წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდის ტემპი ცოტათი შენელდა, მაგრამ საერთო დინამიკა კვლავ დადებითია. მთავრობაში ამბიციური გეგმები აქვთ, რომელიც საშუალო ხელფასის საგრძნობ ზრდას და სიღარიბის მაჩვენებლის თანდათანობით შემცირებას უკავშირდება. ეკონომისტები, გარკვეულწილად, იზიარებენ აღნიშნულ პროგნოზებს.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, დაბალანსებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა განაპირობა, რის შედეგადაც ეკონომიკა გაორმაგდა და ამჟამინდელი მაჩვენებლით, პირველად, 100 მილიარდ ლარს გადააჭარბა. მოლოდინი კიდევ უფრო რეალურია, რომ 2025 წლის ბოლოს, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს მიაღწევს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ უახლოეს წლებში საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს.
„თუმცა, ზრდის შენარჩუნება და გაძლიერება, პირველ რიგში, გლობალური ცვლილებების შედეგად გამოწვეული შესაძლებლობების სწორ იდენტიფიცირებას მოითხოვს და მათ თანხვედრას ეროვნული ეკონომიკის შესაძლებლობებთან. ამ მიმართულებით, ცხადად იკვეთება ქვეყნისთვის სტრატეგიული ეკონომიკური სექტორები: ენერგეტიკა, ლოგისტიკა, ტურიზმი, დეველოპმენტი და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიები“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
დეპუტატის მოსაზრებას სრულად ეთანხმება ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ადასტურებს, რომ ძალიან დადებითი დინამიკა შეინიშნება ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.
„პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს გაუტოლდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდა და გასულ წელს 9.4% იყო საშუალო ეკონომიკური ზრდა. მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკური ზრდა 8%-ია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამომდინარეობს, რამდენიმე კომპლექსური ფაქტორის ეფექტური მართვით, სწორი ხედვით და სწორი სტრატეგიით - ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან.
დადებითი დინამიკა შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. გამოვყოფდი ისეთ სექტორებს, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა, საინფორმაციო სერვისები, ისევე, როგორც ვაჭრობა, ტურიზმის ინდუსტრია. ვხედავთ, რომ ყველა ეს მიმართულება, ყველა ეს სექტორი, სტაბილურად ვითარდება. ხელისუფლება განაგრძობს უშუალოდ ეკონომიკის დივერსიფიცირებით ზრდას, რაც სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მინისტრმა.
მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ეკონომიკა პირდაპირ აისახება ადამიანების შემოსავლებზე. 2012 წელს, ქვეყანაში საშუალო ხელფასი იყო 715 ლარი და ბოლო რამდენიმე თვეა, 2000 ლარს გადასცდა. პრემიერის თქმით, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი იყო მმართველი გუნდის საპროგრამო დაპირება და ოთხ წელიწადში ესეც არის შესაძლებელი.
„ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვაძლევს სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდის საშუალებას. როცა იზრდება ეკონომიკა, ეს პირდაპირ აისახება ადამიანების შემოსავლებზე. ჩვენ 2012 წელს, საშუალო ხელფასი დაგვხვდა 715 ლარი და უკვე 2000 ლარს გადასცდა ეს მაჩვენებელი. მთავრობის პროგრამული მიზანია, რომ 2028 წელს, მივაღწიოთ 3500 ლარს, თუ შევინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის ამ ტემპს. ხელფასებისა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდა, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი - ეს იყო ჩვენი საპროგრამო დაპირება და ოთხ წელიწადში ესეც არის შესაძლებელი.
რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ გვაქვს უამრავი გამოწვევა, ჯერ კიდევ, 2024 წლის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი არის 9.4%, რაც ძალიან ბევრია. საუბარია, დაახლოებით, 350 000 ადამიანზე, რომლებიც ცხოვრობენ სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანაა, სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში. თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ მუშაობას, ამის გაკეთება არის შესაძლებელი საშუალოვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, მათ შორის, კორუფციის შემცირება, ახალი პროექტები, ახალი ინვესტიციები - ყველა მიმართულებით გვექნება სერიოზული პროგრესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის შეფასებებს ეთანხმებიან ეკონომისტებიც. სტატისტიკოსი სოსო არაჩვაძე დარწმუნებულია, რომ ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება და განვითარების ვექტორი არ შეიცვლება.
„საქართველოს ეკონომიკა, მასში დაგროვილი პოზიტიური კუმულატიური მუხტისა და განვითარების პოტენციალის გათვალისწინებით, აბსოლუტურად რეალისტურს ხდის ასეთივე პოზიტიური ტრენდის შენარჩუნებას მომავალშიც, საშუალოვადიან პერიოდში. კერძოდ, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ყველაზე კონსერვატორული პროგნოზითაც კი, 2030 წლამდე, საშუალო წლიური მატების ტემპი საქართველოს ეკონომიკას, დაახლოებით, 1.8-ჯერ უფრო მაღალი ექნება, გლობალურ ეკონომიკასთან შედარებით (5.0% VS 2.8%). აღნიშნული გარემოება ქმნის ობიექტურ საფუძველს არა მარტო საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის არსებითი ზრდის უზრუნველსაყოფად, არამედ ჩვენი ქვეყნის გლობალურ ეკონომიკაში უფრო წონად და ანგარიშგასაწევ სუბიექტად წარმოსაჩენად“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.