30 მაისის არჩევნების შემდეგ წაგებული საზოგადოება უკანასკნელ იმედს ჩაებღაუჭა, რომ ოპოზიციური ძალებში გადალაგების და ახალი კონფიგურაციის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყებოდა. შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ მანამდე ოპოზიციას გრძელი გზა აქვს გასავლელი.
მანამდე... თურმე, რამდენს იტევდნენ გულში და რამდენი რამ ჰქონიათ ერთმანეთისთვის დასაყვედრებელი! ახლა, დაკარგულ დროს ინაზღაურებენ და ერთმანეთის კრიტიკაზე და იარლიყების მიწებებაზე გადავიდნენ. თითქმის დაავიწყდათ, რომ საერთო მოწინააღმდეგე ჰყავთ. არადა, ეს ის მოწინააღმდეგეა, რომელმაც ოპოზიცურ სპექტრის დიდი ნაწილი ზუსტად ისეთად ჩამოაყალიბა, როგორებიც დღეს არიან – დაქსაქსულები, გაყიდულები, დაშინებულები, ერთმანეთზე დაბოღმილები და წაკიდებულები.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ თავში არ მოსდით, გაანალიზოს მომხდარი – რამ მოუტანათ არჩევნებში მორიგი მარცხი. კიდევ უფრო ცუდია, რომ მათმა დაპირისპირებამ საზოგადოების ნაწილიც ჩაითრია. თუ აქამდე ხელისუფლების მომხრეები და მოწინააღმდეგეები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ახლა უამრავი დაჯგუფება გაჩნდა, რომლებიც ამა თუ იმ ოპოზიციური ლიდერის ირგვლივაა გაერთიანებული.
საკმარისია, სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ შეიხედოთ, თვალში მოგხვდებათ სულ უფრო და უფრო როგორ ღრმავდება საზოგადოებაში გაჩენილი ნაპრალი და ეს მთლიანად, ოპოზიციის დამსახურებაა. ოპოზიცია თუ დროზე არ მოეგო გონს, მომავალ აჩევნებზე ხელისუფლებას, გაყალბებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაციაც კი არ დასჭირდება, რადგან საარჩევნო ყუთებთან მისასვლელად მათი მხარდამჭერების გარდა, სხვა არავინ შეიწუხებს თავს.
რთული სათქმელია, აცნობიერებს თუ არა ამ ყველაფერს ოპოზიცია თუმცა, ამ გადასახედიდან ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ერთგვარი ლოგიკური ჯაჭვის ბოლოც შეიძლება იყოს იმისა, რაც ჯერ კიდევ 30 მაისის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო – ბრძოლა ოპოზიციაში პირველობისთვის. ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება, თუმცა სხვა ფორმა მიიღო.
ყოველ შემთხვევაში, ექსპეტებს უკვე ჩამოუყალიბდათ საკუთარი აზრი – რატომ დაუპირისპირდა ოპოზიცია ერთმანეთს და აშკარად თუ ფარულად ძირს რატომ უთხრიან ერთმანეთს.
ექსპერტის, სოსო ცისკარიშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ დუმილი დიდხანს გაუგრძელდა და ახლა ძირითადი მოტივი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საკუთარი თავის დაყვედრებაა: „აი, მე ხომ ვამბობდი“:
„როგორც ჩანს, ოპოზიციას, ამ ეტაპზე, პოლიტიკური სიმდიდრე შემოეცალა, თითქოს, საბრძოლი არავინ დარჩა და ახლა იხსენებენ ვინ ვისზე რა თქვა. რატომღაც ჩათვალეს, რომ ახლა არის ხურდის დაბრუნების საუკეთესო პერიოდი, რადგან გაჩნდა რეალური შიში – სხვამ ჩემზე კარგად, უჩემოდ არ იმღეროს და რაიმე წარმატება წინმსწრებად არ მოიპოვოსო“.
შიშიც არის და ისიც მართალია, რომ ოპოზიცია რაღაცას მართლაც ამბობდა. ზოგჯერ, ის, რასაც ამბობდნენ, მყარი და არგუმენტირებულიც იყო, მაგალითად, რომ კიდევ ერთი გადატრიალება და რევოლუცია დაღუპავდა ქვეყანას, რომ ოპოზიციას მაქსიმალური მობილიზაცია უნდა გამოეცხადებინა ამ არჩევნებზე, რადგან მათი მთავარი ძალა ხალხია, და, რომ ამ ხალხში ნიჰილიზმის დასაძლევად პირადი ამბიციების უკან გადაწევა იყო საჭირო, მაგრამ ამას მხოლოდ ამბობდნენ და არ აკეთებდნენ. რატომ? აი, ეს ის თემაა, რომელზეც თავად არ საუბრობენ, თუმცა საუბრობენ სხვები და საუბრობენ ზუსტად ისე, როგორც გარედან ხედავენ მოვლენებს.
ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტიკური ექსპერტი: „ოპოზიციის 90% ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიეყიდა ხელისუფლებას და ახლაც მის თამაშს თამაშობს. როცა იყიდები, აქ მარტო ფულზე არ არის საუბარი და რასაკვირველია, პოლიტიკური დივიდენდებიც იგულისხმება. მაგრამ, იმდენი ძალა მიეყიდა ხელისუფლებას, მათი ფასი მაქსიმალურად დავარდა. ეს იგივეა, როცა ჭარბი ფულის დაგროვება ხდება და დევალვაცია იწყება, ასე მოხდა ქართულ პოლიტიკაშიც.
რადგან ოპოზიცია გაუფასურდა, ის დაპირებები, რაც მათ მიმართ იქნებოდა გაცემული, ბუნებრივია, უკვე აღარ შესრულდება და შესაბამისად, ისინიც ვერაფერს მიიღებენ. ეს იწვევს მათ გაბოროტებასაც და ამის გამო გადავიდნენ ერთმანეთის ლანძღვაზე. ერთი, ან ორი სუბიექტი რომ გაყიდულიყო, ისინი გაცილებით მეტ დივიდენდებს მიიღებდნენ, მაგრამ ახლა, ხელისუფლებას არც იმდენი რესურსი აქვს, რომ ყველა მათგანი დააკმაყოფილოს ფინანსურად ან, თუნდაც პოლიტიკური თანამდებობით და, რაც მთავარია, სურვილიც კი არ აქვს. „ოდეს ტურფა გაიაფდეს აღარა ღირს არცა ჩირად“ – სწორედ ასე დაემართა ამ ოპოზიციას“.
სისტემური ოპოზიცია
ოპოზიციის შიგნით გაჩენილმა ბზარმა ქართულ რეალობაში ახალი ტერმინი დაამკვიდრა – სისტემური და არასისტემური ოპოზიცია. სისტემურ ოპოზიციად ის ძალები სახელდებიან, რომლებმაც ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში გარკვეული თანამდებობები მიიღეს. აქამდე ასეთ ძალად, ედპ, გია თორთლაძის, გიორგი თარგამაძის და ჯონდი ბაღათურიას პატიები მიიჩნეოდნენ. ლევან გაჩეჩილაძემ კი მათ რიგებს უკვე ირაკლი ალასანიას პარტიაც გაუყენა.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე განვითარებული მოვლენების ფონზე, ზემოთჩამოთვლილ პარტიებისგან დიდი მოლოდინი არავის ჰქონია, რომ ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდოდნენ, მაგრამ იგივე ლევან გაჩეჩილაძე ჯერჯერობით, გამყიდველის იარლიყის მიწებებას ვერ უბედავს ალასანიას, თუნდაც იმის გამო, რომ ალასანიას მხრებზე, ჯერ, მხოლოდ ერთი წაგებული არჩევნებია.
„მე არ ვამბობ, რომ ალასანიას გზა ცუდია, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ამ გზით შესაძლებელია ხელისუფლების დემონტაჟი, რადგან ხელისუფლება მხოლოდ იქამდე გაგხდის სისტემის ნაწილად, სანამ მას სჭირდება,“ – ლევან გაჩეჩილაძის ამ განცხადებაში არის ლოგიკა და ოპოზიციის სისუსტიდან გამომდინარე, რთულია გაჩეჩილაძეს ხელისუფლების ძლევამოსილებაზე შეეკამათო.
ძნელია გაჩეჩილაძეს იმაშიც შეეკამათო, რომ ამ არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებამ „დაკარგული“ თბილისი უკან დაიბრუნა. ამას ერთი მარტივი მაგალითიც კი ადასტურებს – მამუკა ქაცარავა არჩევნებამდე გაფიქრებასაც ვერ გაბედავდა მერიის შენობასთან, ღია ცის ქვეშ, ქუჩაში დარჩენილი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ეთქვა: „პროტესტის ასეთი ფორმა ჩვენთვის მიუღებელია და თუ ეს ადამიანები ასე გააგრძელებენ, იმას მიიღებენ, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოვიღებთ“. რაოდენ ბრიყვი უნდა იყოს ჩინოვნიკი, ეს რომც გაიფიქრო, ხმამაღლა თქვა, მაგრამ ალბათ, ხელისუფლებისთვის თბილისის დათმობაში ამას გულისხმობდა ლევან გაჩეჩილაძეც.
მართალია, გაჩეჩილაძე ალასანიას გამყიდველს საჯაროდ არ უწოდებს, მაგრამ მისი მოკავშირეები პირად საუბრებში ალასანიას და სააკაშვილს ერთმანეთისგან არ ყოფენ. რაც შეეხებათ ალასანიას ყოფილ პარტნიორებს, ისინი ასე შორს ჯერ არ წასულან, რადგან დანარენი პოლიტიკური სპექტრის შემხედვარე, ალბათ თვლიან, რომ ყოფილი „ალიანსელები“ საბოლოოდ ერთმანეთთან სათანამშრომლოდ არიან განწირულნი. თუმცა, ალასანიას მიმართ საყვედურები მათი მხრიდანაც ისმის, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რა დღეც დააწიეს ალასანიას ჭადრაკის სასახლეში მისვლის გამო, შესაძლებელია, ეს საყვედურები მხედველობაშიც არ მივიღოთ.
ასე რომ, ალასანიას რთული გზის გავლა მოუწევს, სანამ დაამტკიცებს, რომ მისი გზა ხელისუფლების შესაცვლელად უცდომელი და უალტერნატივოა. მას ჯერ არც ის დაუმტკიცებია, რომ პრინციპულია და არა მერყევი და, რომ ადვილად არ ექცევა გავლენის ქვეშ. ალასანიას იმის დამტკიცებაც მოუწევს, რომ იგი ხელისუფლებასთან გარიგებული არაა და ხელისუფლებაში ყოფნა ამ ხელისუფლების დემონტაჟისთვის უახლოეს გზად ეჩვენება.
მეორე მხრივ, ძნელი წარმოსადგენია ალასანიას გაეროს ელჩობა თბილისში ზურაბ აბაშიძის და ვიქტორ დოლიძის საკრებულოში შესაყვანად დაეტოვებინა. ალასანია საკმაოდ ამბიციური ჩანს იმისთვის, რომ სააკაშვილის თუნდაც პირველვეზირობას დათანხმდეს. გარდა ამისა, ეს უკვე ჰქონდა გაეროში, როცა მას ხელისუფლებისთვის ნასროლი ტალახიც კი ვერ წვდებოდა. ამდენად, უნდა ვიფიქროთ, რომ ალასანია უფრო დიდი ნახტომისთვის ემზადება, ვიდრე სააკაშვილის წყალობა შეიძლება იყოს და ეს სააკაშვილის გზიდან ჩამოცილების გარეშე წარმოუდგენელია.
ამიტომ, ყველა ის ხმები, რაც ალასანია–სააკაშვილის თანამშრომლობის შესახებ ვრცელდება სოსო ცისკარიშვილს ოპოზიციის ეჭვიანობად მიაჩნია:
„საუბარი სისტემურ ოპოზიციაზე, როგორ ჩანს, ახალი მოდელია. ეს უფრო ალასანიას და მისი პარტიის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანების სურვილია, რასაც რეალობად ასაღებენ. არჩევნებში რომ მონაწილეობს პარტია და შემდეგ იმის შედეგს არ იყენებს, ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს. 2010 წლის გადასახედიდან არც თუ ისე უდაო ჩანს სისწორე იმ ნაბიჯისა, რაც გადადგეს საპარლამენტიო არჩევნებში გამარჯვებულმა და პარლამენტში არშესულმა პარტიებმა. 2008 წელს მეც სრულიად გამართლებულად მიმაჩნდა პროტესტის ის ფორმა, მაგრამ ახლა, იძულებული ვარ შევეკამათო საკუთარ თავს, ყოველ შემთხვევაში, გამოვთქვა სურვილი, რომ ახლა, ასეთი გზაც ვნახოთ“, – ამბობს ექსპერტი.
არასისტემური ოპოზიცია
ეს ის ხალხია, რომელიც ალასანიას საარჩევნო გზას უნდობლობას უცხადებს, თუმცა, იმასაც აცხადებს, რომ არავითარი ძალადობა და რევოლუცია არ შედის მათ გეგმებში. ანუ, რჩება ერთი გზა – აქციების. მაგრამ, ეს გზაც ვნახეთ და შემდეგ ისიც ვნახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თქვა – თქვენ აქ საკნებში ბრძანდეოდეთ და მე ბათუმში წავედიო. თავის მხრივ, ოპოზიციამაც თქვა – ჩვენ რა ვიცოდით მიშას თუ ვერ შევაშინებდითო და, ისიც დაამატეს – სისხლს ხომ არ დავღვრიდითო.
ახლა, საინტერესოა, სასწაული რომ მოხდეს, ქუჩაში 500 ათასი ადამიანი რომ გამოვიდეს და მიშა ისევ, რომ არ შეშინდეს, სისხლს დაღვრიან? ალბათ – არა, და მართლებიც იქნებიან, მაგრამ საიდან აქვთ ამხელ რწმენა, რომ სააკაშვილს 2013 წლამდე დაემშვიდობებიან – გაუგებარია.
და თან ვინ გვპირდება ამას? – ზურაბ ნოღაიდელი, კაცი, რომლის მიერ ხელ–ფეხდამტვრეული სააკაშვილი და მერაბიშვილი, წესით, ახლა რეაბილიტაციის კურსს მაინც უნდა გადიოდეს. საერთოდ, რა უნდოდა ნოღადელს „კონსერვატორებმა“ და „ხალხის პარტიამ“ ვერ გაიგო, თორემ ქართველი ანალიტიკოსები დიდი ხანია საუბრობენ, რომ ეს უკანასკნელი პოლიტიკაში საკუთარი ბიზნესების გადასარჩენად შემოვიდა და მისი მთავარი დავალება ოპოზიციური სპექტრის დაძირვა იყო.
კაცმა რომ თქვას, ამ ოპოზიციას ნოღაიდელის დასაძირი არაფერი სჭირდა, რადგან ისედაც დაძირული იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ეროვნულმა საბჭომ“ ნოღაიდელი საკუთარი რიგებიდან გარიცხა, ამ უკანასკნელმა ახალ ოპოზიციურ ერთობაზე დაიწყო საუბარი. ჯერ ერთი, ნოღაიდელი არავის გამაერტიანებელი არ შეიძლება იყოს, რადგან მისი ყოფილი პარტნიორები პირად საუბრებში იმასაც ადასტურებენ, რომ ნოღაიდელმა პოლიტიკაში შემოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხელისუფლებამ მეორედ ჩამოუარა ეგზეკუციაზე.
„ერთხელ დიდი თანხა წაართვეს, მაგრამ მეორედაც რომ მიაკითხეს, სხვა გზა არ დარჩა და პოლიტიკაში წავიდა. ახლა, გარკვეულ გარიგებას მიაღწიეს, მაგრამ ამათი ნდობა მაინც არ შეიძლება და ამიტომ, იტივტივებს პოლიტიკურ ზედაპირზე. სხვა მხრივ, მას პოლიტიკაში არავითარი ინტერესი არ აქვს“, – ეს სიტყვები სწორედ, ნოღაიდელის ყოფილ ერთ–ერთ პარტნიორს ეკუთვნის.
როგორც ჩანს, ზედაპირზე ტივტივი რუსეთში ზედაპირულ ვოიაჟებსაც გულისხმობს და იქედან დაბრუნებული ნოღაიდელისგან ზედაპირულ განცხადებებსაც მრავლად მოვისმენთ.
მეორე წამებული ირაკლი ოქრუაშვილია – ის, რომელიც საფრანგეთიდან გვმოძღვრავს და ის, რომელსაც, როგორც ამბობენ, არც ისე ცუდი ურთიერთობა აქვს მიხეილ სააკაშვილთან, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ოქრუაშვილი გვპირდება, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება და ეს იქნება ბოლო ბრძოლა სააკაშვილის ხელისუფლებიდან გასაშვებად – ან გაიმარჯვებენ, ან ისტორია პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩენთ ადგილს. ძალიან კარგი, მაგრამ როდის უნდა ვირწმუნოთ ოქრუაშვილის, როცა გულმოცემული პარიზიდან გვაიმედებს, თუ როცა იზოლატორებიდან აღიარებით ჩვენებებს იძლევა?
ლევან გაჩეჩილაძე… როცა მის გამოსვლას უყურებ, ამ ადამიანის გამყიდველობა როგორ უნდა დაიჯერო, მაგრამ რა არის მისი პოლიტიკოსობა – ის, რომ გეგმა არ აქვს თუ, ის რომ, როცა შეცდომებზე მიუთითებ, ბრაზობს? რაც შეიძლება მისი დაიჯერო, ისაა, რომ საშინლად გაბრაზებულია, მაგრამ გაბრაზებულია ყველაზე, გარდა საკუთარი თავისა. ბუნებრივია, დიდხანს გაყვება ჯავრი იმ მოგებული არჩევნებისა, რომელიც ცხვირწინ ააცალეს, მაგრამ სიბრაზით და ემოციით გაკეთებულმა პოლიტიკამ მიგვიყვანა აქამდე და ახლა ნუ გაბრაზდება, თუ საზოგადოება მის ემოციას უკან არ გაყვება.
კიდევ ერთი ოპოზიციური დიდი გამოსვლა რამდენიმე კვირის წინ ვიხილეთ, როცა „ალიანსიდან“ გამოქცეული სოზარ სუბარი „ქართულ იდეას“ ჩაებღაუჭა. თუმცა, რა არის ეს ქართული იდეა დღემდე ვერავინ ახსნა, რატომ საუბრობს მასზე ირაკლი ოქრუაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი? სად დაიკარგა ამ იდეის ინიციატორი სოზარ სუბარი? ყველა იმ შეხვედრას, რაც საქართველოში თუ მიუნჰენში შედგა, მხოლოდ ერთი კითხვა ახლავს და ეს კითხვა სოსო ცისკარიშვილს ეკუთვნის:
„პრაქტიკულად, შეხვედრის ყველა მონაწილე ცდილობს არ ილაპარაკოს საგნობრივად მიუნხენის შეხვედრაზე. ის, რაც მედიასშუალებებით გავიგეთ, არ იძლევა საშუალებას და სურვილსაც კი, რაღაც სერიოზული გაკეთდეს. ჩემს ინტერესს ერთადერთ შეკითხვაში ამოვწურავდი – ეროსი კიწმარიშვილი სოზარ სუბარმა გაგზავნა მივლინებაში თავისი „ქართული იდეით“ თუ რაიმე სხვა მიზეზია სოზარ სუბარის გაუჩინარების?
ჩემთვის ცხადია, ვინ რაზე უნდა ყოფილიყო აქცენტირებული საკუთარ გამოსვლებში ამ კვარტეტის საუბრისას და უპირველეს ყოვლისა, რაშიც უნდა დარწმუნდეს საზოგადოება, ის გახლავთ, რომ იქ მყოფი ადამიანები არიან სრულიად დამოუკიდებლები, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. სოზარი მისთვის შეუფერებელ ადგილას არასოდეს აღმოჩნდება, მას აქვს იმის საკმარისი პოტენციალი, გააკეთილშობილოს ნებისმიერი გარემო, სადაც ის აღმოჩნდება, ოღონდ, როდესაც გაუგებრობაში მოხვდება, უფრო ადრეა ამაზე ხმა ამოსაღები“.
და კიდევ ერთი ძალა –„ეროვნული ფორუმი“, რომელიც დაარსების დღიდან ხელისუფლებას ემუქრება, ხოლო მოსახლეობას – პირდება. ჯერ არაფერი გაუკეთებიათ და მათი ნაბიჯებიდან 25 მაისს, ლამის ჩაშლილ 26 მაისს და 30 მაისის არჩევნების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს თუ გავიხსენებთ. სულ ახლახანს, ყრილობაც ჩაატარეს და საკმაოდ შთამბეჭდავიც იყო, მაგრამ იმაზე მეტად არა, ვიდრე იპოდრომზე შეკრებილი ხალხის თავყრილობა, რომელიც „ფორუმელებივით“ მშვიდად გაბრუნდა სახლში. ასე რომ, ფორუმს ჯერ კიდევ სათქმელი აქვს, რა უნდა, რადგან მათ მიმართაც ბევრი კითხვა დაგროვდა.
კითხვა – რატომ გაიხსენა „მაესტრომ“ უცებ ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი ლექსად თქმული ლოცვა? შესაძლოა, ეს უბრალოდ ინტერესი იყო, მაგრამ რატომ მიება ამას პოლიტიკაში მისი შესაძლო შემოსვლა? ეს კითხვებიც „ფორუმს“ ეკუთვნის და ისიც, „ფორუმის“ წინააღმდეგაც ხომ არ დაიწყო ფარული ომი, ისევე, როგორც ეს „ალიანსის“ შემთხვევაში ხდებოდა ჯერ კიდევ არჩევნებამდე. საინტერესოა, რას ნიშნავდა „ფორუმის“ განცხადება – „ჩვენ მარტოც შევძლებთ ამ ხელისუფლების დამარცხებას“, როგორ? იმ ფინანსური დახმარებით, რომელსაც პარტიას თურმე მეგობრები სწირავენ? ასე რომ, „ფორუმსაც“ თავისი სიტყვა აქვს სათქმელი.
„ლეიბორისტები“… მათ მიმართ უკვე კითხვებიც კი არავის აქვს. მათ არც ხელისუფლება მოსწონთ არასდროს და არც ოპოზიცია. თავიანთი ნიშა იპოვეს და სტაბილურად გრძნობენ თავს. რატომღაც დარწმუნებული ვარ, გამარჯვება რომ აჩუქო, ხელისუფლებაში მაინც არ მოვლენ. რას გაიგებ, ზოგჯერ, პასუხისმგებლობის აღებას, ალბათ, მოვლენების გარეთ დგომა სჯობს, რომ სხვისი კრიტიკა ყოველთვის შეგეძლოს და თან, არც მატერიალურად გრძნობდე თავს დაჩაგრულად.
სად არის ნინო ბურჯანაძე და ვისთან, ეს ჯერ მრავალუცნობიანი განტოლებაა. ერთადერთია, ვისაც ხელისუფლებასთან გარიგებაში ვერ ადანაშაულებენ. თუმცა, ჯერ, არც მისი ნაბიჯებია მკაფიო. გარდა იმისა, რომ ალასანიას მეტოქედ აღიქვამს, თითქოს სხვა არავინ ადარდებს, მაგრამ ეს ჯერ დასაწყისია და ალბათ, მისი პოტენციური მტრებიც და მეგობრებიც მალე გამოიკვეთებიან.
მოკლედ, ახლა ის დროა, რომ პროგნოზებისგან ყველამ თავი შეიკავოს. ოპოზიციას კრიტიკული დღეები აქვს და სანამ არ განიწმინდებიან რას მოიმოქმედებენ არავინ უწყისს. ყოველ შემთხვევაში, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ოპოზიციაში ყველგან თავისი ხალხი ყავს ჩანერგილი, რის გამოც, ამომრჩეველში ნიჰილიზმი კიდევ დიდხანს იქნება.
„ეს ყველაფერი არის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საუკეთესო სამზადისი. არჩევნებამდე მთელი ეს პროცესი იქნება მიმართული იქეთკენ, რომ რაღაც მოლოდინები შეიქმნას, შემდეგ აღმოჩნდეს, რომ ეს მოლოდინები იყო ფუჭი, შემდეგ, ხელისუფლება (ოპოზიციის დახმარებით) ისევ შექმნის მოლოდინებს, ისევ ფუჭად და არჩევნებამდე აბსოლუტურად გაუფასურებული ოპოზიციით მივა. რასაც მე ვუყურებ, ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ თამაშში აბსოლუტურად გამიზნულად არის ჩართული, ხოლო დანარჩენი იძულებულია აყვეს ამ პროცესებს, რადგან ვერ უპირისპირდება ამ ნაკადს. ამიტომ, რა პროცესიც არ უნდა დაიწყოს, ის მაინც დასრულდება იმ ფინალით, რა ფინალიც ხელისუფლებას აწყობს“, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
სასურველი, მაგრამ შორეული
როგორ უნდა დააღწიოს ოპოზიციამ თავი ხელისუფლების კლანჭებს, გამზადებული, ცალსახა რეცეპტი არ არსებობს. თუმცა, სოსო ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ შეშფოთებულ ხელისუფლებას, მიაღწია რა შედეგს, აწი მოუწევს ფიქრი, მისაღებია თუ არა ყველა ხერხი მიზნის მისაღწევად, რადგან ყველაზე მეტად საზოგადოებაა ნირწამხდარი. ამდენად, შესაძლებელია ეს მომენტი თავად ოპოზიციამაც გამოიყენოს.
„ოპოზიცია უფასურდება, თუმცა არ უფასურდება პრობლემები, რომლის ირგვლივაც შესაძლებელია გაერთიანდეს ოპოზიცია. მე არ ვლაპარაკობ არჩევნებზე და ერთიან კანდიდატურაზე, ვგულისხმობ საარჩევნო გარემოს შეცვლის გზებს. საკონსტიტუციო პროცესს, რომელიც რატომღაც, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ძალიან გულგრილ ატმოსფეროში მიმდინარეობს. ოპოზიცია უნდა გააქტიურდეს სახელმწიფო კომისიის მიერ შექმნილი ახალი პროექტის და საზოგადოებრივი კომისიის მიერ შექმნილი ანალოგიური სახელწოდების დოკუმენტის მიმართ.
როდესაც აზრთა სხვადასხვაობაა ქვეყანაში – უნდა გვქონდეს საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო მმართველობა, ეს გახლავთ საფუძველი პოლიტიკური პარტიების გადაჯგუფების, მიუხედავად ერთმანეთის მიმართ არსებული სიმპათიებისა. რწყილი და ჭიანჭველა დამეგობრდა და რა მოხდა, რომ ამ თემამ ბურჯანაძე და ალასანია გააერთიანოს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებს უჭერენ მხარს? რაიმე გაერთიანებული ხედვა წარმოადგინონ საზოგადოებაშის წინაშე – რატომ ასე და არა ისე. იგივეს ვეტყოდი საპარლამენტო რესპუბლიკის მსურველ პოლიტიკოსებსაც. თუ ამაზე არ შეწუხდა პოლიტიკური სპექტრი, მაშინ ჯობია, პასიური ძალა საერთოდ განერიდოს პოლიტიკურ საქმიანობას, რის პოზიტიურ მაგალითს იძლევა გია მაისაშვილი. ანუ, ოპოზიციამ აღიაროს, რომ მისთვის საინტერესო არ არის არჩევნების შედეგი და, რომ არჩევნებს და ოლიმპიადას ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს, ყოველ კვირას იაროს საარჩევნო უბანში, რომ ყოველ ჯერზე დარწმუნდეს საკუთარ დამარცხებაში“, – ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
გაითვალისწინებს თუ არა ოპოზიცია ამ რჩევას რთული სათქმელია, მაგრამ ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციაში ამჟამად არავითარი რესურსი არ დარჩა, მაგრამ თუ გარედან მოხდა ჩარევა, ეს ოპოზიციაც იმ გზას გაივლის რაც „მოქალაქეთა კავშირმა“ „ნაციონალურ მოძრაობამდე“ გაიარა.