ნანა კაკაბაძე, ა/ო “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ლიდერი ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე, რომელსაც საჯარო ბიბლიოთეკაში დაახლოებით 140 “ლიდერი ქალი“ ესწრებოდა, არ მიუწვევიათ.
იმაზე, თუ როგორ ხდება ამგვარი შეხვედრებზე სტუმრების შერჩევა და რა მოხდა ამჯერად, როგორ შეარჩია სტუმრები ამერიკის საელჩომ საქართველოში, პრესა.გე–ს ნანა კაკაბაძე ესაუბრა.
ვინ ადგენს იმ ადამიანთა სიას, ვინც ისეთი მაღალი რანგის სტუმარს ხვდება, როგორც მაგალითად, ამჯერად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივანია?
ნანა კაკაბაძე: საერთოდ, ამგვარ სიას საელჩო უნდა არჩევდეს, რომელიც გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ღებულობს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური რეალობა აბსოლუტურად სხვანაირია. სამწუხაროა ის, რომ ისეთი სერიოზული საელჩო, როგორიცაა აშშ–ს საელჩო, ცალმხრივ გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს და ყველანაირ სიას საქართველოს ხელისუფლებას უთანხმებს.
ანუ კლინტონთან შესახვედრი ხალხის სია აშშ–ს საელჩომ საქართველოს ხელისუფლებას შეუთანხმა?
– დიახ. მე ეს ინფორმაცია კონკრეტულად ნინო ბურჯანაძეზე მაქვს – მიშა სააკაშვილი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, კლინტონი ბურჯანაძეს შეხვედროდა; ამ კატეგორიულმა წინააღმდეგობამ გაჭრა და ეს შეხვედრა არ შედგება. აქედან გამომდინარე ვვარაუდობ რომ სხვა დანარჩენი შეხვედრებიც საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო.
“ლიდერ ქალებს“ კლინტონი სხვა ქვეყნებშიც შეხვდა, თუ საქართველო ამ მხრივ გამონაკლისია?
– საქართველო ამ მხრივ გამონაკლისია. ამ შეხვედრამდე დაახლოებით რამდენიმე დღით ადრე, საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ კლინტონი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებოდა. ამგვარი შეხვედრები მას ჰქონდა უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რაც სწორი და ადეკვატური გახლდათ; აქ ჩამოსვლამდე კლინტონი შეხვდა ჯანსაღ ძალებს, მართლაც დამოუკიდებელ, კრიტიკულად განწყობილ არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს. რატომღაც მაინცდამაინც საქართველოში მოხდა ამ მიდგომის შერჩევა და “ლიდერ ქალებთან“ შეხვედრა, რომელთა შორის არიან, როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები.
თქვენ რატომ არ აღმოჩნდით “ლიდერ ქალებს“ შორის?
– ალბათ, ჩათვალეს რომ მე არ ვიყავი არ რიცხვში და არ მიმიწვიეს.
ამერიკის საელჩოში განაცხადი, შეხვედრის შესახებ გქონდათ წარდგენილი?
– არანაირი განაცხადი და მოთხოვნა წარდგენილი არ მქონია. აქამდე ყოველთვის განაცხადის და მოთხოვნის გარეშე, თავიანთი სურვილით მეპატიჟებოდნენ და მეგონა, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდებოდა.
არმიწვევის მიზეზი ხომ არ არის ახლახანს მოსკოვში თქვენი სტუმრობა?
– არა მგონია, რადგან მოსკოვში სწორედ ისეთ უფელაბადამცველებთან მქონდა შეხვედრა, რომლებთანაც თუნდაც ამერიკის მთავრობა კარგად თანამშრომლობს. ჩვენი ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული პარტნიორები და დონორები არიან, ამერიკის მთავრობა და ამერიკული ფონდები და ამიტომ, არა მგონია არმიწვევის მიზეზი მოსკოვში ჩემი სტუმრობა იყოს, თუმცა ამავს ვერ გამოვრიცხავ, საქართველოს ხელისუფლების იმ ავადმყოფური მიდგომის გამო, რაც გააჩნია ყველა იმ ადამიანის მიმართ (თავად ხელისუფლების წევრების გარდა), ვინც სიტყვა მოსკოვს იხმარს, ან მით უმეტეს, იქ ჩავა.
რის თქმას აპირებდით, ამერიკის სახელმწიფო მდივნისთვის, მასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რომ გქონოდათ?
– კითხვის დასმა მინდოდა – რამდენად მიაჩნია დასავლურ პოლიტიკად ის პოლიტიკა, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი ატარებს? მინდოდა მეკითხა, ის მართვის სტილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია, დასავლურია თუ რუსული, რომელსაც ვითომდა საქართველოს ხელისუფლება უპირსპირდება? მაშინ, როცა საქართველოში არის უამრავი პოლიტპატიმარი და ზოგადად პატიმართა რიცხვი უპრეცენდენტოა, რასაც ემატება ბიზნესი, რომელიც მთიანად რუსეთს გადასცეს, საინტერესოა ეს დასავლური პოლიტიკაა, თუ პირწმინდად პრორუსული?!