ვიმუშავე რა კორესპონდენტად მოსკოვში, ვაშინგტონსა და დღეს უკვე ლონდონში, ამ პერიოდული შპიონური დრამებიდან მხოლოდ ორი რამ დამამახსოვრდა. პირველი: როგორი მაცდური და სკრუპულოზური დეტალებიც არ უნდა არსებობდეს, როგორც წესი ყველაფერი არ არის ისე, როგორც ეს მოსჩანს, მეორეც, „ცივი ომის“ დასრულების მიუხედავად, „ამას“ ფაქტობრივად ყველა აკეთებს: შენიშნეთ, როგორი ლაკონური იყო მოსკოვში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის ტონი ბრენტონის პასუხი „ბიბისი“-ს გადაცემაში დასმულ შეკითხვაზე, კვლავ მონაწილეობს თუ არა ბრიტანეთი რუსეთში შპიონურ თამაშებში, რაზეც ბრენტონმა განაცხადა – „არანაირი კომენტარი“.
თუმცა, როგორი სტანდარტებითაც არ უნდა მიუდგე აშშ-ს ხელისუფლების მიერ გახსნილ საქმეს ისტორია უცნაურია. თორმეტი ადამიანი, ზოგიერთი წყვილებად, „თავისუფლების მიწაზე იმ წინასწარი განზრახვით „ჩანერგეს“, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის მაღალ წრეებში შეეღწიათ. მათ ამერიკული სახელები აიღეს, იქცეოდნენ ნამდვილი ამერიკელებივით და თუკი მათი მეზობლების ნაამბობს დავუჯერებთ, ეს ყველაფერი შესანიშნავად გამოსდიოდათ, მიუხედავად იმისა რომ მათი მცდელობა (გაებათ სასარგებლო კავშირები) მეტ-ნაკლებად კომპეტენტურ ჟურნალისტთან დაახლოებას ვერ გასცდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში CIA-ს წარმომადგენლები თვალყურს ადევნებდნენ.
არსებობს ძალიან უცნაური დეტალები, რომლებიც შპიონაჟის ზნეობრივი პრობლემების მიღმაა და ეთიკურ კითხვებს აჩენს. ბრალდებულებიდან ზოგიერთებს შვილები ჰყავთ, რომლებიც შეერთებულ შტატებში გაიზარდნენ და კულტურული თვალსაზრისით ამერიკელები არიან, სავარაუდოდ მათ მშობლების მეორე ცხოვრებაზე არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ და ამ ასიმილაციის შემთხვევაში რა ხდება – რა უნდა გააკეთონ მათ ახლა?
თუმცა, გადაუდებელი კითხვები მათი მისიის წარმოქმნასა და ბუნებას უკავშირდება. როგორც სჩანს, ისინი შეერთებულ შტატებში 1990-იან წლებში ჩანერგეს, როდესაც „ცივი ომი“ ოფიციალურად დასრულდა და ამ დროს კრემლის დასავლური კურსი ბოლო 20 წლის განმავლობაში მაქსიმალური გახლდათ. თუკი აშშ-ს ინფორმაცია ნამდვილია, ეს მისია მანამდე დაიწყო, ვიდრე ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტი გახდებოდა, ასე რომ ამ ღონისძიებას „კაგებეს“ ძალებით რუსული სახელმწიფოს დაპყრობის იდეას ვერ მიაწერ (როგორც ეს „ცივი ომის“ მომხრეებს სურთ), რადგან „ყოფილი აგენტი „კაგებეს“ არ ჰყავს“.
როგორი იყო ამ ოპერაციის სახელმწიფო მხარდაჭერა? რამდენად შეიძლება უწოდო მას რუსული დაზვერვის მიერ კომპრომატის შეგროვება? იყო თუ არა მისია ისტორიის სანაგვეზე მიტოვებული „ცივი ომის“ რელიქტი, თუ ის პოსტ-საბჭოთა დაზვერვის მუშაობის ახალ მეთოდებზე მიუთითებს? თუკი საქმე ამ უკანასკნელთან გვაქვს, მაშინ ეს ელემენტარული და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოპოვების ძალიან ძვირადღირებული (დაფინანსების, დროის და აგენტების ცხოვრების თვალსაზრისით) მეთოდია.
გარდა იმისა, რომ მათ უცხო სახელმწიფოს აგენტობაში ადანაშაულებენ, ათიდან ცხრა დაკავებულს ბრალად ფულის გათეთრებაც ედება, რაც დამაჯერებლად ჟღერს. ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმე, რომელშიც რუსები მონაწილეობენ (თუნდაც არა რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები) ზედაპირზე 1998 წელს Bank of New York-ში ამოტივტივდა. საქმეს ატლანტიკური ოკეანის ორივე მხარეს სასამართლოებში დიდხანს იძიებდნენ და საბოლოოდ ის შარშან დაიხურა.
ამ საქმის კიდევ ერთი უცნაური ასპექტი დროის შერჩევაა. შპიონურ სკანდალებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი რეზონანსი, ჩვეულებრივ ასახავს ხოლმე დაძაბულობას ურთიერთობების სხვა ასპექტებში, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ასე არ სჩანს. 18 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გაახმოვანა რუსეთთან ურთიერთობებში „გადატვირთვის“ ღილაკზე ხელის დაჭერის შესახებ.
ბოლო დროს, ამ პროცესის პოლიტიკურ მიმართულებაზე პროგრესი იქნა მიღწეული შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული რაკეტების შემცირებაზე ახალი შეთანხმებით, ხოლო პირად ფრონტზე ის აისახა მეგობრული შეხვედრით ობამას და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შორის, რომელსაც „ჰამბურგერებით“ და კარტოფილი „ფრი“-თ ფოტოსესია მოჰყვა.
მაშინ რატომ გადაწყვიტა ამ ყალბ ამერიკელებზე ათწლიანი დაკვირვების შემდეგ ამერიკის ხელისუფლებამ საბოლოოდ მათი დაპატიმრება? ამ საქმეზე რუსეთის პირველი რეაქცია ირონიული კომენტარები იყო – გამოცდილი და დიდწილად წარუმატებელი ტექნოლოგია, რომელიც ასევე გამოიყენა ბრიტანეთის ხელისუფლებამ 2006 წელს, როდესაც მოსკოვმა MI6-ს აგენტები დიპლომატიური შირმისა და მაღალტექნოლოგური ქვების გამოყენებით რუსული საიდუმლოებების მიღებაში დაადანაშაულა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასევე მიანიშნა (ესეც მორიგი სტანდარტული რეაქცია) რომ ვიღაც დაინტერესებული იყო ორმხრივი ურთიერთობების საბოტაჟში. ცხადია არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ ახარებთ რუსეთ-ამერიკის დღევანდელი დაახლოვება.
აშშ დროის შერჩევას იმით ხსნის, რომ არსებობდა აგენტურული ქსელის წევრების აშშ-დან გაქცევის რისკი. ან რუსეთი ხომ არ გეგმავდა ჯეიმს ბონდის სტილში პატარა სიურპრიზის მოწყობას? მოკლედ უამრავი შესაძლებლობებია და როგორც ყოველთვის, ჩვენ მთელ სიმართლეს ვერასდროს გავიგებთ.
foreignpress