შეიცვლება, თუ არა რაიმე საქართველოსთვის ამერიკის შეეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი ქლინთონის ვიზიტის შემდეგ? ექსპერტი გიორგი ხუციშვილი რაიმე სახის ცვლილებებს არ ელოდება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავად უნდა შეცვალოს ძირფესვიანად თავისი აზროვნება, რადგან ამ ხელისუფლების ასეთივე ცვლის პერსპექტივა საქართველოში არ არის.
რატომ გახდა უცებ საქართველო აქტუალური ამერიკისთვის, რატომ გაისმა უცებ სიტყვა ოკუპაცია და რატომ ჩამოდის ჰილარი ქლინთონი აქ? რაღაც პერიოდი ვიყავით ვაკუუმში და ამას უკვე ხელისუფლებაც აღიარებს. რამე შეიცვლება რეალურად?
გიორგი ხუციშვილი: - “მოხდა რაღაც გარკვეული დარეგულირება, ვთქვათ, იმ საჯარო შეფასებებისა, რომლებიც კეთდებოდა. ადრე ამერიკის მხრიდან გაკეთებული შეფასებები ძირითადად გაუთვლელი და დაუბალანსებელი იყო. ჯერ ასე იდგა საკითხი, რომ ვიდრე საქართველოს საკითხი არ გაირკვევა, მანამდე სხვა საკითხებს წინ ვეღარ წავწევთო. ეს იყო ბუშის ადმინისტრაციის დროს.
ობამას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან გაჟღერდა განცხადება, რომ საქართველო აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას აშშ-რუსეთის ურთიერთობებში ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით. ახალ ადმინისტრაციაში მიდგომები შეიცვალა და პრორიტეტები სხვანაირად დალაგდა. ამიტომ ითქვა ისიც, რომ საქართველოს საკითხი აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას. ამას მოჰყვა აშშ, შიგნით, რესპუბლიკური პარტიისა და ობამას ოპონენტების მხრიდან სერიოზული კრიტიკა.
ძალიან ბევრი წერილი დაიბეჭდა პრესაში, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ობამას ადმინისტრაცია ღალატობს თავის სტრატეგიულ პარტნიორებს, რაც არაკონტრლირებადს ქმნის საერთაშორისო ვითარებას. ის, რომ ახლა ოკუპირებული ტერიტორიები ახსენა ობამამ, ის, რომ ქლინთონი ჩამოდის, გარკვეულწილად ამის შედეგიცაა. თუმცა, ქლინთონი მარტო საქართველოში კი არა, კავკასიის სხვა ქვეყნებშიც ჩადის...
მაშინ საუბარი იყო იმაზეც, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეს ტოვებდა აშშ…
- მე ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ არასოდეს იყო ლაპარაკი იმაზე, რომ აშშ დათანხმებულიყო გავლენის სფეროებზე ისე, როგორც ეს შეთავაზებული ჰქონდა რუსეთს – ჩემი გავლენის სფერო იყოს მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცე, კავკასიის ჩათვლით. ამერიკა ამაზე არასდროს დათანხმებულა
თანაც კავკასია ნატო-რუსეთის საზღვარია…
- რა თქმა უნდა, საზღვარი ვართ. მერე ჩვენს შემდეგ ირანია, ახლო აღმოსავლეთია და ჩვენზე გადის ძალიან მნიშვნელოვანი ენერგოდერეფანი.
და ჩვენს შემდეგაა არამდგრადი თურქეთი…
- რა თქმა უნდა, არამდგრადი თურქეთიც.
რა მოახერხა ობამას ადმინისტრაციამ თავისი გადატვირთვის პოლიტიკით, რუსეთი ჩააწყნარა და ცივილიზებულ მოქმედებებზე წამოიყვანა?
- იცით, რა არის, ყოველშემთხვევაში, უკვე ლაპარაკია იმაზე, რომ ამერიკის ძალისხმევის შედეგად, რუსეთი ჩაერთო ურთიერთობების ისეთ სისტემაში, რომელიც მას უფრო პასუხისმგებელს გახდის, ანუ არ ექნება ახირებები, მოულოდნელი გადაწყვეტილებები. გაზს ვერ გადაუკეტავს ევროპას, ან იმის გამო, რომ “სამხრეთის ნაკადის” პროექტი არ განხორციელდეს, “ნაბუქოს” წინააღმდეგ დივერსიას არ მოაწყობს.
ასეთ რაღაცეებს არ გააკეთებს და გარკვეულ საზღვრებში იქნება რუსეთი ჩაყენებული. ეს, ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკის მიხედვით, მიღწევადია. ანუ ეს უფრო მიღწევადია ღია და კონსტრუქციული მოლაპარაკებებითა და საუბრით, ვიდრე - ძალისმიერი პოლიტიკით.
ანუ, ამ შემთხვევაში ობამას ადამინისტრაცია უფრო გონიერ მოქმედებებს ახორციელებს, ვიდრე ბუშის ადმინისტრაცია?
-პრინციპში, ობამასა ადმინისტრაციის მიდგომა უფრო სწორ პოლიტიკად მიმაჩნია, ვიდრე ბუშის, რომელიც ძაბავდა სიტუაციას და რუსეთს უფრო აგრესიული, თუ გაუთვლელი ქმედებებისკენ უბიძგებდა. რა თქმა უნდა, თავმოყვარეობაზე მოქმედებდა, ზოგჯერ ზედმეტადაც. ამის შედეგად, ჩვენთან ომი მოხდა, ზამთარში ნახევარი ევროპა გაიყინა და ა.შ. ზედმეტად დაძაბული იყო ურთიერთობები. ანუ ის განწყობა, რომ ამერიკა ფორფოსტია მსოფლიოს იმ ძალების, რომლებიც ებრძვიან რუსეთში ავტორიტარულ ტენდენციებს, ვთქვათ, გაგრძელებულიყო, ამით რა?
ვთქვათ, პრეზიდენტად მაკ კეინი მოსულიყო, გაგრძელებულიყო ბუშის პოლიტიკა, რას მიაღწევდა მსოფლიო ამით? გახდებოდა უფრო მართვადი რუსეთი? გახდებოდა უფრო მშვიდობიანი და დამთმობი? არ გახდებოდა. გეთანხმებით, არც სანდო პარტნიორი გახდებოდა. უფრო ჩაიკეტებოდა, უფრო შეეკვრებოდა ირანს, უფრო დაიწყებდა არადემოკრატიული ქვეყნების წაქეზებას.
ავღანეთთან შექმნიდა პრობლემებს…
- დიახ. ე.ი. უფრო მეტი იქნებოდა პრობლემები, რომ გავთვალოთ, ვიდრე სასიკეთო ცვლილებები. აქედან გამომდინარე, ის პოლიტიკა, რაც წამოიწყო ობამამ, უკეთესია.
ანუ გადატვირთვის პოლიტიკამ გაამართლა, მაგრამ ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ახსენებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციას და ქლინთონი საქართველოში ჩამოდის…
- სხვათაშორის, ქლინთონმა ერთ-ერთ გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმას, რომ იყო ძალისმიერ მეთოდებზე აქცენტი, მერე საუბარი იყო, რომ საერთაშორისო პოლიტიკა გადავიდეს არაძალისმიერ მოქმედებებზე, მაგრამ ახლა გადავდივართ ჭკვიანურ მოქმედებებზეო. ძალის გამოყენება მოხდება იქ, სადაც აუცილებელია, ხოლო მოლაპარაკებებს იქ, სადაც საჭიროა.
ძალიანაც კარგი, თუ ასეთ პოლიტიკაზე გადადის მსოფლიო, მაგრამ თქვენი აზრით, რუსეთი ბოლომდე ითამაშებს ამ თამაშის წესებით?
- ბოლომდე შეიძლება არ გაყვეს, მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაციის მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ გამოიმუშაონ ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების ისეთი სისტემა, რომელიც ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს უფრო მოქნილს, მართვადსა და კონტროლირებადს გახდის.
თანაც მაშინ, როცა ამ ორ სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული მსოფლიო პოლიტიკის ბედი.. მაგრამ რა შედეგი ექნება ქლინთონის ჩამოსვლას საქართველოსთვის და რა გადაწყდება ჩვენს სასარგებლოდ?
- მე ვიცი ის, რომ მისი ვიზიტის შემდეგ საქართველოს ამბებში ამერიკის ჩართულობა ვერ გაიზრდება და ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ის ჩართულობა, რაც აქამდე იყო და რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბუშის დროს იყო, დარჩება ისე, როგორც ახლაა. შენელებლი პროცესი იქნება. როცა ამერიკა რაღაც ეტაპებს გაივლის, რუსეთ უფრო სრატეგიულ შეთანხმებებზე მოაწერინებს ხელს, მერე შეიძლება, უფრო გააქტიურდეს სიტუაცია. ვთქვათ, იგივე ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე მოხდეს შეთანხმება.
ახლა მსოფლიოში ორი მთავარი საკითხია: ავღანეთის, სადაც რუსეთი ამერიკას გარკვეულწილად ხელს უწყობს, და ირანის, სადაც არ თანამშრომლობს რუსეთი აშშ-თან, ისე როგორც ეს აშშ-ს სჭირდება. ამიტომ, რუსეთის დაყოლიებაა აუცილებელი ირანის საკითხში. გარდა ამისა, ბირთვული შეიარაღების გეგმიდან ერთი სერიოზული შეთანხმება ხელმოწერილია, ახლა ამის რეალიზაცია და შემდეგ ეტაპებზე გადასვლაა საჭირო. ეს ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანია ამერიკისთვის, ვიდრე – საქართველო-რუსეთის ურთიერთობა.
ერთადერთი, რის გამოც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დარეგულირება გადაუდებელია მისთვის, ეს კავკასიის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაა. თურქეთის რაღაც დაბალანსებაცაა საჭირო იმის გამო, რომ თურქეთის პოლიტიკა - რუსეთთან უფრო დაახლოვდება თუ არა, მკვეთრად შეცვლის სიტუაციას კავკასიასა და აღმოსავლეთშიც.
მე, რაღაცა მიმართულებით, ველოდები იმას, რომ ჰილარი ქლინთონი დასვამს საკითხს იმის შესახებ, თუ რამდენად ვითარდება საქართველოში სახელმწიფოებრივი სისტემა, ვროპული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის მიმართულებით - რამდენად არის დაცული კერძო საკუთრების, მასმედიისა და ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში.
საქართველოს გარშემო ახმაურების მუხედავად, რაიმე პროგრესის განვითარების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რადგან ომის შემდეგ ჩვენ საერთაშორისო არენაზეც კი - ძალიან დაზარალებული ქვეყანა ვართ, აღარ ვლაპარაკობ შიდა ზარალზე. ეს ახმაურება არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცა უფრო მაღალ დონეზე გადავალთ საერთაშორისო დღის წესრიგში ამერიკა-ევროპისთვის.
ყველაფრის წამალია ის, საქართველომ მსოფლიოს დაანახოს, რომ გახდა უფრო სამართლებრივი და გამჭვირვალე სახელმწიფო. ელემენტარულად, ჩვენთან, ადამიანს იმის საშუალება არ აქვს, შეამოწმოს, როგორ იხარჯება ბიუჯეტის სახსრები. რა თქმა უნდა, ის არ გვიშველის, რომ წყნარად ჩატარდა არჩევნები. შენდამი დამოკიდებულება მაინც არ შეიცვლება.
ანუ, რა საკითხებიც ისმებოდა ყოველთვის, იგივე საკითხები დაისმება ქლინთონის ამ ვიზიტის დროს. იქნება თუ არა საუბარი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე?
- იქნება აუცილებლად, მაგრამ ჩვენზე არ იქნება ამ საკითხში საბოლოო გადაწყვეტლების მიღება ბევრად დამოკიდებული, როგორც ვატყობ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მაჭავარიანმა ჩემთან ინტერვიუში თქვა, რომ სარკოზის დოკუმენტის მოთხოვნები თუ შესრულდება, ჩვენ რუსეთს მივცემთ უფლებას, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდესო…
- რუსეთი ამ დოკუმენტის შემსრულებელი ცალსახად არ არის. გეთანხმებით, შეიძლება, უფრო დაბალი დონის მოთხოვნაზე გავცვალოთ ეს საკითხი. მსო-ში რუსეთის გაწევრიანება, როგორც ჩანს, თავად აშშ-ის გეგმაშიც შედის, საქართველო თუ ხელს უშლის, ჩვენ სანაცვლოდ რაღაცა უნდა მივიღოთ. მაგრამ სარკოზის დოკუმენტის ყველა პუნქტის შესრულებაზე რუსეთი არ წავა. ეს ცალსახაა. ძნელია იმის თქმა, რას შემოგვთავაზებენ და რაში გავცლით ამ თემას.
სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე გაცვლას რაც შეეხება, ეს შესაძლებელია მხოლოდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მთლიანი ფონის შეცვლის შემდეგ. ლარსის გამშვები პუნქტი შეიძლებოდა, ისე გახსნილიყო, ან ჩარტერული რეისები შესრულებულიყო, რომ არც დიპლომატიური ურთიერთობები და არც სხვა სახის კავშირები არ იყო საჭირო. ლარსთან დაკავშირებით, მეზობელი ქვეყნის, სომხეთის სასიცოცხლო ინტერესი იდო აქ და ასეთ დათმობაზე ქვეყნები არათუ ცივი ომის, ჩვეულებრივ, ომის პირობებშიც შეიძლება, რომ წავიდნენ.
მაგრამ, თუ გინდა, რომ რუსეთის ბაზარი აითვისო და სავაჭრო ურთიერთობები განავითარო, ამას პოლიტიკური ფონიც უნდა შეექმნას. ამის პირი ჯერჯერობით, არ ჩანს. მე ვთვლი, რომ ჩვენს შორის არსებული, ფაქტობრივად, ცივი ომის სიტუაციის მიუხედავადაც კი, შეიძლებოდა, სავაჭრო ურთიერთობების დაწყებაზე დიალოგის გამართვა ორ ქვეყანას შორის.
ნახეთ, პოლიტიკურად რა მდგომარებაში არიან ერთმანეთთან თურქეთი და საბერძნეთი – დიახ, კვიროსის გამო, მაგრამ როგორი ინტენსიური ვაჭრობა მიდის? ჩვენც, შეიძლებოდა, რაღაცა ასეთი გაგვეკეთებინა. ნუ ველოდებით იმას, რომ ამერიკიდან მივიღოთ ამაზე მითითებები.
მაგრამ, როცა ორი ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრია პიროვნულად დამდურებული ერთმანეთთან, ძნელია, ალბათ, ასეთი ურთიერთოებების აღდგენა. შეიცვლება რამე ორ ქვეყანას შორის 2012-2013 წლებში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებით ორივე ლიდერი შეიცვლება, თუ ისევ ცივი ომის პირობებში დავრჩებით?
- არ უშველის ამას 2012-2013 წლების საპრეზიდენტო არჩევნები, რომ ჩვენ რაღაცა სხვა დონეზე გადავიდეთ. პოზიტიური დინამიკის ჩვენება დაგვჭირდება. იაკობაშვილის უწყების მიერ სტრატეგიის დოკუმენტი დაიდო, მაგრამ რასაც ეს დოკუმენტი ამბობს, რეალური ვითარება მას ეწინააღმდეგება.
ხმის გაცემაზეა პრობლემა, ამ დროს დოკუმენტში საუბარია იმაზე, ,რომ რაღაცეები ერთად აკეთონ და ითანამშრომლონ. როგორ შეიძლება შენ სტრატეგიის დოკუმენტი განახორციელო, როცა ყველაფერი ბოიკოტზე, გათიშვაზე და ასეთ რაღაცეებზეა დამოკიდებული?
ანუ - რა სჭირდება დღეს ქართულ სახელმწიფოს, სახელისუფლებო ძალის ძირფესვიანი ცვლა, თუ თავად ამ ხელისუფლების აზროვნების შეცვლა?
- ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს თავისი აზროვნება ძირფესვიანად, ვინაიდან ამ მთავრობის შეცვლის პერსპექტივა ქვეყანას არ აქვს. მე ვერ ვხედავ ამ პერსპექტივას.