როგორც რუანდის რადიო გასამართლდა გენოციდის ხელშეწყობის გამო, ასევე გასამართლდება ტვ „იმედი“ ქვეყნის ღალატის გამო, - წერს სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, რომან გოცირიძე.
„საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში რომ უწყობდა ხელს, პროკურატურის გუშინდელმა განცხადებამაც დაადასტურა. ხელისუფლების მფარველობაში მყოფმა მხოლოდ ერთმა ჯგუფმა დაახლოებით 700 მილიონი დოლარის ეკვივალენტი რუსული რუბლი შემოიტანა და დააკონვერტირა საქართველოს საფინანსო სისტემაში. შემდეგ ეს ფული სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა.
რამდენი ასეთი ჯგუფი მოქმედებს დღესაც, რამდენის გამჟღავნება არ აწყობთ, რადგან ხელისუფლების მფარველობაშია, რამდენს ვერ ადგენენ, რადგან ეს ფიზიკურად შეუძლებელია, როცა ასეულ ათასობით მანქანა კვეთს საზღვარს ყოველწლიურად, რამდენს ლეგალურად შემოაქვს ფული, რამდენს შემოაქვს და არ სჭირდება დეკლარირება (თუ 30 ათასი ლარის ეკვივალენტზე ნაკლებია) და ა. შ. ანუ მილიარდობით დოლარის ეკვივალენტი ნაღდი ფული შემოდის და გადის არალეგალურად თუ ლეგალურად რუსეთიდან საქართველოში და პირიქით. უზარმაზარი ფული აკეთეს ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, რომლის მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინება აღნიშნული ფაქტია.
მაინცდამაინც ამ ერთ პირსა თუ ჯგუფს რატომ მიადგნენ? რატომ გაამჟღავნეს ახლა, როცა სამ წელიწადზე მეტია ამუშავებდნენ ამ სქემას? ეს მხოლოდ ივანიშვილმა იცის. ეს ფაქტიც „ოცნების“ კლანურ გარჩევებს უკავშირდება.
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე უზნეო ტელევიზიამ, „იმედმა“ მომხდარი ფაქტი მყისვე არასამთავროების საგარეო დაფინანსებას დაუკავშირა და შესაბამისი პროპაგანდაც წამოიწყო.
როგორც რუანდის რადიო გასამართლდა გენოციდის ხელშეწყობის გამო, ასევე გასამართლდება ტვ „იმედი“ ქვეყნის ღალატის გამო. მუდმივი რომ არაფერია, მით უმეტეს ხელისუფლება, ეს ანბანური ჭეშმარიტებაა“, - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.