რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დღემდე იმის გამო ვერ წევრიანდება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი “მიქარული” საქმე დაუგროვდა. პირველ რიგში ეს საქართველოს შეეხება, რომლის 20% რუსეთს ოკუპირებული აქვს, ემბარგო გამოცხადებული და ა.შ. სხვათაშორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია კატეგორიულად კრძალავს, რომ მის წევრ ქვეყანას მეორესთვის სავაჭრო–ეკონომიკური ემბარგო ჰქონდეს გამოცხადებული.
ამ რეალობის მიუხედავად, რუსები აგრძელებენ ხვეწნა–მუდარას, რომ ამერიკელებმა მსო–ში გაწევრიანებაში ხელი შეუწყონ. ამ გზაზე ერთადერთ დაბრკოლებად კი დღემდე საქართველო რჩება, რომელსაც ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლება აქვს. თბილისს დიდი ხანია კონკრეტული პირობები აქვს წაყენებული – ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საბაჟო–გამშვები პუნქტების ლეგალიზება, ერთობლივი გაკონტროლება და ემბარგოს მოხსნა. რა კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე მივა დიალოგის მონაწილე ეს სამეული, ეს ახლო მომავალში გამოჩნდება.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, არკადი დვორკოვიჩის განცხადებით, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში 2011 წლის გაზაფხულზე გაწევრიანდება, თუ მიმდინარე წლის სექტემბრამდე ვაშინგტონთან შესაბამის შეთანხმებას მიაღწევს.
“მიმდინარე წლის დასასრულამდე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ტექნიკურად შეუძლებელია. ორგანიზაციაში გაწევრიანებას ალბათ, მომავალი წლის გაზაფხულზე შევძლებთ. სპეციალისტები ამბობენ, რომ გაზაფხულზე ეს ტექნიკურად შესაძლებელი იქნება”, – აცხადებს დვორკოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ბარაქ ობამასა და დიმიტრი მედვედევის შეხვედრაზე აშშ-მა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში მხარდაჭერა გამოუცხადა და ამ პროცესში დახმარებას დაჰპირდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას რუსეთი 1993 წლიდან ცდილობს.
ამ ფონზე ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე აუცილებლად უნდა ივაჭროს და მოსკოვს მასში გაერთიანებაზე გარკვეული ფასი გადაახდევინოს. ხუხაშვილი ამ შემთხვევაში „ყველაზე ადექვატურ“ და „რეალისტურ ფასად“ ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნას ასახელებს.
როგორც ხუხაშვილმა „პირWელთან“ საუბრისას აღნიშნა, მსო-ში რუსეთის გაწევრიანება დღეს მთელს მსოფლიოს აწყობს და საერთაშორისო, ცივილიზებულ სავაჭრო წესებსა და ფარგლებში რუსეთის მოქცევა არც საქართველოსთვის უნდა იყოს მიუღებელი. თუმცა ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ ამ თემაზე ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა ივაჭროს და საკუთარი პირობები დააყენოს.
“ამ შემთხვევაში დაუშვებლად მიმაჩნია, როგორც ერთის მხრივ, კაპიტულანტური პოზიციის დაკავება, ასევე მაქსიმალისტური მოთხოვნების წაყენება და ზეამოცანების დასახვა. მსო-ში რუსეთის გაწევრიანების სანაცვლოდ ისეთი პოლიტიკური მოთხოვნის დაყენება, როგორიც ქვეყნის დე-ოკუპაციაა, სისულელეა და ეს საბოლოოდ იმ შედეგამდე მიგვიყვანს, რომ თანხმობისთვის ხელსაც აგვაწევინებენ და სანაცვლოდ ვერც ვერაფრს მივიღებთ. ჩვენი მხრიდან მსო-ში რუსეთის გაერთიანების ადექვატური ფასი ქართული პროდუქციისთვის დაწესებული ხელოვნური ბარიერების მოხსნა და რუსულ ბაზარზე მათი დაშვება იქნება, – აცხადებს ხუხაშვილი.
პარლამენტის წევრის, გურამ ჩახვაძის განცხადებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგში დასმისას, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.
როგორც ჩახვაძე აცხადებს, მსო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ქართულმა მხარემ აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარების გაყვანის და მათი აღიარებების გაუქმების პირობა უნდა წამოაყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ეს ხელისუფლების მიერ ქვეყნის ეროვნულ-სახელწიფოებრივი ინტერესების ღალატი იქნება“.
“მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე დაფუძნებული გაერთიანებაა. ამ თვალსაზრისით რუსეთს მისი წევრი ქვეყნის წინაშე საკმაოდ სერიოზული პრობლემები გააჩნია - როგორც პოლიტიკური, ასევე მისგან გამომდინარე ეკონომიკური მიმართულებით. ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და მათი აღიარებების გაუქმების გარეშე, დაუშვებელია ქართულმა მხარემ მსო-ში რუსეთის გაერთიანებას თანხმობით უპასუხოს, – განუცხადა „პირWელს“ ჩახვაძემ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე კი მიიჩნევს, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოსთვის უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ამ პროცესისთვის ხელისშეშლა და „სიჯიუტის გამოჩენა“.
მსო-ში რუსეთის გაერთიანების პერსპექტივებსა და საკითხისადმი აშშ-ის მიერ გამოცხადებულ მხარდაჭერაზე საუბრისას, გიორხელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის შემადგენლობაში ყოფნა მოსკოვს კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას აიძულებს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც.
”რუსეთი რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ყოფილიყო, საქართველოს ეკონომიკურ ემბარგოს ვერ გამოუცხადებდა, რადგან მას ამის შესაძლებლობას თავად ორგანიზაციის ნორმები არ მისცემდა. მსო-ში ყოფნის შემთხვევაში კი, მოსკოვს მოუწევს გადახედოს ურთიერთობებს საქართველოსთან მიმართებაში, პირველ რიგში ეკონომიკური მიმართულებით, აცხადებს „პირWელთან“ გიორხელიძე.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებასა და პარტნიორ ქვეყნებს შორის კონსულტაციების საგანი აუცილებლად უნდა გახდეს ის, თუ კონკრეტულად რისი მიღწევა იქნება შესაძლებელი მსო-ში რუსეთის გაერთიანებით და კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგმება ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის – როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მიმართულებით.