საქართველოს არასდროს უთქვამს უარი დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებაზე, პირიქით, გამოგვისწორებია და ყოველი არჩევნები გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა იყო, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა.
მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს გზას, რომ ყველა შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა რეკომენდაციული ხასიათისაა. ეს არ არის ისეთი რამე, რომ გინდა თუ არა, აუცილებლად უნდა შეასრულო. ის აფასებს არჩევნებს და გაძლევს რეკომენდაციებს, რომ აი, ეს არის გამოსასწორებელი, ეს და ეს. საქართველოს არასდროს უთქვამს უარი დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებაზე. პირიქით, გამოგვისწორებია და ყოველი არჩევნები გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა იყო - ესეც ეწერა, სხვათა შორის, დასკვნებში. ჩვენ ჩვენს გზას გავაგრძელებთ, რომ ყველა შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი.
არასდროს დამავიწყდება ამერიკის წინა ელჩმა რა წინსწრებით განაცხადა, რომ ელექტრონული არჩევნებიც არ არის გარანტია იმის, რომ საქართველოში არჩევნები პატიოსნად ჩატარდებაო. მახსოვს, ექვსი თვით ადრე განაცხადა და წასვლამდე გაიმეორა, რომ ელექტრონული არჩევნები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ 100 პროცენტით სამართლიანი იქნებაო. რა საჭიროა ამის თქმა არჩევნების წინ? მაშინ, საფუძველი უნდა დაასახელო, რა ეჭვი გაქვს იმის, რომ არჩევნები არ ჩატარდება ობიექტურად. ხომ უნდა თქვა ერთი სიტყვა მაინც“, - აღნიშნა კონსტანტინე ჟღენტმა.