დიდი ქალაქების მოგების ოპოზიციური ილუზია და 2024 წლის წარსული, რომელიც აღარ განმეორდება

დიდი ქალაქების მოგების ოპოზიციური ილუზია და 2024 წლის წარსული, რომელიც აღარ განმეორდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვე რჩება. მმართველი გუნდი -„ქართული ოცნება“ დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში და აცხადებს, რომ თბილისთან ერთად, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგებს, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. მათი შეფასებით, კახა კალაძის კანდიდატურა დედაქალაქში უალტერნატივოა.

ოპოზიციური პარტიები კი, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, ასევე ემზადებიან პრეზენტაციებისთვის. „ლელოსა“ და გახარიას გუნდს, სავარაუდოდ, დედაქალაქში საერთო კანდიდატი ეყოლებათ, რაც მათ დიდ ქალაქებში გამარჯვების იმედს აძლევს. ამ ოპტიმიზმის საფუძველი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებია.

მართალია, ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54% მიიღო და 89 დეპუტატი შეიყვანა პარლამენტში, თუმცა დიდ ქალაქებში მათი შედეგები შედარებით მოკრძალებული იყო. აღსანიშნავია, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდა, მაჟორიტარების გარეშე, რაც განსხვავებულ დინამიკას ქმნის ადგილობრივი არჩევნებისთვის. დედაქალაქის ვერცერთ ოლქში მმართველმა პარტიამ 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა. თბილისში, რაიონების მიხედვით, „ოცნების“ მხარდაჭერის მაჩვენებელი ასეთი იყო:

მთაწმინდა - 41.512%; ვაკე - 38.003%; საბურთალო - 39.758%; კრწანისი - 48.831%; ისანი - 45.298%; სამგორი - 44.924%; ჩუღურეთი - 44.105%; დიდუბე - 42.076%; ნაძალადევი - 42.571%; გლდანი - 40.46%.

გარდა თბილისისა, „ქართულმა ოცნებამ“ 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა ქუთაისში (47.279%), რუსთავში (41.414%), ბათუმსა (49.683%) და წალენჯიხაში (48.021%). ეს შედეგები ოპოზიციას აძლევს საბაბს, იფიქროს, რომ დიდ ქალაქებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს.

თუმცა, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ორად გაყოფილ და დაპირისპირებულ ოპოზიციას აქვს თუ არა იგივე რეიტინგი, რაც 2024 წელს ჰქონდა? ჩავარდნილი ბოიკოტისა და არასწორი ტაქტიკის შედეგად, ხომ არ შემცირდა მათი შესაძლებლობები?

ფაქტია, რომ გახარიას გუნდსა და „ლელოს“ რეგიონებში არ აქვთ არც ადამიანური რესურსი და არც ის ინფრასტრუქტურა, რაც მათ ხელისუფლებასთან კონკურენციაში დაეხმარება. ყველაზე გამართული და უკეთესი საარჩევნო შესაძლებლობა მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, რომელიც ამ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, კახა კალაძემ განვლილი საქმიანობით, კონკრეტული საქმეებითა და გადაწყვეტილებებით დაამტკიცა, რომ იგი კიდევ ერთხელ იმსახურებს მოსახლეობის მხარდაჭერას. მისივე თქმით, მოსახლეობის სურვილი არ არის რადიკალიზაცია და ქუჩის აქციები, არამედ ცივილიზებული პოლიტიკის წარმოება სახელმწიფო ინსტიტუტების ფარგლებში. ამიტომაც, მისი შეფასებით, ოპოზიციის ამ ნაწილს არანაირი შანსი არ აქვს.

„ამ პროცესის გვირგვინი და მნიშვნელოვანი მონაკვეთი არის თბილისი და თბილისის მერობის არჩევნები, რომელშიც ჩვენ საკმაოდ იმედიანად და დამაჯერებლად შევდივართ კახი კალაძის ხელმძღვანელობით. განვლილი საქმიანობით, კონკრეტული საქმეებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით, მან დაამტკიცა, რომ კიდევ ერთხელ იმსახურებს მოსახლეობის მხარდაჭერას, რათა განაგრძოს თავისი საქმიანობა თბილისისა და თითოეული თბილისელის საკეთილდღეოდ.

მოსახლეობის სურვილი, დაკვეთა, მთავარი ხედვა არ არის რადიკალიზაცია და ქუჩის აქციები, პირიქით, თითოეული მოქალაქის, ყველა ჩვენგანის ინტერესია, რომ საქართველოში, პოლიტიკის წარმოება ხდებოდეს ცივილიზებულად - სახელმწიფო ინსტიტუტების ფარგლებში. მინიმუმ ამის გამოც, მათ არანაირი შანსი არ აქვთ და მოსახლეობის დამოკიდებულებაც გასაგებია პოლიტიკური ოპოზიციის ამ ნაწილისადმი“, - განაცხადა მახაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საუკეთესო შედეგი აჩვენა ახალქალაქში (88.933%), ნინოწმინდაში (89.771%), საჩხერეში (84.375%), ბოლნისში (80.711%), მარნეულსა (79.545%) და დმანისში (76.434%), დიდ ქალაქებში მათი შედარებით დაბალი მაჩვენებლები ოპოზიციას გარკვეულ იმედს უტოვებს.

თუმცა, ოპოზიციის გაყოფა, რეგიონებში რესურსების ნაკლებობა და 2024 წლის შემდეგ არსებული პოლიტიკური კონტექსტი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ ოპტიმიზმს, აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი. for.ge-სთან საუბარში ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ოპტიმიზმი არარეალურია, რადგან მათი რეიტინგი განახევრებულია და რეალობა სრულიად სხვაა.

„ოპოზიციის რეიტინგი ძალიან დაცემულია. ჩვენ ვხედავთ ახალ რეალობას, რომელიც ოპოზიციის გარშემო განვითარდა - დაქსაქსულ და ერთმანეთში დაპირისპირებულ ოპოზიციას, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში, საკუთარი ელექტორატი მოატყუა, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს? მით უმეტეს „ლელოსა“ და გახარიას კოალიციას, რომელთა ამომრჩეველიც ამ გაერთიანებით კმაყოფილია თუ არა, ესეც არ იციან. სწორედ ამიტომ გაერთიანდნენ ერთ დროს მტრად მოკიდებული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვთ.

ჩვენ ვნახეთ Gorbi-ის კვლევები, სადაც „ნაციონალები“ და „ახალი“, საერთოდ მესამე და მეოთხე პოზიციაზე არიან გადასულები, ხოლო „ლელოსა“ და გახარიას რეიტინგი, ჯამში, 25%-მდე აღწევს. ამიტომ, რეალობა შეცვლილია და ის რეიტინგი, რისი იმედიც ჰქონდათ დიდ ქალაქებში, აღარ აქვთ. მით უმეტეს, კალაძის ფაქტორი ვიცით, როგორია. მას ვინ უნდა დაუყენონ ისეთი, რომ თბილისში გამარჯვება შეძლონ“, - რიტორიკულ კითხვას სვამს ზარდიაშვილი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, შეძლებენ თუ არა „ლელო“ და გახარია „ნაციონალების“ ამომრჩევლის გადაბირებას, ან მათი საარჩევნო რესურსის გამოყენებას რეგიონებში, ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ არა და ამის მიზეზსაც განმარტავს:

„შესაძლოა, ფულით „ლელომ“ და ხაზარაძემ სცადონ რეგიონში „ნაციონალებისა“ და „ახლის“ ადამიანური რესურსის გადაბირება. თუმცა, სამწუხაროდ, ვიცით, რომ ინფრასტრუქტურა, ასევე საარჩევნო გამოცდილება ოპოზიციაში ყველაზე ძლიერი „ნაციონალებს“ აქვთ და დღემდე ინარჩუნებენ. ამასთან, ჯერ კიდევ არ ვიცით, საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც შეეხება თავად მხარდამჭერებს, ისინი რადიკალურ ჯგუფად და სექტანტებად არიან ჩამოყალიბებულნი.

ამიტომ, ნაკლებია იმის შანსი, რომ მათმა მხარდამჭერებმა არჩევნებში „ლელოსა“ და გახარიას ხმა მისცენ. ამას ემატება პარტიის ლიდერების ადგილზე არყოფნა და უშუალოდ საარჩევნო პროცესის მართვა. გახარია ქვეყნიდან გაიქცა და კაცმა არ იცის, როდის დაბრუნდება. ხაზარაძემ კი თავი ძალით დააჭერინა და ციხეში წავიდა. ამიტომ, ამ ფაქტორებსაც დიდი გავლენა აქვთ - როცა ადგილზე ლიდერები არ მონაწილეობენ და არ არიან ჩართულები წინასაარჩევნო პროცესში, ეს პარტიისთვის დიდი დანაკარგია“, - ამბობს ზარდიაშვილი. 

 

მარბიელი ხოო, ე.ი. თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, წალენჯიხაში ოცნება იმიტომ არ წააგებს არჩევნებს რომ ნაცები არ მონაწილეობენ??? და არა იმიტომ, რომ სხვაზე უკეთესები არიან და ამ 13 წელში რამე საამაყო გააკეთეს (რა თქმა უნდა ეს 2017 წლის სამარცხვინო კონსტიტუცია არაა)
სახტად დავრჩი!
2 საათის უკან