დასრულდება თუ არა ოდესმე დემოგრაფიული კრიზისი - 2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემები საგანგაშოა

დასრულდება თუ არა ოდესმე დემოგრაფიული კრიზისი - 2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემები საგანგაშოა

საქართველოში დემოგრაფიული კრიზისი სულ უფრო მწვავდება. მიმდინარე წლის მონაცემები უკვე საგანგაშოა. მდგომარეობის გამოსწორებას ბევრი წელი დასჭირდება, თუ საერთოდ მოხერხდა ამ რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევა.

საქართველოში, 2025 წლის იანვარ-ივნისში, ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 719 ბავშვი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ამავე პერიოდში, ქვეყანაში გარდაიცვალა 22 718 ადამიანი.

„საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში, ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) - 4 999 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296).

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის პირველ ექვს თვეში, ქორწინების 9 925 და განქორწინების 6 456 შემთხვევაა რეგისტრირებული. საყურადღებოა ისიც, რომ მცირედით გაიზარდა პირველი ქორწინების საშუალო ასაკი და მან 2024 წელს, ქალებისთვის - 29.9 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის - 32.2 წელი შეადგინა. 2023 წელს, ეს მაჩვენებელი ქალებისთვის - 29.7, მამაკაცებისთვის კი - 32.1 წელი იყო. აღსანიშნავია, რომ პირველი ქორწინების საშუალო ასაკი, როგორც მამაკაცების, ასევე ქალების შემთხვევაში, ყოველწლიურად მატულობს.

ქვეყანაში არსებული რთული მოცემულობის რამდენიმე მიზეზია და სწორედ ამ გარემოებზე ამახვილებენ ყურადღებას დემოგრაფები. თამარ ჩიბურდანიძე პირდაპირ ამბობს, რომ მინიმუმ 10-15 წელი მოგვიწვეს გარდაუვალი კლების რეჟიმში ცხოვრება.

შობადობის გარდაუვალი კლების რეჟიმში ჩვენ ვიქნებით ერთი დემოგრაფიული თაობა, რადგან 80-90-იან წლების დემოგრაფიული ხაზი მიჰყვება დაბადებული გოგონების რაოდენობას. ამ პერიოდში, საქართველოში, დაახლოებით, 450 ათასი გოგონა დაიბადა, ხოლო 90-იანი წლებიდან 2000-იან წლამდე - მისი ნახევარი, სადღაც, 230 ათასი გოგონა. 1990-2000-იან წლებში დაბადებული გოგონები ახლა შევიდნენ დედობის ასაკში. იმ პერიოდში გოგონების რაოდენობა განახევრდა, რაც გამოიწვია მიგრაციამ, შიდა კონფლიქტმა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა შედეგმა. ეს არის 90-იანი წლების შედეგი და როდესაც ვამბობთ, რომ ერთი დემოგრაფიული თაობა ითვლის 25-27 წელს, ესე იგი, სურათს ვიღებთ 25-27 წლის შემდეგ.

ქვეყანაში მკვეთრად არის შემცირებული პირველი და მეორე შვილის გაჩენა. მესამე და შემდგომი შვილების რაოდენობა კი უმნიშვნელოდ არის შემცირებული და ზოგიერთ რეგიონში ზრდაც არის. დაიკლო ქორწინებათა რაოდენობამ, რადგან ახალგაზრდები ევროპული წესით ამჯობინებენ თანაცხოვრებაში იყვნენ დიდხანს, ვიდრე ქორწინებაში შევიდნენ. წყვილები რამდენიმე წელიწადი არიან თავისუფალ ურთიერთობაში და გვიან ქორწინდებიან.

გარდა ამისა, შვილის ყოლის გადავადებაც მოხდა. ეს მოცემულობა ევროპაში იმდენად აღარ არის, მაგრამ საქართველოში ახლა შემოვიდა მოდაში. ქორწინება უნდა მოხდეს ყველაზე რეპროდუქციულ ასაკში და ეს არის 18-დან 30 წლამდე პერიოდი. ეს ხალხი გვიან ქორწინდება და თუ ოჯახი როგორმე შექმნს, გვიანობამდე არ აჩენენ შვილს.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მატებას, ესეც დემოგრაფიული თაობების შედეგია. საქართველო არის ძალიან დაბერებული ქვეყანა. ხანდაზმულთა რაოდენობა მკვეთრად აჭარბებს ახალშობილთა ოდენობას. საქართველოში ძალიან ბევრი პენსიონერი გვაყავს, ხანდაზმულთა რაოდენობა გაზრდილია და ამიტომ გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

იგივე მოსაზრებისაა კიდევ ერთი დემოგრაფი გიორგი მელაძეც, რომელიც ფიქრობს, რომ შობადობის მაჩვენებლის ზრდა ათწლეულებშიც კი შეუძლებელია. ასე რომ, საქართველოში ეს კრიზისი კიდევ კარგა ხანს არ მოგვარდება, რაც ქვეყანას დიდი საფრთხის წინაშე აყენებს.

„შობადობის კლება დღეს და გუშინ არ დაწყებულა, განსაკუთრებით ტრაგიკული იყო 90-იანი წლები, როდესაც მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა და დღეს, ზუსტად ის თაობაა რეპროდუქციულ ასაკში, რომლებიც 90-იანი წლების მეორე ნახევარში დაიბადნენ.

1994 წელს, საქართველოში 15-დან 49 წლის ჩათვლით, რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობა იყო 1.234 მლნ მაშინ, როდესაც 2024 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 823 ათასია. ამ თაობას რესურსი არ გააჩნია და ამიტომაც მცირდება შობადობა.

ზოგადად, შობადობის მაჩვენებლის ზრდა ათწლეულებშიც კი შეუძლებელია, ამას ორი თაობა მაინც სჭირდება. ამასთან, შობადობის ზრდა წარმოუდგენელია, ტრადიციული კულტურის გარეშე. თანამედროვე სამყაროში კი მიმდინარეობს დაპირისპირება ახალ და ტრადიციულ კულტურას შორის. საქართველოში შობადობა რომ გაიზარდოს, ზოგადმა კოეფიციენტმა 30-32 პრომილემდე უნდა მოიმატოს, დღეს ეს მაჩვენებელი 10-11 პრომილეა“, - განაცხადა მელაძემ.

 

 

KAB წაახალისეთ შობადობა - გადაუხადეთ დედას ყოველ შვილზე 50000 - 100000 ლარი, დააწესეთ მისი მოხმარების გონივრული წესი. არის ასეთი პრაქტიკა ჩვენს მეზობლად,, შედეგიც დადებითია.
45 წუთის უკან