შინაგან საქმეთა მინისტრმა ურეკში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ურეკში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნა

დაბა ურეკში დაცვის პოლიციის ოპერატიული რეაგირების ჯგუფისთვის განკუთვნილი ახალი შენობა გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების და უახლესი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი შენობა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძემ გახსნეს.

2007 წლიდან გრიგოლეთის, ურეკის და შეკვეთილის მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს დაცვის პოლიციის ოპერატიული რეაგირების ჯგუფი ემსახურება. დაბა ურეკში დაცვის პოლიციის ოპერატიული რეაგირების ჯგუფისთვის განკუთვნილი ახალი შენობა სამართალდამცველების სწრაფ მოქმედებას და ეფექტურობას გააუმჯობესებს.

ამ ეტაპზე აღნიშნულ ტურისტულ ზონაში დაცვის პოლიციის ტექნიკური საშუალებებით დაცულია 50-მდე აგარაკი, სავაჭრო ობიექტი და სასტუმრო. ტურისტული სეზონის დაწყებისთვის დაცვის პოლიცია დაცული ობიექტების რაოდენობის ზრდას ელოდება, რასაც ახალი შენობით, ახალი ოპერატიული ავტომობილით, თანამშრომელთა განახლებული უნიფორმებით და ტექნიკური აღჭურვილობით ხვდება. შავი ზღვისპირა რეგიონში, ურეკის გარდა, აჭარის რეგიონულ სამმართველოს 5 ერთეული ახალი ავტომობილი „Skoda Octavia“ გადაეცა.

დაცვის პოლიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. შეიცვალა კორპორატიული ფერი, ლოგო, სლოგანი, უნიფორმები. განახლდა ავტოპარკი და შეიცვალა ავტომობილების იერ-სახე. სისტემატური და გეგმიური ხასიათი მიეცა ოპერატიული მიმართულებით დასაქმებული თანამშრომლების პროფესიულ და საცეცხლე მომზადებებს. გაუმჯობესდა დაცული ობიექტებიდან განგაშების ოპერატიულად მიღების და მათზე რეაგირების შედეგები.