ღაზაში გენოციდის გამო, გაერო-მ ისრაელი დაადანაშაულა

ღაზაში გენოციდის გამო, გაერო-მ ისრაელი დაადანაშაულა

გაერო-ს სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა. მეტიც, ისრაელის მაღალჩინოსნები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ ქმედებებს უწყობდნენ ხელს. ანგარიშში მოყვანილია მკვლელობების მასშტაბის, ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვის, იძულებით გადაადგილებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკის დანგრევის მაგალითები.

ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიის შესახებ დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისია - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო 2021 წელს შექმნა, რათა გამოეძია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ყველა სავარაუდო დარღვევა.

„ღაზაში გენოციდი მიმდინარეობს“, - განაცხადა ნავი პილაიმ, ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიების საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ: „ამ სასტიკ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა ისრაელის მთავრობის უმაღლეს ეშელონებს ეკისრებათ, რომელიც თითქმის ორი წლის განმავლობაში აწყობდა გენოციდის კამპანიას, რომლის კონკრეტული მიზანი ღაზაში პალესტინური ჯგუფის განადგურება იყო“.

ისრაელმა კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანგარიშს „დამახინჯებული და ცრუ“ უწოდა: „ანგარიშში ფაქტები დამახინჯებულია და ტყუილებისგან შედგება. პირიქით, ჰამასმა ისრაელში გენოციდის ჩადენა სცადა - მოკლა 1200 ადამიანი, გააუპატიურა ქალები, ცოცხლად დაწვა ოჯახები და ღიად განაცხადა ყველა ებრაელის მოკვლის მიზნის შესახებ“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ისრაელი გენოციდის საქმეზე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში იბრძვის. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში შემდგომმა ომმა 64 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, მოსახლეობის ნაწილი შიმშილს განიცდის.

1948 წელს, გაერო-ს გენოციდის შესახებ კონვენცია, რომელიც ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელთა მასობრივი მკვლელობის შემდეგ იქნა მიღებული, გენოციდი განსაზღვრავს, როგორც დანაშაულს, რომელიც ჩადენილია „ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მიერ, სრულად ან ნაწილობრივ განადგურების განზრახვით“.

დანაშაული გენოციდად ითვლება, თუ ის ხუთი კატეგორიიდან ერთ-ერთს მიეკუთვნება. კომისიამ დაადგინა, რომ ისრაელმა ოთხი მათგანი ჩაიდინა: მკვლელობა; სერიოზული ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენება; პალესტინელების სრული ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით განკუთვნილი ცხოვრების პირობების გაუარესება და შობადობის თავიდან აცილების მიზნით ზომების დაწესება.

მტკიცებულებად კომისიამ მოიყვანა დაზარალებულებთან, მოწმეებთან, ექიმებთან ჩატარებული ინტერვიუები, გადამოწმებული ღია წყაროებიდან მიღებული დოკუმენტები და ომის დაწყებიდან შეგროვებული თანამგზავრული სურათების ანალიზი. კომისია აცხადებს, რომ მან გააანალიზა ისრაელის ლიდერების განცხადებები და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გენოციდი წაქეზეს.

კომისიამ ისიც დაასკვნა, რომ ნეთანიაჰუს და სხვა ოფიციალური პირების განცხადებები წარმოადგენდა „გენოციდური განზრახვის პირდაპირ მტკიცებულებას“.

მომავალ კვირას, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ავსტრალია, კანადა და სხვა ქვეყნები გაერო-ს წევრების უმრავლესობას შეუერთდებიან და დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს სუვერენიტეტს აღიარებენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კი ამტკიცებს, რომ პალესტინელები ვერასდროს მოიპოვებენ დამოუკიდებლობას, რადგან პალესტინის სახელმწიფო საფრთხეს შეუქმნის ისრაელის არსებობას.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cwywngme3x0o