ინფლაცია 5%-ს უახლოვდება, რაც უკვე დამაფიქრებელი მაჩვენებელია. ამ სტატისტიკის მიღმა იმალება კიდევ უფრო არასახარბიელო კომპონენტი - სურსათისა და ჯანდაცვის ინფლაცია 10%-ის ფარგლებშია და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სწორედ ეს უქმნის დიდ პრობლემას.
„თიბისი კაპიტალში“ ადასტურებენ, რომ მომდევნო თვეებში ინფლაცია 5%-მდე მოიმატებს, მაგრამ უკვე წლის ბოლოსთვის, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, შემცირდება და, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს.
„ყოველდღიური მონაცემები აგვისტოს მეორე ნახევრიდან კვლავ ლარის დეპოზიტების ზრდის აჩქარებაზე მიუთითებს, მას შემდეგ, რაც ივლისში სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია გასული თვეების ტენდენციისგან განსხვავებული მიმართულებით შეიცვალა. „თიბისი კაპიტალის“ მკითხველისთვის ცნობილია, სხვადასხვა ანალიტიკურ შეფასებაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. შესაბამისად, გაცვლითი კურსის მხრივ, ეს კვლავ ლარის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფაქტორად რჩება, თუმცა სენტიმენტების ცვლილება, როგორც ყოველთვის, გამორიცხული არაა. უახლესი მონაცემებით, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა, აგვისტოს მდგომარეობით, 5.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა - წინა თვესთან შედარებით, 184 მილიონი აშშ დოლარით მეტი.
რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია ზრდას განაგრძობს და აგვისტოში 4.6%-ს მიაღწია, რაც კვლავ ჩვენს პროგნოზებთან თანხვედრაშია. „თიბისი კაპიტალის“ უცვლელი პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო თვეებში მცირედით კიდევ მოიმატებს და 5%-ს გადააჭარბებს, თუმცა წლის ბოლოსთვის, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, შემცირდება და, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა თვიურმა ინფლაციამ წლიურთან შედარებით, ერთი პროცენტული პუნქტით ნაკლები - 3.5% შეადგინა“, - აღნიშნულია კვლევაში.
არსებული ტენდენცია მოსახლეობის მოწყვლად ფენებს უკვე პრობლემებს უქმნის, მით უფრო ისეთ ქვეჯგუფში, როგორიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სადაც საერთოდაც, ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება. სწორედ ამ საკითხზე გააკეთა აქცენტი ეკონომისტმა, პაატა ბაირახტარმა.
„ისეთ ქვეჯგუფში, რომელიც მოწყვლადი ფენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ორნიშნა ინფლაციაა. ეს არის სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების მიმართულება. ასევე, ჯანდაცვის ჯგუფიც ახლოს არის ორნიშნა ინფლაციასთან. სიმართლე თუ გინდათ, ხალხისთვის სწორედ ეს ორი მიმართულებაა ძალიან მნიშვნალოვანი. პირველადი მომხმარების საქონლისა და მომსახურების მკვეთრი გაძვირება ბევრად უფრო მტკივნეულად აღქმადია მოწყვლადი ფენებისთვის, ვიდრე სხვა პროდუქტებზე ფასის მატება.
წლის მეორე ნახევარში ინფლაცია, ყველა სცენარით, მიზნობრივზე მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ნეგატიურ ეფექტს ზამთარში უფრო მეტად იგრძნობს მოსახლეობა“, - განაცხადა ბაირახტარმა
საყურადღებოა ისიც, რომ სურსათის შემდეგ, საქართველოში ყველაზე მეტად ჯანდაცვის სექტორი გაძვირდა. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, ჯანდაცვის ჯგუფში ფასების ზრდამ წლიურ ჭრილში 9.3% შეადგინა. სპეციალისტების უმეტესობა ფიქრობს, რომ სამედიცინო ხარჯი, ძირითადად, თვითნებურად არის გაზრდილი, რაც კორუფციულ ნიშნებს შეიცავს.
აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მეტად - 26%-ით საავადმყოფოს მომსახურება არის გაძვირებული, ასევე გაძვირებულია მედიკამენტები, თერაპევტის კონსულტაცია, ქირურგიული მომსახურება და სტომატოლოგიური სერვისები.
გაძვირება ყველაზე მტკივნეულად აისახა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ძვირადღირებული მომსახურება სჭირდებათ, ან კლინიკებში ხშირად უწევთ სიარული. ამ მხრივ, განსაკუთრებით, ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტებს აქვთ პრობლემა.
როგორც ორგანიზაცია „გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელმა, მარინა ბერაძემ აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულებებში ფასების ზრდა ინფლაციის მაჩვენებელს ბევრად აჭარბებს და გარკვეული სახის დარღვევებზეც მიანიშნებს.
„მარტო ექიმის კონსულტაციის ფასი კლინიკებში 100-დან 200 ლარამდე არის გაზრდილი და ტენდენცია კიდევ გრძელდება. კერძო სექტორი დაინტერესებულია, მაღალი გადასახადი დაწესდეს. ყველა სფერო პრობლემურია, მაგრამ განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში არიან ქრონიკული პაციენტები, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევთ მკურნალობა - მედიკამენტის მიღება და ექიმის კონსულტაცია. რამდენად ხშირად ისარგებლებენ ამ სერვისით, მით მეტი იქნება გასაწევი ხარჯი, თუ არ მიეკუთვნება სოციალურად დაუცველის, ომის ვეტერანის, ან პედაგოგის კატეგორიას. დანარჩენი, ე.წ. შუალედური ფენა მნიშვნელოვანწილად შეღავათის მიღმაა და თავად უწევს სამედიცინო მომსახურების ხარჯთან გამკლავება.
კლინიკები მასობრივად ერთი პრინციპით მუშაობენ - რაც შეიძლება, მეტი ფული მიიღონ და მიზანს აღწევენ კიდეც. კლინიკების მონიტორინგით პრობლემა არ გადაწყდება. დროა, მთავრობა ჯანსაღ საბაზრო პრინციპებზე გადაერთოს, რომ უარესი შედეგი არ მივიღოთ“, - განაცხადა მარინა ბერაძემ.