ახალი ნაციონალური პროპაგანდა

ახალი ნაციონალური პროპაგანდა

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდელი რუსთავი 2 ყველას კარგად ახსოვს. აგრესიული, ღიად პროპაგანდისტული, სადაც არ არსებობდა არავითარი ჟურნალისტური ეთიკური სტანდარტი, რომლის შემოქმედების მწვერვალებზეც მრავლად ასულა თამარ ბაღაშვილის, თენგო გოგოტიშვილისა და სხვათა ნაცოდვილარი სიუჟეტები. 

ძველი სახეების რიგებს თანდათანობით ემატება ახალი თაობა, რომელიც სერიოზულ კონკურენციაში შედიან გამოცდილ პროპაგანდისტ კადრებთან. გიორგი გაბუნია ამ მხრივ ნამდვილ აღმოჩენად იქცა, რომელმაც წარმატებით გაიარა რუსთავი ორის პროპაგანდის სკოლა. თუკი არჩევნებამდელ წნეხს დამწყები რუპორი ბოლომდე ვერ უძლებდა და დილის გადაცემის წამყვანების (პოლიტიკურად ნეიტრალურ) ოთახში ცხარე ცრემლით ტიროდა საკუთარი ხვედრის სიმძიმეზე, დღეს გაბუნიას ტელეეთერმა სულ სხვა დამაჯერებლობა და იმიჯი შეიძინა.

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ ერთ დღეში გავხდით რუსთავი-2-ის მეტამორფოზის მოწმე, თუ ღია, აგრესიული, პროპაგანდისტული ტელევიზიიდან არხი უცებ როგორ გარდაიქმნა შეფარული, პარტიზანული და საბოტაჟური ბრძოლის ინსტრუმენტად.  რუსთავი-2 მაქსიმალურად ცდილობს წარმატებული კომერციული პროექტების შექმნას, რათა მოიზიდოს აუდიტორია და შემდეგ სიცრუით და სიყალბით გაჟღენთილი ინფორმაცია შეასაღოს.  განვლილი წლების მანძილზე პირდაპირი სამთავრობო, ღია თუ ფარული სუბსიდიით მომძლავრებული არხი სრული სატელევიზიო ინფრასტრუქტურითაა წარმოდგენილი ქართულ საეთერო ბადეში, რაც საშუალებას აძლევს შექმნას კარგი ვიზუალის პროდუქცია და იმაუწყებლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  იმ დროს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 78 პროცენტი ინფორმაციის ტელეეთერის საშუალებით იღებს და გარდა ინფორმაციისა ყველაზე იაფ გასართობს სწორედ ტელევიზია სთავაზობს, არხის მესვეურები კარგად ხვდებიან იმ შუალედს, თუ როგორ ააგონ არხის სარედაქციო პოლიტიკა - ნაწილობრივ სიმართლე, პარტიული ინტერესების შესაბამისი თემატიკა, შეპარებული ტყუილები, პროპაგანდით გაჟღენთილი ქვეტექსტი და ინტონაციური აქცენტები.

ტელეკომპანია რუსთავი-2 პირდაპირაა დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან და შეფარული გზით ატარებს ტელეეთერში ისეთ სარედაქციო პოლიტიკას, რაც პირდაპირ პასუხობს ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს.  ნებისმიერი დაკვირვებული ადამიანი გაარჩევს ტყუილ-მართალს ნებისმიერ სიუჟეტში, თუ კარგად ესმის ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი პოლიტიკური ამოცანები.

პასუხისმგებლობისგან მაქსიმალურად თავის არიდება, პოლიტიკურ სცენაზე ადგილის შენარჩუნება, დარჩენილი ბერკეტებისა და მხარდამჭერების შენარჩუნება, მმართველობის დროს მოხვეჭილი ფულის დაცვა და გავლენა კონტროლირებულ ბიზნესებზე - ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიმდინარე მიზნები.  ხალხში გულგრილობისა და აპათიის დანერგვა, საბოტაჟი ჯერ კიდევ გავლენის ქვეშ მყოფ სფეროებში, კრიმინალური შემთხვევების განზოგადება ზოგად ტრაგიკულ სურათამდე, უკანსვლის, დაქცეული ეკონომიკის, დევალვირებული ლარის, გარღვეული ბიუჯეტისა და სხვა აპოკალიპტური მითების ყოველდღიური ღაღადი - ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიზნების შესაბამისი მიმდინარე ამოცანები, რომელთა შესრულებაზეც დროსა და ენერგიას არ ხარჯავენ მისი წევრები, რომელთა დიდ ნაწილსაც ჯიბეში დეპუტატის მანდატი უდევს, ხალხის ფულს იღებს ხელფასად და ძირითად საქმიანობად მთავრობის წინააღმდეგ მოქმედება დაუსახავთ.

სწორედ ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთხზული მესიჯ-ბოქსის ნაწილია ყველა ის თემა, რაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.  ამ ადამიანის რეიტინგი, პოპულარობა და ნდობის ხარისხი ქართულ საზოგადოებაში ყველამ კარგად იცის და ნაცმოძრაობა მის მიერ კონტროლირებული ტელევიზიით მაქსიმალურად ცდილობს მისთვის ძირის გამოთხრას.

ბიძინა ივანიშვილმა კარგად დაანახა მთელ ქვეყანას, რომ ყველა მისი პროექტი პრაქტიკულად საქველმოქმედო ხასიათის იყო და მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული ამ მხრივ. ეს ქველმოქმედება, როგორც ღია, ისე დაფარული, როგორც აღმოჩნდა ძალიან მისაღები და სასურველი იყო ნაციონალური მოძრაობისათვის, ვიდრე ხელისუფლებაში იყვნენ და ივანიშვილის ფულით ქვეყანაში წარმატებული პროექტები ხორციელდებოდა.  მათ შორის კარგი იყო, როდესაც ივანიშვილის ფულით ხორციელდებოდა ყურძნის სუბსიდირებაც, რაც შემდეგ შეწყვიტა ხელისუფლებამ და ბენდუქიძის დოქტრინის თანახმად ბაზარს მიანდო დარგის რეგულაცია. ვინ იყო მართალი აგრომრეწველობის ხელშეწყობის საქმეში, ამაზე ციფრებიც მკაფიოდ მეტყველებს: საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2014 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით 18%-თაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით, აქედან ექსპორტის მონაცემი 23%-ია.  რუსეთი, რომელიც სიდიდით მეხუთე ადგილზე იყო საგარეო ვაჭრობის მოცულობით, 2014 წელს მესამე ადგილზე გადმოინაცვლა და მასთან ვაჭრობა 57 %-თაა გაზრდილი და 190 მილიონ დოლარზე მეტია. ეს ზრდა განპირობებულია სწორედ ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტის ზრდით.  ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენი აგროპროდუქტი რეალიზების ბევრად მაღალ მაჩვენებლებს მიაღწევს, რაც სარგებელს მოუტანს თითოეულ ოჯახსაც და სახელმწიფოსაც.  ბენდუქიძის ველური კაპიტალიზმის ეპოქა უკანმოუხედავად ჩაბარდა წარსულს.

ამ პროპაგანდას ახორციელებს იმ პარტიის ტელევიზია, რომელმაც ვაზი გააჩეხინა ქართველს. ის ყოფილი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქალაქ ბათუმში საუკუნოვანი ტრადიციის მქონე გუნდს, ბათუმის დინამოს, 18 ათასიანი სტადიონი დაუნგრიეს, გაუყიდეს და ზედ სასტუმროს მშენებლობა წამოიწყეს.  ქვეყანაში ახლოვდება არჩევნები და მსგავსი სიუჟეტები სხვა არაფერია თუ არა წინასაარჩევნო ბრძოლის ნაწილი, რომლითაც არხის რედაქცია პოლიტიკურ მხარედ გვევლინება, რათა მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს მფლობელ პარტიას და ზიანი მიაყენოს ქართულ ოცნებას.  იგივეს ემსახურებოდა თითიდან გამოწოვილი და შეთხზული ინფორმაცია თბილისის მაჟორიტარების შესახებაც.  ნაციონალურ მოძრაობა არ ერიდება არცერთ, თუნდაც ყველაზე დაუჯერებელ თემას, ოღონდ ზიანი მიაყენოს ქართული ოცნების პოზიციებს. ხალხის თვალში  ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს სანდოობისა და სტაბილურობის ისეთ გარანტს, რომელიც მყარად დგას როგორც ქვეყნის, ასევე მთავრობის ზურგს უკან. ვინაიდან სადღეისოდ არ არსებობს რაიმე თემა, რომლითაც მოხდებოდა ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია მისი კორუფციაში მხილების, მთავრობის საქმიანობაში ჩარევის, ეკონომიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ან მონოპოლიური ზეგავლენის შექმნის კუთხით, მის მოწინააღმდეგეებს მხოლოდ სიცრუე და ცილისწამება-ღა დარჩენიათ იარაღად.

ნაციონალურ მოძრაობას ვერ მოუნელებია ის მარცხი, რაც ბიძინა ივანიშვილთან ერთად აგემა ქართველმა  ხალხმა და მათი ავტორიტარული მმართველობა უსისხლოდ დაასრულა.  დღეს ისინი სარგებლობენ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრების პრივილეგიით და აგრძელებენ თავის ამორალურ გამოსვლებს. საბედნიეროდ ქართველი ხალხი ბრმა არაა და კარგად ესმის რაც ხდება. რამხელაც არ უნდა იყოს მათი სურვილი, ისინი კარგად ხვდებიან რომ შურსძიების წყურვილის დაკმაყოფილებას ვერასოდეს შეძლებენ, მათი დრო ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა, სწორედ ეს განაპირობებს მათ ბოღმას და ანთხევინებს ამ გესლს, რითაც არც კონკრეტულ ადამიანს დაგიდევენ და არც ქვეყანას.