ოქროს გაძვირების ახალი ტალღა დაიწყო, ბირჟებზე მუდმივი დაძაბულობაა

ოქროს გაძვირების ახალი ტალღა დაიწყო, ბირჟებზე მუდმივი დაძაბულობაა

შემოდგომის პირველივე დღეებიდან მოყოლებული, ოქროს ღირებულება გამუდმებით მაღლა მიიწევს. საერთაშორისო ანალიტიკოსები 4000-დოლარიანი ნიშნულის აღებასაც არ გამორიცხავენ. იგივე მოლოდინი აქვთ საქართველოშიც.

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ერთი უნცი ფასმა 3645 დოლარის ნიშნულიც კი გადალახა. მხოლოდ ერთი დღის ჭრილში, ოქრო 0.27%-ით გაძვირდა, ხოლო გასული ერთი თვის განმავლობაში, ფასმა 8.7%-ით მოიმატა. ამასთან, წლიურად, ოქროს ფასი 44%-ით არის გაზრდილი.

კიდევ უფრო გაძვირების პროგნოზი აქვთ სპეციალისტებს. როგორცზარაფხანას აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ განაცხადა, ახლო პერიოდში არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ოქრო გაიაფდება, რადგან ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი ძვირფასი ლითონის გაძვირების წინაპირობას ქმნის. უფრო მეტიც, მისი ვარაუდით, დეკემბრიდან ოქროს ფასის დამატებით გაზრდაა მოსალოდნელი.

წლის მეორე ნახევარში ყოველთვის იმატებს მოთხოვნა და საერთაშორისო ბაზრებზე ფასი იზრდება. ამ პერიოდში არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ოქრო გაიაფდება. ყველა ასპექტი ქმნის წინაპირობას, რომ ოქროს ფასი, მინიმუმ, არ შემცირდეს. რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა რამე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა მოხდა მსოფლიოში, რის შედეგადაც ოქროს ფასი შემცირდა საგრძნობლად. მაგალითად, დიდი ომის დასრულება, ეკონომიკური სავაჭრო კავშირების გაბმა წამყვან სახელმწიფოთა შორის, რაც ასტაბილურებს ფასებს.

როგორც წესი, ასეთი მოვლენის ფონზე, ინვესტორებს სტაბილურობის განცდა უჩნდებათ ხოლმე. თუ მსგავსი მოლოდინი არ არის მსოფლიო ბირჟებზე, მინიმუმ, ოქროს ფასის ვარდნის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. შექმნილ ვითარებაში ჩვენ ვარაუდია, რომ დეკემბერში, ოქროს ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, - განუცხადაბიზნესპრესნიუსს სამხარაძემ.

სექტორში ღიად აცხადებენ, რომ გლობალური ფასების ზრდა ქართული ბაზრისთვის დიდი გამოწვევაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნოდარ ფოფორაძის თქმით, საფასო ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი გეოპოლიტიკური ვითარებაა.

დღეს, რაც ოქროს გლობალურ ბაზრებზე ხდება, ნამდვილად რთული სიტუაციაა. ვცდილობთ, გავიგოთ, როდემდე გაგრძელდება გაძვირების პროცესი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ეს ყველაფერი არაპროგნოზირებადია. არც რამე ახალი მინიშნებაა, რატომ ხდება ასე და რა ელის ფასს მომავალში. ერთია, რომ ომია, რომლის ფონზეც, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უიმედოდ გამოიყურება და ბაზრებზე მეტი ქაოსი შეაქვს. მსოფლიოში სხვა, ისეთი მნიშვნელოვანი რამ არ ხდება, რაც არ ხდებოდა ადრე.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან ბაზრებს შეიძლება ოქროს შეზღუდული მარაგი მიეწოდებოდეს. შესაბამისად, ძვირფასეულობის ფასი ხშირად იცვლება, ზოგჯერ ისეც, რომ არანაირ კანონზომიერებას აღარ ექვემდებარება. როგორც წესი, ოქროს ღირებულება განსაკუთრებით იმატებს არასტაბილურ პერიოდში - ამ დროს ინვესტორებს ფულის დაბანდება სწორედ ძვირფას ლითონში სურთ, რადგან ის სავალუტო რყევებისა და კონფლიქტების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა. ალბათ, მომავალშიც გაგრძელდება გაძვირების პროცესი, მაგრამ შესაძლოა, გეოპოლიტიკური მდგომარეობის დასტაბილურებამ საპირისპირო შედეგი მოიტანოს, - განაცხადა ფოფორაძემ.

თიბისი კაპიტალის ანალიტიკური ანგარიშის თანახმად, ოქროს ფასის ზრდას ამერიკულ დოლარზე არსებული ძლიერი ზეწოლა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მიმდინარე თვეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების მოლოდინი განაპირობებს.

თუკი ფედერალური რეზერვი მართლაც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ეს უფრო მეტად დააჩქარებს დოლარის გაუფასურების და მასთან მიმართებით, ოქროს გაძვირების პროცესს.