საბანკო სექტორის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაიწყება

საბანკო სექტორის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაიწყება

„ხალხი მძარცველი ბანკების წინააღმდეგ“ - ამ სათაურით ფეისბუკზე კარგა ხანია, სპეციალური გვერდია შექმნილი. ბანკების მძარცველური პოლიტიკა არაერთხელ გაუპროტესტებიათ, პატრიარქმაც რამდენჯერმე მოუწოდა ბანკებს, უფრო ლმობიერად მოექცნენ ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა საბანკო სექტორი კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის  შემცირებას არ აპირებს.

უახლოეს ხანში არასამთავრობო ორგანიზაციები საბანკო სექტორის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. ორგანიზაცია „პოზიციის“ ხელმძღვანელი, გურამ ადამაშვილი საქართველოში მოქმედ ბანკებს სესხების გაცემისას კაბალური პირობების გამო ადანაშაულებს. მისი თქმით, თუ მთავრობა საბანკო სექტორს არ აიძულებს გადასახადები ხელოვნურად შეამციროს, გამოსავალი მხოლოდ მასობრივი მოძრაობის წამოწყებაშია. უფრო მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ე.წ. პრობლემური სესხების განყოფილების წარმომადგენლები ვალების გადახდისუუნარო მოქალაქეებზე შანტაჟს ახორციელებენ და მოქალაქეები თვითმკვლელობამდე მიჰყავთ.

უფრო ადრე ექსპერტებმა გამოხატეს უკმაყოფილება ბანკების მიმართ. ექსპერტთა ოთხეულმა ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ, ლევან ალაფიშვილმა და გიორგი აბაშიშვილმა ხელისუფლებას კომერციული ბანკებისთვის არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის წინადადებით მიმართეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ კომერციული ბანკების და მათთან კავშირში მყოფი სუბიექტების მხრიდან იყო მცდელობა, რიგი ბიზნესმიმართულებები ექსკლუზიურად საკუთარი კონტროლისთვის დაექვემდებარებინათ.

მოიტანს თუ არა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები შედეგს, ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ბანკები დღეისთვის საკმაოდ გამართულად მუშაობენ, მაგრამ ეს ხდება მომხმარებლისთვის პრობლემის შექმნის ხარჯზე. ისინი ჩვეულებრივ მოქალაქეებს სთავაზობენ მაღალ საპროცენტო განაკვეთს და კაბალურ ხელშეკრულებებს. იმ ფონზე, როცა ქვეყნის ეკონიმიკის ზრდის ტემპი ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში არ აჭარბებს 3 %-ს, გაუგებარია, კომერციული ბანკების მოგების ზრდის ტემპი რამდენიმე მილიარდით რატომ განისაზღვრება და 2013 და 2014 წელი ბანკებმა რატომ დაამთავრეს ზემოგებით?!

„სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული, რომ საბანკო სექტორის ზრდას და ეკონომიკურ ზრდას შორის დიდი განსხვავებაა, ანუ ბანკების სასარგებლოდაა ეს განსხვავება. თვითონ  საქართველოს კომერციული ბანკები ევროპული ბანკებისგან საკმაოდ დაბალი პროცენტით იღებენ თანხებს და შემდგომში ძვირად გასცემენ კრედიტებს. ჩვენთან ახლა საშუალო პროცენტი არის 12-13 %, რაც 8 %-დან იწყება. სხვა თემაა უკვე იპოთეკური სესხები, რომლებიც ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული და ლამის ყოველ თვენახევარში თუ ორ თვეში ერთხელ ეროვნული ვალუტის ვარდნის მიხედვით იცვლება. ბანკების ზემოგება ჩვენში 2 მილიარდი დოლარის ოდენობით ყოფილა, ასევე, 3 მილიარდი დოლარის ოდენობამდეც ასულან 2012-13-14 წლებში, მაშინ, როცა ეკონომიკის ზრდის ტემპი არ აღემატებოდა 3-4 %-ს. სად არის აქ ლოგიკა?

ავიღოთ სხვადასხვა მსხვილი ბანკები, რომელთა სათავეში დგანან ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ იმ ხელისუფლების სახეები. გილაურიც იყო და სხვა პირებიც, რომლებმაც ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გახსნეს ახალი ბანკები. არავისთვის გასაკვირი არაა, რომ კომერციული ბანკები პირდაპირ გვევლინებოდნენ პარტიის დამფინანსებლად. ამას ნაწილობრივ კანონის ფარგლებში აკეთებდნენ, ნაწილობრივ - უკანონოდ. გახსოვთ ალბათ, 2012 წლის კადრები, როდესაც მიდიან და იღებენ თანხებს ბანკომატიდან, რათა პარტიას გადაურიცხონ“,- აცხადებს პაატა აროშიძე.

მისი თქმით, ბანკს, რომელსაც „აწერდნენ“ თანხებს, ის თანხები ამოჰქონდა ჩვეულებრივი მოქალაქისა და საბანკო პროდუქტის შემსყიდველი მოქალაქის ზურგიდან. ამიტომ, როდესაც საბანკო სფერო გათავისუფლდება პოლიტიკური მარწუხებისგან, ის გადავა ხალხის სამსახურში. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ექსპერტი მიიჩნევს, რომ რთულია, აქციებით ვაიძულოთ ბანკი, ის ზემოგება დათმოს, რასაც აქამდე მიეჩვია, თუმცა საზოგადოებრივი წნეხი შეიძლება ამ მიმართულებითაც გამოვლინდეს.

ექსპერტი, ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ  საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობა უნდა დარეგულირდეს, ეროვნულმა ბანკმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია. გარკვეულ ნაწილში ეროვნულმა ბანკმა დაიწყო კიდეც ეს პროცესი, ხელშეკრულების გადახედვა დაწყებულია, მაგრამ იმ მრავალტომიან ხელშეკრულებას, რასაც საფინანსო ორგანიზაციები დებენ მომხმარებელთან, ვერ ეცნობა უბრალო კლიენტი და არ შეუძლია საკუთარი თავი დაიცვას. აქედან გამომდინარე, ბანკებს ჩადებული აქვთ ისეთი მუხლები, რომლებიც ყველაფრის უფლებას აძლევს საფინანსო ორგანიზაციებს.

„აქციებში გამოსავალს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ეროვნულ ბანკს უნდა მივაწვდინოთ ხმა, რომ ხელშეკრულებაში დაიხვეწოს მხარეთა უფლებები და მოვალეობები. მაგალითად, ერთდღიან ვადაგადაცილებაზე ამხელა პროცენტი არ უნდა იყოს, ორგანიზაცია „ვივუს ჯი“-ს არ უნდა ჰქონდეს ყალბი რეკლამის განხორციელების უფლება. მართალია, პირველი სესხი უპროცენტოა, მაგრამ ეს უფრო ჩათრევის მცდელობას ჰგავს - უფასო ამ ქვეყანაზე არაფერია. დაანგარიშების დღე, გადახდის დღე, მეტ-ნაკლებად ეს არის ტყუილზე აგებული.

„კოკა-კოლის“ რეკლამა რომ აიღო, „აკოცე რეი ჩარლზს“, ჩემმა მტერმა აკოცა რეის საფლავში - ღმერთმა აცხონოს კიდევ მერილინი. ეს ანტიმონოპოლიური რეგულირების თემაა და იმიტომაა ეროვნული ბანკის თემა. თუ თამბაქო ავკრძალეთ, რატომ არ უნდა ავკრძალოთ ასეთი სასწაული რეკლამები?! „ვივუს ჯი“-ს რეკლამა როგორ უნდა გადიოდეს ტელევიზიაში? მაგრამ აწყობთ, რადგან დიდ ფულს იხდის.

ბანკები უკვე მეორე თემაა, ისინი უფრო მორიდებულნი არიან და ბევრად დაბალი პროცენტი აქვთ. ბანკებთან მუშაობა კიდევ შეიძლება, მაგრამ ერთი რამეა, ბანკები ძნელად იძლევიან სესხებს. რატომ ვიღებთ კრედიტს? ადამიანს პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, 20-ათასდოლარიან კრედიტს რომ იღებს, არ შეიძლება, მომხმარებელმა იფიქროს, ამ კრედიტს არ გადავიხდიო - ეს არასწორია.

შეიძლება იყოს რესტრუქტურიზაციაზე საუბარი, ამიტომ უნდა გავემინჯოთ იმ ადამიანებს, რომლებიც იძახიან, ვალს არ გადავიხდითო“,- აცხადებს ემზარ ჯგერენაია, რომელიც საბანკო სფეროში თანასწორუფლებიანობას ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს, რადგან კლიენტი და ბანკი თანასწორუფლებიანი უნდა იყოს, ყველაფერი უნდა წყდებოდეს სასამართლოში და მომხმარებელი სესხს რომ აიღებს, უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო 70 %-იან კრედიტს ჩვენს ქვეყანაში არ დაუშვებს - ეს ხომ ჩვენს საფინანსო სისტემას დაანგრევს.