საქართველო ამტკიცებს, რომ მას ხელს უშლიან იმ აღჭურვილობის შეძენაში, რომელიც მას საკუთარი თავდაცვისთვის სჭირდება.
ქართული ემოციები გაამძაფრა Eurosatory-ს იარაღის გამოფენამ, რომელიც პარიზში ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნა. ჩინოვნიკები იმედგაცრუებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ არ შეუძლიათ თავდაცვითი აღჭურვილობის შეძენა.
იმავე ღონისძიებაზე აშშ-ს და ისრაელის კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოსთვის თავდაცვითი აღჭურვილობის მიყიდვა კვლავ გართულებულია, როგორც აშშ-ს მთავრობის პოლიტიკის, ასევე რუსეთის მთავრობის ზეწოლის გამო.
გაყიდვებს დაბრკოლებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის და საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ შეიქმნა. შეთანხმება კი იმით დასრულდა, რომ სეპარატისტული პროვინციების – აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის – ტერიტორიაზე რუსული არმიის სერიოზული წარმომადგენლობა დღემდე რჩება.
Eurosatory-ის გამოფენამდე საქართველოს დედაქალაქ თბილისში ვიზიტის დროს Jane’s საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს დაზვერვის განყოფილებამ, თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს დაზვერვის სამსახურმა იმ რთული სიტუაციის შესახებ აცნობა, რომლის წინაშეც მათი ქვეყანა აღმოჩნდა.
საქართველოს წუხილი ამ ორ პროვინციაში იმ რუსული დანაყოფების განლაგებაზეა კონცენტრირებული, რომლებიც მათი აზრით, მხოლოდ სეპარატისტული ანკლავების საზღვრებს არ იცავენ.
„ამ რუსულ ფორმირებებში შედის რამდენიმე ასეული (”ურალვაგონზავოდის”) T-90S-ის ტიპის საბრძოლო ტანკი, რომელიც მხოლოდ მაშინ გჭირდება, თუკი ინტერვენციისთვის ემზადები. ეს არ არის მხოლოდ მკაცრად თავდაცვითი პოზიცია“ – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი, რომელმაც ის საკონტროლო ხაზი მოინახულა, სადაც ქართულ არმიას რუსულისგან 100 მეტრი აშორებს.
„ასევე, ამ რუსული არმიის უზარმაზარი ნაწილი არა რეგულარული არმიის დანაყოფები, არამედ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (გამოძიების ფედერალური ბიურო ყოფილი საბჭოთა უშიშროების თანამედროვე ექვივალენტი) შეიარაღებული ფორმირებები არიან“ – განაგრძობს იგი.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნოდარ ხარშილაძის თქმით, საქართველოს სამი ძირითადი ტიპის აღჭურვილობა სჭირდება „(პირველ რიგში) ჩვენ გვჭირდება ფართო რადიუსზე მოქმედი რადარები, რომლებიც მოგვცემენ საშუალებას წინაწარ შევიტყოთ საზღვრის გასწვრივ რუსების ნებისმიერი გადაადგილების შესახებ, რადგან ჩვენ ამის გასაგებად ძალიან მცირე დრო გვაქვს, რაც განპირობებულია ძალიან მცირე დისტანციით სამხრეთ-ოსეთსა და (ქართულ ქალაქს) გორს შორის“ – განუცხადა მან Jane’s.
„მეორეც, ვიდრე საქართველო თავდაცვით ბრძოლას აწარმოებს, რათა დრო მოიგოს ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებამდე, ჩვენს ქვეით დანაყოფებს სჭირდებათ საუკეთესო პორტატული ტანკ-საწინააღმდეგო შეიარაღება, რომ მან ნებისმიერი რუსული სატანკო თავდასხმის პროგრესი შეაკავოს. მესამეც – სახმელეთო ხაზის საკომუნიკაციო სისტემაში ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება უფრო თანამედროვე ტაქტიკური რადიოები“.
ეს უკანასკნელი პრობლემა შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს. ქვეყნის მთავარი სარკინიგზო ხაზი ფოთიდან, აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ – გორისკენ (სამხრეთ-ოსეთის სამხრეთით) და თბილისიდან დასავლეთით გადის.
„თუკი რუსული თავდასხმა სამხრეთ-ოსეთს გასცდება და გეზს გორისკენ აიღებს – გვიხსნის თავდაცვის კონტრაქტორი, რომელიც თბილისში საქართველოს არმიასთან მუშაობს – მათ ქვეყნის არამხოლოდ შუაზე გაყოფა და ყველა სატრანსპორტო ხაზის გადაკეტვა შეუძლიათ, არამედ ისინი ასევე გადაჭრიან მთავარ ოპტიკურ-ბოჭკოვან ხაზს, რომელიც სარკინიგზო ხაზის გასწვრივ მიემართება და მთელ საკომუნიკაციო ხაზს დააზიანებს.
თანამედროვე ტაქტიკური რადიოები ქართველებს სარეზერვო ხაზის ქონის საშუალებას აძლევს, რომელიც ოპტიკურ ბოჭკოვან ქსელზე დამოკიდებული არ არის და ამით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“.
თუმცა, ამ სისტემებიდან საქართველოსთვის ხელმისაწვდომი არც ერთი არ არის – აცხადებენ აშშ და ნატო-ს პერსონალის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში მუშაობენ. ეს დაადასტურეს აშშ-ს და ისრაელის კომპანიების წარმომადგენლებმაც Eurosatory-ზე.
საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გამოფენას ესწრებოდა და წამყვანი ამერიკული საკომუნიკაციო აღჭურვილობის მიმწოდებელია Jane’s-ს განუცხადა: „ამ კომპანიასთან ერთად წლების განმავლობაში ვმუშაობ და ვიცი ყველა მისი პროდუქციის, მთელი მისი ტექნოლოგიის შესახებ და მაშინ, როდესაც ჩვენ ახალი ევროპული ოფისი გავხსენით, მე გახსნაზე დასწრების უფლებაც არ მომცეს, არათუ იმის ნახვის უფლება, თუ რა იყო შიგნით და ეს ყველაფერი ხდება აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის შეიარაღების მიყიდვის გაგრძელების წინააღმდეგია“.
„ვერავის გაუგია რა მიზანს ისახავს აშშ-ს მთავრობა, რომელიც ამ გაყიდვებს ბლოკავს. რადიოები და რადარები შეტევითი შეიარაღება არ არის – ამბობს თბილისში ბაზირებული კონტრაქტორი, რომლის კომპანიაც საქართველოს არმიის ნატო-ს სტანდარტებით მომზადებაშია ჩართული – ქართველებმა რუსეთთან კონფლიქტის დროს ასევე დაკარგეს მათი საჰაერო-თავდაცვითი რადარები და ახლა მათი ჩანაცვლების საშუალება არა აქვთ – მათ არც რაკეტების „დედამიწა-ჰაერის“ შევსება შეუძლიათ, რომლითაც ისინი რუსეთის ავიაციას იგერიებდნენ“.
სხვა ქართველი ჩინოვნიკები სიტუაციით იმედგაცრუებას გამოხატავდნენ და აღნიშნავდნენ: „აშშ ჩვენთვის ფუჭი საბრძოლო მასალის მიყიდვასაც კი კრძალავს, რომლებიც წვრთნების დროს გამოიყენება. როგორც ჩანს რუსეთთან „გადატვირთვის“ ღილაკზე ხელის დაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შეიარაღებული ძალები“.
ისრაელის თავდაცვითი კომპანიები საქართველოსთან ვაჭრობის სირთულეებს არა ვაშინგტონის არაოფიციალური ბლოკადის მიმართ შიშით, არამედ თელ-ავივსა და რუსეთის ურთიერთობებში გარკვეული პრობლემებით ხსნიან.
„რუსეთი ბევრი თვალსაზრისით ჩვენთვის უმნიშვნელო პარტნიორი არ არის“ – განაცხადა Eurosatory-ზე ერთ-ერთი ებრაული საწარმოს წარმომადგენელმა.
ისრაელის და საქართველოს თავდაცვის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ „მაგიდის ქვეშ“ ვეტო შემონახულია, რომლის გამოყენებაც რუსეთს საქართველოსთვის იარაღის ნებისმიერი მიყიდვის შემთხვევაში შეუძლია და ქართველი ანალიტიკოსის თქმით „ეს პირველი ასეთი შემთხვევა არ არის, რადგან რუსეთი მუდმივად ახორციელებს ზეწოლას ქვეყნებზე, რომლებიც იარაღს ისეთ სახელმწიფოებზე ყიდიან, რომლებსაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა არა აქვთ. რუსეთმა ბულგარეთთან ჩაშალა ჩვენი მოლაპარაკებები, ის ამ მხრივ პრობლემებს ქმნის ვარშავის პაქტის სხვა ყოფილ ქვეყნებთანაც“.
იმავდროულად, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, გელა ბეჟუაშვილის თქმით „საქართველოს საზღვრებს მიღმა ჩვენი საქმიანობის 80% რუსულ საფრთხესთან გამკლავებას მოიცავს“. შსს-ს კონტრ-დაზვერვის ჩინოვნიკებიც აცხადებენ, რომ „(საქართველოს) მთავრობის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან დონეებზე ყოველ თვე ორი ადამიანის დაკავება მაინც ხდება, რომლებსაც რუსები ფულს უხდიან, რათა მათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმუშაონ“.
[foreignpress.ge]