ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რომარიომ პირველი კონტრაქტი თორმეტი წლის ასაკში გააფორმა. ფეხბურთის მეფე - პელემ „სანტოსთან“ ხელშეკრულებას ხელი თექვსმეტი წლის ასაკში მოაწერა, ზიკო კი „ფლამენგოში“ თოთხმეტი წლის ასაკში ჩაირიცხა. თორმეტი წლის ქართველ ფეხბურთელ შალვა ოგბაიძე-უმცროსს კონტრაქტი უკვე რამდენიმე წამყვანმა გერმანულმა კლუბმა შესთავაზა. დაიმახსოვრეთ ეს სახელი. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში შაკოს სახით ჩვენს ეროვნულ გუნდს ახალი ძლიერი მოთამაშე შეემატება და ამ ახალგაზრდა ფეხბურთელით სრულიად საქართველო იამაყებს.
რამდენიმე დღის წინ ნაცნობი სპორტული ჟურნალისტი შემხვდა და საინტერესო ინფორმაცია გამაცნო. მისი მტკიცებით, ქალაქ ბერლინში ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი გამოჩნდა, რომელიც გერმანელმა ფეხბურთის სპეციალისტებმა თორმეტწლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში ქვეყნის საუკეთესო ორმოცდაათ მოთამაშეთა რიცხვში შეიყვანეს. ამ ჭაბუკის სახელი და გვარი შაკო ოგბაიძეა და ყურადღება მიაქციეო, - მირჩია ჩემმა კოლეგამ. აღმოჩნდა რომ თორმეტი წლის ფეხბურთელი ბატონი შალვა ოგბაიძის შვილიშვილი ყოფილა და ინფორმაციის გადასამოწმებლად ბატონ შალვას დავუკავშირდი.
- სიამოვნებით გიდასტურებთ, რომ შალვა ჩემი შვილიშვილი გახლავთ, თორმეტი წლის ბრძანდება და თავისი საფეხბურთო ნიჭით გერმანელი სპეციალისტების ალაპარაკება უკვე მოასწრო. შაკო ბერლინის კლუბ „შპანდაუს“ ღირსებას იცავს. მის შესახებ ერთს გეტყვით. ამჟამინდელ გუნდში ჩარიცხვიდან ერთ თვეში კლუბის კაპიტნად აირჩიეს. მერწმუნეთ რომ უცხო ქვეყანაში ამნაირი წარმატების მიღწევა იოლი ნამდვილად არ არის.
როგორ მოხვდა შალვა-უმცროსი გერმანიაში?
- ეს თემა ჩემი ოჯახისთვის მეტად მტკივნეული საკითხია. 2011 წლის 26 მაისის წინა ღამეს, მთავრობის სასახლის წინ გამართული მიტინგის დარბევის შემდეგ მე და ჩემი შვილები დაგვაპატიმრეს. უკვე მოგვიანებით ნაცნობებმა მაცნობეს რომ ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო მერაბიშვილი - სააკაშვილის მთავრობა ჩემი ვაჟიშვილების, გიორგისა და ლევანის ხელახლა დაკავებას გეგმავდნენ. ამ მიზეზის გამო გიორგის ოჯახს სასწრაფოდ საქართველოს დატოვება მოუწია. ვაჟიშვილი ბერლინში დაფუძნდა და მალე პოლიტიკური დევნილის სტატუსიც მიიღო.
როგორი გახლდათ შაკოს პირველი საფეხბურთო ნაბიჯები?
- ჩემმა შვილიშვილმა ფეხბურთში ვარჯიში ექვსი წლის ასაკში „ირაოში“ დაიწყო და მისი პირველი მწვრთნელი ზაზა მაღრაძე გახლდათ. ქართული პოლიტიკური კატაკლიზმების გამო პატარა ბავშვი გერმანიაში, სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდა, მაგრამ საკუთარი ნიჭიერებისა და მონდომების დახმარებით ადგილი გერმანიაშიც დაიმკვიდრა.
გაუჭირდა უცხო ქვეყანაში ადაპტაცია?
- ახალ გარემოსთან მორგება ბავშვებს უფრო უადვილდებათ. ბერლინში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში შაკო გერმანულად თავისუფლად ალაპარაკდა და იქაურ სკოლაში სიარული დაიწყო. მალე ფეხბურთში ვარჯიშის განახლება გადაწყვიტა და რამდენიმე გუნდში სინჯები გაიარა. ყველაზე საინტერესო შემოთავაზება „შპანდაუს“ კლუბიდან მიიღო და მისი მაისურიც მოირგო. სიამოვნებით მინდა ავღნიშნო რომ მცირე დროში გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდა და გერნანიის ფეხბურთის ფედერაციამ მის ასაკობრივ ჯგუფში ქვეყნის ყველაზე ძლიერ ორმოცდაათ მოთამაშეთა შორის დაასახელა. ეს ნიშნავს, რომ შალვა-უმცროსის საფეხბურთო განვითარებას ამ ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. საინტერესოა რომ ცოტა ხნის წინ მისით დაინტერესება ერთდროულად სამმა გუნდმა გამოიჩინა. სიამოვნებით გაგაცნობთ მათ სახელებს: „ჰერტა“, „ტენის ბორუსია“ და ბერლინის საფეხბურთო კლუბი. შაკოს საქმე უკვე ასარჩევად აქვს და უახლოეს მომავალში ალბათ უფრო ძლიერ გუნდში ჩაირიცხება.
ახალგაზრდა ფეხბურთელი სწავლასა და სპორტს ერთმანეთს როგორ უთავსებს. არ უჭირს?
- ამასთან დაკავშირებით ერთ საინტერესო მაგალითს მოგიყვანთ. შაკოს გუნდი თვეში რამდენჯერმე სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობს. როგორც წესი ერთმანეთს რვა ადგილობრივი გუნდი ეჯიბრება და მოზარდები დღეში შვიდ-რვა ოცწუთიან მატჩს ატარებენ. ტურნირები ძირითადად შაბათ-კვირაობით იმართება, მაგრამ ერთხელ ორგანიზატორებმა დრო კარგად ვერ გათვალეს და შეჯიბრება ორშაბათს დაასრულეს. მეორე დღეს შაკოს სკოლის დირექტორმა მისი მშობლები თავისთან დაიბარა და მკაცრად გააფრთხილა, რომ სწავლა უმთავრესია და უსწავლელი სპორტსმენი გერმანიაში არავის სჭირდება. მან ოფიციალურად მოითხოვა რომ ჩემს შვილიშვილს ფეხბურთის გამო სკოლა აღარ გაეცდინა. ამ ერთი მაგალითის მოყვანით იმის თქმა მსურს რომ გერმანიაში ახალგაზრდების სწავლა-განვითარებას სერიოზულად უდგებიან და ეს საკითხი სახელმწიფოს უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი. იქ მიაჩნიათ რომ წარმატებული ფეხბურთელი, კალათბურთელი ან სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელი ყოველმხრივ განათლებული პიროვნება უნდა იყოს, განსხვავებით საქართველოსგან სადაც ახალგაზრდები სპორტს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ და ზოგიერთმა ცნობილმა ათლეტმა გამრავლების ტაბულაც კი არ იცის. გერმანიაში გამორიცხულია რომ უცოდინარმა ადამიანმა თუნდაც სპორტში დიდ წარმატებას მიაღწიოს. თავად სახელმწიფო არ დაუშვებს ამას.
საქართველოში მოზარდების ფეხბურთით გატაცება ოჯახებს იაფი არ უჯდება. საინტერესოა ეს საკითხი გერმანიაში როგორ არის დაყენებული?
- შემიძლია გითხრათ რომ შაკოს მშობლები თვეში მხოლოდ და მხოლოდ 15 ევროს იხდიან. საფეხბურთო მოედნები კლუბებისა და ქალაქის მერიის ხელში იმყოფება და იქ ვარჯიში ნებისმიერი მსურველისთვის პრაქტიკულად უფასოა. ბერლინში რამდენჯერმე გახლდით და სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, როდესაც ერთი კვადრატული კილომეტრის რადიუსში საშუალოდ ოთხ-ხუთ კეთილმოწყობილ საფეხბურთო მოედანს ვითვლიდი.რაც შეეხება სპორტულ ფორმებს. სხვადასხვა ტურნირების მიმდინარეობის დღეებში თავად ბავშვები მცირე თანხებს აგროვებენ და კლუბი ამ ფულით სპორტულ ეკიპირებას იძენს. ამით მოზარდებს ადრეული ასაკიდან პასუხისმგებლობის გრძნობა უჩნდებათ. ისინი ამ ფორმებს განსაკუთრებულად უფრთხილდებიან, ხშირ შემთხვევაში კი თავადაც რეცხავენ და აწესრიგებენ.
ბერლინის „ჰერტაში“ ლევან კობიაშვილი ასპარეზობს. თუ აქვს შაკოს მასთან ურთიერთობა?
- ისინი დიდი მეგობრები არიან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კობიაშვილს შაკოს მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. კობი ჩემი შვილიშვილისთვის დიდი ავტორიტეტია და მისი საფეხბურთო განვითარების საქმეში ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის. რასაკვირველია შალვა-უმცროსი „ჰერტას“ თავდადებული გულშემატკივარია და ამ გუნდის არცერთ საშინაო თამაშს არ აცდენს. მეტსაც გეტყვით. რამდენიმე დღეში, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩში კობის ფეხბურთიდან ოფიციალურად გააცილებენ და ამ თამაშზე ოფიციალური მიპატიჟბა შაკომ უკვე მიიღო.
როგორ გესახებათ შალვა-უმცროსის მომავალი საფეხბურთო კარიერა?
- მინდა დაგარწმუნოთ რომ შაკო საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურის მორგებაზე ოცნებობს. რასაკვირველია მისი არსებობის შესახებ ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში უკვე იციან და ელოდებიან მის წამოზრდას. თავად ბატონ რეზო არველაძესთან ხშირი კონტაქტი გამაჩნია და ვიცი რომ უახლოეს მომავალში საქართველოს თოთხმეტწლამდელთა ნაკრები უნდა ჩამოყალიბდეს. შაკოს უკვე აქვს შეთავაზება რომ როდესაც ეს გუნდი შეიქმნება პერსონალურ მიწვევას მიიღებს და სინჯებზე აუცილებლად დაპატიჟებენ. სიმართლე გითხრათ და ერთი რამის მართლაც მეშინია. არ მინდა რომ გერმანელებმა მისი თავი წაგვართვან, არადა ამისი წინაპირობა უკვე არსებობს. ხუმრობა ხომ არ არის, როდესაც თორმეტი წლის ფეხბურთელის დასაუფლებლად ერთმანეთს უკვე სამი ბერლინური გუნდი ეცილება. რასაკვირველია თავად შაკო მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ფიქრობს.
თქვენი აზრით, შაკო ჩვენს ქვეყანაში რომ დარჩენილიყო მიაღწევდა კი დღევანდელ წარმატებებს?
- გაგეცინებათ და ჩვენი საუბრის დასასრულს მერაბიშვილსა და სააკაშვილს ალბათ პერსონალური „მადლობა“ უნდა გადავუხადო. რომ არა იმ მიტინგის დარბევა შვილიშვილი დღეს საქართველოში იცხოვრებდა. რა უნდა გითხრათ. მიმაჩნია რომ ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის საქმე აშკარად მოიკოჭლებს. ქართველ მწვრთნელებს სამუშაოს დაკარგვის ეშინიათ და ძირითად ორიენტირს შედეგების სწრაფად მიღწევაზე აკეთებენ. ამის გამო მთავარ აქცენტს მოზარდების ფიზიკური გამძლეობის ამაღლებაზე აკეთებენ. გერმანიაში საქმე სხვანაირად არის დაყენებული. ბავშვებთან ძირითადად ყოფილი ფეხბურთელები მუშაობენ და ამ საქმიანობისთვის არანაირ გასამრჯელოს არ იღებენ. იქ მიუღებლად მიაჩნიათ რომ მოზარდები ფიზიკურად გადატვირთონ. მთავარი აქცენტი ბურთთან შეხებაში და უშუალოდ თამაშის პროცესზეა გადატანილი. გერმანელები თვლიან რომ ბავშვებმა ფეხბურთით სიამოვნება უნდა მიიღონ და სპორტის ეს სახეობა არ შეჯავრდეთ. რაც შეეხება ფიზიკურ კონდიციებს, მათი ამაღლება ასაკის ზრდის პარალელურად თანდათან მიმდინარეობს.
როდის აპირებს შაკო საქართველოში ჩამოსვლას?
- მას საკმაოდ დაძაბული რეჟიმი გააჩნია და როდესაც დროს გამონახავს მცირე ხნით აუცილებლად გვესტუმრება. პირობას გაძლევთ რომ თქვენს ვებ-გვერდს ინტერვიუს აუცილებლად მისცემს. დიდი მადლობა მსურს გადაგიხადოთ რომ შაკოთი დაინტერესება გამოიჩინეთ და ჩემი შვილიშვილის შესახებ ინფორმაციას ფართო საზოგადოებას გააცნობთ. მერწმუნეთ, შალვა-უმცროსის სახით საქართველოს კიდევ ერთი ჩინებული ფეხბურთელი ეზრდება. დარწმუნებული გახლავართ, რომ უახლოეს წლებში ის ეროვნულ გუნდში თავის ადგილს აუცილებლად დაიმკვიდრებს და მისით სრულიად საქართველო იამაყებს.