RMG GOLD-მა, შესაძლოა, მარინე მიზანდარს უჩივლოს

RMG GOLD-მა, შესაძლოა, მარინე მიზანდარს უჩივლოს

„მიზნადარმიმართული კამპანია ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ“, - ასე აფასებს საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებით კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის მარინე მიზანდარის განცხადებებსა და აქტივობებს RMG GOLD-ის კომერციული დირექტორი. სოსო ცაბაძის მტკიცებით, მიზანდარი ოქროს მომპოვებელი კომპანიის წინააღმდეგ საყდრისში მიმდინარე კარვების აქციას ორგანიზებულად ახორციელებს და არ არის გამორიცხული, ამ პროცესებს კონკრეტული ჯგუფებიც აფინანსებდნენ.

„საყდრისში მიმდინარე აქციებზე 50-დან 70 ათას ლარამდეა დახარჯული და ვერავინ დაგვარწმუნებს იმაში, რომ ამ ყველაფრის უკან არავინ დგას. არსებობს კონკრეტული წრეები, სწორედ, ისინი დგანან მიზანდარის უკან, მათი სურვილია, მოხდეს კომპანიის დისკრედიტაცია, არჩევნების პერიოდში შეიქმნას არეულობა რაიონში. იქ მუშობს 2800 კაცამდე და საწარმოს გაჩერება შექმნის კატასტროფულ მდგომარეობას“,- განმარტავს სოსო ცაბაძე.

RMG GOLD-ის კომერციული დირექტორი ცილისმწამებლური კამპანიის წარმოების საკითხზე კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის სასამართლოში ჩივილსაც აპირებს.

„მიზანდარი აბსოლუტურად უაპელაციოდ ავრცელებს აშკარა დეზინფორმაციას, თითქოს, 80–იან წლებში გეოლოგების მიერ გვირაბების გათხრისას გამოჩნდა მზის სხივები, რომ აზერბაიჯანში გათხრილ ყორღანში აღმოჩენილია საყდრისის ოქროთი დამზადებული ნაკეთობა, რომ 2013 წელს აღმოჩენილია ორი ახალი გვირაბი და რომ კაზრეთში ეკოლოგიური კატასტროფა ხდება“, – აცხადებს ცაბაძე და აღნიშნავს, რომ RMG Gold-ი კანონის სრული დაცვით მოქმედებს და დღეისათვის საყდრისზე მიმდინარე სამუშაოები არქეოლოგიური თვალსაზრისით, დეტალურად შესწავლილ ტერიტორიაზე ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ობიექტის შემთხვევით დაზიანების რისკიც არ არსებობს.

RMG GOLD-ის დირექტორის განცხადებებს აბსურდულს უწოდება მარინე მიზანდარი. კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ საყდრისში ეკოლოგიური პრობლემები ნამდვილად არსებობს და ამაში ბრალი, სწორედ, ოქროს მომპოვებელ კომპანიას მიუძღვის.

„ამ რეგიონში ნამდვილად არის ეკოლოგიური კატასტროფა და ამაში დიდი „წვლილი“ მიუძღვის ამ კონკრეტულ კომპანიას. არაფერი კეთდება იმისთვის, რომ აღმოიფხვრას კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის ზიანის მიმნიჭებელია. ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა კი საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში და ჯანმრთელობისთვის უვნებელი საკვები პროდუქტები მიიღოს. დღეს, სწორედ, ამ კუთხით არსებობს კაზრეთში საფრთხე“, - განმარტავს მარინე მიზანდარი.

იგი საყდრისის მაღაროს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე ვრცლად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული მაღაროს შენარჩუნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის იქნება ფასეული.

„საუბარია ადამიანის შრომითი საქმიანობის, მისი შრომითი მოღვაწეობის უძველეს კერაზე, ეს არის უძველესი ცივილიზაციის კვალი ჩვენს მიწაზე და მისი მოშლა და მორღვევა ნამდვილად დანაშაული და კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. RMG GOLD-მა საყდრისის მაღაროს განადგურება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ჯერ კიდევ 2014 წლის 7 იანვარს დაიწყო და მას შემდეგ აგრძელებს ამ საქმიანობას“,- აცხადებს მიზანდარი.

მისივე თქმით, 2013 წლის ქართულ-გერმანული ექსპედიციის ანგარიში, რომელიც ოფიციალურად ჩაბარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, გარკვევით წერია ორი გვირაბის აღმოჩენის ფაქტზე. ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩენები აქვს ფრანგულ-აზერბაიჯანულ ექსპედიაციას - ოქროს საყურის სახით, რომელიც ძველი წელთაღიცხვის პერიოდისაა და 28 საუკუნით თარიღდება, ახლახან კი ფრანგი და გერმანელი სპეციალიტების ანალიზით დადასტურდა, რომ ეს სამკაული, სწორედ, საყდრისში მოპოვებული ოქროთია დამზადებული.

„საყდრისთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის თაობაზე ეჭვის შეტანა შეუძლებელია იმიტომ, რომ ეს ფაქტი დადასტურებული და აღიარებულია საერთაშორისო მეცნიერების მიერ - უამრავი კვლევა აქვს გამოქვეყნებული ფრანგ, გერმანელ, ბრიტანელ და ქართველ მეცნიერებს. იანვარში, როდესაც არქეოლოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა, ორიოდე ქართველი არქეოლოგის გარდა, სპეციალისტებმა ერთხმად მიიჩნიეს საჭიროდ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის შემდგომი კვლევა-ძიება. ამის ოქმიც არსებობს, უბრალოდ, მალავს კულტურის სამინისტრო“, - აცხადებს მარინე მიზანდარი.

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე For.ge-სთან საუბრისას კომენტარს საყდრისში მიმდინარე საპროტესტო აქციის დაფინანსების საკითხზეც აკეთებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი სახსრები არ გაგვაჩნია. კარგი იქნებოდა, დაფინასება გვქონოდა, იმიტომ, რომ ეს კამპანია კიდევ უფრო ბევრ ადამიანს აუხელდა თვალს კულტურული მემკვიდრეობისა და ეკოლოგიური საკითხების მნიშვნელობაზე. არანაირი ფინანსური წყარო არ გაგვაჩნია, გარდა საკუთარი რესურსებისა. გადაადგილებას და საკვების შეძენასაც საკუთარი სახსრებით უზრუნველვყოფთ“, - აცხადებს მიზანდარი და აღნიშნავს, რომ კარვების აქცია მოთხოვნის შესრულებამდე გრძელდება.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა კი გერმანიის სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ხუთი დამოუკიდებელი ექსპერტის საქართველოში ჩამოყვანა და მათ მიერ ამ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შეფასებაა. „საყდრისის დამცველების“ განმარტებით, უნდა გამოინახოს გზები, რომ საწარმოც არ დაიხუროს და იმ მიდამოებში კვლავ შეძლოს ოქროს მოპოვება, ოღონდ, განვითარებული ტექნოლოგიური პროცესების გათვალისწინებით და არა აგრესიული მეთოდით, რომელიც ოქროს მოპოვების სანაცვლოდ ქვეყნის ბუნების განადგურებას იწვევს.

RMG GOLD-ი მარინე მიზანდარის წინააღმდეგ სარჩელს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოამზადებს, მანამდე კი სასამართლოში უკვე განიხილება მარინე მიზანდარის და მისი თანამოაზრეების სარჩელი, რომელიც საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს საკითხზე არსებული დასკვნის კულტურის სამინისტროს მიერ გაყალბებას ეხება.