„ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მართველობის სავიზიტო ბარათი სწორედ „თავისუფალ სიტყვაზე“ ზეწოლა გახდა“

„ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მართველობის სავიზიტო ბარათი სწორედ „თავისუფალ სიტყვაზე“ ზეწოლა გახდა“

ტელეკომპანია „რუსთავი2“ - ის ყოფილი მფლობელის სარჩელის საფუძველზე ტელეკომპანიის პარტნიორთა წილების დაყადაღებას თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლის კვალიფიკაცია მიანიჭეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათთან დაახლოებულმა არასამთავრობო ორგანიზაცებმა; მათი შეფასებით, არხის საქმიანობის შეფერხება საფრთხეს შეუქმნის თავისუფალ მედიაგარემოს. ნაციონალები ხელისუფლებას ურჩევენ, შევარდნაძის შეცდომები არ გაიმეორონ. მათივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თავისუფალ მედიას და განსაკუთრებით „რუსთავი 2“-ს ებრძვის.

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობს სწორედ ის ჯგუფი, რომელსაც 2003-2012 წლებში  მედიაზე ზეწოლის მდიდარი გამოცდილება გააჩნია - მივყვეთ ქრონოლოგიას.

„ვარდების რევოლუციიდან“  ზუსტად სამ თვეში ნაციონალების მთავარი სამიზნე მისი შეფასებით, ოპოზიციური მედია გახდა - პირველი მსხვერპლი ტელეკომპანია „იბერია“ აღმოჩნდა, რომელიც ასლან აბაშიძის გუნდის წევრს, „ომეგა ჯგუფის“ მფლობელ ზაზა ოქრუაშვილს ეკუთვნოდა. მაშინდელი გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით და სანქციით, ფინანსური პოლიციისა და პროკურატურის სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანიაში შეიჭრა და ჟურნალისტებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ „იბერიამ“ მაუწყებლობა შეჩაერა. ტელეკომპანიასთან ერთად დაიხურა ჰოლდინგში შემავალი გაზეთი „ახალი ეპოქაც“.

მოგვიანებით, „იბერიას“ ბედი გაიზიარა ტეკელომპანია „მზემ“, რომლის საკონტროლო პაკეტს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ფლობდა - ნაციონალებმა ჩხარტიშვილს საკანტროლო პაკეტი დაათმობინეს და ამით ტელეკომპანიაც დაიხურა.

„მზეს“ უკვე მიჰყვა ტელეკომპანია „202“- როგორც მაშინ ითქვა, ნაციონალების პროვოკაციას წამოეგნენ ტელეკომპანიის დამფუძნებლები და წამყვანი შალვა რამიშვილი, შედეგად - რამიშვილი ციხეში აღმოჩნდა.

სპეცრაზმი შევარდა ტელეკომპანია „იმედშიც“, ხოლო მისი მფლობელი, ბადრი პატარკაციშვილი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. შემდეგ უკვე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიძულა კომპანიის მესაკუთრეები, საკონტროლო პაკეტი ნაციონალების სასარგებლოდ დაეთმოთ.

ანალოგიური ვითარება იყო რეგიონებში, ერთმანეთის კვალდაკვალ იხურებოდა ტელეკომპანიები და ამის ნათელი მაგალიათია „ბათუმის 25“-ე არხი და „თრიალეთი“. სატელევიზო არხების დახურვის შემდეგ ხელისუფლება უკვე ინტერნეტ გამოცემებს და გაზეთებს მიადგა. სააკაშვილის ამ პოლიტიკის მსხვერპლი გახდა ინტერნეტგამოცემა presa.ge, რომლის დამფუძნებლებმაც მოგვიანებით ინტერნეტგამოცემა for.ge შექმნეს.

სწორედ ასე „იცავდა“ ყოფილი ხელისუფლება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას. ექსპერტების შეფასებით „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მართველობის სავიზიტო ბარათი სწორედ „თავისუფალ სიტყვაზე“ ზეწოლა გახდა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ეკრანი თვითონ ლაპარაკობს ცდილობს თუ არა ხელისუფლება მასზე გავლენის მოპოვებას. მისივე შეფასებით, თუ სხვა ტელევიზიებზე არ აქვს ხელისუფლებას გავლენის მოპოვების მცდელობა, გაუგებარია რატომ უნდა ცდილობდეს „რუსთავი 2“-ზე გავლენის მოპოვებას.

როგორც საყვარელიძე აცხადებს, ოპოზიციური პარტიების და ზოგიერთი გამონათქვამები უკვე აღარ არის სანდო ფართო საზოგადოებისათვის.

„მარტო თქმა ხომ არ არის მთავარი - შენს ნათქვამს ადამიანი უნდა ენდობოდეს. ძალიან ბევრმა აუწყო ხმა იმას, რომ ხდება პოლიტიკური ზეწოლა, მაგრამ მეორე მხრივ, მოქალაქეები მხოლოდ მათი ინტერვიუდან არ იღებენ ინფორმაციას.

სატელევიზიო არხები იმას ამბობენ, რაც თვითონ უნდათ და ეს ხომ ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ტელევიზიებზე გავლენა არ აქვს.  

რაც შეეხება წარსულს, წინა ხელისუფლებამ მედიის ნაწილი დააშინა, ნაწილი გადაიფორმა, დარჩა მცირე ნაწილი, რომელსაც ვერაფრი ვერ მოუხერხა, ოღონდ მათი მცირე რაოდენობა საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ნაკლებად ახდენდა; იმიტომ დატოვა ისინი, რომ ეთქვა - აი, ჩვენ დემოკრატები ვართო - ეს იყო მათი პოლიტიკა.

გავიხსენოთ, როდის გადადგა სააკაშვილი თავისი ნებით? - როდესაც შევარდნენ „იმედში“. მაშინ აღირა, რომ დაარღვია მედიის თავისუფლება. ღიმილისმომღვრელია ამ პარტიის წარმომადგენლების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ იზღუდება მედიის თავისუფლება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ როდესაც თვალწინ გვაქვს ტელევიზიებში სპეცრაზმით შეჭრის ფაქტები, დახურული და დარბეული ტელევიზიები, ძალიან ცინიკურად გამოიყურება ნაციონალების განცხადება, რომ თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლა ხდება.

„ის პოლიტიკური ძალა და ადამიანები, რომლებიც ამ მახინჯ სისტემას, ანუ მედიის კონტროლის მეთოდს ნერგავდნენ, დღეს გველაპარაკებიან სიტყვის თავისუფლებაზე, როგორც ფასეულობაზე - ეს ძალიან ცინიკური და მძიმედ მოსასმენია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გვახსოვს ნაცემი და დაწიოკებული ჟურნალისტები.

ჩვენ კარგად ვიცით, რას აკეთებდნენ ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში. ძნელად წარმომიდგენია, რომ დღეს ჩვენს ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ამ იდიოტიზმში შეიძლება მონაწილეობდნენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

რეჟისორი, გოგა ხაინდარავა აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ სიტყვაზე საუბარი, მკრეხელობაა.

„საქართველოში ამნეზია არავის არ აქვს და არ მგონია, ვინმდეს სჭირდებოდეს იმის გახსენება, როგორ არბევდნენ ტელევიზიებს. ნიკა გვარამია არის ცილისმწამებელი, რომლის ადგილი სხვაგან არის და არა იქ, სადაც არის.

„რუსთავი 2“-ს წლების განმავლოვაში საროსკიპოდ ვთვლიდი. საროსკიპო არის ის ადგილი, სადაც ადამიანების ვნებებს გარკვეული ანაზღაურების საფასურად აკმაყოფილიებენ. დიახ, „რუსთავი 2“-ში გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ხდება სააკაშვილის ვნებების დაკმაყოფილება. ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ საროსკიპოს იცავს, იცავს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მეძავებს.

ამას ჟურნალისტიკას ვერ დავარქმევ, ეს ხალხი სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ვნებებს აკმაყოფილებენ გარკვეული საფასურად. მკრეხელობაა მათი მხრიდან თავისუფალ სიტყვაზე საუბარი. ძალიან მარტივია, რომ ეს ტელევიზია ეკუთვნის სააკაშვილს და ისე მოიხმარს, როგორც უნდა. სააკაშვილის მოხმარებული დაწესებულება წამლავს მთელ ქართულ საზოგადოებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გოგა ხაინდრავა.