საქართველოში ჰესების მშენებლობის მიმართ საპროტესტო აქციები გამუდმებით მიმდინარეობს და, თითქოს, ამ ყველაფერმა მიზანმიმართული სახე მიიღო. მოსახლეობის გამოსვლებს, ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს მაშინაც, როცა გარემოზე ზემოქმედების რისკი, პრაქტიკულად, არ არსებობს. ამიტომ, მთავრობაში ამბობენ, რომ ხელოვნური დაბრკოლებები იქმნება ხოლმე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკვე პირდაპირ ასახელებს მიზეზს, თუ რატომ იგეგმება მშენებარე ჰესების მიმართ პროტესტი. ბოლო წლებში, ასეთმა დამოკიდებულებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო.
„ხშირად იყო საბოტაჟის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ადამიანები, საკუთარი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, ხელოვნურად უქმნიდნენ დაბრკოლებას, თუნდაც მცირე ჰესების მშენებლობას და შემდეგ ცდილობდნენ, წილში ჩამჯდარიყვნენ, კონკრეტულ პროექტებში. ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ ხელი მოითბოს სახელმწიფო ინტერესებისა და კერძო სექტორის ინტერესების ხარჯზე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას. ყველა მიმართულებით გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ჩამოყალიბდება ახალი პრაქტიკა. ამ კუთხით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტებთან, ენერგეტიკოსებთან და კერძო სექტორთან მუდმივი კონსულტაციები. სწორედ ასეთი კონსულტაციების, რჩევების საფუძველზე უნდა განისაზღვროს სამომავლოდ ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც უნდა გახდეს მაქსიმალურად ეფექტიანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ უცხოური დაფინანსებითაც კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ აწარმოებდნენ საბოტაჟს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
„განსაკუთრებული გამოწვევა იყო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური საბოტაჟი. ამ ეკონომიკურ საბოტაჟში სხვადასხვა სუბიექტი იყო ჩართული. მათ შორის, უცხოური დაფინანსებითაც კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ აწარმოებდნენ საბოტაჟს ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას. ქვეყანას, კონკრეტული პროექტის შემთხვევაში, ათეულობით მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურება უწევს, სწორედ ამ საბოტაჟიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მაშინ არ ჰქონდა სახელმწიფოს საკმარისი რესურსი, დაპირისპირებოდა ამგვარ საბოტაჟს, თუმცა დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ უზრუნველყოს ნებისმიერი, მათ შორის, ასეთი მსხვილი პროექტების შეუფერხებელი განხორციელება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ენერგეტიკული მიმართულებით სახელმწიფოებრივი მიდგომა გასააქტიურებელია, თორემ ქვეყანა თანდათან იმპორტზე დამოკიდებული ხდება. 2025 წელს, პირველად იყო, რომ საქართველოს, აგვისტოში, ელექტროენერგიის იმპორტი დასჭირდა. საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის ინფორმაციით, ნელ-ნელა ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული ხდება, რადგან ელექტროენერგიის მოხმარება გენერაციას მნიშვნელოვნად აღემატება. ასეთ პირობებში, შექმნილ სიტუაციაში, როგორც მცირე და საშუალო მოდინებაზე მომუშავე, ასევე რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უმნიშვნელოვანესია.
„ენერგეტიკის განვითარება წინ უნდა უსწრებდეს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას, ეს ეკონომიკური პროგრესის დაუწერელი ფორმულაა. სამწუხაროდ, ნელ-ნელა, ჩვენ ვხდებით ქვეყანა, რომელიც მუდმივ რეჟიმში იმპორტზეა დამოკიდებული. წელს პირველად მოხდა, რომ აგვისტოში, იძულებულები ვიყავით, ელექტროენერგიის იმპორტი განგვეხორციელებინა, რადგან მოხმარება მნიშვნელოვნად აჭარბებს ენერგიის გენერაციას.
ამ პროცესში, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, როგორც მოდინებაზე მომუშავე მცირე და საშუალო ჰიდროელექტრო სადგურების, ისე დამაგროვებელიანი, ანუ რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.
პრემიერის პოზიციას იზიარებს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილიც.
„ეს საკითხი რომ აუცილებლად შესასწავლია, ამაში ნამდვილად დავეთანხმები პრემიერ-მინისტრს, რადგან შეიძლება, რაღაც სხვა ისტორიები არსებობდეს.
სიღრმისეული და არა მიკერძოებული გამოკვლევა თუ ჩატარდება, ნამდვილად კარგი იქნება. საბოლოოდ, ეს საკითხი ისე უნდა გამოვიკვლიოთ, რომ ჭკუის სასწავლებელი იყოს. უსაფრთხოების სამსახურებს ეს ამბავი აქამდეც უნდა გაერკვიათ, თუმცა შესაძლოა, გარკვეული აქვთ კიდეც“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ამბიციური მიზანია, 2028 წლისთვის, ენერგოსექტორის გამომუშავებამ მიაღწიოს 8 000 მგვტ-იან მაჩვენებელს, ხოლო 2030 წლისთვის - 10 000 მგვტ-ს, რაც სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, რომ საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზნის მისაღწევად საჭიროა სწორი პოლიტიკა და მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორებიც არის „ხუდონის“, „ნენსკრას“, „ნამახვანის“ პროექტები.