ოპოზიციის ტრაგიკომიკური ფარსი - „მშვიდობიანი დამხობა“, როგორც არაკონსტიტუციური ქმედებების ლეგიტიმაციის მცდელობა

ოპოზიციის ტრაგიკომიკური ფარსი - „მშვიდობიანი დამხობა“, როგორც არაკონსტიტუციური ქმედებების ლეგიტიმაციის მცდელობა

 მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე - ამჯერად უკვე მესამედ - წარადგინა, გარკვეულ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ხელისუფლებას სხვა, უფრო ღირსეული და კონკურენტუნარიანი კანდიდატურა არ ჰყავს. თუმცა, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, For.ge-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მედალს მეორე მხარეც აქვს - კალაძემ სახელისუფლებო ქარიზმა მოიპოვა. 

 - ბატონო ზაალ, რამდენად სწორი ნაბიჯი იყო ეს ქართული ოცნების მხრიდან და რა შანსებსა, თუ პერსექტივაზე შეიძლება ვისაუბროთ?

- კალაძის კანდიდატურის წამოყენებას აქვს თავისი პლუსი და მინუსი. მისი მერობის პერიოდში, გარკვეული უსიამოვნო ინციდენტები მოხდა, მაგრამ მან თბილისში ბევრი კარგი რამ გააკეთა. შესაბამისად, როგორც ჩანს, ქართულ ოცნებაშიყველაფერი აწონ-დაწონეს, შეაფასეს და შეჯერდნენ მის კანდიდატურაზე. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, მათმა ნაწილმა, უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე, ბოიკოტი გამოაცხადეს, ხოლო, ლელოს და გახარიას ერთობლივ კანდიდატს ის ადვილად დაამარცხებს, რომელი პოლიტიკოსიც არ უნდა წაადგინონ.

- ბოლო პერიოდში, ხშირად საუბრობდნენ, რომ თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, კახა კალაძეს დაუპირისპირდა, რასაც თავად მდინარაძემ ტყუილი უწოდა. თქვენი აზრით, რამდენად განიხილებოდა მმართველ პარტიაში მდინარაძის კანდიდატურა და რა პერსპექტივა ექნებოდა მას?

- მამუკა მდინარაძის კანდიდატურის დასახელება არ იქნებოდა მთლად სწორი და გონივრული გადაწყვეტილება, რადგან მდინარაძეს ხელახლა მოუწევდა იმ ყველაფრის გავლა, რაც კახა კალაძემ უკვე გაიარა ორი საარჩევნო ციკლის მანძილზე. მამუკა მდინარაძე უფრო სხვა დატვირთვის პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე მეურნე და ქალაქის მერი. მამუკა მდინარაძე ძალიან კარგად უძღვება იმ ფუნქციებს, რაც მას აკისრია ოცნებაში“, ამიტომ მეურნის როლში მისი წარმოდგენა მიჭირს.

სპეკულაციები, თითქოს მამუკა მდინარაძეს სურდა თბილისის მერობა, უფრო ოპოზიციისგან წამოვიდა და გაჩნდა მოსაზრება, რომ ოცნებაში ამაზე დაპირისპირება იყო.

- გახარიას პარტიასა და ლელოს საერთო კანდიდატი 31 ივლისს უნდა წარედგინათ, თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, ვი დაასახელებენ თბილისის მერის პოსტზე. თქვენი აზრით, რატომ აჭიანურებს ოპოზიცია დასახელებას, უნდა ველოდოთ თუ არა ერთგვარ სიურპრიზს?

- რამდენადაც ვიცი, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ალეკო ელისაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირები. მემორანდუმში მკაფიოდ იყო ჩაწერილი ორი პარტიის თანხმობა იმაზე, რომ შეირჩეოდა უპარტიო, ნეიტრალური კანდიდატი, თუმცა ალეკო ელისაშვილი არ არის ნეიტრალური და უპარტიო კანდიდატი. აქედან გამომდინარე, თუკი მემორანდუმში მიღწეული შეთანხმება დაირღვა, გასაგებია, რომ გახარიას პარტიას ამაზე ექნებოდა რეაქცია. შესაძლოა, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გადაიდო კანდიდატის დასახელება.

- ამის მიუხედავად, ალეკო ელისაშვილი რომ მართლაც წარადგინონ, თუ კატეგორიულად გამორიცხავთ ამას?

- შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, დაირღვევა ის მემორანდუმი, რაც ორმა პარტიამ გააფორმა. შეიძლება ისეც მოხდეს, გახარიას პარტიის წევრებმა განაცხადონ, რომ ერთ-ერთმა მონაწილემ დაარღია მემორანდუმის ნაწილი, ჩვენ ამ კანდიდატურას მხარს არ დავუჭერთ და ეს ორივე პარტიისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება, რადგან მათი გაერთიანების მცდელობა უკვე ჩაიშალა და თუკი მეორე ჯერზეც ჩაიშლება, არჩევნების წინ, ეს პოლიტიკურად და რეპუტაციულად უარყოფითი მოვლენა იქნება.

- ოპოზიციის მეორე ნაწილის გეგმაზე რას ფიქრობთ, ვგულისხმობ ქართული ოცნების მშვიდობიან დამხობას“...

- ცოტა ტრაგიკომიკურად ჟღერს, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა?! ხელისუფლების ნებისმიერი დამხობა, არჩევნების გვერდის ავლით, არის ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და საერთოდ არ არის აუცილებელი, ტყვია იყოს გასროლილი, არსებობს ძალადობის სხვა ფორმებიც. ასე რომ, ეს არის პირდაპირ რევოლუციის დაანონსება - გამოიყენო ძალმომრეობა და ამის შედეგად, დაამხო ხელისუფლება. ვნახეთ ამის მცდელობა 2019 წელს, როდესაც რადიკალური ჯგუფები, ძალადობრივი გზით აპირებდნენ პარლამენტის აღებას. ასევე, გვახსოვს 2003 წლის ვარდების რევოლუცია. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არაკონსტიტუციური მოქმედებების ლეგიტიმაციის მცდელობასთან, რაც დასჯადი. შესაბამისად, ხელისუფლება ხელ-ფეხი გაეხსნება იმისთვის, რომ მათ წინააღმდეგ, კანონით გათვალისწინებული ზომები გამოიყენოს.

ამიტომაც ახსენეს სიტყვა - „მშვიდობიანი, ცდილობენ, ალიბი შეიქმნან, თითქოს ისინი მშვიდობიანი აქციით შეეცდებიან ხელისუფლების დამხობას, მაგრამ ხელისუფლებები მშვიდობიანი აქციების შედეგად არ ემობიან, არამედ სწორედ ძალადობრივი აქციების შედეგად! განცდა მაქვს, რომ ეს არის ოპოზიციის სასოწარკვეთილების გამოხატულება, რადგან ეს არ ჯდება რაციონალური მოქმედებების გეგმაში. ამიტომაც იყო ოპოზიციაში, რაციონალურად მოფიქრალმა ლიდერებამ გადაწყვიტეს, რომ მოეხდინათ ამ განცხადების დეზავიურება.

- დღეს, რეალურად არსებობს რევოლუციური მუხტი საზოგადეობაში?

- ასეთი მუხტი არ არსებობს. გახარიას პარტია და ლელო არ ემხრობ პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებას. არ გამოვრციხავ, რომ ეს ყველაფერი დარჩეს განცხადებებად. შეიძლება, რაღაც მოიმოქმედონ 4 ოქტომბერს, მაგრამ არ ველოდები, რომ ამას სერიოზული შედეგი მოჰყვე.

- თუკი ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას მართლად შეჩერებ, ეს რამდენად შეუწყობს ხელს პროცესების რადიკალიზაციას?

- თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ამან შეიძლება, გარკვეული ტრიგერის როლი შეასრულო მიტინგებისთვის, მაგრამ არავინ იცის, მრავალრიცხოვანი იქნება თუ არა ეს მიტინგები და რამდენად მზად იქნებიან აქციის მონაწილეები, რომ რევოლუციის გზით დაამხონ ხელისუფლება. ამასთან, ოცნებასაც ჰყავს მომხრეები და თუკი, ჯერჯერობით, მისი მომხრეები არ გამოჰყავს გარეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება დადგეს დრო, როდესაც საკუთარ მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

- ამ შემთხვევაში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომხრეებს შორის დაპირისპირებას უნდა ველოდოთ?

- ეს იქნება უკიდურესი ნაბიჯი. ქართული ოცნება ყოველთვის ერიდებოდა ამ ნაბიჯის გადადგმას. თუ ჩათვალეს, რომ მათ საკუთარი რესურსები არ ჰყოფნით, ვგულისხმობ, ძალოვან სტრუქტურებს, სამართალდამცავებს, სახელმწიფო ბიუროკრატიას, უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება ამას მიმართონ.