კინოს სახლის წინ დაწყებული აქცია - ”მეც პატიმარი ვარ”, რომელმაც მანიფესტაციით უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლა, ადამიანების დაჭერით დასრულდა. აქციის მიმდინარეობისას 5 ადამიანი დააკავეს: შოთა გლურჯიძე ”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობიდან”; გენადი კეკელია და ირაკლი ციკოლია ”დევნილთა სამოქალაქო მოძრაობიდან”; ფრიდონ ხარებავა და აფხაზეთიდან დევნილი მადონა გოგუა.
აქციის დასრულების შემდეგ მათ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი, ადა მარშანიაც მიაყოლეს, რომელიც ამავდროულად ”წინააღმდეგობის მოძრაობის” წევრია. იგი კინოს სახლის წინ, ტროტუარზე იდგა და გვერდზე მყოფ ორ ადამიანს ესაუბრებოდა, როცა მასთან პოლიციელები მივიდნენ და დააკავეს.
რასაც ამ სტატიაში წაიკითხვათ, ის საკუთარი თვალით ვნახეთ და საკუთარი ყურით გავიგონეთ. ერთადერთი, რაც არ გვინახავს და მხოლოდ გადმოცემით ვიცით, ისაა, რომ აქციის დასრულების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე კიდევ 3 ადამიანი დააკავეს.
როგორც ”კონსერვატორების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა გვითხრა, მან გადმოცემით იცის, რომ პოლიტპატიმარ შაკო გოგინაშვილის და, ქეთინო გოგინაშვილი რუსთაველის გამზირზე, ტანსაცმელის მაღაზია ”გარდერობთან” დააკავეს. ქეთინო გოგინაშვილი ამავდროულად ”ქართული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წევრია. ”გარდერობთან” დაიჭირეს ”ქართული პარტიის” კიდევ ორი წევრი - თენგიზ ღლონტი და გოჩა ჩხაიძე.
აქცია ”მეც პატიმარი ვარ” კინოს სახლთან ოთხ საათზე დაიწყო. იქ დაახლოებით 1 500 ადამიანი იყო შეკრებილი. აქციის მონაწილეები სიტყვით გამომსვლელებიდან ტაშითა და ოვაციებით შეეგებნენ ირმა ინაშვილს, რომელიც მედია-კავშირ ”ობიექტივის” ხელმძღვანელი და ამავდროულად, ”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” მედია-ომბუდსმენია. ტაში დაუკრეს პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოჩენას.
”გვეკითხებიან, ჩვენს შეხვედრებს და ამ აქციებს რა აზრი აქვსო. ის აზრი აქვს, რომ ისე ვეღარ ჩეხავენ პატიმრებს, როგორც აქამდე აკეთებდნენ; ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ჯალათები, რომლებიც პატიმრებს აწამებენ, შეშინებულები არიან”, - უთხრა აქციის მონაწილეებს ირმა ინაშვილმა.
დიმიტრი ლორთქიფანიძისა და ”წინააღმდეგობის მოძრაობის” თავმჯდომარის, დავით თარხან-მოურავისგან შევიტყვეთ, რომ 16 აპრილს, 15 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში, საპატიმროებში ცემა-წამებით მოკლული ადამიანების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება და ეს დღე სამოქალაქო სოლიდარობის დღედ გამოცხადდება.
დავით თარხან მოურავმა აქციის მონაწილეებს ასეთი თხოვნით მიმართა - ”გთხოვთ, ყველას გადაეცით, ვისი ოჯახის წევრიც ციხეში მოკლეს და აწამეს, რომ 16 აპრილს, 15 საათზე მოვიდეს სამების საკათედრო ტაძარში. ასე შევიტყობთ ყველა იმ პატიმრის სახელსა და გვარს, ვინც საპყრობილეებში წამებით მოკლეს. ის ფაქტები, რაც სახალხო დამცველმა ანგარიშში შეიტანა, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ თქვენ ამ აქციებში მონაწილეობას ღებულობთ და აქ დგახართ”.
ზუსტად ხუთ საათზე დაიწყო მანიფესტაცია უზენაესი სასამართლოს მიმართულებით. აქციის მონაწილეებს სათავეში ჩაუდგნენ ორგანიზატორები - ”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” და ”ობიექტივის” ლიდერები, რომლებიც ერთი მეგაფონით დროდადრო პატრულს ატყობინებდნენ, რომ მშვიდობიანი აქცია სანქცირებული იყო. მათ თან მიჰქონდათ სამგლოვიარო გვირგვინი.
მანიფესტაციის დროს, გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე ნაწილობრივ გადაიკეტა, მაგრამ ამას მოძრაობა არ შეუფერხებია. მანიფესტაცია ასეთი შეძახილებით მიემართებოდა რუსთაველის გამზირზე: ”თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, ”თავისუფლება სინდისის პატიმრებს”, ”თავისუფლება უკანონო პატიმრებს”, ”ახალაია ციხეში, კალმახელიძე ციხეში, სააკაშვილი ციხეში”, ”ვითხოვთ ფართომასშტაბიან ამნისტიას”, ”წინააღმდეგობის მოძრაობა მანიაკალური ხელისუფლების მესაფლავეა”...
აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩით, ორგანიზებულად და მშვიდად აუხვიეს იუსტიციის სამინისტროსთან და ძმები ზუბალაშვილების ქუჩისკენ გაემართნენ - იქ, სადაც უზენაესი სასამართლოა.
მანიფესტანტები უზენაეს სასამართლოსთან 17 საათსა და 20 წუთზე მივიდნენ. ”წინააღმდეგობის მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო მანჯავიძემ აქციის მონაწილეებს ასეთი სიტყვებით მიმართა: ”მოვიტანეთ გვირგვინი, რათა გამოვხატოთ ქართველი ერის დამოკიდებულება; დავტირით უსამართლო სასამართლოს”. სამგლოვიარო გვირგვინი, წარწერით ”დავტირით სასამართლოს”, უზენაესი სასამართლოს შესასვლელ კარზე ჩამოკიდეს.
სოსო მანჯავიძეს დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩაენაცვლა - 16 აპრილს, სამებაში მთელი თბილისი შემოგვიერთდებაო. აქცია მშვიდად მიმდინარეობდა. უცებ, უზენაესი სასამართლოს შესასვლელ კარს, ფანჯრებს და კედლებს აქციის მონაწილეთაგან ვიღაცამ, ან ვიღაცეებმა კვერცხები დაუშინეს. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ კვერცხებს ვინ ისროდა, ამის დანახვა ვერ მოვასწარით.
აი, სწორედ კვერცხებს მოყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ნომერ პირველი პატრული, გიორგი გეგეჭკორი თანმხლებ პირებთან ერთად, პარლამენტის მხრიდან 17 საათსა და 36 წუთზე მოვარდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელების გამოჩენა ტაშით აღნიშნეს. გეგეჭკორს ლურჯ ფორმაში გამოწყობილი 300-მდე პოლიციელი მოჰყვა.
პირველად ”წინააღმდეგობის მოძრაობის” წარმომადგენელი, შოთა გლურჯიძე დაიჭირეს - ხალხიდან გამოათრიეს და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მანქანამდე სირბილით მიათრიეს. გლურჯიძეს ფრიდონ ხარებავა, გენადი კეკელია და ირაკლი ციკოლია მიაყოლეს. ადა მარშანია მეგაფონით გამოედევნა და პოლიციელებს თხოვდა, ისიც დაეპატიმრებინათ. ”რა გინდათ ამ ხალხთან, მე დამაკავეთ, მე ვარ დამნაშავე”, - მეგაფონით ეუბნებოდა მარშანია პოლიციელებს, მაგრამ მისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამთ და არც დაუკავებიათ.
გეგეჭკორი განკარგულებებს ვინმე უკლებას აძლევდა, რომელსაც პოლიციელის ფორმა ეცვა. ამ დროს უკლებას გვარს ხმამაღლა გაიძახოდა და ჩვენც აქედან შევიტყვეთ, მაგრამ უკლებას სახელი და თანამდებობა ვერ დავაზუსტეთ; იგი კითხვებზე ასეთ პასუხს გვცემდა - ”კომენტარის გარეშე”.
დახმარება პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ვთხოვეთ, მაგრამ არც ამან გამოიღო შედეგი. ლორთქიფანიძე, როგორც პარლამენტარი, უკლებას თხოვდა, მისთვის ეთქვა თანამდებობა და ვინაობა. უკლებას პასუხი ასეთი იყო - ”კომენტარის გარეშე, კომენტარის გარეშე”.
შემდეგ,გიორგი გეგეჭკორთან მივედით და ვკითხეთ რატომ დაიჭირეს ეს ადამიანები. ნომერ პირველი პატრულსა და ჩვენს შორის ასეთი დიალოგი შედგა:
რატომ დაიჭირეთ ეს ხალხი?
- იმიტომ, რომ კვერცხებს ისროდნენ.
რომელი მუხლით გაასამართლებთ კვერცხების სროლისთვის?
- კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს ჩვენი პრესსამსახური.
უზენაესი სასამართლოს შენობის წინ, განათების ბოძს ახალგაზრდა ქალი იყო ჩაბღაუჭებული და ასე ცდილობდა პოლიციელებისგან თავის დაღწევას. ერთი პოლიციელი მეორეს ეუბნებოდა: ”დაიჭირეთ, დაიჭირეთ, ამ ქალმა პოლიციელს თავში ჩაარტყა”. ეს ახალგაზრდა ქალბატონი აღმოჩნდა მადონა გოგუა, რომელიც პოლიციელებმა ძალით წაათრიეს და მანქანაში ჩასვეს.
ისინი, ვინც დაჭერას გადაურჩნენ, შვიდის წუთებზე, ძმები ზუბალაშვილების ქუჩიდან კინოს სახლისკენ, ”წინააღმდეგობის მოძრაობის” ოფისისკენ გამოემართნენ.
18.17 წუთზე ჩვენს თვალწინ დააკავეს ადა მარშანია. იგი კინოს სახლის შესასვლელთან იდგა, ორ ადამიანთან ერთად. საპატრულო პოლიციის მანქანა გაჩერდა, იქიდან ის პოლიციელი გადმოვიდა, რომელსაც გეგეჭკორი მითითებებს აძლევდა, გვარად უკლება. იგი ორ პოლიციელთან ერთად ადა მარშანიასთან მივიდა, მას აქეთ-იქიდან ხელკავი გაუკეთეს და მანქანაში ჩასვეს. ადა მარშანიას წინააღმდეგობა არ გაუწევია, პოლიციის მანქანაში მშვიდად ჩაჯდა.