საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში კვლავ მწვავე დებატების საგანია ტერმინი - „მშვიდობიანი დამხობა“. ოპოზიციის რადიკალური ფრთა, კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ღიად აცხადებს, რომ მათი მიზანი ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობაა“ და ამის მაგალითებად 2003 წლის საქართველოს „ვარდების რევოლუცია“ და სომხეთში, ნიკოლ ფაშინიანის მიერ განხორციელებული ცვლილებები სახელდება. თუმცა, რამდენად რეალურია ასეთი სცენარი და რა რეაქცია აქვს მმართველ გუნდს ამგვარ განცხადებებზე?
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს:
„მშვიდობიანი დამხობა გულისხმობს, რაც მოხდა 2003 წელს საქართველოშივე და რაც მოხდა ჩვენს სამეზობლოში, სომხეთში, რაც ფაშინიანმა გააკეთა. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და ამას გავაკეთებთ“.
ხაბეიშვილი ლაშა ცანავას დაკავებასაც ეხება და ამას პოლიტიკური მოტივით ხსნის, რადგან მისი თქმით, ცანავა ხაბეიშვილის უსაფრთხოებას იცავდა.
„ჩვენი პარტია სახალხო პარტიაა, ხალხი ლუკმას იღებს და ამ ფულს პარტიას სწირავს, რომ რუსული ხელისუფლება გავისტუმროთ“, - აცხადებს ხაბეიშვილი და 4 ოქტომბერს, „ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღად“ აცხადებს.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი პარალელებს ავლებს „ვარდების რევოლუციასთან“ და აღნიშნავს:
„ვარდების რევოლუციამ დაამხო ივანიშვილის მსგავსი კრიმინალური სინდიკატის რეჟიმი თბილისსა და ბათუმში. ვარდების რევოლუცია დღეს მსოფლიოში არის ჩვენი ბრენდი, ესენი კი დღესაც რევოლუციით აშინებენ ხალხს“, - ამბობს ექსპრეზიდენტი.
ის ასევე აფრთხილებს „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ წევრებზე მოსალოდნელი შეტევების შესახებ და ლაშა ცანავას დაკავებას ამის დასტურად მიიჩნევს.
სწორედ აქ ჩნდება კითხვა: არის თუ არა საქართველოში, დღეს, 2003 წლის მსგავსი სიტუაცია, რომ ოპოზიციამ შეძლოს ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობა“? არსებობს თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე ფაშინიანის მსგავსი ლიდერი, რომელსაც ხალხი გაჰყვება და მას ხელისუფლების ჩანაცვლების ალტერნატივად დაინახავს? ოპოზიციის ეს განცხადებები „მშვიდობიან დამხობაზე“, ხშირად ირონიისა და დაცინვის საგანი ხდება.
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ბიძინას დანიშნულ თარიღებში რომ „იბრუნებს“ ქვეყანას ეს კლოუნი, რომელიმე ჟურნალისტმა არ ჰკითხა, 1-მა ოქტომბერმა რა დააშავა? თუ რამის თავი აქვს, გაუგებარია, ბიძინას დანიშნული თარიღები რაში სჭირდება - 20 სექტემბერს რატომ არ იბრუნებს“, - ამბობს ის.
ჩერგოლეიშვილი იმასაც ამტკიცებს, რომ პაატა ბურჭულაძე მიშას „კუკლაა“ და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან ერთად იყენებს ყველა ერთობის ასარევად, სადაც მიშა არაა ცენტრში.
მმართველი გუნდისთვის „მშვიდობიანი დამხობა“ არის ოქსიმორონი, რომელიც სამართლებრივად არ არსებობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს:
„რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად, ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე... მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს“, - ამბობს მდინარაძე.
მისი თქმით, ოპოზიცია ამ ტერმინით ცდილობს თავის დაზღვევას, რადგან „დამხობისკენ მოწოდება“ სისხლის სამართლის დანაშაულია.
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილიც ანალოგიურ პოზიციას იკავებს:
„დამხობა არის დამხობა, რაც არ უნდა, წინ სიტყვებით გაალამაზო, თუ შეაფერადო. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ დანაშაულია. სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია“, - ამბობს მახაშვილი.
ის ოპოზიციას სიტყვების ფრთხილად შერჩევისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი გაუგებრობები და პასუხისმგებლობა.
როგორ განვითარდება მოვლენები 4 ოქტომბერს, რასაც ხაბეიშვილი „ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღად“ აცხადებს, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, ცხადია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევს და მხარეები ერთმანეთთან სიტყვებით დაპირისპირებას არ ერიდებიან.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან საუბარში, „მშვიდობიან დამხობას“ „ცხელ თოვლს“ ადარებს და აცხადებს, რომ მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ბოლო დროს, აგრესიული გახდა და ხელისუფლებას ზღვარგადასული მუქარის შემცველი ტონით ესაუბრება.
„ჩნდება ეჭვი, ხომ არ არის მის უახლოეს ბიოგრაფიაში რამე ისეთი, რაც მართლმსაჯულებას კითხვებს უჩენს. მე, პირადად, მეპარება ეჭვი იმაში, რომ ხაბეიშვილი მანამდე ასეთი არ იყო და ახლა ასეთი აგრესიული გახდა. მისი მხრიდან მუქარების კორიანტელი შეინიშნება“, - ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 2003 წლის „ვარდების რევოლუციასთან“ დაკავშირებით, აბაშიძის აზრით, ის რეალობას სრულად აცდენილია. საქართველოში ახლა ტოტალურად განსხვავებული სიტუაციაა.
„საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არ არსებობს. შევარდნაძის დროს იყო უდიდესი უკმაყოფილება, ქუჩების გადაკეტვა, უდენობა, უხელფასობა, არ გაიცემოდა პენსია და სხვა დახმარებები. ასევე, უმძიმესი კრიმინალური მდგომარეობა, უდიდესი კორუფცია და განუკითხაობა. მაშინ ხალხის აზრი ქვეყანაში არსებულ აპოლიტიკურ სიტუაციაზე ერთნაირი იყო. ახლა ასეთ სიტუაციას ხედავთ? არის ხალხში ოპოზიციის მიმართ ასეთი მხარდაჭერა? პირიქით, ხელისუფლებაზე მეტად, ოპოზიცია სძულს ხალხს. ამიტომ, სჯობს, ცოტა დაწყნარდნენ და რეალობას გაუსწორონ თვალი, სანამ ცხვირი ბოლომდე არ წაუტეხავთ“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თავადაც ხედავენ, რომ ის ადამიანური რესურსი, რაც პარლამენტთან ჰყავთ, დიდი ალბათობით, დაქირავებულია. ამიტომ, დაქირავებული 500 კაცით რევოლუციები არ ხდება, მით უმეტეს, როცა ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები მოწოდების სიმაღლეზე არიან.
„საკუთარ ელექტორატსაც კი ფუჭი დაპირებებით მოაბეზრეს თავი. რამდენი მსგავსი თარიღი და ციფრი დაასახელეს, რომელიც ჩაუვარდათ და პოლიტიკურად კიდევ უფრო გაკოტრდნენ. ჯერ სალომე ზურაბიშვილს დაათრევდნენ, თავად არ გამოესვლებათ ხალხში, ახლა პაატა ბურჭულაძე გამოაჩინეს, რომლის განცხადებები და რაღაც კრების ჩატარება 4 ოქტომბერს, სიცილისა და ირონიის საბაბი, თავად ოპოზიციის შიგნითვე გახდა. ამიტომ, 4 ოქტომბერს, ამ რადიკალური ფრთის კიდევ უფრო გაკოტრებისა და მათთვის საბოლოო წერტილის დასმის მომსწრენი გავხდებით“, - აცხადებს გია აბაშიძე.