„ამერიკულმა პოლიციამ სულ აიშვა, ხალხს ციხეებში ყრიან“, –ამერიკის შიდაპოლიტიკა რამდენიმე სიტყვით ასე შეაფასა რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ექს-პრეზიდეტთან ბილ კლინტონთან შეხვედრისას, რუსეთისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 11 პირის დაკავების ფაქტზე.
ფაქტი, რომელიც მედვედევი–ობამას შეხვედრას დაემთხვა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ორივე ქვეყნის ლიდერს. რუსეთის საგარეო საქმეა მისნისტრმა სერგეი ლავროვმა ირონიულადაც კი შენიშნა, რომ ჯაშუშების გამოსავლენად ამერიკელებმა კარგი დრო შეარჩიეს. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მომხდარი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე არ აისახება, მაგრამ სხვაგვარად ფიქრობენ პოლიტოლოგები.
ლავროვის ირონია, პუტინის იმედები, ამერიკის ინტერესების რეანიმაცია და საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტი, შეიძლება ითქვას, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და თუ როგორ ამაზე პრესა.გე–ს პოლიტილოგი სოსო ცინცაზე ესაუბრა.
რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ ობამა–მედვედევის შეხვედრის მეორე დღეს ამხელ სკანდალის აგორება რუსეთის წინააღმდეგ?
– როდესაც ორ სახელმწიფოს არ უნდა ურთიერთობის გაფუჭება და ერთი სახელმწიფო იჭერს მეორე ქვეყნის ჯაშუშებს, მაშინ არ ხდება საჯარო განცხადებები. ჩუმად, ყოველგვარი პრესის და კამერების გარეშე, ეს პიროვნებები პერსონა ნონ–გრანტად ცხადდებიან და ქვეყნიდან აძევებენ. აქ კი უცებ სკანდალი აგორდა.
ანუ...
– ჩემი აზრით, ეს იყო ობამას წინააღმდეგ მიმართული სკანდალი. ობამას დიდი სირთულეები აქვს კონგრესში. 4 ნოემბერს კონგრესის არჩევნებია, ერთი პალატა 100%–ით უნდა განახლდეს, მეორე – 25%–ით. გარდა ამისა, კონგრესს განსახილველი აქვს 8 აპრილის ხელშეკრულება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების თაობაზე. „რესპუბლიკელები“ ამის წინააღმდეგ გამოდიან და რევანშისთვის ემზადებიან.
თანაც, „ფე–ბე–ერი“ და მთელი ეს სტრუქტურები იუსტიცის სამინიტროს ექვემდებარებიან და არ არის გამორიცხული, რომ იუსტიციის სამინისტროში ობამას კურსით სულაც არ იყვნენ კმაყოფილი ე.წ. „ქორები“, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებენ რუსეთთან დატკბობის ობამასეულ პოლიტიკას. ასე რომ, მათ უკვე მიაღწიეს თავისას.
ჩვენ აქ უზუსტობებში ვვარდებით. გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, რუსეთმა აღიარა, რომ ათივე პირი რუსეთის მოქალაქეა. რუსეთს ეს არ უღიარებია. პირიქით, რუსები ამბობენ, რომ ჩვენ ველოდებით ახსნა–განმარტებასო. თუმცა პუტინმა თქვა, იმედი მაქვს ეს არ იქონიებს ამერიკასთან ჩვენს ურთიერთობებზე გავლენასო. არადა ისე იქონიებს, თქვენი მოწონებული.
მაინც რა შედეგი მოყვება ამ ყველაფერს. ეს „გადატვირთვის“ პოლიტიკის კრახია თუ პატარა ბარიერი ამერიკა რუსეთის ურთიერთობებში?
– არც ერთია და არც მეორე. ეს არის დიდი ბარიერი. ჩვენ სასურველს რეალობად ნუ მივიღებთ. ასეთი პოლიტიკა დავუთმოთ ხერხეულიძეებს, წიკლაურებს, ბარნოვებს, შარაშენიძეებს, ხოლო, ჩვენ რეალურად ვილაპარაკოთ. თანამშრომლობის ტემპი დაეცემა და აქედან გამომდინარე, ევროპაც კორექტივებს შეიტანს თავის მიდგომაში.
ევროპაშიც არის ისეთი ხალხი, რომელიც მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ არის რუსეთთან ჩახუტების პერსპექტივით. ამერიკაში 10 ჯაშუში აღმოაჩინეს, თორემ 10–ც არის და 100–ც და ეს ჯაშუშები ევროპაშიც არიან. ევროპა ნატოა, სადაც 4 წლის წინ აღმოაჩინეს ჯაშუში. ამიტომ, ნატო–რუსეთის თანამშრომლობის ტემპიც შემცირდება. მოკლედ, ფართო სპექტრი ექნება ამ სკანდალს.
ლავროვმა თქვა, რომ საკმაოდ კარგი დრო შეარჩიეს ამ სკანდალისთვისო, რას გულისხმობდა?
– ეს მწარე ირონია იყო, რადგან ეს სკანდალი, პრაქტიკულად, ობამა–მედვედევის შეხვედრას დაემთხვა. დღეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მედვედევია, რომელიც შაქარყინულს აფრქვევდა პირიდან პრესკონფერენციაზე ობამასთან საუბრისას. ამ დროს რა გამოდის, თუ მედვედევმა არ იცოდა, რომ რუსი ჯაშუშები იყვნენ, მაშინ მედვედევი რის პრეზიდენტია? პუტინმა რომ არ იცოდეს, ამას არავინ დაიჯერებს, სასაცილოც კია, რადგან პუტინი თავისი პროფესიით პირველი ჯაშუშია. გამოდის მედვედევმა, ან არაფერი იცოდა, ან იცოდა და პირფერობდა, თვალებში უყურებდა ობამას და ატყუებდა.
თავად პუტინისთვის რამდენად მიუღებელი შეიძლება იყოს მომხდარი, ანუ, „გადატვირთვის“ პოლიტიკით თავად პუტინი რამდენად აღფრთოვანებულია?
– გამორიცხულია, რომ პუტინს „გადატვირთვის“ პოლიტიკა არ აწყობდეს, პირიქით, პუტინი თვლის, რომ ამ პოლიტიკას საფუძველი თავად ჩაუყარა. მას მიაჩნია, რომ მისმა მტკიცე პოზიციამ დაარწმუნა ამერიკელები, რომ რუსეთთან ჭიდაობა არ არგებთ და რაღაც უნდა დაეთმოთ.
რუსეთში „გადატვირთვის“ პოლიტიკას, როგორც დათმობას ისე აფასებენ – ამერიკელები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას ევროპაში აღარ დგამენ, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაც გადაიდო, ირანის საკითხებში თანხმობა აქვთ და რაც მთავარია, დაიწყო ატომის სფეროში მშვიდობიანი თანამშრომლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღების გარანტიაც მიიღო.
ეს გარანტია რამდენად შეიძლება ჰქონდეს რუსეთს, როცა საქართველოს მის წინააღმდეგ ვეტოს უფლება შეუძლია გამოიყენოს?
– რასაკვირველია, საქართველოს აქვს ვეტოს უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ჯიბრში ჩაუდგება. საქართველომ შეიძლება მოხსნას ეს ვეტო, მაგრამ რაღაცის ფასად. ეს უკვე დიპლომატიური ვაჭრობის თემაა.
და, რით შეიძლება საქართველომ ივაჭროს?
– სანამ კლინტონი არ ჩამოვა, მანამდე არაფერი ითქმევა. ჩემი ღრმა რწმენით, კლინტონის ჩამოსვლის დროს, საუბარი იქნება, რის საფასურად შეიძლება საქართველომ დადოს ეს გაუჭრელი კოზირი. ჰილარი კლინტონის ლამაზი თვალებისთვის, გამოვრიცხავ სააკაშვილმა ეს დათმოს.
სააკაშვილის განცხადება, რომ დევნილების დაბრუნებაზე მზად ვართ რუსეთს უპირობოდ ველაპარაკოთ, შეიძლება თუ არა ამ საკითხზე საუბრისას დევნილების დაბრუნების თემა უკვე პირობად იქცეს?
– შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად, ეს კოზირი ვერ იუშავებს, რადგან რუსეთი დევნილებს არ დააბრუნებს და ვერც დააბრუნებს. ეს ძალზედ რთული თემაა. გარდა ამისა, სად უნდა დაბრუნდნენ? ვინ ააშენებს იქ ათასობით დამწვარ და დანგრეულ ქართველების სახლს? რომელიც გადარჩა, იქაც, ზოგში კაზაკი ცხოვრობს და ზოგში შორეული აღმოსავლეთიდან ჩამოსული „ბომჟი“.
იმ „ბომჟებს“, რომლებმაც ნახეს, რომ წელიწადში 11 თვე ზღვაში შეიძლება ბანაობა, ეზოში თავისით მწიფდება მანდარინი, ფორთოხალი და ხურმა, მოკვდება და იქედან ვერ გააგდებ. ამიტომ, ეს ურთულესი საკითხია. აქ უკვე მთელი მსოფლიოს ძალისხმევა იქნება საჭირო და ამ საკითხის მოგვარებას შეიძლება 100 მლრდ დოლარიც არ ეყოს.
რეალურად, რით შეიძლება ვივაჭროთ რუსეთთან?
– შეიძლება ეს პროცესი დავიწყოთ გალიდან და ოჩამჩირიდან. გუდაუთაში და ათონში ამ ხალხს რომ არავინ დააბრუნებს ცხადია, მაგრამ იგივე სოხუმში, რომელი სახლები გადარჩა, შეიძლება ხალხი იქაც დაბრუნდეს. იგივე, შეიძლება ახალგორის პრობლემა მოგვარდეს. ეს მოლაპარაკების თემა უნდა იყოს და მე გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილმა და ჩვენმა ხელისუფლებამ ეს კოზირი არაფრის გამო დათმოს, რადგან ეს იქნება უკანასკნელი კოზირის ჩუქება რუსეთისთვის.
შესაძლებელია თუ არა საქართველოს დეოკუპაცია გახდეს საქართველოსთვის სავაჭრო თემა?
– გამორიცხულია, რადგან რუსეთი იტყვის, არც თქვენი ვეტეო მინდა და არც არაფერიო და არსადაც არ წავა. შეიძლება, ჩვენ ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი დავიწყოთ. უცებ, 300 ათასს ადამიანს არავინ დააბრუნებს, მაგრამ გალზე შესაძლებელია ვილაპარაკოთ. თუმცა, იქაც კი სირთულეა, ბაღაფშმა სამჯერ განაცხადა, რომ აფხაზეთში 45 ათასი ქართველი არის და მეტს აღარ შემოვუშვებო. ეს ოფიციალურად განაცხადა ბაღაფშმა, მაგრამ ევროკავშირს ყურები არ შეუბერტყავს. არადა, ასეთი განცხადებისთვის მილოშევიჩი მეორე დღეს ციხეში ჩასვეს. ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი.
რასაც ბაღაფში აკეთებს, მილოშევიჩს ამის ნახევარი არ გაუკეთებია, მან 52 ათასი კოსოველი გარეკა მაკედონიში, რომელიც შემდეგ ნატომ შემოიყვანა და დატოვა. ჩვენ 300 ათასი ლტოლვილი გვყავს და არავინ იძახის, რომ ეთნოწმენდა და საშინელება მოხდაო. მილოშევიჩი ციხეში ჩასვეს და მოკლეს, ხოლო ბაღაფში პრეზიდენტია და ჩხუბობს კიდეც, ვიზას რატომ არ მაძლევთ, პარიზში მეც უნდა წავიდეო.
ობამას ადმინისტრაცია თითქოს ვერც ამჩნევდა საქართველოს, ბოლო დროინდელი მოვლენები რას შიძლება დავუკავშიროთ, იგივე კლინტონის საქართველოში ჩამოსვლა, ეს მათთვის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება, თუ გული მოიბრუნეს ჩვენზე?
– ეს უკავშირდება ამერიკის ინტერესებს და შიდა პოლიტიკაში თანაფარდობის შეცვლას. კლინტონის ჩამოსვლა მარტო საქართველოს არ ეხება, იგი ჩამოდის თბილისში, ბაქოში, ერევანში. ხერხეულიძე დღედაღამე, რომ ყვირის – მარტო თბილისში ჩამოდისო, მართლაც ასე ხომ არ არის? ე.ი. კავკასიისადმი ინტერესის რეანიმაცია ხდება.
რბილად რომ ვთქვათ, ობამასაც აუხსნეს, რომ რუსეთთან ხანგრძლივი პერსპექტივით თანამშრომლობა არ გამოვა. იცით ყველაზე საინტერესო რა არის? აგენტები ძირითადად, მუშაობენ საელჩოს ქოლგის ქვეშ, რადგან იქ იმუნიტეტი აქვთ და დიდი–დიდი, მათ პერსონა ნონ–გრანტად გამოცხადება ემუქრებოდეთ. ამ 11 კაცს კი უკვე ამერიკის პასპორტები ჰქონდათ და ამერიკული გვარები. ე.ი. ამათი ჯაშუშობა გათვლილი იყო 20–30 წელზე.
რაც ვნახე, ეს ხალხი საკმაოდ ახალგაზრდა იყო და 70–80 წლამდე დარჩებოდნენ აგენტებად, უკვე ნატურალიზირებულები, უკვე გაამერიკელებულები და არა როგორც დიპლომატი ჯაშუშები, რომელიც ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ მოსკოვში ბრუნდებიან. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთი ამერიკას კვლავ თავის მუდმივ მტრად განიხილავს. ობამა, კი, როგორც ჩანს, ამაში მეტად გაერკვა. საერთოდ, ობამა საგარეო პოლიტიკაში არ იყო ჩახედული.
მისი წიგნი რომ წაიკითხოთ, ძირითადად, საშინაო პოლიტიკაზე და საკუთარ ცოლზე წერს – წიგნის ნახევარი საშინაო პოლიტიკაა, ხოლო მეორე ნახევარი – რა მაგარი ცოლი მყავსო. თუმცა, როგორც გაირკვა 4 წლის წინ, სკანდალები ჰქონდათ და ერთმანეთს შორდებოდნენ, წიგნში კი ისეა, რომ საბავშვო ბაღიდან უყვარდათ ერთმანეთი.
ობამას საშინაო პოლიტიკის წარუმატებლობებს ხშირად ახსენებდა დასავლური მედია და თუ ამას ბოლოდროინდელ მოვლენებს დავუმატებთ, ალბათ, არასახარბიელო უნდა იყოს მისი პოზიციები.
– მას ისეთი გავლენა აღარ აქვს, როგორც ერთი წლის წინ ჰქონდა. მე მგონია, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ობამა პრეზიდენტი ვერ გახდება. ობამა უფრო იდიალისტია და იდეალისტები აქტიურ პოლიტიკაში პოლიტიკური ცხოვრებით დიდხანს ვერ ცხოვრობენ.
თავად „გადატვირთვის“ პოლიტიკა, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი პოლიტიკა იყო ამერიკის მხრიდან?
– ეს იყო ამერიკის მხრიდან „გადატვირთვის“ მცდელობა. ობამას იდეაფიქსი და ბროლის ოცნებაა ბირთვული განიარაღება. „ცივი ომი“ აღარ არის და ხომ არ შეიძლება მსოფლიომ ისევ „ცივი ომის“ რეჟიმში იცხოვროს. ამიტომ, ეს ამერიკის მხრიდან კეთილი სურვილები იყო, მაგრამ ხშირად, რეალობა კეთილ სურვილებთან ერთად ვერ ძოვს.
ანუ, მალე, შესაძლოა, რუსეთ–ამერიკას შორის „გადმოტვირთვის“ პოლიტიკასაც შევესწროთ?
– გამორიცხული არაფერია პოლიტიკაში, ისევე, როგორც ცხოვრებაში.
რამდენჯერმე დაიწერა, თითქოს, დასავლეთი მედვედევის გადმობირებაზე მუშაობს. შესაძლებელად მიგაჩნიათ, რომ მედვედევი პუტინსგან დამოუკიდებელ ფიგურად ჩამოყალიბდეს?
– ამას პერსპექტივა არ აქვს. გავა ორი წელი და მაინც პუტინი მოვა პრეზიდენტად, თუმცა, პუტინი დღესაც პირველი პირია. ის, რომ მედვედევზე იმედებს ამყარებენ, ეს მაისის ღამეში სიზმრებია და მეტი არაფერი.