2013 წელს „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო მიიჩნევდა, რომ მისი შვიდწლიანი გაკვეთილი უშედეგო აღმოჩნდა საქართველოსთვის და ქართულმა ღვინომ „როსპოტრებნადზორის“ სტანდარტები კვლავაც ვერ დააკმაყოფილა.
დღესაც რუსეთი საქართველოსთვის მორიგ გაკვეთილს ამზადებს, თუმცა რა ხანგრძლივობა ექნება ამ გაკვეთილს, ამ ეტაპზე უცნობია.
ამჯერად ანტირუსულ სანქციებთან მიერთების გამო მოსკოვი შემოგვწყრა და საქართველოსა და ევროპის კიდევ ექვს ქვეყანას, შესაძლოა, ემბარგოთი უპასუხოს. ქვეყნის პრემიერის_დიმიტრი მედვედევის თქმით, საპასუხო სამრეწველო ემბარგოს კორექტირების შესაბამისი ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს.
რამდენად დააზარალებს საქართველოს სავარაუდო ემბარგო, ამის შესახებ ქართველი ექსპერტები განსხვავებულ მონაცემებზე საუბრობენ. ზოგიერთის აზრით, ემბარგო საქართველოს 280 მილიონ დოლარს დააკარგვინებს, თუმცა შესაძლოა, ეს ციფრი გაცილებით მაღალი აღმოჩნდეს.
რუსეთიდან მომდინარე მორიგი ეკონომიკური იერიშის შესახებ
For.ge ექსპერტს საბანკო საკითხებში, ლია ელიავას ესაუბრა.
მოსკოვი ემბარგოსთვის როგორც ჩანს, სერიოზულად ემზადება. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2013 წელს საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 6.5% იყო, 2014-ში - 9.6%, 2015 წლის იანვარ-ივნისში- 6.5%, ამჯერად რა რაოდენობის დანაკარგი ელის ქართულ ეკონომიკას?
-პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოველთვის მოქმედებს ეკონომიკაზე. ამ შემთხვევაში, როდესაც საქართველო მიუერთდა მთელი ცივილიზებული სამყაროს ტენდენციებს, რომელიც ცდილობს, რამენაირად რუსეთის საქმიანობა ცივილიზებულ ჩარჩოებში მოაქციოს, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ჩაითვალოს დადებით მომენტად. თუმცა ჩვენ უნდა მოვიმკოთ ის შედეგი, რომელიც მოჰყვება ჩვენს გადაწყვეტილებას. ეს შედეგი არ იქნება კატასტროფული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ საგრძნობი კი იქნება.
პირველ რიგში, საგრძნობი იქნება მეღვინეებისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდებიან, გასაღების ახალი ბაზრები ეძებონ და, სანამ მას მოძებნიან, მანამდე მათი ექსპორტი შემცირდება. რაც ყველაზე მტკივნეულია, ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ქართველ მეღვინე გლეხებს, ანუ ნაკლები ყურძენი შეისყიდონ რთველისთვის მიმდინარე შემოდგომაზე.
ეს ცუდად აისახება მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობაზე. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნია გარკვეული პროგრამა ყურძნის შესყიდვისთვის. არ შეიძლება, ეს პროგრამა უსასრულოდ გაგრძელდეს, არ შეიძლება, ბიუჯეტი უსასრულოდ კვებავდეს გლეხობას. ამიტომ მიმდინარე და მომავალ წელსაც ეს ჩვენზე ნეგატიურად აისახება.
გარდა ამისა, დიდი ოდენობის ხილი და ბოსტნეული გადის რუსეთში. მათი აკრძალვაც პირდაპირ დააზარალებს ადგილობრივ მწარმოებელს.
მე არ მაქვს საუბარი ექსპორტიორებზე, რომელთაც გააქვთ ეს ყველაფერი, ეს უფრო ვაჭრობას ჰგავს, მაგრამ ვისგანაც გააქვთ ეს პროდუცია, პირველ რიგში, ისინი დაზარალდებიან. საუბარია უბრალო მოსახლეობაზე. ამიტომ ქვეყნის ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა აწონოს პოლიტიკური გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი ეფექტი და იმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება.
სამწუხაროდ, ჩვენ ჯერჯერობით ისეთ რეალობაში ვართ, რომ ევროკავშირის ბაზარი ჩვენთვის დახურულია. გასაგებ მიზეზთა გამო ვერ ვაკმაყოფილებთ მათ სტანდარტებს. ასევე, ნაკლებად გაგვაქვს პროდუქცია მეზობელ ქვეყნებში. ჯერჯერობით საქართველოს სტატუსი, იმპორტდამოკიდებული ქვეყნის სტატუსს ვერ გაცდა.
ამის ხელშემშლელი ფაქტორები ნაწილობრივ პოლიტიკური გადაწყვეტილებებია, თუმცა ხელაღებით ვერ გავამტყუვნებ ჩვენს ხელისუფლებას ამ სანქციებთან მიერთების გამო, რადგან ეს არის ევროპის ცივილიზებული სამყაროს მიმართ პოლიტიკური ლოიალურობის გამოხატულება.
ერთი კია, საქართველოს მიერთება ამ სანქციებთან, ეკონომიკური თვალსაზრისით, დიდი შინაარსისა და დიდი ეფექტის მქონე არ არის, ეს არის რევერანსი ევროპისკენ.
თუკი მოვლენები 2006 წლის ანალოგიით, ანუ ონიშჩენკოს სცენარით განვითარდება, ალბათ, პირველ ეტაპზე რუსები მიადგებიან ქართულ ღვინოს. ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა. გასულ კვირას მათ ქართველი მეღვინეები ტექნოლოგიების სისტემატურ დარღვევაში დაადანაშაულეს; ასევე, ქართული ალკოჰოლური სასმელები დაიწუნეს. როგორ ფიქრობთ, ღვინოს მოჰყვება მინერალური წყალი და ყველა ის პროდუქტი, რაზეც თქვენ საუბრობდით?
-რუსეთი ახლა ჰგავს კუთხეში მიმწყვდეულ ვირთხას, რომელიც გაბოროტებულია და მზად არის, თავს დაგესხას. ამიტომ, დიდი ალბათობით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოღმის გრძნობა აუცილებლად გადმოვა საქართველოზეც და გამოისახება სწორედ ამ დარტყმაში. ყველაზე მტკივნეული, რაც არის საქართველოსთვის, ეს არის მათი ბაზრიდან საქართველოს პროდუქციის განდევნა. ასე რომ, დიდი ალბათობით, ეს ასე მოხდება.
ექსპერტების ვარაუდია, რომ რუსული ემბარგო საქართველოს 280 მილიონს დააკარგვინებს. თუკი გავითვალისწინებთ იმ მინიმალურ წილს, რაც გვიჭირავს რუსულ ბაზარზე (ანუ მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი საშუალოდ 7 %-ია), თქვენც ფიქრობთ, რომ ზარალი დიდი იქნება?
-თანხობრივად, ეს 280 მილიონზე უფრო მეტი გამოვა, რადგან მიმდინარე და მომავალი წელი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია - ემბარგო არ შემოიფარგლება მხოლოდ მიმდინარე წლით. ასე რომ, სამომავლო დანაკარგებიც საკმაოდ დიდი იქნება, ბევრად უფრო დიდი, ვიდრე 280 მილიონი.
ამას უნდა დაემატოს ის საბიუჯეტო ხარჯებიც, რომელიც გაღებულ იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ზარალის კომპენსირებისთვის. ფაქტობრივად, ესეც ექსპორტის დანაკარგია, ანუ ზარალი ძალზე სერიოზული იქნება.
ერთადერთ ეკონომიკურ გამოსავალს ახალი ბაზრების ძიებაში ვხედავ, რაც მთავრობის ვალია.
მაგრამ ეს დიდ დროსა და კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. უფრო მეტიც, ღვინის ტურების დაწესებაზე ფიქრობენ, ისეთი ტურისტული ჯგუფები უნდა შემოიყვანონ, რომლებიც მეღვინეობით ან ენოთეკით იქნებიან დაინტერესებულნი. სხვათა შორის, სააკაშვილის დროს ცინიკური დამოკიდებულება იყო ჩინეთში ღვინის გატანასთან დაკავშირებით, რადგან ჩინელები მაინცდამაინც არ ეტანებოდნენ ღვინოს. ამის მიუხედავად, ქართული ღვინო ჩინეთის ბაზარზე გავიდა...
-სახელმწიფოსთვის შემოსავლების თვალსაზრისით, ღვინის ტურებს სკეპტიკურად ვუყურებ. აქედან ვერ მიიღებენ იმ თანხებს, რაც შესაძლებელია ექსპორტისგან მიიღონ. რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთის ბაზარზე მოხვედრა არც ისე ადვილია, ჩინეთს უნდა ჰქონდეს სანაცვლო ინტერესი, რომ შეგიშვას თავის ბაზარზე.
მართალია, თვითონ ჩინელები არ სვამენ ღვინოს, მაგრამ ჩინეთსაც გააჩნია ტურიზმის სფერო, სადაც სავსებით წარმატებით შეიძლება ქართული ღვინო მოიხმარონ. თუკი ქართული ღვინო შეძლებს, კონკურენცია გაუწიოს ჩინეთის ბაზარზე სხვა ღვინოებს, როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებულს, ეს საკმაოდ პერსპექტიული ბაზარი იქნება.
ქართველ მეწარმეებს ვურჩევდი, ვისაც სურს, ჩინეთში გაიტანოს თავიანთი ნაწარმი, იმგვარი პროდუქტი დაამზადონ, რომელსაც ჩინელები სიამოვნებით მოიხმარენ. ჩინელებს თავიანთი ალკოჰოლური სასმელი გააჩნიათ. როგორც იაპონელები სვამენ საკეს, თბილ არაყს, ისე ჩინელებიც კარგად სვამენ თავიანთ ეროვნულ სასმელს. თუ საქართველო მოინდომებს და გააკეთებს ჩინელებისთვის სასურველ სასმელს, მე ვფიქრობ, ჩინელები სიამოვნებით მიიღებენ იმპორტის სახით ასეთ საქონელს საქართველოდან.
ჩვენი ხელისუფლება არჩევნებისთვის ემზადება. რამდენად წამგებიანი იქნება არჩევნების წინ ემბარგოს დაწესება? როდესაც კახელი გლეხი ვერ გაიტანს პროდუქციას რუსულ ბაზარზე, ხომ არ დაასხმას ეს წყალს იმ ჯგუფის სასაგებლოდ, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა?
-საქართველოში არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიისთვის პოლიტიკურად მომგებიანი ეკონომიკური სიტუაცია, რადგან ჩვენი ქვეყანა ყოველთვის დუხჭირ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მე არ ვარ პოლიტიკურად ანგაჟირებუილი და არც მაინტერესებს პოლიტიკა, მაგრამ რასაც აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია ასეთი შესანიშნავი პროგრამები - „აწარმოე საქართველოში“, იაფი კრედიტის მიზნობრივი დახმარება სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სხვა დარგებისთვის.
ეს თავის ეფექტს აუცილებლად გამოიღებს. ორ-სამ წელიწადში საგრძნობი იქნება ამ პროგრამების შედეგები. ამიტომ რას გააკეთებენ პოლიტიკური პარტიები და როგორ მივლენ არჩევნებამდე, ნაკლებად მაინტერესებს. აქ მთავარია, საქართველოს ეკონომიკა რამდენად წაიწევს წინ და ხალხის კეთილდღეობა რამდენად გაიზრდება.
ექსპერტები ამბობენ, რომ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, ხომ არ უჭირავს ამა თუ იმ სასაქონლო ჯგუფს რომელიმე ერთი ქვეყნის ექსპორტში 1/3-ზე მეტი. რადგან ასეთი თანაფარდობა იყო ქართულ პროდუქციასთან მიმართებით, ალბათ, მაშინვე უნდა გამოეჩინათ ყურადღება. შეგვეძლო კი რამის გაკეთება, იყო კი ალტერნატული ბაზარი საქართველოსთვის?
-საქმე ისაა, რომ რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის ტრადიციული ბაზარია და ყოველთვის იტანდა დაბალხარისხიან პროდუქციას, რომელსაც ვერ ითვისებდა და ვერ უშვებდა თავის ქვეყანაში უფრო ცივილიზებული სამყარო. ამიტომ რუსული ბაზარი, მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, ყოველთვის იყო ლოიალურად განწყობილი ქართული ღვინის, ქართული წყლის მიმართ. დღესაც, როცა ჩამოდიან რუსული დელეგაციები და ვხვდები მათ, ყოველთვის დანანებით იძახიან, რომ თანდათანობით ქრება ქართული ღვინო მათი მაღაზიებიდან, თუმცა სიამოვნებით მოიხმარენ მას. ანუ რუსეთის მოსახლეობა არ არის ცუდად განწყობილი ჩვენი პროდუქციის მიმართ და სწორედ ეს პოლიტიკური ბატალიები და პოლიტიკური თამაშები დგას ჩვენს შორის ეკონომიკური განვითარების გზაზე.
რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს, მუსლიმანურ ქვეყნებში, თქვენ იცით, სასმელის გატანა ძალზე რთულია ტრადიციული რელიგიური სპეციფიკის გამო. ჩვენ კი, პრაქტიკულად, სულ მუსლიმანების გარემოცვაში ვართ. მსოფლიოში ომების, შეიარაღებული კონფლიქტების, ტერიტორიების მიტაცების ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი მიზეზი გასაღების ბაზრის მოპოვებაა. ყველა ქვეყანა ცდილობს თავისთან კი არ შეუშვას უცხოელი, არამედ თავისი პროდუქცია გაიტანოს საზღვარგარეთ. ჩვენთვის, როგორც ძალზე სუსტი ეკონომიკის სახელმწიფოსთვის, დამატებითი გასაღების ბაზრების ძიება უაღრესად რთულია. ამაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ხელისუფლება და მთავრობა.