გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, რომელიც ბოლო დროს, საქართველოს ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული კრიტიკითა და აგრესიით გამოირჩევა, სკანდალში ეხვევა. აღმოჩნდა, რომ საცხოვრებელ ფართს, ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს, თუმცა საგადასახადო ორგანოში, ხელშეკრულების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ იძებნება. ეს ფაქტი, მმართველი გუნდის შეფასებით, „ბუნდოვანებას“ ქმნის კანონის დაცვასა და პოლიტიკურ კორუფციას შორის.
ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ სკანდალს. შესაძლებელია თუ არა ეს გახდეს ელჩის ქვეყნიდან გაძევების, ან მისი ქვეყნის მხრიდან სერიოზული კორუფციის სკანდალის მიზეზი? ჩნდება კითხვები, რატომ არ გაფორმდა სახელშეკრულებო კონტრაქტი და რატომ მალავს საშემოსავლო გადასახადს ხაზარაძის ოჯახი. შესაძლებელია, რომ დამალული გადასახადი ანუ შავი ფული გერმანიის ელჩის ჯიბეში მიდის? ამ კითხვებზე პასუხები, სავარაუდოდ, მომავალში გამოიკვეთება, რადგან კომპეტენტური ორგანოები, თუკი საჭიროდ ჩათვლიან, ამ საქმესაც შეისწავლიან.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე 750 კვადრატული მეტრი ფართობის სახლი, სადაც გერმანელი დიპლომატი ცხოვრობს, სწორედ ირინა ხაზარაძის საკუთრებაა. მედიამ სცადა ირინა ხაზარაძესთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. ასევე, ჯერჯერობით, უცნობია გერმანიის საელჩოს ოფიციალური პოზიციაც, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან მათ წერილობითი მიმართვა უკვე მიიღეს.
აღმოჩნდა, რომ ირინა ხაზარაძე რეგისტრირებულია, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, თუმცა მას 2014 წლიდან, დეკლარაცია და ქონების გაქირავებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადახდილი გადასახადები არ უფიქსირდება. ეს გარემოება კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს ფინანსური გამჭვირვალობის ნაკლებობასთან დაკავშირებით.
მმართველი გუნდი ამ ფაქტს დიპლომატიური ეთიკისა და ნეიტრალიტეტის დარღვევად აფასებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის განცხადებით, უკვე ერთი წელია, რაც ელჩი, ხაზარაძეების ოჯახისგან ქირაობს საცხოვრებელ ფართს.
„როგორ შეიძლება, დიპლომატი, პოლიტიკაში ჩართული ადამიანისგან ქირაობდეს საკუთრებას და შემდეგ მას ჰქონდეს პრეტენზია მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების არქონა დამატებითი საფუძველია და იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაუმჭვირვალობაც ახლა გახდა დამატებითი საკითხი“, - აცხადებს გორდულაძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი კიდევ უფრო მკვეთრად აფასებს სიტუაციას და აღნიშნავს, რომ ეს არ არის არც ევროპულობა და არც დემოკრატიულობა. ვოლსკი დარწმუნებულია, რომ გერმანიაში არ არსებობს კანონი, რომელიც ელჩს პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავების საშუალებას აძლევს, მით უმეტეს, ხელშეკრულების გარეშე.
„საშემოსავლო გადასახადის დამალვის გარდა, ეს, რასაკვირველია, სერიოზული პოლიტიკური თემაა, თუკი ეს ასეა... დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში არანაირი კანონი არ არსებობს ისეთი, რომელიც უშვებს ასეთ უმსგავსობას... ფაქტია, რომ პოლიტიკური კორუფცია არის სახეზე“, - აცხადებს ვოლსკი. მისი თქმით, ელჩის მიერ, მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავება და ამავდროულად, მისი პოლიტიკური პოზიციის მხარდაჭერა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური კორუფცია.
„ლელოში“ კი პრობლემას ვერ ხედავენ. პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი მამუკა კაციტაძე აცხადებს: „თუ რამე დარღვევაა... არ მგონია, რომ მანდ დარღვევაა... არანაირი ინტერესთა კონფლიქტი, მით უმეტეს, არანაირი სამართლიანი დარღვევა მანდ არ არის და თუ არის, ვუსმენთ, რაში მდგომარეობს... ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პიარ-კამპანიის ნაწილი და არა საშემოსავლო და ა.შ“, - ამბობს კაციტაძე.
ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან აცხადებს, რომ რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სკანდალია, როდესაციმის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ მოიძებნება, რომ ამხელა ფართის გაქირავებიდან ხაზარაძის ოჯახი საშემოსავლო გადასახადს იხდის. ახვლედიანი ამბობს, რომ აქ ათასებზე არაა საუბარი, არამედ, შესაძლოა, ათი ათასობით დოლარის დამალვასთან გვქონდეს საქმე.
„ეს დიდი ფართია და აქ რამდენიმე ასეულ დოლარზე კი არა, რამდენიმე ათას დოლარზეა საუბარი. არ ვიცი, ზუსტად რა ღირებულების ქონება აქვს ელჩს დაქირავებული, მაგრამ ვხვდებით, რომ ამ ფართის ქირაობა ამ ადგილას ასეთი იაფი არ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ხაზარაძის ოჯახი, რომელიც გერმანიის ელჩზე სახლს აქირავებს, საშემოსავლო გადასახადს არ იხდის. წარმოიდგინეთ, რა დონის უნამუსობაა ეს. აქ ხომ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ვინმე ხელმოკლე ოჯახს ბინა დაუთმო. აქ საუბარია საელჩოზე, მსოფლიოში ერთ-ერთ, ყველაზე მდიდარ ქვეყანასა და ელჩზე. ფიშერს ბინის დასაქირავებელ თანხას გერმანია უხდის, ანუ სახელმწიფოს ფულს, ბოდიში და, გამოდის, „ტეხავენ“.
იქ გათვალისწინებულია ყველანაირი გადასახადი და გამოდის, რომ ფიშერი შესანიშნავ, კომფორტულ კორუფციულ მდგომარეობაშია. მან ნახა ხაზარაძის ოჯახი, რომელთანაც ხელშეკრულება არ გააფორმა, ან რაღაც ისეთი ხელშეკრულება აქვთ, რომელიც ჯიბეში უდევთ, ანუ ისე, თავისთვის რომ მორიგდებიან ხოლმე. არაა გამორიცხული, ამ საშემოსავლო თანხას ჯიბეში ფიშერიც იდებდეს, ან ხაზარაძის ოჯახიც მალავდეს ამ გადასახადებს“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, ეს ამ სკანდალის ერთი მხარეა, მაგრამ არსებობს მეორეც - იგულისხმება პოლიტიკური ინტერესთა სერიოზული კონფლიქტი.
„არაფრით არ შეიძლება, რომ უცხო სახელმწიფოს ელჩი ქირაობდეს ფართს, კორუფციულად თუ არაკორუფციულად, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის ოჯახიდან. ელჩი უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური, არ უნდა ერეოდეს არაფერში, ის უნდა წარმოადგენდეს თავის სახელმწიფოს და ყველა პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდეს დაბალანსებული და ნეიტრალური ურთიერთობა.
არავითარი მიკერძოებული და ფინანსური დაინტერესება მას არ უნდა ჰქონდეს. ეს არის გაუგებარი ანაქრონიზმი, სრული აბსურდია და, შესაბამისად, ეს უკვე დიდი სკანდალია. მერე, თუ გავითვალისწინებთ ბატონი ფიშერის პოლიტიკურ მიკერძოებულობას, რომელიც ბოლო დროს, ლამის ოპოზიციონერთა ციტატებით საუბრობს, ეჭვი მყარდება, რომ მას მხოლოდ დავალებებს კი არ აძლევენ უცხოეთიდან, ის აქ, ადგილზეც, რაღაცის სანაცვლოდ, პირად მიკერძოებულ პოზიციას იჩენს. ეს კი ძალიან დიდი სირცხვილია“, - ამბობს ახვლედიანი.
რაც შეეხება იმას, შესაძლებელია თუ არა ეს ფაქტი გახდეს ქვეყნიდან ელჩის გაძევების მიზეზი, ახვლედიანი ამბობს:
„რა თქმა უნდა, სხვა ქვეყანაში, შესაძლოა, ეს ელჩის დაუყოვნებლივ გაძევების მიზეზი გამხდარიყო. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ფრთხილობს და ევროკავშირის ქვეყნებთან, მათ ელჩებთან, სიტუაციას არ ამწვავებს“. ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ თავად გერმანია დაინტერესდეს ამ ამბით და ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღოს.