ეს ქცევა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ორმაგ სტანდარტს, რომელსაც სამწუხაროდ საერთაშორისო ორგანიზაცია იყენებს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში არ დასწრებაზე საუბრისას.
„მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ შეუშლის იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს კონკურენტულ გარემოში და ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების, იყოს ჯანსაღი გარემო და მოქალაქეების ინტერესი იყოს დაცული“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
4 ოქტომბრის არჩევნებზე დასასწრებად, საქართველოს ხელისუფლებამ, ეუთო/ოდირს წერილი 6 სექტემბერს გაუგზავნა, ოფიციალურმა პრაღამ კი 2 სექტემბერს. 9 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ დროის სიმცირის გამო, ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა. ჩეხეთში არჩევნები 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, ისიც, რომ 2007 წელს სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისია მოწვევიდან სწორედ 1 თვეში ჩამოვიდა.