან შეთავაზებაც მქონდაო. ამბობთ, რომ 9 წელი იმუშავეთ ჟვანიასთან, იყო იმ კატეგორიის ადამიანი,  ვისაც მსგავსი რამ შეიძლებოდა შეეთავაზებინა მისი დაცვისთვის?

-იცით როგორი აბსურდია რასაც ხარშილაძე ამბობს?! ასეთი რამ გამორიცხულია... არ ვიცი რა ეტაკა, რა მოუვიდა, ისეთმა რა სიცხემ აუწია, რომ ასეთი განცხადებები გააკეთა.

რას უკავშირებთ მის განცხადებას, ხარშილაძე ამ მეთოდით შეეცადა დანაშაულის დაფრავას?

-გამორიცხულიარ არის ხარშილაძე დანაშაულის დაფარვას ცდილობდეს. 9 წელი ვიმუშავე ზურასთან, არასდოს დაცვის არც ერთ თანამშრომელს არ მოგვსვლია თავში აზრად, რომ ასეთი რამ გვეკითხა, რადგან ამის არანაირი საფუძველი არ იყო.

ანუ, ხარშილაძის განცხადება, რომ პრემიერის ორიენტაციის შესახებ ცნობილი იყო, მსგავსი ეჭვი დაცვის თანამშრომლებს არ გქონდათ?

-არა, არა, როგორ გეკადრებათ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიბინძურე მათი მხრიდან. ალბათ ამ სისულელეს იმიტომ ამბობენ, რომ უნდათ დანაშაული მიჩქმალონ. ასეთი ბინძური ხერხით უნდათ ფონს გასვლა.

არანაკლებ სკანდალური იყო მიხეილ ძაძამიას განცხადება. ის ამბობს, რომ როდესაც კოსპირაციულ ბინაში მოვდიოდით, პრემიერი შავ სპორტულ ჩანთაში ალაგებდა ნიღაბს, გაიკეთბდა წვერებს, სათვალეს, ქუდს ჩამოიქაჩავდა და ასეთი მიდიოდა შეხვედრაზე. ეს ზურაბ ჟვანიას სტილი?

-მას ჰქონდა ულვაში, რომელიც პირადად მე შევიძინე და მიუტანე. ამას იკეთებდა მაშინ, როდესაც მარტო მოძრაობდა მანქანით ქალაქში. წვერი არ მახსენდება, ჩემს დროს მას წვერი არ ეკეთა.

რამდენად ხშირად იკეთებდა ულვაშს?

-ალბათ, ორ თვეში ერთხელ. ისიც, როდესაც მარტო მოძრაობდა მანქანით და შეხვედრაზე მიდიოდა. როდესაც კოსპირაციულ ბინაზე მიგყავს ადამიანი და არ უნდა, რომ უცხო პირმა დაინახოს, ამ დროს ნებისმიერი ადამიანი ცდილობს, რომ მისი ცნობადობა დამალოს, ეს ჩვეულებრივი პროცესია. ზურა იკეთებდა ულვაშს, სხვა არაფერი გადაცმული და პარიკებით არ დადიოდა და ეს არის ძალიან დიდი ტყული.

არ ვიცი მაგ ორ ადამიანს ვინ ურჩია, ვინ ჩაუდო თავში, რომ თუ ასეთ სიბინძურეს იტყოდნენ, რაღაც გამოსავალს იპოვიდნენ.

ნაფიც მსაჯულების ვერდიქტი ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრი არის მოკლული?

-საერთოდ, ვეთანხმები ნაფიცი მსაჯულების გამოტანილ ვერდიქტს. არის თუ არა ეს ვერდიქტი იმის დასტური, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის მოკლული, მიჭირს ამაზე ლაპარაკი. მაგრამ როგორც ყველას, მეც ყოველთვის მექნება ეჭვები მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. საერთოდ, ქვეყანამ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა მოხდა, როგორ დაიღუპა პრემიერ-მინისტრი.

თქვენ ამბობთ, რომ დაცვის თანამშრომლები იტყუებიან, საინტერესოა რას ეტყოდით მათ?

-არაფერს. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი ციხეში იჯდება, თუ ციხის გარეთ იქნება, როცა ამხელა ტვირთი უნდა ზიდოს. მათ ზურაბ ჟვანიას სახელი კი არ გათელეს, საკუთრი თავი ამოსვარეს ლაფში. ამ ყველაფრის შემდეგ, მათ ადგილას მონასტერში წავიდოდი.