4 ოქტომბერი საქართველოში, რევოლუციური სცენარების სერიალის დასასრული იქნება - ასეთია ხელისუფლების მოლოდინი. რადიკალური ოპოზიცია კი 4 ოქტომბერს, ხელისუფლების გადაბარებისთვის ემზადება, თუმცა ამის მიღწევას „მშვიდობიანი რევოლუციით“ აპირებს. ლევან ხაბეიშვილის შემცვლელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს, თბილისის ქუჩებში მოაწყობენ „მშვიდობიან რევოლუციას“, რაც მისივე თქმით, კონსტიტუციაში ჩაწერილი უფლებაა.
„ვუახლოვდებით 4 ოქტომბერს. გვჯერა ჩვენი და არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ პირველ ყოვლისა, პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ მოწოდება იქნება გაგონილი. მოწოდება, რომ ქართული საზოგადოება 4 ოქტომბერს შეიკრიბოს არა არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ ყველა გამოვალთ ჩვენი ქალაქების ქუჩებში. გამოვალთ, პირველ ყოვლისა, რუსთაველის გამზირზე და ყველანი ერთად ვეტყვით - „არას“ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას. დიახ, მშვიდობიანად დავამხობთ ამ რეჟიმს, მშვიდობიან რევოლუციას მოვაწყობთ. მშვიდობიანი რევოლუცია - ეს არის კონსტიტუციაში ჩაწერილი უფლება“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
„რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი ვარიანტი, მშვიდობიანად წავიდნენ ან შეეწინააღმდეგონ და მაინც წავიდნენ. ბურჭულაძე ამბობს, რომ მათი სურვილია, მშვიდობიანად დაამხონ ბიძინა ივანიშვილი.
„ვინმე თუ აჰყვება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურს, სროლა და რაღაც, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ ჩვენც. ამას ვერ შეაჩერებენ. რაც შეეხება შეწინააღმდეგებას, ძალიან ინანებენ. ცოტათი მაინც თუ ჭკუა შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ, რომ აქცია იყოს მართვადი, რომ ხალხი არ იყოს უმართავი, თორემ ჩვენ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში. ჩვენ გვინდა, მშვიდობიანად დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი. მოგვეცით საშუალება, ეს მშვიდობიანად გავაკეთოთ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძე ამბობს, რომ 4 ოქტომბერს იქნება სამი ლოკაცია. ელოდებიან 200-დან 300 ათასამდე ადამიანს. პირველი საკითხი იქნება - ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში ჩაიბაროს ქართველმა ხალხმა. რაც შეხება მეორე და მესამე საკითხს, ამას მოგვიანებით იტყვის.
„ვფიქრობ, ეყოფათ ჭკუა, რომ სროლა არ ატეხონ და მარტო ფიზიკურად შემოვიდნენ. 4-შივე მოხდება საზოგადოებისთვის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზება, ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არის. ყველაფერი გამოცხადდება. ტექნიკური მთავრობა იქვე გამოცხადდება. მშვიდობას უნდა ბრძოლა, თორემ გამოსვლით და „ძირს ოლიგარქიის“ ძახილმა, უკვე თავისი დრო მოჭამა. ბრძოლა ბოლომდე, არ უნდა დავნებდეთ. ჩემი აზრით, 20.00 საათზე უკვე დასრულებული იქნება, უკვე გადმობარებული უნდა იყოს. ჩემი გადმოსახედიდან, არჩევნები ტყუილად ტარდება“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მაშ ასე, ბურჭულაძის ლექსიკაში, დამხობასთან ერთად, გაჩნდა სიტყვათა წყობები - „სროლა თუ იქნება“, „ნეპალი ხომ ვიცით“. ეს კი უკვე შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ დიპლომატიური კორპუსით ზურგგამაგრებული ბურჭულაძე-ბარამიძე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას. მით უფრო, რომ სუს-ი სწავლობს უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების საკითხს და ოპოზიციის კავშირს. დადასტურებულია, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი, კერძოდ, ავლაბარი.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ლეგიტიმური გზა და ეს არის არჩევნები, ხოლო ყველაფერი დანარჩენი, არის არალეგიტიმური, რაზეც პირდაპირ არის საუბარი სისხლის სამართლის კოდექსში.
„შეაჩვიეს ენა ქართულ საზოგადოებას, პირდაპირ არის საუბარი რადიკალიზმზე, ცეცხლის წაკიდებაზე, მოლოტოვზე, დამხობაზე და ა.შ. ასეთ ტერმინებს ხშირად ისმენთ და ასეთ პრაქტიკას ვერ გავაგრძელებთ. აქაც, ისევე, როგორც კორუფციული, ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართაც გვექნება განსხვავებული, მკაცრი მიდგომები და ამას ყველა უნდა შეეგუოს და ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი.
აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ უფრო ფრთხილად მოეკიდონ საკუთარ რიტორიკას, არ შეიძლება, ქართულ საზოგადოებას წლების მანძილზე ესმოდეს საუბარი დამხობასთან, ცეცხლთან და უბედურებასთან დაკავშირებით, თან ვისგან! როდესაც „ნაცებისგან“ ისმენ, 13 წელი ამაზე საუბარს, რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაღები სახელმწიფოსთვის, ამიტომ სახელმწიფო და კანონმდებლობა იქნება სათანადოდ მკაცრი რადიკალიზმის ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია ბურჭულაძეს ურჩევს, 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში ხელისუფლება გადაიბაროს. მისი თქმით, ნეპალის მოვლენებზე ანიტა ხაბეიშვილებისა და კოლექტიური ბურჭულაძეების კომენტარები ამორალურია.
„ნეპალში რაც ხდებოდა, იმაზე ანიტა ხაბეიშვილებისა და კოლექტიური ბურჭულაძეების კომენტარები, ჟივილ-ხივილი და აღტყინება ამორალურია. ვამბობთ, რომ ეს ადამიანები უსამშობლოები, სისხლზე შეყვარებული პოლიტიკური ძალა არიან. ეს განცხადებებიც მათ რეალურ სახეს აჩვენებს. გახსოვთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ამ მწამებლების მიერ ჩადენილი რა ფაქტები მოისმინა ქართულმა საზოგადოებამ. რეკეტებისა და მწამებლების აზრებს როცა იზიარებ, შემდეგ ისიც მოგწონს, რაც ნეპალში მოხდა და ისიც, როცა ადამიანს ყელში ტყვიას ესვრიან, ეს მათი სახეა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, „მშვიდობიანი დამხობა“, კოლექტიური „ნაცების“ პოლიტიკური პროგრამის ძირითად დევიზად არის გამოტანილი და ბუნებრივია, ეს დევიზი ისეთივე სრული უაზრობაა, როგორც მაგალითად, „ცხელი ყინული“.
„საღ ჭკუაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანისთვის ხომ უდავოა, რომ ეს ორი სიტყვა - „მშვიდობა“ და „დამხობა“ - იმთავითვე, ცნებითი შინაარსით, ურთიერთსაპირისპიროა, მათი შეთავსება შეუძლებელია. ბარამიძეს სურს, ეს ოქსიმორონი მოგვაჩვენოს პოლიტიკური ეკვილიბრისტიკის „უმაღლეს პილოტაჟად“ და სიტყვა „მშვიდობიანის“ დამატებით, უმძიმესი დანაშაული - ხელისუფლების დამხობა, ამ სირეგვნით, სიქველედ წარმოაჩინოს. რასაკვირველია, ამგვარ მცდელობას ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს, პოლიტიკური დისკურსი აბსურდად იქცეს და ყოველგვარი დისკუსია - სრულ სისულელედ. ამ საკითხზე დავა, თუ როგორ უნდა გავიგოთ მშვიდობიანი დამხობა, თავისთავადაც უკვე გახლავთ პოლიტიკის საზრისისგან დაცლა და ვითარების გადაყვანა „ბრძოლა წესების გარეშეს“ ფორმატში.
ხელისუფლება თუკი ამას აჰყვა, იგი უთუოდ დამარცხდება, რადგან სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა სამართლიანობით, სამართლითა და სიმართლით განსაზღვრული წესების დაცვა და აღსრულება. ამიტომ, რაც არ უნდა ოქსიმორონები გამოისროლონ, ხელისუფლების მოვალეობაა, წესრიგი შეინარჩუნოს და კონსტიტუციური წესწყობილება მტკიცედ დაიცვას, ანუ ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის „დამხობას“ აპირებს, საკადრისი პასუხი გასცეს კანონის სრული სიმკაცრით!“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, დავით ზარდიაშვილი.