რუსები და ოსები, არც მეტი არც ნაკლები, „სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციზე მუშაობენ“. საქმეს ერთადერთი ის ართულებს, რომ ოსებს ხელთ არანაირი დოკუმენტები არ აქვთ, რადგან მათი უმეტესობა თბილისშია. ულვაშ და ნამუსდაკარგული ჩოჩიევი აცხადებს, რომ მათ ამის შესახებ თბილისსაც შეატყობინეს, მაგრამ მისივე თქმით „თბილისი ცხინვალის ამ წინადადებაზე არ რეაგირებს“. ექსპერტები კრემლის მხრიდან საერთაშორისო ფუნდამენტური ნორმების ფეხქვეშ გათელვაზე მიუთითებენ.
ასეთი შეფასებების მიუხედავად, ძალა აღმართს ხნავს და ამ გზაზე გაჩერებას არც აპირებს. ცხინვალში „სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ“ რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კომისიების მეორე შეხვედრა გაიმართება.
– ჩვენ უკვე ჩავატარეთ მოსამზადებელი სამუშაოები მოსკოვსა და ვლადიკავკაზში. რა თქმა უნდა, იქმნება გარკვეული სირთულეები, უპირველესად - იმ გარემოების გამო, რომ ჩვენ ხელთ პრაქტიკულად არანაირი დოკუმენტი არ მოგვეპოვება და მათი უმრავლესობა თბილისშია, საიდანაც გასაგები მიზეზების გამო ვერაფრის მიღებას შევძლებთ. აქედან გამომდინარე, ყველაფრის მარცვალ-მარცვალ შეკრება გვიწევს, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილემ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მერაბ ჩიგოევმა.
მისივე თქმით, „იმის გათვალისწინებით, რომ ქართული მხარე ამ საკითხების განხილვას ერთობლივად არასოდეს დასთანხმდება ოსურ მხარეს უწევს ცალმხრივად იმუშაოს ამ მიმართულებით“.
ჩიგოევი ამბობს, რომ დელეგაცია მუშაობას 28 ივნისს შეუდგება და 1 ივლისამდე გააგრძელებს. იგეგმება ასევე „სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის“ რუსულ-ოსური ერთობლივი კომისიის შექმნა.
შეგახსენებთ, რომ „სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის“ საკითხებზე მომუშავე რუსული და ე.წ. სამხრეთ ოსური კომისიები 2009 წელს შეიქმნა. მათი პირველი შეხვედრა 2010 წლის თებერვალში მოსკოვში გაიმართა.
საქართველოს „ექსპერტთა კლუბი“, შესაბამის საკანონმდებლო და საერთაშორისო ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კრემლი, თავისი ყველა ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით სეპარატისტული აფხაზეთისა და ე.წ. ცხინვალის რეგიონის მიმართ, აშკარად გამოდის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური, საყოველთაოდ აღიარებული ნორმების წინააღმდეგ. კერძოდ, 2008 წლის აგვისტოში მითითებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებით უხეშად იქნა დარღვეული გაეროს წესდების მოთხოვნები, 1970 წლის დეკლარაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ, ეუთო–ის (ევროპის უშიშროების თანამშრომლობის თათბირის) 1975 წლის ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტების მოთხოვნები.
საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ გაეროს 1970 წლის დეკლარაცია მკაფიოდ განსაზღვრავს იმ ელემენტებს, რომლებსაც მოიცავს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის ცნება. ეს ელემენტებია: სახელმწიფოების იურიდიული თანასწორობა; ყოველი სახელმწიფოსთვის სრული სუვერენიტეტისთვის დამახასიათებელი უფლებების მინიჭება; სახელმწიფოების ვალდებულება პატივი სცენ სხვა სახელმწიფოთა სამართალსუბიექტურობას; სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობა; ყოველი სახელმწიფოს უფლება თავისუფლად აირჩიოს და განავითაროს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული სისტემები; ყოველი სახელმწიფოს ვალდებულება სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და იცხოვროს მშვიდობიანად სხვა სახელმწიფოებთან ერთად.
სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას განამტკიცებს აგრეთვე ჰელსინკის დასკვნითი აქტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, თავისუფლებასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ერთმანეთის უფლებას, თავისუფლად აირჩიონ და განავითარონ თავიანთი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სისტემები; მათი საზღვრები შეიძლება შეიცვალოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მშვიდობიანი გზით და მოლაპარაკებების საფუძველზე.
ორივე დოკუმენტი კრძალავს საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებას და ძალით დამუქრებას ნებისმიერი სახელმწიფოს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
ჰელსინკის აქტი განამტკიცებს როგორც მონაწილე სახელმწიფოების, ისე ევროპის ყველა სახელმწიფოს საზღვრების ურღვეობის პრინციპს და ავალდებულებს მათ, თავი შეიკავონ ნებისმიერი მოთხოვნის ან ქმედებისაგან, რომელიც მიმართულია ნებისმიერი მონაწილე–სახელმწიფოს მთლიანი ტერიტორიის ან მისი ნაწილის უზურპაციის ან მიტაცებისაკენ.
ძალზე მნიშვნელოვანია ჰელსინკის აქტის მე–4 პრინციპიც, რომელიც ხაზს უსვამს სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობას და ავალდებულებს სახელმწიფოებს თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც მიმართულია ნებისმიერი მონაწილე–სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის ან ერთიანობის წინააღმდეგ. სახელმწიფოებს ეკრძალებათ ერთმანეთის ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციის ობიექტად გადაქცევა.
– ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კრემლის პოზიცია იმის შესახებ, რომ სეპარატისტული რეგიონის – „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება მოხდა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებსაა მოკლებული და შესაბამისად მის მიერ დადებული ყველა ხელშეკრულება ცხინვალის რეჟიმის მესვეურებთან უკანონოდ უნდა იქნეს მიჩნეული, რამეთუ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე, მოლაპარაკება სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის შესახებ უნდა იმართებოდეს ორ სრულუფლებიან სუბიექტს შორის მიღწეული მოლაპარაკების საფუძველზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, ცხინვალის არაღიარებული რეჟიმის წარმომადგენელთა მოლაპარაკების მხარედ წარმოჩენის მცდელობა მეტი არაფერი არ არის თუ არა საქართველო–რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვეყნის შიგნით გადმოწევისა და 2008 აგვისტოს ოკუპაციის შედეგების „,დაკანონების“ კიდევ ერთი უსინდისო მცდელობა. ამდენად, რუსული მხარის მიერ საქართველოს წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე საქართველო–რუსეთის სახელმწიფო საზღვრის კონკრეტულ მონაკვეთზე დემარკაციის საკითხის რაიმე სახით განხილვა ცხინვალის წარმომადგენლებთან ერთად უკანონოდ და დაუშვებლად მიგვაჩნია, გამომდინარე იქედანაც, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა ერთსულოვნად ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ურღვეობას საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში.
იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. „რუსეთ -სამხრეთ ოსეთის ერთობლივი კომისია“ ქართული მხარის არსებული მოსაზრებების იგნორირებით მაინც გააგრძელებს მუშაობას საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთს, რომლითაც სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, ცნობენ სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთად რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის, აღნიშნული გადაწყვეტილება სტიმულს მისცემს ცხინვალელ სეპარატისტებს შემდგომი უსაფუძვლო და არაკანონიერი ქმედებებისათვის.
კერძოდ, ყოფილი ოლქის ამჟამინდელ ადმინისტრაციულ საზღვარს საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ცალმხრივად, საკუთარი გადაწყვეტილებით, ფუნქცია შეუცვალოს და სახელმწიფო სტატუსი მიანიჭოს... ამის ვარაუდის საფუძველს იძლევა თვით ბორის ჩოჩიევის განცხადება იმის თაობაზე,რომ მათ თავისი გადაწყვეტილება საზღვრის დელიმიტაციაზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს შეატყობინეს, მაგრამ თბილისი ცხინვალის ამ წინადადებაზე არ რეაგირებს.
„ჩვენ, საქართველოს რეაქციის მიუხედავად, ახლო მომავალში შევუდგებით დელიმიტაციას ხოლო შემდეგ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციას“ – უტიფრად იმეორებს ჩოჩიევი. ადვილი მისახვედრია თუ როგორ შეცვლის ცხინვალის რეჟიმი თავისი შეხედულებებისამებრ ადრე დაფიქსირებულ სარაიონთაშორისო ადმინისტრაციულ საზღვრებს, დასახლებული პუნქტების ტოპონიმიკას და სხვა.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ როგორც რუსული მხარის, ასევე ცხინვალის რეჟიმის მესვეურთა ნებისმიერი გადაწყვეტილება მოხსენიებულ საკითხებზე, მითითებული ნორმატიული ბაზისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლების მოთხოვნების იგნორირების გამო, სათანადო საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტების მიერ არაკანონიერად ჩაითვლება, – აცხადებენ „ექსპერტთა კლუბში“.
ასევე შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 26 მარტს, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა ხელშეკრულება „რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ძალისხმევის შესახებ“, რომელსაც გასული წლის 30 აპრილს ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა და სეპარატისტთა ლიდერმა კოკოითმა. ხელშეკრულება დაიდო 5 წლის ვადით და ძალაში შევიდა იმავე დღეს. აღნიშნულის პარალელურად, ხელმოწერილ იქნა უწყებათშორისი ხელშეკრულება რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურსა და „სორ“-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
შეთანხმების თანახმად, საზღვრის დაცვა განხორციელდება ერთობლივი დაფინანსებით და მსახურობით სომხეთის ანალოგის საფუძველზე (1992 წელს სომხეთთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთმა აიღო ვალდებულება განახორციელოს სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვა თურქეთთან (345 კმ) და ირანთან (45 კმ). სამსახურის ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა ხდება ერთობლივად (67,3 % რუსეთი, 32,7 % სომხეთი), უწყებაში მსახურობენ სომხეთის მოქალაქეებიც).
„რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ძალისხმევის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, შეიქმნა „რუსეთის უფს-ს სასაზღვრო სამსახურის სამმართველო სამხრეთ ოსეთში“, რომელიც განთავსდა ქ. ცხინვალში, რუსული სამშვიდობო ძალების ყოფილ ბაზაზე, ხოლო დანაყოფები საზღვრის მთელ პერიმეტრზე. სასაზღვრო სამსახური უშუალოდ ექვემდებარება რუსეთის ფედერალურ სასაზღვრო სამსახურს. იგი დაკომპლექტებულია რუსი მესაზღვრეებით და მთლიანად ფინანსდება რუსეთის ბიუჯეტიდან.
არსებული მონაცემებით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დაცვას ახორციელებენ ცხინვალის, ზნაურის, ჯავის, დმენისისა და ახალგორის სასაზღვრო კომენდატურები, რომელთა დაქვემდებარებაშია 20 სასაზღვრო საგუშაგო. საზღვრის მოწყობა და სხვა კაპიტალური შენობების დასრულება ნავარაუდევია 2012 წლამდე.