ქართულ ოპოზიციურ სპექტრში სერიოზული დაპირისპირება მძვინვარებს, რისი მიზეზიც ხელისუფლების დამხობასა და „რევოლუციის“ თარიღთან დაკავშირებით, განსხვავებული შეხედულებებია. ნაწილისთვის 4 ოქტომბერი, საპარლამენტო არჩევნების დღე, ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის ძალაუფლების წართმევის ბუნებრივ „დედლაინად“ განიხილება, ნაწილისთვის კი ეს განცხადებები სასაცილო და მიუღებელია. ამ დაპირისპირების ავანგარდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და მსოფლიო ბანი, საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე დგანან.
პაატა ბურჭულაძემ მოქალაქეებს 4 ოქტომბერს, 16.00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს იქნება „ეროვნული კრება“, რომლის მიზანიც „რეჟიმის მიერ მიტაცებული ქვეყნის დაბრუნებაა“.
„ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს განთავისუფლებას. მოემზადე საქართველო, ბრძოლა ბოლომდე“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
პარალელურად, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსა და სტატუსებში აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერი ბუნებრივი „დედლაინია“ და ამ დღეს „მძლავრი და ორგანიზებული პროტესტი“ უნდა გაიმართოს. ხაბეიშვილმა სიტყვა „დამხობაც“ ახსენა, რითაც ოპოზიციურ სპექტრში მწვავე რეაქცია გამოიწვია.
მისი პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ „რევოლუციის თარიღი წინასწარ არ ანონსდება და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა უპასუხისმგებლო და გაუმართლებელი ქმედებაა“.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ელენე ხოშტარიაც გამოეხმაურა: „ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ, ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, ან სასარგებლო იდიოტი“, - წერს ხოშტარია.
„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე კოლეგებს განცხადებებსა და რევოლუციური სცენარის დაგეგმვას უწუნებს.
„არც წინასწარ დაანონსებულ რევოლუციას აქვს პერსპექტივა და არც სპონტანურს. ჩვენ რევოლუციის წინააღმდეგი ვართ 4 ოქტომბერსაც და 5 ოქტომბერსაც. დიდი ბოდიში, მაგრამ კეთილი ინებონ ოპოზიციურმა პარტიებმა და თუ ისინი თვლიან, რომ არ არიან სასარგებლო იდიოტების როლში, ცოტა გონს მოუხმონ. თუ ისინი მართლა აპირებენ „ოცნებასთან“ რეალურ ბრძოლას და არა მხოლოდ რევოლუციების დაანონსებას სხვადასხვა თარიღებში, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“, - განაცხადა შარაშიძემ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციონერების განცხადებებს. გია ვოლსკის თქმით, პაატა ბურჭულაძეს მას შემდეგ არ მიუღწევია წარმატებისთვის, რაც „პუტინს უმღერა“, შესაბამისად, რევოლუციის მომზადების მისი სცენარი წარუმატებელი აღმოჩნდება. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, ვოლსკის აზრით, ის „ჩამორჩა პოლიტიკურ მოვლენებს და ახლა ცდილობს, როგორმე თავი წარმოაჩინოს.
„ხალხის ძალის“ ლიდერი გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციური მოვლენების განვითარების თარიღზე ვერ შეთანხმდა.
„დედა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იმაზეც ვერ თანხმდებიან, რევოლუციური გზის რა თარიღი აირჩიონ. იმდენად არიან შოკში, რომ ზოგი ამბობს - მშვიდობიანი რევოლუცია გვინდაო, ზოგი ამბობს - ძალადობრივი რევოლუცია გვინდაო. წლების განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ეს ხალხი არჩევნებისთვის არ ემზადება იმიტომ, რომ იციან, დამარცხდებიან და რევოლუციური მიზნები აქვთ, რაზეც ამბობენ, რომ ეს არის სუს-ის მოგონილი, ხან - ხელისუფლების მოგონილი, ხან - რა რევოლუციაზეა საუბარიო და დღეს აღიარებენ, რომ უნდათ რევოლუცია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ „მშვიდობიანი რევოლუციის“ განმარტება არ არსებობს.
ოპოზიციურ ფლანგზე არსებული ეს დაპირისპირება, საარჩევნო კამპანიის ფონზე, კიდევ უფრო მწვავდება და კითხვებს აჩენს მათი ერთიანობისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ,4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, for.ge-თან სკეპტიკურ შეფასებებს აკეთებს. მისი აზრით, ამ აქციის ჩანიშვნა არჩევნების დღეს, სინამდვილეში, მმართველი გუნდისთვის სასარგებლო აღმოჩნდება.
ანალიტიკოსი კითხულობს, თუ რატომ შეარჩიეს აქციისთვის მაინცდამაინც 4 ოქტომბერი და არა 3, ან 6 ოქტომბერი. მისი თქმით, ბოიკოტის მომხრეების მიერ აქციის არჩევნებთან დამთხვევა, მაშინაც კი, თუ მათ ხალხის მობილიზება იმ რაოდენობით შეუძლიათ, რომ ივანიშვილმა დაინახოს და იფიქროს - სად გავიქცეო, გაუგებარია. თუ ასეთი ძალა აქვთ, რატომ არ აკეთებენ ამას უფრო ადრე, ან უფრო გვიან?
„ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ რეალური, თუ არარეალური - ამას მნიშვნელობა არ აქვს - არჩევნებია უკვე დაგეგმილი და აქციის ჩანიშვნა მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს“, - აღნიშნავს ძაბირაძე.
ის ხაზს უსვამს, რომ ამგვარი ქმედება ხელისუფლებას ნებისმიერი მანევრირების საშუალებას მისცემს. პირველ რიგში, პროპაგანდისტულად, ოპოზიციას ეს თემა უკვე წაგებული აქვს. ძაბირაძეს მრავალი კითხვა აქვს აქციასთან დაკავშირებით და აცხადებს:
„როცა 4 ოქტომბერს ნიშნავ აქციას, უკვე წაგებული ხარ. მე ეჭვქვეშ ვაყენებ „ეროვნული კრების“ ლეგიტიმურობას. ჯერ ერთი, რა ეროვნულ კრებაზეა საუბარი? ვინ იღებს მონაწილეობას ამ ეროვნულ კრებაში და რატომ ჰქვია საერთოდ ეროვნული კრება? ასე ხომ ნებისმიერს შეუძლია, რაღაც შეკრება მოიწვიოს და დაარქვას ეროვნული კრება, ან როგორ მოხდება ხელისუფლების ჩამოშლა, ამაზე პასუხებს ბოიკოტის მომხრე პოლიტიკური ძალებისა და აქციის ორგანიზატორებისგან ველოდები. მსგავსი აბსურდული განცხადებები ხელისუფლებას კიდევ უფრო მისცემს მოსახლოებისა და ამომრჩევლის მობილიზების შესაძლებლობას. ვერ გაიგეს, რომ რევოლუციებისა და გადატრიალებების დაანონსება, ხელისუფლებისთვის დიდი საჩუქარია“, - ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციის ნაწილის მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, For.ge-სთან საუბარში კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს და ამბობს, რომ „გიჟი თავისუფალია“, სწორედ მათზეა ნათქვამი.
გვენეტაძე იხსენებს, რამდენი თარიღი დაასახელეს 28 ოქტომბრიდან დღემდე, რომელიც ოპოზიციას ყველა ჩაუვარდა. მისი პროგნოზით, იგივე მოხდება 4 ოქტომბერსაც.
„ამათ სიგიჟეს ქართველი ხალხი უკვე დიდი ხანია შეეჩვია. ამათი რევოლუციური ჭინთვები არა და არ დასრულდა. ხელისუფლებაში ვერ ბრუნდებიან და მისი მიტაცების სხვა გზა აღარ დარჩათ. ახლა ბურჭულაძესა და ხაბეიშვილს, ჯერ ერთი, რომ ხალხი არ მიატაცებინებს ხელისუფლებას და მეორეც, ჩვენი მთავრობა ისეთი „მოფამფალებულია“, რომ ბურჭულაძისა და ხაბეიშვილის დასამხობი გახდეს? ამიტომ, გიჟები თავისუფლები არიან. რასაც ავალებენ ხაბეიშვილსაც და ბურჭულაძესაც, იმას აკეთებენ“, - აცხადებს გვენეტაძე.
ის პაატა ბურჭულაძეს ურჩევს, მიხედოს თავის საქმეს, თუმცა აღნიშნავს, რომ „რუსეთშიც დაგვიანებულია უკვე, რადგან ბორის გოდუნოვის პარტიას, მოსკოვის დიდ სცენაზე უკვე სხვები თამაშობენ“.
„ამიტომ, უსაქმოდ დარჩენილს, ეს საქმე გამოუძებნეს. თუმცა, რომელი რევოლუციონერი ეგ მყავს, რომ ხალხმა იხუვლოს და მაგის დაძახებულზე, ქუჩაში გაცვივდნენ? რით ვერ შეიგნეს, რომ უკვე სასაცილოები არიან. როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებს „გვერდები კარგად ექავებათ“, ამიტომ არაა გამორიცხული, 4 ოქტომბერს ძალიან კარგად მოიქავონ. ვერავინ შეძლებს, ვერც არჩევნების ჩაშლას და ვერც მოსახლეობასთან კონფრონტაციაში შესვლას, ამიტომ იდგნენ და ილაპარაკონ, ენას ძვალი არა აქვს“, - აცხადებს გვენეტაძე.
ის დაჭერილი თაღლითი - გაგიშვებთ, თუ ხაბეს მარშრუტებს გვაცნობებო :)) მორიგი სისულელე - ჯერ ერი ეთქვა კი, გამოსულიყო და მერე ეთქვა, რასაც ამბობს და მეორე - ხაბეს მიმოსვლის ყურებას ცანავა რად უნდა? უნიჭობა!