ილია მეორემ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მონასტრების გახსნა მოითხოვა

ილია მეორემ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მონასტრების გახსნა მოითხოვა

„საქართველოში 311 მეჩეთი მოქმედებს, თურქეთში კი არც ერთი ქართული ტაძარი მოქმედი არ არის“, - აღნიშნა ანკარაში მყოფმა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, სადაც იგი თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელმა, პროფესორმა მეჰმეტ გორდეზიმ მიიწვია.

უწმინდესმა პირდაპირ მოსთხოვა თურქულ მხარეს ოშკსა და არდაშენში ეკლესიების ამოქმედება და იქ ბერების მსახურების აღდგენა.

„პატრიარქმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა. პირველი არის ის, რომ მუსლიმურ თემს საქართველოში აქვს იურიდიული სტატუსი და სასურველია, რომ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქონდეს იურიდიული სტატუსი. ყველაფერ იმის გათვალისწინებით, თუ რა ხელსაყრელი პირობებია მუსლიმური თემისთვის საქართველოში, საქართველოს პატრიარქმა საჭიროდ მიიჩნია, დაეყენებინა საკითხი ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში გაიხსნას მონასტრები. ოშკში და არდაშენში, სადაც საეპისკოპოსო კათედრა იყო, სასურველია ბერებმა იცხოვონ ამ მონასტრებში“,- განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პატრიარქის თურქეთში ვიზიტის შეჯამებისას.

უფრო ადრე, 2011 წლის 20 ოქტომბერს ილია მეორემ სტამბულში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ხელისუფლების წინაშე დასვა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული ძეგლების საქართველოსათვის გადმოცემისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურიდიული სტატუსის თურქეთში აღიარების საკითხი. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისის წმინდა სამების ტაძარში საკვირაო წირვის დროს, საქართველოს ეკლესიამ თურქეთის ხელისუფლებისადმი მორიგი თხოვნა კვლავაც გააჟღერა და ქართული ეკლესიების დაბრუნება მოითხოვა, რადგანაც თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა თურქეთში არსებული სხვადასხვა კონფესიებისათვის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიები გადაეცა. „ამგვარად ეკლესიები დაუბრუნეს ბერძნებს, სომხებს, რუსებს, მაგრამ არა -ქართველებს“, - აღნიშნა იმდროინდელი ქადაგებისას ილია მეორემ.

თუ გავითვალისწინებთ თურქეთის სწრაფვას ევროსტრუქტურებისაკენ, საინტერესოა, როგორი შედეგი მოჰყვება პატრიარქის ამჟამინდელ ვიზიტს მეზობელ თურქეთში.

ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუ თურქები დათმობაზე წამოვლენ, ეს იქნება უფლის სასწაული, რადგან რეალურად თურქეთს სულ სხვა ინტერესები აქვს ჩვენთან მიმართებით, ანუ, თუ მათ დათმეს, შეიძლება, უფრო მძიმე რაღაცები მოგვთხოვონ.

„თურქეთს თავის ექსპანსიურ ინტერესებზე უარი არასდროს უთქვამს. ეს თემა დიდი ხნის წინ უნდა წამოწეულიყო ჩვენი ხელისუფლების ან წინა ხელისუფლების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ამის შანსები. პატრიარქი ბრძენია და ყოველთვის სწორად აყენებს საკითხს, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამაც ეს საკითხი რომ წამოჭრას, ის უნდა ხვდებოდეს მის დიდ მნიშვნელობას სულიერი და ეროვნული თვალსაზრისით. საბჭოური გადმონაშთი ჩვენს ცნობიერებაში ძალიან ძლიერადაა და ალბათ, რატომღაც თვლიან, რომ ეს დიდს არაფერს ნიშნავს. არადა, ეს იქნებოდა გარღვევა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. 

საერთოდ, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მდგომარეობაშია იმით, რომ ის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ხელისუფალია, ანუ უფალმა სადავეები მისცა ამ ხელისუფლებას და როგორ იყენებენ ამას, სულის საცხონებლად თუ პირიქით, ეს უკვე სხვა თემაა. ხშირად ავიწყდებათ, როგორი ქვეყნის ხელისუფალნი არიან“, - აცხადებს მამა თეოდორე.

მისი თქმით, ტაო-კლარჯეთში ბერების ჩაყვანა და მათთვის საცხოვრებელი ადგილის მოწყობა დიდი პრობლემა არ არის, მაგრამ ადგილობრივი ფანატიკოსებისგან რამდენად იქნება მათი უსაფრთხოება დაცული, ეს უკვე რთული საკითხია. ამის გარანტიას უნდა იძლეოდეს თურქეთის ხელისუფლება, 100%-იანი უსაფრთხოება არ არსებობს, მაგრამ იქ ჩასვლა ბერების გამბედაობასა და რისკზეა დამოკიდებული.

ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე პატრიარქის ინიციატივას დროულს უწოდებს.

„მე არ ვიცი, თურქეთში რამდენად ცხოვრობს ქრისტიანული მოსახლეობა, განსხვავებით, დღევანდელ აზერბაიჯანში არსებული საინგილოსგან, მაგრამ პატრიარქის განცხადება კანონზომიერია. საქართველოში ამდენი მეჩეთია, თურქეთში კი ერთი ქართული ეკლესიაც არ არის. არადა, ტაო-კლარჯეთის ძეგლების ნაწილი ნორმალურ მდგომარეობაშია. ზოგიერთი მათგანი თავის დროზე თურქებმა მეჩეთებად აქციეს. ამიტომ, სადაც იყო მეჩეთი, იქ ძეგლები ბევრად უკეთეს მდგომარეობაში შემორჩა, სადაც არ იყო, ისინი უფრო დანგრეულია. ილია მეორეს ინფორმაცია ექნება, ტაო-კლარჯეთში სად შეიძლება გაიხსნას ეკლესია. თუ საჭიროა, ამაში ევროპამაც უნდა დაგვიჭიროს მხარი“, - აცხადებს მარიკა ლორთქიფანიძე ჩვენთან საუბარში.

თეოლოგი ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ თურქეთის თუ საქართველოს ტერიტორიაზე მართლმადიდებლური ტაძრების ან მეჩეთების გახსნის საკითხი ადგილობრივი მრევლის გადასაწყვეტია. თუ გვინდა თანამედროვე პრინციპების დაცვა, მაშინ თურქეთშიც უნდა ჰქონდეთ მართლმადიდებლებს ტაძარი და საქართველოშიც მუსლიმანებს - მეჩეთი.

მისი თქმით, თურქეთში მცხოვრები ქართველები, რომლებიც იყვნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, აღარ არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, ისინი უკვე არიან მუსლიმანები, გამონაკლისის სახით, შეიძლება, რომელიმე მათგანმა გადაწყვიტოს, დაუბრუნდეს წინაპართა რელიგიას, მაგრამ ისინი, ვინც დღევანდელ ტაოში ან კლარჯეთში ცხოვრობენ, არ არიან რწმენით მართლმადიდებლები.

რაც შეეხება თურქეთში ახლად გადასახლებულ ქართველებს, ისინი ძირითადად დიდ ქალაქებში ცხოვრობენ. მათ თუ სჭირდებათ სამლოცველო სახლი, უნდა ააშენონ ან გახსნან ეკლესია და ეს საკითხი უფრო ადვილად მოსაგვარებელია.

„თუ თურქეთი ევროპისკენ და თანამედროვე სახელმწიფოს აშენებისკენ მიდის, მაშინ ნებისმიერ ჯგუფს უნდა შეეძლოს თავისი რელიგიური სახლის აშენება. ის, რომ ხანძთის მონასტერი თავის დროზე ქართული იყო და ამიტომ საქართველოს ეკლესიას ბერების გაგზავნის უფლება უნდა მისცენ, ცოტა რთული საკითხია. ცნობილი მართლმადიდებლური სემინარიის აღდგენაც კი ვერ მოხერხდა, რომელიც კონსტანტინეპოლთან ახლოს ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს. ტაოში ახლა მართლმადიდებელი ქრისტიანები თითქმის არ არიან, შეიძლება ქართველები არიან ეთნიკურად, მაგრამ მართლმადიდებელი ქრისტიანები არ არიან. თუ ჩვენი ეკლესია აქტიურად აპირებს იქ ქადაგებას და, როგორც აჭარაში ხდება, მათ მოქცევას ქრისტიანობაზე, ამას თურქეთი არ დაუშვებს ამ სახით და ეს კონფლიქტურ სიტუაციასაც გამოიწვევს. თურქეთმა დააბრუნა მხოლოდ ის ეკლესია-მონასტრები, რომლებიც სომხებს და ბერძნებს მე-20 საუკუნეში, პირველი მსოფლიო ომის დროს ჩამოართვა“, - აცხადებს ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში.

ჩვენ დავუკავშირდით საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორს სერგო ვარდოსანიძეს. მან გვითხრა, რომ მის უწმინდესობას, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს საოცარი ავტორიტეტი და დიპლომატიური ნიჭი გააჩნია და, თუკი პატრიარქის მოლაპარაკებები კვლავაც გაგრძელდება, შესაძლოა, ტაო-კლარჯეთში აღდგეს ჩვენი ბერ-მონაზვნური ცხოვრება, რაც გარღვევა იქნება ჩვენს ისტორიაში.

„თურქეთის ხელისუფლება ჩვენს ეკლესიას არ აძლევდა იმავე უფლებებს, რა უფლებებიც მისცა სომხურ ეკლესიას და ბერძნებს. შემთხვევითი არ არის, რომ თურქეთის რელიგიათა საქმეთა მინისტრის მიერ იყო დაგეგმილი უწმინდესის ახლანდელი ვიზიტი თურქეთში. მათ სურვილი აქვთ, ეს პრობლემა გადაიჭრას. პატრიაქმა არაორაზროვნად პირდაპირ მიანიშნა, მაშინ, როცა თურქებს აქვთ საეკლესიო პოლიტიკასთან მიმართებით შეღავათები საქართველოში, მათაც იგივე უნდა გააკეთონ. მით უმეტეს, 4 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკაში და 4 მილიონიდან თუნდაც ასი კაცი თუ დაფიქრდება თავის ეროვნულ იდენტობაზე, ეს ძალზე მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა სერგო ვარდოსანიძემ.