ანაკლიის პორტის საქმეზე დავა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ში, ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლოშიც წააგეს. ვაშინგტონის არბიტრაჟმა, ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. ამჯერად, უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან, რამე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.
საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სამართლებრივი არგუმენტაცია და დაადგინა, რომ პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები. ასევე, პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი, ხოლო მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა კანონიერი გახლდათ. როგორც საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, ინვესტორს მრავალჯერ გადაუვადდა მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადები.
დამტკიცებულად იქნა მიჩნეული, რომ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, სახელმწიფო განუხრელად უჭერდა მხარს ანაკლიის პროექტის განხორციელებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ინვესტორების, მათ შორის, ამერიკული საინვესტიციო ფონდის მოზიდვაში სახელმწიფოს ხელი არ შეუშლია. აღნიშნული დავის ფარგლებში, ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი, ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას. თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარჰყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6.5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
აღსანიშნავია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანაკლიის საქმეზე დავა, ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანაკლიის კონსორციუმმა პარიზის არბიტრაჟშიც წააგო, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდნენ. პარიზის არბიტრაჟმაც სრულად უარჰყო მომჩივნების მოთხოვნები და პირიქით, მათ დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. ეს გადაწყვეტილება ხაზარაძესა და ჯაფარიძეს არ გაუსაჩივრებიათ, მათ დაკისრებული თანხაც გადაიხადეს, რითაც ფაქტობრივად აღიარეს, რომ ანაკლიის პორტი მათი ბრალეულობით ვერ განხორციელდა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა ძალიან მკაფიო პასუხი გასცა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ თუ ის ჩაიდენს დანაშაულს, დაზღვეული იქნება, რადგან რომელიმე პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული.
„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს რამხელა პოლიტიკური აჟიოტაჟი იყო ანაკლიის პორტის თაობაზე, რომელიც ფაქტობრივად დღემდე გრძელდება, თითქოს, ეს პროექტი ვერ განხორციელდა ხელისუფლების ბრალეულობით. საუბარი იყო რაღაც დასავლური ინვესტიციების ხელშეშლაზე. ყველა ამ ბრალდებას, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გასცა პასუხი პარიზის არბიტრაჟმა და დღეს, ჩვენ უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა. ინვესტორებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ არაერთხელ გადავადებოდათ ამ ვალდებულებების შესრულების პერიოდი, თუმცა მათ მხოლოდ საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლეს ამ პროექტის განხორციელება“, - აცხადებს ძამაშვილი.
მისი თქმით, გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული აქცენტი გამახვილებულია იმ ასპექტზე, რომელზეც ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ძალიან აქტიურად აპელირებდნენ. საუბარია, მათ წინააღმდეგ წარმართულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე.
„ვაშინგტონის არბიტრაჟმა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მკაფიო პასუხი გასცა და ფაქტობრივად აღნიშნა, დემოკრატიულ სახელმწიფოში, არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ თუ ჩაიდენს დანაშაულს, ექნება რაიმე დაზღვევა, რადგან რაღაც პროექტთან, თუ რომელიმე პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული. მომჩივნების მიერ დანიშნულმა არბიტრმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად პროექტის განუხორციელებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინვესტორებს. ალბათ, უკვე უნდა დამთავრდეს სპეკულაციები, თითქოს, რაღაც ამერიკულ ინვესტიციას, თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი, რადგან დღეს, ჩვენ უკვე გვაქვს ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, განცხადებას ავრცელებენ ინვესტორი, ბობ მეიერი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. ისინი აღნიშნავენ, რომ ICSID-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება „გულდასაწყვეტია“. ინვესტორი ბობ მეიერი აცხადებს, რომ ტრიბუნალმა მხოლოდ „ვიწრო საკითხი“ განიხილა. რაც შეეხება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებას, მიუხედავად ICSID-ის გადაწყვეტილებისა, ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულად დაარღვია თავისი მრავალწლიანი დაპირება, ანაკლიის განვითარების შესახებ, არ იცვლება.
„მიუხედავად იმისა, რომ ICSID-ის გადაწყვეტილება სამწუხაროა, ის არ ცვლის მთავარ ფაქტს - ამ მთავრობამ სრულად დაარღვია თავისი მრავალწლიანი დაპირება, ანაკლიის განვითარების შესახებ. საინვესტიციო ხელშეკრულების ADC-სთან შეწყვეტიდან სულ რამდენიმე კვირაში, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაიწყო ხუთწლიანი ცარიელი რიტორიკა და შეუსრულებელი დაპირებები ანაკლიის პორტის აშენების შესახებ. დღეს კი, ხუთი წლის შემდეგ, არ არსებობს ხელმოწერილი ხელშეკრულება არცერთ ინვესტორთან, მით უმეტეს, არ არის დაწყებული მშენებლობა.
ამ მთავრობას რომ შეესრულებინა თავისი ვალდებულებები და დახმარებოდა ADC-ს, ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს ქართველებისთვის, გააძლიერებდა ქვეყნის ეკონომიკას და საქართველოს გლობალური ვაჭრობის მნიშვნელოვან რგოლად აქცევდა. ასე რომ მოქცეულიყო, ეს მთავრობა მსოფლიო არენაზე ანგარიშგასაწევ ძალად იქნებოდა აღქმული და არა იმ იზოლირებულ ფიგურად, რაც რეალურად გახდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხელისუფლებას და იუსტიციის სამინისტროში ტყულში ადანაშაულებს „ლელო - ძლიერი საქართველო“, რომელთა შეფასებით, ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ვაშინგტონის არბიტრაჟთან მიმართებით, რადგან ეს იყო ინვესტორ ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, პარტიაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ „მოკლა“ ანაკლიის პროექტი, თანაც რუსეთის დავალებით, ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 წელს, პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად. შალვა პაპუაშვილი, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სასამართლოების მიერ, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზებს დეტალურად ხსნის:
„ითხოვდნენ 1.5 მილიარდ დოლარს მოქალაქეების ჯიბიდან, მაგრამ თავად მოუწიათ 7.1 მილიონი დოლარის დაბრუნება ბიუჯეტში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მილიონებზე, რაც ფუჭად ხარჯეს, როგორც აღმოჩნდა, დაბალი კვალიფიკაციის ადვოკატებზე. ასეთი ბოლო ექნება ყველა თაღლითის საქმეს! მანამდე კი იყო სხვა თაღლითობაც, რომელიც სასამართლოს განაჩენით დასრულდა, როდესაც ბანკიდან 17 მილიონი დოლარი თაღლითურად გააქრეს. ამ სქემის გამო, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 7-7 წელი მიესაჯათ, ბანკმა კი 3 მილიონი დოლარი ჯარიმა აღიარა და გადაიხადა.
სამი წლის წინ, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE), ეს თაღლითები, წევრებად მიიღო. ამითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ალიანსის მორალზე.
ახლა, მნიშვნელოვანია, ვნახოთ, ერთი ეროვნული და ორი საერთაშორისო სასამართლოს მიერ, ამ თაღლითების მხილების შემდეგ, თუ დაიტოვებენ წევრებად, თუ დადასტურდება საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ALDE-ს წევრობა, უბრალოდ, იყიდეს. ჩვენ კი, უნდა ვიცოდეთ, რომ ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მათივე თაღლითობის მფარველები არიან“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ უიღბლო, ვადაგასული თაღლითებისა და ამჟამად რეციდივისტების მიერ წაგებული მორიგი სასამართლო პროცესის შემდეგ, ახალი რეკორდის უალტერნატივო ნომინანტია მოსამართლე მურუსიძე:
„Guinness World Records-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი მკლავების (ხელების გაშლის სიგრძით) მქონე ადამიანი არის ეგვიპტელი მოჰამედ შეჰატა. მისი ხელების გაშლის სიგრძე შეადგენს 250.3 სანტიმეტრს (8 ფუტი და 2.5 დიუმი), რაც დადასტურდა 27 აპრილს, კაიროში Guinness-ის მიერ. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს რეკორდიც მოხსნილია და დროა, საქართველოში მოვიწვიოთ Guinness World Records-ის ოფიციალური წარმომადგენლები. ჩვენი უიღბლო, ვადაგასული თაღლითების, „Twix-ის ტკბილი წყვილის“ და ამჟამად რეციდივისტების მიერ წაგებული მორიგი სასამართლო პროცესის შემდეგ, ახალ რეკორდზე უალტერნატივო ნომინანტი - მოსამართლე მურუსიძეა, რომლის „რუსული“ ხელები თბილისიდან ვაშინგტონს სწვდება“, - წერს დავით ქართველიშვილი.