დრონების ჩამოგდების შემთხვევაში, რუსეთი ნატო-ს ომით ემუქრება, - ამგვარ მუქარას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებაში ვკითხულობთ: „სერიოზულად რომ ვთქვათ, კიევისა და სხვა იდიოტების პროვოკაციული იდეის განხორციელება „უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის“ შექმნისა და ნატო-ს ქვეყნებისთვის ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესაძლებლობის შესახებ, მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - ომს ნატო-სა და რუსეთს შორის“, - წერს მედვედევი სოციალურ ქსელში. ექსპერტთა ერთი ნაწილი გამორიცხავს კიდევ ერთი სამხედრო კონფლიქტის გაღვივებას ევროპის შუაგულში, რადგან რუსეთმა, თავის მხრივ იცის, რომ ამ შემთხვევაში, ომს თავად წააგებს. შესაბამისად, კრემლი ამ ნაბიჯზე არ წავა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბრის ღამეს, პოლონეთის საჰაერო სივრცე, სულ მცირე, 19-მა რუსულმა დრონმა დაარღვია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბელარუსიდან შეფრინდა. დრონების მოგერიებაში, პოლონური თვითმფრინავების გარდა, ნატო-ს სხვა ქვეყნების გამანადგურებლებიც ჩაერთნენ. დრონის ნამსხვრევებმა ბელარუსისა და უკრაინის საზღვართან ახლოს, საცხოვრებელი შენობა დააზიანა. მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა. ამის ფონზე კი, ჩეხეთმა პოლონეთში, საზღვრის დაცვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, სამი ვერტმფრენი გაგზავნა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ თავისი განცხადებებით, ნატო ცდილობს, საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს და ორგანიზაციის წესდებას მიჰყვეს - ამასთან, აჩვენოს, თუკი ვინმე ნატო-ს რომელიმე სახელმწიფოს თავს დაესხმება, ეს იქნება თავდასხმა მთელ ნატო-ზე.
„ეს იყო განცხადება განცხადებისთვის, ნატო-მ უბრალოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, მუნდირის დაცვის მიზნით - პოლონეთში დრონების შეფრენის ისტორიასთან დაკავშირებით, რადგან ნატო ვალდებული იყო, გაეკეთებინა ასეთი განცხადება, რომ საკუთარი მისია და თავისი დანიშნულება გაემართლებინა: ნატო-ს ერთი წევრის წინააღმდეგ დაწყებული აგრესია გამოიწვევს ნატო-ს ყველა წევრის ერთობლივ პასუხს. თუმცა, დრონების პოლონეთში შეფრენაც ბევრ კითხვას ბადებს: საიდან შეფრინდა, ვისი დრონები იყო და ა.შ. პოლონელები კი ამბობენ, რომ ისინი რუსული დრონები იყო, მაგრამ არავითარი დოკუმენტური მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ამ შემთხვევაში, ნატო ცდილობს, საკუთარი თავი წარმოაჩინოს, როგორც საკუთარი ვალდებულებებისა და ნატო-ს წესდების ერთგულმა ორგანიზიამ და ამით გაამხნევოს ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნები, რომ მათ წინააღმდეგ თუ განხორციელდა მსგავსი რამ, ისინი დაუცველნი არ დარჩებიან.
ვფიქრობ, ახალი სამხედრო შეტაკების შესახებ ეს განცხადება გადაჭარბებულია. არ ველოდები, რომ ნატო-ს მხრიდან იქნება სერიოზული პასუხი, მით უმეტეს, არ ველოდები იმას, რომ რუსეთის მხრიდანაც იქნება შეტევა - ყველამ კარგად იცის, რომ ძალები აშკარად უთანაბროა რუსეთის საზიანოდ და რომც დაიწყოს ეს ომი, რუსეთი აუცილებლად დამარცხდება, ეს კრემლშიც იციან.
არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს მართლაც ყოფილიყო რუსული დრონები, რათა ამით რუსეთს შეემოწმებინა ნატო-სა და კოლექტიური დასავლეთის რეაქცია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ბევრი რამ საჭიროებს შემოწმებასა და დაზუსტებას“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ, For.ge-სთან ინტერვიუში.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა აღნიშნა, რომ „რუსეთი მწვავე საფრთხეს წარმოადგენს ყველა ნორმალური ქვეყნისთვის და ევროპა თავდაცვის შესაძლებლობების აღდგენის მხოლოდ დასაწყისშია“. მან მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, რომლებიც ნატო-ს მოკავშირეები არიან, ერთობლივად დაიწყონ იარაღის შესყიდვა და უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად 200 მილიარდამდე ევროს ოდენობის გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების ჩამორთმევა. მისივე თქმით, რუსეთს იმაზე მეტი შეიარაღებული ადამიანი ჰყავს, ვიდრე ომამდე ჰყავდა, ისინი მაღალ ხელფასს იღებენ, საბრძოლო შესაძლებლობები აქვთ, ზოგიერთი მათგანი კი კრიმინალია. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ევროპა ჯერ კიდევ შორს არის კრემლის შეკავებისთვის საჭირო სამხედრო ძალის განვითარებისგან.
„რუსეთი მწვავე საფრთხეს წარმოადგენს ევროპისთვის, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის, მსოფლიოს ყველა ნორმალური ქვეყნისთვის. რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას, ჩვენ ცოტა პარანოიდებადაც კი აღგვიქვამდნენ, თუმცა ახლა ყველაფერი, რაზეც ბალტიისპირეთში, პოლონეთში, ან სკანდინავიის ქვეყნებში ვსაუბრობდით, რეალური გახდა“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.