უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ Axios-თან გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მომავალში დიპლომატიური გზითაც არის შესაძლებელი, ახალი შეკითხვები გააჩინა, როგორც უკრაინაში, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში. ერთი მხრივ, ეს გზავნილი შეიძლება განიმარტოს, როგორც ალტერნატიული სცენარისთვის მზადება ომის გაგრძელების პარალელურად, ხოლო მეორე მხრივ, ესაა დასავლეთისკენ მიმართული სიგნალი, რომ კიევი კომპრომისისთვის მზად არის.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს განცხადება მკვეთრად განსხვავდება ზელენსკის წინა რიტორიკისგან, როცა ის ხაზს უსვამდა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების აუცილებლობას. ახლა კი ჩნდება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი ცდილობს, საზოგადოება მოამზადოს უფრო გრძელვადიანი და რთული პროცესისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსგავსი განცხადება შეიძლება იქცეს მოლაპარაკებების მომზადებად ამერიკასთან და სხვა პარტნიორებთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის გუნდის ახალი მიდგომები იკვეთება.
ზელენსკის გზავნილის ფონზე, აქტუალური ხდება კითხვა - რას გულისხმობს დიპლომატიური სცენარი და ხომ არ არის ეს პირველი სიგნალი, რომ კიევი ომის დასრულების სხვადასხვა გზას განიხილავს.
„დღევანდელ ვითარებას თუ შევხედავთ, ხვალ თუ ცეცხლი შეწყდება, თუ ჩვენ ძალა არ გვექნება, რომ ეს ტერიტორიები დავიბრუნოთ, მაშინ მზად ვართ, ამაზე ვისაუბროთ. მზად ვართ, რომ ისინი მომავალში დავიბრუნოთ დიპლომატიური გზით და არა იარაღით. ვფიქრობ, ეს ყველასთვის კარგი კომპრომისია. ყველა ამბობს, რომ ასეთი საკითხები ახლა დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს“, - ამბობს ზელენსკი.
იმავე ინტერვიუში, მან ისიც განაცხადა, რომ სჯერა, აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის გამარჯვება სურს.
კითხვაზე, - „გჯერათ, რომ პრეზიდენტ ტრამპს საბოლოოდ სურს უკრაინის გამარჯვება“, უკრაინის ლიდერმა უპასუხა:
„დიახ, მჯერა. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინი მას წარმატებას არ მოუტანს. ასევე, საზოგადოება, ამერიკული საზოგადოება, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის. ამერიკული საზოგადოება პატივს არ სცემს და არ ენდობა პუტინს და ისინი ძირითადად არ თვლიან, რომ მას ამ ომის დასრულება სურს“, - ამბობს ზელენსკი.
საგულისხმოა, რომ ტრამპის რიტორიკა მართლაც შეიცვალა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში, ის კონსულტაციებს გადიოდა გუნდის წევრებთან, რომლებიც რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრ პოზიციას იზიარებენ. თუმცა, გაუგებარია ტრამპის განცხადება, სადაც ის ამბობს: „უკრაინული ჯარები დამთავრდებოდნენ, ეს რომ ჩემი ომი ყოფილიყო, ჩვენ - ამერიკა, ერთ კვირაში გავიმარჯვებდით“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-ის პირდაპირ ეთერში.
ეს გზავნილი აჩვენებს, რომ ვაშინგტონში დებატები გრძელდება და მიუხედავად ტრამპის რიტორიკის ცვლილებისა, მისი ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ აჩქარებს პოლიტიკის სერიოზულ გადახედვას - იარაღის მიწოდება გრძელდება, თუმცა კვლავ შეზღუდულია მისი გამოყენება რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე.
მოსკოვმა პირდაპირი ოფიციალური პასუხი არ გაუცია ზელენსკის განცხადებაზე. თუმცა, კრემლის პროპაგანდისტულ არხებში გაჟღერდა, რომ მსგავსი განცხადებები უკრაინის სისუსტეზე მეტყველებს და კიევი მზად არის, დათმობებზე წავიდეს. რუსი პოლიტიკოსები ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ „დიპლომატიური გზა“ ვერ იმუშავებს, თუ უკრაინა რეალურად არ მიიღებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუს-კვოს.
ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი for.ge-თან ამბობს, რომ დონალდ ტრამპის ორაზროვანი რიტორიკა და ევროპელების ბოლომდე ორჭოფობა უკრაინის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ზელენსკისთვის იმის ნიშანია, რომ მან ალტერნატიულ სცენარებზე უნდა იფიქროს.
„ტრამპი ძალიან სწრაფად იცვლის პოზიციებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ხან ერთ განცხადებას აკეთებს და ხან - მეორეს. თითქოს, ის ახლა ზელენსკის „მწვანე შუქს“ უნთებს იმისთვის, რომ მათ იბრძოლონ და ტერიტორიული მთლიანობა აღადგინონ. თუმცა, ერთია ტრამპის განცხადებები და მეორე, როგორია რეალობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპი აცხადებს, ამაში უკრაინას ევროპა უნდა დაეხმაროს და ის არ ამბობს, რომ პასუხისმგებლობას ამერიკა იღებს. ტრამპი ამბობს, რომ ის ამერიკულ იარაღს ნატო-ს მიჰყიდის და თუ უნდა, ნატო-მ ეს იარაღი მათ გადასცეს. პირდაპირი დახმარებაც რომ იყოს, რეალობა ისეთია, ამ ეტაპზე, უკრაინას არ გააჩნია იმის ძალა, რომ სამხედრო გზით რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 20% დაიბრუნოს.
დღესაც არ არის იმის წინა პირობები, რომ უკრაინამ სამხედრო გზით დაიბრუნოს ეს ტერიტორიები - ამის შესაძლებლობა ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ, ერთია დასავლეთში რას ამბობენ და მეორე - რას აკეთებენ რეალურად. უბრალოდ, თავად უკრაინამ დაიწყო თავისი შორსმსროლელი კამიკაძე დრონებით რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და საზღვაო პორტების დაბომბვა. ეს რუსეთს გარკვეულ პრობლემებს უქმნის, მაგრამ ბუნებრივი აირისა და ნავთობის გაყიდვის შეზღუდვა თუ არ მოხდა, ეს მთლად დიდი შვება უკრაინისთვის არ არის“, - ამბობს ალადაშვილი.
მისივე თქმით, გარდა ამისა, აუცილებელია რუსეთის SWIFT-დან გათიშვა, რაც არ ხდება, რადგან თავად დასავლეთს შეუქმნის ეს პრობლემებს. დასავლელი ბიზნესმენები ცდილობენ, ამ სანქციებს გვერდი აუარონ და რაღაც „შავი ხვრელები“ იპოვონ.
„ამ ეტაპზე, უკრაინისთვის ახლა ყველაზე მისაღები ფრონტის ხაზის გაყინვაა, მაგრამ პუტინს ეს არ აწყობს და სანამ შესწევს ძალა, ამ ომს გააგრძელებს, თუნდაც დიდი მსხვერპლის ხარჯზე. რაც შეეხება ტრამპს, არ არის გამორიცხული, ისევ 180 გრადუსით შემობრუნდეს და სხვა რამ განაცხადოს. დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადი პიროვნებაა, ამ ეტაპზე, ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინას მისცემენ. ამით ის შეძლებს თავდაცვითი ომის გაგრძელებას. ის, რომ მან მარტომ შეძლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შეუძლებელია, თუ თავად რუსეთში არ მოხდა რაღაც სასწაული და თავად რუსეთის იმპერია არ ჩამოიშალა“, - ამბობს ალადაშვილი.