საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში, დონალდ ტრამპს ესაუბრა და პირობა მიიღო, რომ საქართველოს საკითხს ტრამპი დაუბრუნდება და დაურეკავს. ეს შეხვედრა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მცდელობა, გაანეიტრალოს ბოლო პერიოდში დაგროვილი დაძაბულობა თბილისსა და ვაშინგტონს შორის და ურთიერთობები „ახალი ფურცლიდან“ დაიწყოს. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია კითხვა - რა რეალური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კომუნიკაციას და რას ცვლის ის დღევანდელ რეალობაში. შესაძლოა, თუ არა, რომ ამ ეტაპზე საქართველო ტრამპისთვის პრიორიტეტი სულაც არ იყოს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპმა მას პირობა მისცა, რომ საკითხს განიხილავს და დაუკავშირდება.
„ვუთხარი, რომ აუცილებელია ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ტრამპმა მიპასუხა, რომ ამ თემას აუცილებლად მიუბრუნდება და დამპირდა, რომ დამიკავშირდება. გვქონდა სხვა შეხვედრებიც ადმინისტრაციასთან, მათ შორის, ვაჭრობის მდივანთან“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის ინიციატივას მალევე გამოეხმაურნენ მმართველი გუნდის ლიდერები. თბილისის მერმა კახა კალაძემ განმარტა, რომ ხელისუფლების სურვილი დასავლეთთან ურთიერთობების განახლებაა და ეს ინიციატივა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
„ჩვენ არავის ვერჩით, არავის ვებრძვით. წარმოუდგენელია, საქართველო ამერიკას ან ევროპას ებრძოდეს. გვინდა, რომ ურთიერთობა ტყუილზე, სიცრუესა და მუქარაზე აღარ იყოს დაფუძნებული და სწორედ ამიტომ ვიწყებთ ახალ ფურცლს“, - აღნიშნა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ნებისმიერ დროს მზად არის საუბრისთვის:
„ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. არაერთხელ მაქვს საჯაროდ ნათქვამი - ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან სუფთა ფურცლიდან განახლდეს. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს და იმედი გვაქვს, ისინი გადაიდგმება. ძალიან კარგია, თუ ბატონმა პრეზიდენტმაც ეს ყველაფერი პირადად უთხრა ბატონ ტრამპს. როდის დარეკავს, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს“, - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიცია ხელისუფლების გზავნილებს სკეპტიკურად აფასებს. მათი თქმით, „ახალი ფურცლის“ ინიციატივა მხოლოდ პიარ-სტრატეგიაა და შედეგს ვერ მოიტანს, თუ ქვეყანა რეალურ რეფორმებს არ განახორციელებს.
შედეგად, პრეზიდენტის ნიუ-იორკული შეხვედრა ტრამპთან ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიგნალად იქცა. თუმცა, გახდება თუ არა ეს საუბარი თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისი, დამოკიდებულია არა მხოლოდ ტრამპის პოზიციაზე, არამედ იმაზე, რამდენად მოახერხებს საქართველო რეალური ნაბიჯებით დაადასტუროს საკუთარი მზაობა „სუფთა ფურცლიდან“ დიალოგისთვის.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან აცხადებს, რომ მას ეჭვი არ ეპარება მიხეილ ყაველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის კომუნიკაციის არსებობაში. მამრაძის თქმით, ყაველაშვილი, სააკაშვილისგან განსხვავებით, არასოდეს იტყუება.
„იმ პირობებში, რაც ბოლო პერიოდში შეიქმნა და იმ ფონზე, როგორც გააფუჭეს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა, ნამდვილად კარგია, რომ ეს კომუნიკაცია შედგა. ყაველაშვილი არ არის პიროვნება, რომელიც მსგავს ტყუილს გამოიგონებდა, და ამის საჭიროებაც არ ჰქონდა. ყველამ კარგად ვიცით, როგორ დაჟინებით ითხოვდნენ ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი გარემოცვა, რომ საქართველო ომში ჩართულიყო. მართალია, ეს მდგომარეობა დღეს აღარ დგას, მაგრამ გაფუჭებული ურთიერთობა ნამდვილად აღდგენას საჭიროებს. საქართველოს ხელისუფლება ამისთვის მზად არის. არაერთი განცხადება გააკეთა პრემიერმა კობახიძემ, პრეზიდენტმა ღია წერილი დაწერა და ეს მზაობა ჩვენი მხრიდან არსებობს. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, ამ ეტაპზე, ინტერესი არ შეიმჩნევა და ამაში საქართველოს ხელისუფლება დამნაშავე არ არის. აქ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, რის გამოც, ახლა, ჩვენი ქვეყანა მათ ინტერესის სფეროში არ ხვდება“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, ყაველაშვილისა და ტრამპის საუბარი დიდ შედეგს ვერ მოიტანს და ამაზე იმედების დამყარება არარეალისტურია. თუმცა, ანალიტიკოსის აზრით, ტრამპი პირად ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და შესაძლოა, გარკვეულწილად, ეს წინ გადადგმულ ნაბიჯად იქცეს.
„ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის საქართველოთი დაინტერესების არქონა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. პირველ რიგში, მისი ხასიათიდან და პოლიტიკიდან გამომდინარე, საქართველო უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს, რომელიც გარკვეულ დივიდენდს მოუტანს. ამ ეტაპზე, აზერბაიჯანისა და სომხეთისგან განსხვავებით, რომელთა მიმართ ინტერესიც ტრამპს „ზანგეზურის დერეფანმა“ გაუჩინა, საქართველო ასეთ ინტერესის სფეროდ არ მიაჩნიათ. არაბი შეიხებივით, ჩვენ არ შეგვიძლია ტრილიონობით დოლარის ინვესტიციები შევთავაზოთ. არც ომი მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში და მეზობლებთანაც, რუსეთის გარდა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
შესაბამისად, საქართველოთი ტრამპი ვერც ქულებს დაიწერს და ვერც რამე ფინანსურ სარგებელს ნახავს. იცის, რომ ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მაგრამ აქ სიმშვიდეა. ამიტომაც, ამ ეტაპზე, საქართველოს მისთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა არ აქვს. ვნახოთ, მოვლენების განვითარება ბევრ რამეს გამოაჩენს. სენატში „მეგობარი აქტის“ დაბლოკვა და ელჩის მიღება უკვე რაღაც ნაბიჯებია. ახლა უნდა დაველოდოთ ელჩის გამოგზავნასაც და ამის შემდეგ, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება“, - აღნიშნავს მამრაძე.